მაგთი ხარისხია
ხარისხიან მომსახურებას არ სჭირდება ზედმეტი ლაპარაკი და რეკლამა, ის უბრალოდ კარგად მუშაობს, – ასე მიიჩნევს მაგთიკომის კომერციული დირექტორი, რომელსაც კომპანიის განვითარებასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ნეოსტუდიის შეკითხვებს ნიკოლოზ დავითაშვილი პასუხობს და კომპანიაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას გვიზიარებს.
როგორც მაგთიკომის კომერციულ დირექტორს, დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, რა როლი და ფუნქციები გაკისრიათ?
2016 წლიდან ვხელმძღვანელობ კომპანიის საცალო და კორპორაციული გაყიდვების, აბონენტთა მომსახურების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს. ჩემი როლი, არსებითად, კომერციული მიმართულებით კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავება და ბაზარზე წარმატებული განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების მოძიება და დანერგვაა.
15 წელია ტელეკომუნიკაციების სექტორში მუშაობთ, თქვენი განათლებაც მენეჯმენტისა და ტელეკომუნიკაციის სფეროებს მოიცავს. რა არის ის, რაც მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას მოაქვს და ამ დარგის პროფესიონალად გაყალიბებთ?
მაგთიკომში მუშაობა 2007 წელს დავიწყე გარე გაყიდვების, მოგვიანებით კი კორპორაციული რეალიზაციის და მომსახურების დეპარტამენტში. წარმომადგენლის პოზიციიდან მენეჯერობამდე, განყოფილების უფროსიდან დეპარტამენტის დირექტორობამდე – შეიძლება ითქვას, ეტაპობრივად ყველა საფეხური გავიარე, რამაც ღირებული გამოცდილება შემძინა.
ჩემი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო განათლება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სფეროს უკავშირდება, რაც, ცხადია, მუშაობის პროცესში მეხმარება. მიმაჩნია, რომ აუცილებელია საკითხების სიღრმისეული შესწავლა, ანალიზი, კვლევა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინსტინქტით და ინტუიციით მიიღება. ორივე კი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას მოაქვს, რასაც ვერც წიგნით ისწავლი და ვერც სხვისი გადმოცემით. ის, რაც თეორიულად ამართლებს ერთ შემთხვევაში, შეიძლება დამაზიანებელიც კი იყოს სხვა სიტუაციაში. ამიტომ ყველაზე ღირებული მაინც საკუთარი გამოცდილებაა, რაც წლებს მოაქვს.
რა არის მთავარი პრინციპები, რასაც თქვენი მართვის სტილი ეფუძნება?
ცალსახად ვემხრობი გუნდური მართვის სტილს და გამოცდილებაც აჩვენებს, რომ მასზე დაფუძნებული პრინციპები უფრო ჯანსაღი და შედეგზე ორიენტირებულია.
გუნდური მუშაობა, პირველ რიგში, თანამშრომლებს შორის ურთიერთობას და კომუნიკაციას აუმჯობესებს, ხელს უწყობს გუნდის წევრების უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, აძლიერებს ერთიანობის განცდას, საერთო მიზნის მიღწევის სურვილს. თანამშრომლები იწყებენ ფიქრს, ,,ჩვენ” და არა „მე”, რაც, საბოლოოდ, ორგანიზაციის წარმატებას და ეფექტიანობას განაპირობებს.
როგორ ხდება ახალი პროდუქტის შექმნა და რა გზას გადის ის მომხმარებლისთვის შეთავაზებამდე?
ახალი პროდუქტის შექმნა კომპლექსური სამუშაოა: იდეების გენერაცია ძირითადად კომერციულ დეპარტამენტში ხდება, თუმცა მისი სრულყოფისთვის IT, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტების ჩართულობაც აუცილებელია.
ახალ იდეებზე მუშაობის პროცესს, ალბათ, როგორც ყველაზე საინტერესო ნაწილს, ისე გამოვყოფდი. იკრიბება გუნდი და ეგრეთ წოდებული Brain Storming-ით უამრავ საინტერესო, ინოვაციურ და კრეატიულ კონცეფციას ვუზიარებთ ერთმანეთს. ბუნებრივია, ვითვალისწინებთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიც არის: სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნები, კონკურენტული გარემო, ბაზრის ტენდენციები და ა.შ.
თითოეული ახალი პროდუქტი სამომხმარებლო ბაზრის კვლევას და ანალიტიკას ეფუძნება. როგორც წესი, ვარჩევთ იმ მომენტისთვის აქტუალური ამოცანის შესაბამის რამდენიმე კონცეფციას შემდგომი ტესტირებისა და დამუშავებისთვის. ტესტირება ფოკუსური ჯგუფებითა და ბაზრის სიმულაციით ხდება. ფოკუსური ჯგუფის მეშვეობით, შერჩეულ კონცეფციებს მომხმარებლის თვალით ვაფასებთ, ბაზრის სიმულაცია კი მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს. საუკეთესო იდეა პროექტის სახეს იღებს და ვიწყებთ მის განხორციელებას – მზადდება პროდუქტის დეტალური აღწერილობა, ხდება მისი ტექნიკური მომზადება, იგეგმება ბაზარზე გატანის მარკეტინგული კამპანია, იქმნება კომუნიკაციის სტრატეგია, მიმდინარეობს გაყიდვების ჯგუფის ინტენსიური ტრენინგი და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეგრეთ წოდებულ „Mass“ პროდუქტებთან ერთად, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალურ შეთავაზებებს. „მიკროკამპანიების“ გზით ვცდილობთ მომხმარებელს, კონკრეტულად, მის ქცევასა და მოთხოვნებს მორგებული უნიკალური პროდუქტები შევთავაზოთ ან თუნდაც თავად მივცეთ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით პროდუქტის აწყობის შესაძლებლობა.
აბონენტების ინფორმირებისთვის, მათთან ურთიერთობისთვის ძირითადად რა პლატფორმებს იყენებთ და რამდენად პროაქტიულია კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგია?
მომსახურების ტრადიციული ფორმების პარალელურად, თანამედროვე ცხოვრებამ ციფრული არხების მნიშვნელობა გაზარდა.
ოფისის, ადგილზე მომსახურების, 24-საათიანი ცხელი ხაზის, ვებგვერდის, ვებჩატის გარდა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მობილური აპლიკაცია MyMagti, რომელიც თუ საწყის ეტაპზე რამდენიმე ფუნქციით შემოიფარგლებოდა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სმარტფონში მაგთის ოფისია. MyMagti როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების თუ მეგობრების ანგარიშების ერთ სივრცეში მოქცევის და მართვის შესაძლებლობას გვაძლევს. მომხმარებელს თითქმის ყველა სერვისი შეუძლია სახლიდან გაუსვლელად თავად ჩართოს, გამორთოს და გააუმჯობესოს.
ბოლო წლების განმავლობაში მაგთიმ მომსახურების მოდელი მთლიანად განაახლა. ამ პროცესმა მოიცვა როგორც მომსახურების ოფისების ახლებური კონცეფციით ეტაპობრივი განახლება, ისე ციფრული არხების დახვეწა, რომლებიც უფრო ინტერაქციული, მოქნილი და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული გახდა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მათ გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ, რომ ყველა ახალი მომსახურება ციფრულ პლატფორმაზე ავსახოთ და გადავიტანოთ.
პანდემიის პერიოდში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ინტერნეტი და მობილური ტექნოლოგიები, როგორ გაუმკლავდით გამოწვევებს და რა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა კომპანიის განვითარებისთვის?
ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული და გამოწვევებით სავსე იყო როგორც დარგისთვის, ისე მაგთიკომისთვის. როდესაც მოსახლეობის და ორგანიზაციების უმეტესობამ დისტანციურად მუშაობა და სწავლა დაიწყო, ინტერნეტმოხმარება 100%-ით გაიზარდა, რამაც ქსელზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაზარდა. მიუხედავად ამისა, მაგთიკომი ტრადიციულად 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და არც ერთი დღე არ შეუწყვიტია მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება.
მაგთიკომი პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული საქართველოში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში.
მაგთიკომი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც 3 მილიონი ლარი გადარიცხა StopCoV ფონდში; მომხმარებლებს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და წითელი ჯვრის ცხელ ხაზებთან უფასოდ დაკავშირების შესაძლებლობა მისცა; უფასო SMS შეტყობინებების გავრცელებით, ხელი შეუწყო მოსახლეობის ინფორმირებას ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ; კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყო COVID-19-ის გამო ქვეყანაში შექმნილი დამატებითი სახელმწიფო ქოლცენტრები; საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ინტერნეტპაკეტები შეღავათიან ფასად შესთავაზა.
ამავე პერიოდში კომპანია მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა და თანამშრომლების უმეტესობამ მუშაობა სახლიდან განაგრძო. განვავითარეთ დისტანციური მომსახურება, რათა მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი და მათთვის ნებისმიერი ადგილიდან გაგვემარტივებინა მაგთის სერვისებთან წვდომა.
რა არის თქვენი გუნდის მთავარი მიღწევები?
მიღწევები ნამდვილად ბევრი გვაქვს, მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფ:
მთავარი მიღწევა, ვფიქრობ, ის არის, რომ ოპერირების დაწყებიდან დღემდე 3 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მაგთი ხარისხია. ხარისხთან ბრენდის ასოცირებას მომსახურების სანდოობა განაპირობებს – ის, რომ ყველგან, საქართველოში (დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორია) მაგთი მუდმივი კავშირის იმედი და გარანტიაა. რეალურად, ხარისხიანი მომსახურება ხომ ის არის, რასაც ზედმეტი ლაპარაკი და რეკლამა არ სჭირდება, ის უბრალოდ კარგად მუშაობს.
მაგთიკომი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს სრული საკომუნიკაციო სერვისი შესთავაზა. მას შემდეგ, რაც გასცდა მხოლოდ მობილურ კომუნიკაციას, მაგთიკომი მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისებითაც უზრუნველყოფს.
ბოლოდროინდელი მიღწევებიდან განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მაგთიკომის როლი ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესში. ინტერნეტბაზარზე შესვლისას, საქართველოში ინტერნეტქსელი რამდენიმე ქალაქში, ისიც უბან-უბან იყო წარმოდგენილი. სულ რაღაც 2 წელიწადში ქვეყნის 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს მივეცით წვდომა მაღალხარისხიან ოპტიკურ ინტერნეტზე. ეს რთულად მისაღწევი იყო, მაგთიკომელებს დღეში 40 კილომეტრი კაბელი გაჰყავდათ სხვადასხვა რეგიონში. დღეს საზოგადოების პროგრესს, ახალგაზრდების განათლებას, რეგიონებში ბიზნესის განვითარებას და შედეგად, ქვეყნის წინსვლას დიდწილად ინტერნეტზე წვდომა განაპირობებს.
წელს მაგთის საიუბილეო წელია – ოპერირებიდან 25 წელი უსრულდება. როგორ ხედავთ მაგთის 5 წლის შემდეგ და რა იქნება თქვენი მომხმარებლის მთავარი უპირატესობა სხვა კომპანიის აბონენტთან შედარებით?
მჯერა, რომ მაგთიკომი კვლავაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და ოპერატორების თანადროულად გააგრძელებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ტრადიციულად პირველი შესთავაზებს მომხმარებლებს მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიებს.