მაგთიკომის მხარდაჭერით დათო ევგენიძის ლექსების კრებული გამოიცა

14 / იანვარი / 2019

„დე“ - ასე ჰქვია სამი წიგნისგან შედგენილ ნაკრებს, რომელიც ავტორმა დედას მიუძღვნა და რომელსაც ასე მიმართავდა. საყვარელი სიტყვა „დე“ ამავდროულად პოეტის სახელის ინიციალებიცაა.

„ხმოვანი და თანხმოვანი“ - პირველ ტომს ავტორმა ასეთი მინაწერი წაუმძღვარა: „ყველა ხმოვანს და თანხმოვანს ვანდობ ჩემს ცოლს - ნინოს“, მე-2 ტომში სახელად „faceბუკი“ სოციალურ ქსელში განთავსებული ლექსები გააერთიანა, მე-3 ტომს კი თავისი განუყრელი აქსესუარის სახელი - BANDენა დაარქვა.

„დათო ევგენიძე - პოეტი სჯობს დათო ევგენიძე - მუსიკოსს? თუ პირიქით! კითხულობს წიგნის წინასიტყვაობაში პოეტი ტარიელ ჭანტურია და თავადვე სცემს პასუხს: „ამის გარკვევაზე ფიქრი აბსურდია, ლიტერატურულ - მუსიკალური აბსურდი!“

„ის არავის ჰგავს, არც ნიჭით, არც აზროვნებით, არც სამყაროს ხედვით, არც ვიზუალით. უფალმა დაანათლა რამდენიმე მუზის მსახურება: კომპოზიტორი, შემსრულებელი, პოეტი, მხატვარი და კიდევ ბევრი სხვა. მისი მუზა გაუხედნავი რაშივით დაქრის უსასრულო სივრცეში. მისი ცხოვრების მამოძრავებელი იმპულსი სიყვარულია, ჩაღვრილი ბგერაში, სიტყვაში, ფერში“ - ამბობს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნანა ქავთარაძე.

„მართლაც იშვიათია, ასეთი მრავალმხრივი იყოს ერთ ადამიანში გაერთიანებული ნიჭი. მაგთიკომის მიზანი ამჯერად ამ ნიჭიერი ხელოვანის პოეტური შემოქმედების პოპულარიზაცია იყო. მოხარული ვართ, რომ დათო ევგენიძის ლექსების კრებული მაგთიკომის ხელშეწყობით გამოცემულ ასობით წიგნს შეუერთდა“.