შპს „მაგთიკომის“ განცხადება 17 ივნისიდან CDMA („მაგთი ფიქსის“) ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით

12 / ივნისი / 2019
17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას.

მაგთიკომი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა.