კეთილსინდისიერი სარგებლობის წესები

წინამდებარე მომსახურების კეთილსინდისიერი სარგებლობის წესები (Fair use Policy) შემუშავებულია მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოების და მაგთიკომის/მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით. იგი არის ქცევის ზოგადი წესი და წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს მაგთიკომის ყველა აბონენტისათვის, მაგთიკომის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას.

უპირველეს ყოვლისა, ყველა აბონენტი ვალდებულია მომსახურება გამოიყენოს მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის და ხელშეკრულებით ნებადართული პირობებით.

რა ჩაითვლება მომსახურებით არაკეთილსინდისიერ სარგებლობად:

  • მაგთიკომის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, მომსახურების/სიმ-ბარათის გამოყენება საკონტაქტო ცენტრების, ლატარიის, ხმის მიცემის, გათამაშებების, რეკლამის, კონკურსების ორგანიზებისათვის, მარკეტინგის, ტელემარკეტინგის ან სხვაგვარი კომერციული მიზნებით. მაგალითად: შეტყობინების გაგზავნა უჩვეულოდ დიდი ოდენობის ადრესატებისთვის (bulk messaging, spam), უჩვეულოდ დიდი ოდენობის შეტყობინების/ზარების განხორციელება დროის მცირე პერიოდში, არასასურველი გზავნილის (spam) გაგზავნა, უჩვეულოდ დიდი ოდენობის ნომრებზე/ადრესატთან, ავტომატურ რეჟიმში ან არასასურველი შეტყობინებების/ზარების განხორციელება, მათ შორის, რაიმე სახის მომსახურების თუ პროდუქტის რეკლამირების მიზნით;
  • მომსახურების გადაყიდვა ნებისმიერი ფორმით, მესამე პირისათვის მომსახურებით სარგებლობის უფლების (სასყიდლით ან უსასყიდლოდ) მინიჭება, ოპერატორის თანხმობის გარეშე სააბონენტო ნომრის/მომსახურების აპარატურის სასყიდლიანი ან უსასყიდლო გადაცემა მესამე პირებისთვის;
  • ნებისმიერი შემდეგი მანიპულაცია - ქსელში უნებართვო ჩართვა, ტრაფიკის დამისამართება, ხელოვნურად დიდი მოცულობის ტრაფიკის დაგენერირება, ავტომატური გამოძახება/დარეკვა ან ზარების დასრულება, სააბონენტო ნომრის ჩანაცვლება (A ნომრის ცვლილება), ზარის ტრანზიტი, ზარების უწყვეტი დამისამართება, ზარების განხორციელება სპეციალური მოწყობილობის (მაგალითად ე.წ. სიმ-ბოქსი) საშუალებით, ერთდროული (პარალელური) მრავალჯერადი ზარების განხორციელება, ნომრის/IP მისამართის ცვლილება, სიმ-ბარათის კლონირება, მომსახურების აპარატურაში პროგრამული უზრუნველყოფის გადაკეთება/ახლის ჩაწერა, მისი უნებართვო გადატანა სხვა მისამართზე, ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში არასანქცირებული შეღწევა, Dos და DDoS შეტევა;
  • ქსელის გადატვირთვა შეუსაბამოდ მაღალი აქტივობ(ებ)ით, არაავტორიზებული შეთავაზებების გაკეთებით, ასევე ყურადღების მისაქცევი შეტყობინებების დაგზავნით, ნებისმიერი ქმედებით, რომელიც იწვევს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის გამოხმაურებას/პასუხს (მაგალითად ე.წ. ტროლინგი) და რაც მაგალითად შეიძლება განხორციელდეს ელ. ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, აპლიკაციების და სხვა საშუალებების გამოყენებით;
  • სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელება, მომხმარებლების პერსონალური, საბანკო თუ სხვა სახის ინფორმაციის მოპოვების მცდელობა, მათ შორის და არა მხოლოდ, „ფიშინგი“ (Phishing), „სმიშინგი“ (Smishing), „სპუფინგი“ (spoofing), მრავალჯერადი მცდელობა წინასწარი გადახდის სისტემის ბარათის გააქტიურების მიზნით;
  • მომსახურების მიღება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩასადენად ან მსგავსი მიზნობრიობით ან რამაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს როგორც მესამე პირების ან მაგთიკომის დაცულ და მართლზომიერ ინტერესებს/უფლებებს;
  • მომსახურების მიღება თაღლითური ან სხვა ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის;
  • ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში და ინტერნეტის სხვა კომპონენტებში არასანქცირებული შეღწევა ან არასანქცირებული წვდომა მაგთიკომის ინფრასტრუქტურის რაიმე სახის რესურსებთან, მათ შორის, მონაცემების შეგროვების, შეცვლის, წაშლის ან კოპირების მიზნით;
  • მაუწყებლობის ტრანზიტისას საჯარო ჩვენება, ჩაწერა, ასლის გადაღება, სხვა ნებისმიერი საშუალებით მომსახურების კომერციული მიზნით გამოყენება, მაგთიკომის სათანადო ნებართვის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ მოხდება ამ წესების დარღვევა და მაგთიკომის მიერ განხორციელდა ამ ფაქტის გამოვლენა, ოპერატორს უფლება აქვს აბონენტს სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს მომსახურების მიწოდება, რაც ხორციელდება აბონენტის წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.

მაგთიკომი, ასევე უფლებამოსილია წინამდებარე წესების დარღვევის გონივრული ეჭვის არსებობისას საკომუნიკაციო ქსელის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ან აბონენტებისათვის მომსახურებების შეუფერხებლად მიწოდების მიზნებისათვის, შეტყობინების საფუძველზე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები გამავალი/შემავალი ზარების ხანგრძლივობაზე და მოცულობაზე, გაგზავნილი/მიღებული შეტყობინებების ოდენობაზე, ზოგადად ტრაფიკზე, სრულად ან ნაწილობრივ განაკავშიროს მომხმარებელი ქსელიდან ან შეამციროს ან შეზღუდოს ინტერნეტ კომუნიკაციის ტრაფიკი.