მაგთის ცხოვრების ფურცლები
მაგთი 25 წლისაა!
როგორ ფიქრობთ, ბევრია ეს თუ ცოტა?
კომუნიკაციის განვითარების ბოლო 25 წელიწადს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, უცებ როგორ აღმოვჩნდით საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურების რიგებიდან მთელ მსოფლიოსთან შეუზღუდავი კავშირის სამყაროში; ან ახალი ამბების და საფეხბურთო მატჩების შედეგების გასაგებად დილაადრიან გაზეთების კიოსკებთან მდგომებმა როგორ შევძელით ნებისმიერ დროს უახლესი მოვლენების რეალურ დროში ნახვა; ან ბიბლიოთეკაში ბეჭდური ენციკლოპედიების მკითხველები როგორ გავხდით ინფორმაციული მასივების საკუთარი მობილური ტელეფონითა თუ ლეპტოპით მუდმივად მატარებელნი.
ამ 25 წლის განმავლობაში კომუნიკაციის სფეროს იმაზე დიდი ნახტომი აქვს გაკეთებული, ვიდრე გასულ 25 საუკუნეში და თუ საქართველო დღეს ამ დარგის განვითარებით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გვერდით დგას, ამ საქმეში მაგთის დამსახურებაც დიდია.
როგორ დაიწყო
1995 წელი, საქართველო, თბილისი...
1991-1993 წლების რუსეთთან და სამოქალაქო ომის შედეგები, უკიდურესი გაჭირვება, სიცივე, უტრანსპორტობა, დევნილები, მხედრიონი, გვარდია, სროლები, ჩაბნელებული ქალაქი, სადაც ხვალინდელი დღის იმედიც კი აღარავის შერჩენია...
და სწორედ ამ დროს მივიღეთ თითქოსდა უტოპიური გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა სწორედ ასეთი საქართველო ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს გვერდით ამოსდგომოდა და ფიჭური კავშირგაბმულობის მეშვეობით ადამიანებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება მიეცა.
გადაწყვეტილებას სულ მალე, 1996 წლის თებერვალში, შპს მაგთიკომის დაფუძნება მოჰყვა და დაიწყო ახალი ეტაპი – ეტაპი სწავლისა და ძიებისა.
თავდაპირველად საჭირო იყო თუნდაც სულ მცირე ინფორმაციის მოძიება ახალ ტექნოლოგიაზე, მწარმოებლების მოძებნა, მათთან კონტაქტი და თანამშრომლობაზე დათანხმება.
დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ იმ პერიოდში პოტენციური პარტნიორის, საკონტაქტო პირის მოძებნა და მისთვის იმის ახსნა, რომ საქართველო არც ამერიკის შტატია და არც რუსეთის ოლქი, არც ისე ადვილი იყო. ხოლო შემდეგ, როცა ეს საკონტაქტო პირი უფრო მეტად გაერკვეოდა ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაში, ურთიერთობა ძირითადად სამომავლო კეთილი სურვილებით მთავრდებოდა.
საბედნიეროდ, სწორედ იმ პერიოდში, პოსტსაბჭოთა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ამერიკულმა მეტრომედიამ გადაწყვიტა შემოსვლა. გლობალური მედიაგიგანტი საქართველოში პეიჯინგის სისტემის დასანერგად შემოვიდა. 1996 წლის ზაფხულში ქართული მაგთის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე და ამერიკული Metromedia International Telecommunication-ის პრეზიდენტი დიკ შერვინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც მალევე, ოქტომბერში, „მეტრომედია“ ქართული მაგთიკომის თანადამფუძნებელი და პარტნიორი გახდა.
პირველი ნაბიჯები
1997 წელი მაგთიკომის ფუნქციონერების დაწყების მოსამზადებელი ეტაპი იყო. კომპანიის გენერალურ დირექტორად გრანტ რიდი მოიწვიეს. მაგთიკომის ოფისი საბურთალოზე, ჯიქიას (ახლანდელ პოლიტკოვსკაიას) ქუჩაზე განთავსდა, ყოფილი „ელვას“ შენობის ერთ სართულზე. დაიწყო კადრების შერჩევა და გაფორმდა ხელშეკრულება აპარატურის მოწოდებაზე.
აპარატურის პირველი მომწოდებელი და მაგთიკომის პირველი ტექნოლოგიური პარტნიორი ამერიკული Motorola გახდა. პირველი სადგურების მოსაწოდებლად, მაშინდელი რეალობის გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენი რამ მოხდა – „მეტრომედიის“ თავდებობით, 40 მილიონიანი საკრედიტო ხაზი გამოიყო. მათვე მოგვაწოდეს Siemens-ის წარმოების ძირითადი სადგური, ე.წ. „სვიჩი“. პირველი სადგურების მონტაჟიც, ჩვენი ტექნიკური ჯგუფის მონაწილეობით, Motorola-ს სპეციალისტებმა განახორციელეს.
ცხადია, იმ პერიოდის უმთავრესი გამოწვევა ახალი აპარატურის და ტექნოლოგიების ათვისება და შესწავლა იყო, მაგრამ ყველა სხვა სფეროც, აბონენტთა მომსახურება იქნებოდა, მარკეტინგი, ფინანსები თუ იურიდიული სამსახური, სწორედ მაშინ ყალიბდებოდა და კომპანიის წინსვლასთან ერთად ვითარდებოდა.
კომპანიის ფუნქციონირების დაწყებასთან დაკავშირებული პირველი სტრატეგიული ნაბიჯის შედეგად გადაწყდა – არ გვეჩქარა, პირველობა კონკურენტისათვის დაგვეთმო და ეს დრო ტერიტორიის სიგნალით დაფარვის არეალის გაფართოებისთვის გამოგვეყენებინა.
პირველი ზარი
1997 წლის 22 სექტემბერმა, მაგთიკომის კომერციულად ოპერირების დაწყების დღემ, ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა – შეცვალა მანძილი, დრო, ურთიერთობები. ადამიანებს გაუჩნდათ იმის განცდა, რომ არასოდეს არიან მარტო და ყოველთვის შეუძლიათ ვინმესთვის ხმის მიწვდენა.
ეს დღე საქართველო-ამერიკის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო. პრეზენტაციაზე თბილისს „მეტრომედიის“ დამფუძნებლები ჯონ კლუგე და მისი პარტნიორი სტიუარტ სუბოტნიკი ეწვივნენ.
მაგთიკომისათვის კი ეს დღე საკუთარი აბონენტების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის აღების საწყისად იქცა, რაც ნიშნავდა მუდმივ განვითარებას, ზრდას, აქამდე მიუწვდომელი ადგილების დაფარვას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ოფისების, ახალი ანძების, საბაზო სადგურების აგებას, ინოვაციური მომსახურების შეთავაზებას...
ოპერირების დაწყებიდან სულ მალე მაგთიკომი ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი გახდა და მას შემდეგ ეს პოზიცია აღარც დაუთმია. მაგთიკომი ხარისხის, ტექნოლოგიური განვითარების, წინსვლის, მუდმივად მომავლისკენ მზერის სიმბოლოდ იქცა.
„აქაცა რეკავს...“
ალბათ ბევრს ახსოვს ულამაზესი კლიპი „აქაცა რეკავს“, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა, რამდენი შრომა და ძალისხმევა იყო საჭირო იმისათვის, რომ „აქაც დაერეკა“. უგზოობის, უდენობისა და ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად (იმ დროს, როგორც ყველგან მსოფლიოში) იდგმებოდა ანძები და საბაზო სადგურები (ზოგჯერ 70 მეტრი სიმაღლისაც), მონტაჟდებოდა აპარატურა, ეშვებოდა ახალ-ახალი სადგურები, რომლებიც ძირითადად გენერატორებზე მუშაობდნენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა მაგთიკომის დაფარვის არეალი.
მაგთიკომმა ოპერირება მხოლოდ რამდენიმე სადგურით დაიწყო, დღეისათვის კი სადგურების რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს და ქვეყნის დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98 პროცენტს ფარავს (აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგთიკომი კოდორის ხეობასა და სამაჩაბლოშიც ფუნქციონირებდა, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ იქ განთავსებული აპარატურა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში).
არის ადგილები, სადაც მაგთიკომის სადგურები მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კომლიან სოფელს ან მესაზღვრეთა რაზმს ემსახურება. ცხადია, ეს სადგურები ფინანსურად ვერასოდეს ამოიღებენ გაწეულ დანახარჯს, მაგრამ „აქაცა რეკავს“ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
„მუდმივი კავშირის სამყარო“
1999 წლიდან მაგთიკომის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ორენოვანი ჟურნალი „მუდმივი კავშირის სამყარო“ ყოველკვარტალურად გამოიცემა და ის მაგთის აბონენტებისთვის კომპანიის საჩუქარია. დღემდე ჟურნალის 95 ნომერია გამოსული და შეიძლება ითქვას, მომხმარებლისთვის ის მართლაც ცალკე სამყაროდ იქცა. ტექნოლოგიებთან ერთად, ჟურნალში გამოქვეყნებული მრავალფეროვანი მასალა ქართულ ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, ბუნებაზე, ისტორიაზე მართლაც მუდმივი კავშირია წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.
ნეოსტუდიის ძალისხმევით, „მუდმივი კავშირის სამყარო“„ფიზიკისა და ლირიკის“ შესანიშნავ სიმბიოზად იქცა. ყოველი ნომრის რუდუნებით შერჩეული და ნატიფად გაფორმებული სტატიები იმის დასტურია, რომ სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიების ხანაში, არის კიდევ რაღაც უფრო დახვეწილი, უფრო მშვენიერი და უფრო მარადიული...
მეორედან მეხუთე თაობამდე
ადამიანებისთვის 25 წელი ერთ თაობად აღიქმება, მაგრამ მაგთიკომის მობილურ კავშირგაბმულობაში 25 წლის წინ დანერგილ მეორე თაობას, მესამე და მეოთხე თაობის ქსელებიც მოჰყვა. მსოფლიოში პრაქტიკულად მზადაა მეხუთე თაობის ქსელური აპარატურა და ალბათ დროთა განმავლობაში ჩანაცვლდება წინა თაობები, რომელთაგან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგვრჩება ჩვენი პირველი მობილური ტელეფონის მსგავსად.
მაგთიკომის ტექნოლოგიურ თუ მარკეტინგულ მთავარ სიახლეებს მხოლოდ ქრონოლოგიურად ჩამოგითვლით. თქვენ კი წარმოიდგინეთ, თუ რამდენი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსია ჩადებული ამ ყველაფრის განხორციელებაში:
1998 წელი – როუმინგული მომსახურების დაწყება, წინასწარი გადახდის სისტემის შემოღება;
1999 წელი – ჟურნალ „მუდმივი კავშირის სამყაროს“ დაარსება, GSM 1800 სიხშირის გამოყენების დაწყება;
2000 წელი – ორნომრიანი სიმბარათი, საკონფერენციო ზარი, მობილური FAX და Data სერვისები;
2001 წელი – GPRS ტექნოლოგიის დანერგვა, მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS);
2002 წელი – პირველი GPRS ზარი, ნომრის დაფარვა, აუდიომაცნე;
2004 წელი – MMS - მულტიმედიური შეტყობინებები, დააჭირე და ილაპარაკე (Push-to-talk);
2005 წელი – ახალგაზრდული ბრენდის - ბალის შექმნა;
2006 წელი – მესამე თაობის ქსელის მომსახურების დაწყება;
2007 წელი – Wi-Max-ის უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტი, ერთიანი სამთავრობო ქსელის (GGN) შექმნა;
2008 წელი – მაგთიკომის ფიქსირებული უსადენო ტელეფონია MagtiFix;
2009 წელი – 3,5G HSDPA - მობილური ინტერნეტის განვითარების მომდევნო ეტაპი;
2010 წელი – ბანი - მაგთის ახალი ბრენდი:
2011 წელი – პროექტი „ირმის ნახტომი“ (ინტერნეტის მიწოდება 2287 სკოლაში ქვეყნის მასშტაბით და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა);
2012 წელი – MagtiSAT - სატელიტური ტელევიზიის გაშვება;
2013 წელი – საკუთარი წარმოების კინოარხები: ჩვენი მაგთი, მაგთი კინო და მაგთი ჰიტი;
2014 წელი – ხელოვნურ თანამგზავრზე სიგნალის ასატვირთად უდიდესი მიწისზედა სადგურის ამოქმედება საქართველოში;
2015 წელი – 4G – მეოთხე თაობის მობილური ქსელის გაშვება;
2016 წელი – მაგთიკომი - ინტერნეტ-პროვაიდერი და IPTV სერვისის მიმწოდებელი;
2017 წელი – მაგთის ოპტიკური ინტერნეტის 500-ზე მეტი ქალაქისა თუ სოფლისთვის მიწოდება;
2018 წელი – VoLTE სერვისის მიწოდების დაწყება;
2019 წელი – e-SIM-ის დანერგვა;
2020 წელი – რებრენდინგი;
2021 წელი – დისტანციური სერვისების დანერგვა.
25 წლის განმავლობაში მაგთიკომი მუდმივ ძიებაში იყო. ცდილობდა, გამოეცადა ყველა ახალი ტექნოლოგიური მიმართულება და ის მომხმარებლისათვის შეეთავაზებინა.
და მაინც რა არის მთავარი, რამაც საშუალება მისცა მაგთის, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცის ლიდერი ყოფილიყო და თავისი მომხმარებლისათვის ამ სფეროში თანამედროვე გლობალური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცა? ამის განმსაზღვრელი, ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია.
ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ
პირველი და უმთავრესი, ალბათ, მაინც იმის შეგრძნებაა, რომ შენი საქმიანობის, განვითარების და წინსვლის თითოეული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ქვეყნის პროგრესზე. თვალნათლივ ხედავ, თუ როგორ შეცვალა ადამიანთა ცხოვრება მობილური ტელეფონიის, მობილური ინტერნეტის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტისა თუ ინტერნეტ-ტელევიზიის დანერგვამ; რამდენად ხელმისაწვდომი გახდა ადამიანებისთვის სახელმწიფო სერვისები შენ მიერ აგებული GGN ქსელის მეშვეობით; როგორ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები 2287 სკოლაში მაგთის მიერ განხორციელებული „ირმის ნახტომის“ პროექტით.
ყოველივე ამის გამო, მაგთიკომის თითოეული თანამშრომელი ერთსა და იმავეს გრძნობს – „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“. ორ ათეულ წელზე მეტია, ეს განცდა და სლოგანი მაგთიკომის საქმიანობის მთავარ ღერძად იქცა.
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ეს არის ერთ მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში;
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი 2.3 მილიარდ ლარზე მეტი;
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ეს არის უამრავი საქველმოქმედო პროექტი,
მრავალი საგანმანათლებლო პროექტი, ეგიდით „მაგთი განათლებისთვის“,
თანამედროვე ქართველ მწერალთა და ხელოვანთა უნიკალური გამოცემები.
ამ სლოგანით გამოცემული წიგნებით მაგთიკომმა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და შედევრების შექმნისთვის მადლობა გადაუხადა ჭაბუა ამირეჯიბს, გურამ დოჩანაშვილს, რეზო თაბუკაშვილს, ჯანსუღ ჩარკვიანს, მურმან ლებანიძეს, გურამ ასათიანს, რეზო გაბრიაძეს, ნიკო გომელაურს, ედმონდ კალანდაძეს, ჯიბსონ ხუნდაძეს, ირაკლი ფარჯიანს, მერაბ აბრამიშვილს, რადიშ თორდიას, ლევან ცუცქირიძეს, შალვა მატუაშვილს და ბევრ სხვა ქართველ ხელოვანს.
ცალკე აღსანიშნავია ის გამოცემები, რომლებიც საქართველოს ისტორიას ეძღვნება. ეს წიგნები მუდამ გვახსენებენ, თუ საიდან მოვდივართ და იმასაც, რომ ჩვენმა კომპანიამაც უკვე თავისი მოკრძალებული ადგილი დაიკავა ქვეყნის ისტორიაში.
გუნდი
ის, რასაც მაგთიკომის წარმატება ეფუძნება, ალბათ მაინც იმ ადამიანთა გუნდია, რომელმაც კომპანიის წინსვლა საკუთარი კეთილდღეობის წინსვლად მიიჩნია და რომელიც 24 საათის განმავლობაში ცდილობს, კიდევ უფრო მეტი შემატოს კომპანიას, მომხმარებელს, ქვეყანას.
ეს არის ერთობა ადამიანებისა, რომელთა აზრთა ჭიდილში მიღებული გადაწყვეტილებები ყველასთვის სამოქმედო პროგრამად იქცევა. მაგთიკომის დღევანდელი მმართველი გუნდი ძირითადად იმ ადამიანებისაგან შედგება, რომლებიც სულ ახალგაზრდები მოვიდნენ კომპანიაში, მასთან ერთად გაიზარდნენ და თავ-თავისი დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
ამ საიუბილეო დღეებში განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს მაგთიკომში, მაგრამ დღეს სხვაგან აგრძელებენ საქმიანობას: დათო გაჩეჩილაძეს, ზურა გოჯიაშვილს, ანი რეხვიაშვილს, ლევან ბუჩუკურს, ტატო მახარაძეს, გიგიშა წულაძეს, ზურა გურგენიძეს, ნიკა წერეთელს, ზურა გალუმაშვილს, აჩიკო გომიაშვილს, ირაკლი ლობჟანიძეს, ლევან ვაჩნაძეს, შოთა ღვინიანიძეს, რეზო კოპალაძეს და სხვებს.
ასევე, არ შემიძლია დიდი გულისტკივილით არ გავიხსენო მეტრომედიის პრეზიდენტი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი მარკ ჰაუფი და მაგთიკომის პირველი ქართველი გენერალური დირექტორი გიორგი კიკნაძე.
პარტნიორები
პარტნიორების სწორად შერჩევა იმთავითვე მაგთიკომის წარმატების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად იქცა.
Motorola, Siemens, Nokia, Ericson, Huawei, Cisco, Oracle, Microsoft, HP, KPMG, BDO, McKinsey – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ მსოფლიო ბრენდებისა, რომლებთან თანამშრომლობაც მოუწია მაგთიკომის გუნდს წლების განმავლობაში. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ იყვნენ აღფრთოვანებულები მაგთიკომის თანამშრომლთა პროფესიონალიზმით.
ადგილობრივი პარტნიორებისთვისაც მაგთიკომი იყო და არის ის კომპანია, რომელთან მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობაც მათთვის მუდმივად სოლიდურ შემოსავალს უზრუნველყოფს.
გია ჯოხთაბერიძე
მაგთიკომის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ალბათ მაინც მინიმალური დროა გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე. ამის მთავარი განმაპირობებელი კი მაგთიკომის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძეა.
სწორედ გიას გადაწყვეტილებით, მაგთიკომში არაფერია სახელმწიფოს მიერ გადმოცემული და ყველაფერი საკუთარი შრომითაა შექმნილი. მისივე მითითებით, სახელმწიფოსათვის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები სამმაგ ფილტრს გადის, რათა ბიუჯეტს არ დააკლდეს არც ერთი კუთვნილი თეთრი. ამასთანავე, იგი უკომპრომისოა ბიზნესზე ნებისმიერი ზეწოლის მცდელობისას.
გია ის ადამიანია, რომელსაც, აბსოლუტურად უსამართლოდ დაპატიმრებულს, ბრალიც კი ვერ წაუყენეს, მაგრამ მის გათავისუფლებაზე არასწორი კომენტარის გამო უარი თქვა საკნის დატოვებაზე და სპეცრაზმს მოუწია მისი ციხიდან გამოყვანა.
გიასთვის მაგთიკომი მხოლოდ ბიზნესი კი არა, ცხოვრების წესია. 25 წლის განმავლობაში, ყოველ დილით ერთ-ერთი პირველი აღებს მაგთიკომის კარს და ჩართულია კომპანიის ცხოვრების თითოეულ წვრილმანში. თითქოს მონოტონურად მხოლოდ ყოველდღიური პრობლემებითაა დაკავებული, მაგრამ ვინც გაიხსენებს 15 წლის წინ მის მიერ დაფაზე დახაზულ მაგთიკომის განვითარების სტრატეგიას, უცებ აღმოაჩენს, რომ ამ რუტინულ საზრუნავში ეს ამოცანები უკვე შესრულებულა და დაფაზე ახალი ნახაზი გაჩენილა...
ეპილოგის მაგივრად
და მაინც ბევრია თუ ცოტა 25 წელიწადი?
ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომდევნო 25 წელიც კვლავ იქნება „მაგთი – კავშირი თქვენს სამყაროსთან“.
გია კოშორიძე
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
მაგთიკომის დაარსების დღიდან მუშაობდა მთავარ ბუღალტრად.
2004 წლიდან მაგთიკომის გენერალური დირექტორის მოადგილეა.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით კავშირგაბმულობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.