საქართველოს რომის პაპი ეწვია


გასული წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ჩვენს ქვეყანას რომის პაპი, იოანე პავლე მეორე ეწვია. გასაგებია, თუ რაოდენი პატივია ეს ქვეყნისათვის. 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში რომის პაპი ქართული მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე უმაღლეს სტუმარს მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე

რომის პაპის ვიზიტი თავისი მნიშვნელობით სცილდება საქართველოს ფარგლებს და, იმედი მაქვს, იგი დიდ, კეთილშობილურ, სამშვიდობო როლს შეასრულებს მთელ რეგიონში ?მშვიდობიანი კავკასიის? იდეათა განხორციელების თვალსაზრისით.
საქართველოსთვისაც მარადჟამს ახლობელი იყო ყოველი ქრისტიანისათვის შეუვალი ღირებულებანი: უპირველესად, შემწყნარებლობა, თანადგომა, თანაგრძნობა, განსხვავებული მრწამსისა და რელიგიის პატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება.
რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, რომელსაც დღეს პირველად მასპინძლობს საქართველო და კავკასია ქრისტიანული ეკლესიის ორიათასწლოვან ისტორიაში, დარწმუნებით შეიძლება ეწოდოს ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე, რომელმაც შეძლო ხორცი შეესხა რჩეულთა ნიჭისათვის - შეეთავსებინა ზნეობა, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა.
აღსრულებად დიადი ჭეშმარიტებისა, რომ "პირველად იყო სიტყვა": ვატიკანის, რომის ეკლესიის საჭეთმპყრობლის სიტყვას, მის შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი კაცობრიობისათვის სწორედ ზნეობრივი თვალსაზრისით.
ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ საქართველოს სულიერი მოძღვარი და წინამძღოლი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელთან ერთადაც მქონდა პატივი მომეწვია საპატიო სტუმარი, აგრეთვე ზნეობრიობისა და სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური სიბრძნის განსახიერებაა.

საქართველოში თქვენი ვიზიტი გაიმართა ათასწლეულთა გასაყარზე, ახალი ათასწლეულის მიჯნაზე, ქრისტესშობის 2000 წლისთავზე, როდესაც ქართველი ერი აღნიშნავს ეროვნული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან იუბილეს. დაე, ეს შესანიშნავი და ისტორიული მოვლენა დასავლურ სამყაროსთან, ევროპულ ცივილიზაციასთან საქართველოს საბოლოო ერთობის დიად სიმბოლოდ იქცეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ეკლესიების მნიშვნელობაზე, აღვნიშნავთ ჩვენს დამსახურებასაც წარსულში; დიდებულია რომის ეკლესიის წარსული, ბრწყინვალე პიროვნებები ჰყავდათ მათ და ასევე ბრწყინვალე ადამიანები მოღვაწეობდნენ ამ ეკლესიაში. რომის ეკლესიამ და ქართულმა ეკლესიამ შექმნეს უბადლო კულტურა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვიამაყოთ მარტო წარსულით, მნიშვნელოვანია ჩვენი აწმყოც.
ჩვენი საზოგადოების, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენელთა წინაშე მინდა ერთხელ კიდევ აღვნიშნო, რომ მისი უწმინდესობა, რომის პაპი იოანე პავლე მეორე მართლაც განსაკუთრებული პიროვნება ბრძანდება. იგი ჩვენს პრეზიდენტთან ერთად იმ პროცესების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია, რომლებიც განვითარდა ევროპასა თუ მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენი შეხვედრა საოცრად დაემთხვა ბერლინის კედლის დანგრევის 10 წლისთავს, რომელსაც მთელი მსოფლიო ზეიმით აღნიშნავს. მე არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ვნახე ის საშინელი კედელი და მაშინ წარმოუდგენელი იყო, რომ იგი ასე მოკლე ხანში დაინგრეოდა. დიახ, ამაში ძალიან დიდი დამსახურება მიგიძღვით თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, და ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს.
ვსარგებლობ შემთხვევით და აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენს ეკლესიას მჭიდრო კავშირი აქვს ჩვენს მეცნიერებასთან, კულტურისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, რაც სულიერად აძლიერებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს საერთოდ.
არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ქრისტიანულ ეკლესიათაგან მხოლოდ რომის კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში არის დაარსებული აკადემიები. ჩვენთან ეს რომ განხორციელდა, ამაში დიდი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ჩვენს პრეზიდენტს.
დღეს ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ თანამედროვე ვითარებას. იწურება მე-20 საუკუნე. მართალია, ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ ამან გამოიწვია ისიც, რომ კაცობრიობა ძალიან ბევრჯერ დადგა უფსკრულის წინაშე და შეიძლება ერთ-ერთი ასეთი მიახლოება უფსკრულთან საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ამ რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარების დროს, საქართველოსა და მთელი კავკასიისათვის მნიშვნელოვანია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩამობრძანება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ცხელი წერტილების პრობლემა, როგორიც არის აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი და სხვა, საერთაშორისო ძალისხმევით მშვიდობიანი გზით გადაწყდება.
თქვენმა ვიზიტმა უფრო მეტად დააახლოვა ჩვენი ხალხები, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ქვეყნები და ამას დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ. გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
მთელი მსოფლიო ბევრს ელოდება თქვენგან.