თაღლითობის ტიპები
იმისათვის რომ არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი, სასურველია ვფლობდეთ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული შემდეგი ტიპის თაღლითობების შესახებ:
სპამინგი
„შემთხვევით ჩამერიცხა და გადმომირიცხე“
სქემა:
აბონენტი იღებს შემდეგი შინაარსის სმს–ს: „თქვენი დეპოზიტი შეივსო X ლარით“, ან „თქვენი ბალანსი შეივსო X ლარით ნომერ XXXXXXX–ის მიერ“ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ვიღაცას თანხის ჩარიცხვისას ნომერი შეეშალა, ცოტა ხანში თაღლითი უკავშირდება სმს–ის მიმღებს (როგორც წესი სმს–ის საშუალებით) და თხოვს უკან დაუბრუნოს შემთხვევით გადარიცხული თანხა. ვინაიდან მიღებული სმს სწორედ ისეთი შინაარსისაა როგორსაც მაგთიკომისგან მივიღებდით თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, ამიტომ ხშირად აბონენტები შეცდომაში შედიან და „უკან“ ურიცხავენ თანხას.
რეკომენდაცია:
პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ თუ ვისგან არის მოსული ზევით აღწერილი შინაარსის სმს. თუ ის მოსულია ჩვეულებრივი მაგთის ნომრისგან მაშინ ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ რომ საქმე გვაქვს თაღლითობის მცდელობასთან.
თუმცა თაღლითებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვის სრული იმიტაცია გააკეთონ და გამომგზავნის ნომერი შეცვალონ, შედეგად თქვენ მიიღებთ სმს-ს მაგ. ‘’MAGTI’’ –დან. ამ შემთხვევაში, თუ არავისგან ელოდით თანხის ჩარიცხვას აუცილებლად შეამოწმეთ ბალანსი – მართლა ჩაირიცხა თუ არა თანხა ან დარეკეთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე, სადაც გადაამოწმებენ შემთხვევა თაღლითობა იყო თუ უბრალოდ შეცდომის შედეგი.
„თქვენ გახდით გამარჯვებული, ჩარიცხეთ თანხა და მიიღებს საჩუქარს“
სქემა:
აბონენტი იღებს სმს-ს ან ზარს, რითაც ატყობინებენ რომ გახდა გარკვეული პრიზის მფლობელი, რის მისაღებათაც საჭიროა თანხის გადარიცხვა. როგორც წესი, გადარიცხვას ითხოვენ მაგთის ნომერზე.
ხშირად მოგებით გამოწვეული სიხარული ან/და თანხის ოდენობა იმდენად შთამბეჭდავია რომ შეტყობინების მიმღები დაუფიქრებლად რიცხავს თანხას და ხდება თაღლითობის მსხვერპლი.
რეკომენდაცია:
ყველა მსგავსი შეტყობინება, როგორც წესი, თაღლითობის შემთხვევაა და სინამდვილეს არ შეესაბამება, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავრიცხოთ თანხა საეჭვო მისამართზე. სასურველია დავრეკოთ მაგთიკომის ცხელ ხაზზე და გადავამოწმოთ მიღებული ინფორმაცია.
თანხის გადარიცხვის მოთხოვნა
სქემა:
აბონენტი უცნობი ნომრისგან იღებს სმს-ს ან ზარს თანხის გადარიცხვის თხოვნით.
თხოვნის ფორმა და მიზეზი ზოგჯერ იმდენად დამაჯერებლად ჟღერს რომ აბონენტი დაუფიქრებლად ურიცხავს თანხას.
რეკომენდაცია:
სასურველია მსგავსი თხოვნის მიღების შემთხვევაში დავრეკოთ მაგთის ცხელ ხაზზე და გავარკვიოთ აღნიშნული ნომერი შენიშნულია თუ არა თაღლითბაში.
გაცნობა თაღლითობის მიზნით
სქემა:
თაღლითი რეკავს აბონენტთან და ცდილობს გაარკვიოს მისი ვინაობა, კითხულობს მის სახელს, საცსოვრებელ უბანს და/ან სხვა ინფორმაციას.
გარკვეული ხნის შემდეგ ხდება აბონენტებთან გადარეკვა უკვე სხვა ნომრიდან და აბონენტის შესახებ უკვე ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე თავის ნაცნობად გასაღება. (მაგალითად ეუბნება რომ მისი ძველი მეგობარია ან ყავთ საერთო ნაცნობი ან ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ა.შ.). შემდეგ ეტაპს წარმოადგენს თანხის გადარიცხვის თხოვნა და რადგან თაღლითის საუბარი დამაჯერებელია, ვინაიდან მან იცის აბონენტის სახელი და ფლობს სხვადასხვა ინფორმაციას მასზე, ამიტომ შესაძლოა მართლა დაუჯერონ მას და გადაურიცხონ თანხა.
რეკომენდაცია:
არ მიაწოდოთ უცხო ადამიანს პირადი ინფორმაცია თქვენ შესახებ.
თაღლითობა საერთაშორისო ნომრის გამოყენებით
გამოტოვებული ზარი საერთაშორისო ფასიანი ნომრისგან
სქემა:
მაგთის აბონენტთან შემოდის საერთაშორისო ზარი, რომელიც იმდენად ხანმოკლეა რომ აბონენტი ვერ ასწრებს პასუხს, ან მოგვიანებით ნახულობს გამოტოვებული ზარის სახით. შესაძლოა ასეთი შემომავალი ზარი
რამოდენიმეჯერ დაფიქსირდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ავტომოპასუხე საუბრობს და თხოვს გადაურეკოს.
სქემა გათვლილია ისეთ აბონენტებზე რომლებიც შემოსულ ნომერზე გადარეკავენ, რომელიც ფასიან მიმართულებას წარმოადგენს და აბონენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხით დაზარალდება.
რეკომენდაცია:
სასურველია უცნობ ნომრებზე არ გადავრეკოთ, ან უკიდურესს შემთხვევაში მაგთის საინფორმაციო ცენტრში გავარკვიოთ შემოსული ნომერი ხომ არ არის ეჭვმიტანილ ნომერთა სიაში.
თაღლითობა ფასიანი ნომრის გამოყენებით
სასურველი განცხადება ფასიანი საკონტაქტო ნომრით
სქემა:
თაღლითი აქვეყნებს რაიმე განცხადებას მას–მედიის საშუალებით (გაზეთი, ინტერნეტი, მორბენალი სტრიქონი...) ან შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ქუჩაში გაკრული განცხადება რომელიც შეიცავს მიმზიდველ შემოთავაზებას და რომელსაც მითითებული აქვს საკონტაქტო ნომერი.
როგორც წესი, აღნიშნულ საკონტაქტო ნომერი წარმოადგენს ფასიან მიმართულებას და მასზე დარეკვისას აბონენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა ჩამოეჭრება.
რეკომენდაცია:
მაგთის ყველა ფასიან ნომერზე დარეკვისას საუბრის დაწყებამდე ვიღებთ გაფრთხილებას, რომ აღნიშნული მიმართულება ფასიანია და თუ საუბრის გაგრძელება არ გვსურს გავწყვიტოთ ზარი. ამიტომ უცნობ ნომერზე დარეკვამდე აუცილებლად დაკვირვებით უნდა მოვისმინოთ შეტყობინება.
ასევე აღნიშნული სქემის შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ განცხადების შინაარს, როგორც წესი იგი წარმოადგენს ძალიან სასურველ შემოთავაზებას, ხშირად იმდენად სასურველს რომ არარეალურად გვეჩვენება.
ვირუსები
ვირუსის გავრცელება ბლუთუსით
სქემა:
ხშირია ბლუთუსის საშუალებით ვირუსების გავრცელების შემთხვევები.
რეკომენდაცია:
არ მივიღოთ ტელეფონზე ბლუთუზით მოსული შეტყობინება უცხო გამომგზავნისგან.
ნდობაზე დაფუძნებული თაღლითობა
„მობილურით დამარეკინე“
სქემა:
თაღლითი უცნობ პიროვნებას თხოვს დაარეკინოს ან ზარი გააშვებინოს მობილური ტელეფონიდან, როგორც წესი თხოვნას თან ახლავს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი („ტელეფონი დამიჯდა და სასწრაფოდ მაქვს დასარეკი“ და ა.შ.)
უარეს შემთხვევაში თაღლითი მირბის ნათხოვარ ტელეფონთან ერთად. უკეთესში კი, ზარს ახორცილებს ფასიან ნომერზე, რომლის დავალიანებაც დიდია და რა თქმა უნდა, ტელეფონის მფლობელის გადასახდელია.
რეკომენდაცია:
არ ვანდოთ საკუთარი ტელეფონი უცხო პიროვნებას, შევთავაზოთ რომ ნომერს საკუთარი ხელით ავკრიფავთ და ადრესატსაც ჩვენ გადავცემთ სასურველ ინფორმაციას.
მობილური ტელეფონის გატაცების შემთხვევა უნდა შევატყობინოთ სამართალდამცავ ორგანოებს.
სიმის კლონირება
სქემა:
ხდება აბონენტის სიმ ბარათის ასლის გაკეთება – კლონირება და მისი საშუალებით სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება. შედეგად აბონენტს შეიძლება დაერიცხოს საკმაოდ დიდი დავალიანება. ვიზუალურად შეუძლებელია კლონირებული სიმ ბარათის გარჩევა.
რეკომენდაცია:
არავითარ შემთხვევაში არ ვანდოთ სიმ ბარათი უცხო ადამიანს. განსაკუთრებით ხშირია კლონირების შემთხვევები ხელოსანთან ტელეფონის დატოვებისას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სიმი ამოვიღოთ აპარატიდან.
ასევე არ დავეთანხმოთ სიმის კლონირების შეთავაზებას, რაც შემომთავაზებლის ახსნით უწყინარი ქმედებაა, რომელიც არავის ზიანს არ მოუტანს. თაღლითის ხელში მოხვედრილმა კლონირებულმა სიმ ბარათმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს სიმის მფლობელს, რადგან ნომრის აღებისას კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მაგთიკომში თაღლითობის შესახებ შეტყობინების მისვლამდე აბონენტი პასუხისმგებელია თავად გადაიხადოს მის სახელზე გაფორმებული ნომრის დავალიანება. (აბონენტის ხელშეკრულება მაგთიკომთან 5.2.11, 5.2.12 პუნქტები) .
იმ შემთხვევაში თუ აბონენტისთვის ცნობილი გახდა მისი კუთვნილი სიმ-ბარათის კლონირება დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მაგთკომის აბონენტთა მომსახურების ნებისმიერ ოფისს და გამოცვალოს სიმ-ბარათი.
ნებისმიერი თაღლითობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ ინფორმაცია მოგვაწოდოთ კომპანია მაგთიკომის თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებას, სპეციალური ფორმის შევსების ან საკონტაქტო ინფორმაციის გვერდზე მითითებული ნომრების საშუალებით.