21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომმს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომმის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

21 / ნოემბერი / 2016

ამა წლის 19 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტაკომმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტაკომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული გარიგების დეტალები და დაადგინა, რომ შპს „დელტაკომმის“ წილის 100 პროცენტის შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამა წლის 18 ნოემბერს მიზანშეწონილად ჩათვალა ოფიციალური თანხმობა განეცხადებინა მაგთიკომის მიერ დელტაკომმის შესყიდვის თაობაზე.

შპს „დელტაკომმი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში აქვს: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

მაგთიკომისთვის წელს ეს უკვე მეორე მსხვილი გარიგებაა. მაგთიკომმა კავკასუს ონლაინის საცალო და კორპორაციული საოპერაციო აქტივები შეიძინა და მანამდე არსებულ ბიზნეს მიმართულებებს (მობილურ, ფიქსირებულ ტელეფონიას და სატელიტურ ტელევიზიას) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და IP ტელევიზია დაუმატა.

დელტაკომმის შესყიდვის შემდეგ, მაგთიკომი ინტერნეტის რეგიონალური წვდომის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, რაც როგორც მომხმარებლებს, ისე ტელესაკომუნიკაციო დარგს და მთლიანად ქართულ ეკონომიკას სასიკეთო შედეგებს მოუტანს.

დელტაკომმი საწყისი პერიოდის განმავლობაში თავისი სახელით გააგრძელებს ოპერირებას. შესაბამისად, დელტაკომმის არსებული მომხმარებლებიც მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში ისევ დელტაკომმისგან მიიღებენ.

მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრულ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელიტურ და IP ტელევიზიას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს.