ერთად მოვდივართ, ერთად ვიზრდებით

ერთად მოვდივართ, ერთად ვიზრდებით

14 / მარტი / 2023

რული საკომუნიკაციო სერვისის ხარისხიანად მიწოდებისთვის მაგთიკომში ათასობით ადამიანი შრომობს. რა ღირებულებები აერთიანებთ მათ, საით მიდის მობილური ტექნოლოგიების განვითარების გზა, რას ნიშნავს ქართული საქმის კეთება გლობალიზაციის ეპოქაში – ნეოსტუდიის შეკითხვებს მაგთიკომის ტექნიკური დირექტორი ვასილ მელიქიძე პასუხობს.

 განათლება

თბილისის ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფიზიკის ფაკულტეტი, ფიზიკური ინფორმატიკა და ფიზიკური პროცესების მოდელირება
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა – მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვის მიმართულებით

წლებია, მაგთიკომში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობთ. რა ფუნქცია გაკისრიათ ამჟამად?

ჩემი მოვალეობა მაგთიკომის ქსელის გამართულად მუშაობა, ტექნოლოგიური წინსვლა და განვითარებაა, რასაც 700-მდე თანამშრომელთან ერთად ვახორციელებ. 1997 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ძალიან ახალგაზრდა მოვედი აქ და ქსელის ინჟინრად დავიწყე მუშაობა. მაშინ კომპანია ჯერ კიდევ ახლად ფეხადგმული იყო, მაგრამ ქართული სული და დასავლური სამუშაო გარემო თავიდანვე აშკარად იგრძნობოდა. მოტოროლას საბაზო სადგურების გამართვა და მონტაჟი მევალებოდა, თუმცა პარალელურად ტელეკომის ჩვენთან არსებული, მაშინდელი დროისთვის თანამედროვე აპარატურის მთლიანად გაცნობაც მოვახერხე. რამდენიმე წლის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ოპერატორთან ქსელის დანერგვის პროექტებში მენეჯერულ თანამდებობებზე მომიწია მუშაობა. საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთ მივიღე, არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც ძალიან ღირებული აღმოჩნდა. სხვადასხვა ეთნოსის და კულტურის ხალხთან მომიწია მუშაობა და გამოცდილების მიღება. მათ შორის ინგლისელებს გამოვარჩევდი. იმ დროისთვის მათთან თანამშრომლობამ კარგად დამანახა, რას ნიშნავს პროექტების იდეალურად დაგეგმვა და მართვა, რაც შემდგომ საქმიანობაში ძალიან გამომადგა.

როგორ შეაფასებდით კომპანიის რესურსებს პროფესიული და კარიერული ზრდის თვალსაზრისით? თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

2004 წლიდან კვლავ მაგთიკომში დავბრუნდი. ინტეგრაციის დეპარტამენტის მართვა, ახალი სადგურების გამართულად მუშაობა და ხარისხის მექანიზმების დანერგვა დამევალა. 2014 წლიდან კი უკვე ტექნიკურ დეპარტამენტს ჩავუდექი სათავეში. მალევე დღის წესრიგში დადგა რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რომ მეოთხე თაობის ქსელები დაგვენერგა და ფიქსირებული ინტერნეტის ბიზნესშიც შევსულიყავით. აბონენტებისათვის სრული საკომუნიკაციო სერვისის შეთავაზებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, გავითვალისწინეთ, რომ მეოთხე თაობის ქსელებისთვის ოპტიკური ინფრასტრუქტურაა რეკომენდებული. მათ გარეშე მეხუთე თაობის კომუნიკაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. პარტნიორთა გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა და კავკასუს ონლაინისა და დელტაკომის შეძენა გადავწყვიტეთ. მაგთიკომის ისტორიასა და საქართველოს ტელეკომუნიკაციის სფეროში ორი უდიდესი ფინანსური გარიგება შედგა. შედეგად, გავხდით პირველი FMC (Fixed Mobile Convergence) ოპერატორი ჩვენი ქვეყნის ბაზარზე. გავწიეთ დიდი ინვესტიციები, მთლიანად გამოვცვალეთ ქსელის ბირთვის და ტელევიზიის ინფრასტრუქტურა, უსწრაფესი ტემპებით შევძელით ახალი არეალების ოპტიკით დაფარვა. იდეალური ქსელი ავაგეთ და არა მარტო მობილურის, არამედ ფიქსირებული ქსელების მიმართულებითაც დავწინაურდით და საქართველოს ბაზარზე ლიდერის პოზიცია შევინარჩუნეთ.

რაც შეეხება ზოგადად კარიერულ წინსვლას, კომპანიაში არსებული მაღალი თუ საშუალო მენეჯმენტის დიდმა ნაწილმაც, ჩემსავით, საწყის პოზიციებზე დაიწყო მუშაობა და დროთა განმავლობაში გაიზარდნენ. ასე რომ, ამ კუთხითაც მაგთიკომში მუშაობა პერსპექტიულია. შრომა და საქმის მიმართ დამოკიდებულება ცალსახად დაფასებულია.

რა არის ის კორპორაციული ღირებულებები, რომლებიც მაგთიკომს ამ ინდუსტრიაში მომუშავე სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს და, თქვენი აზრით, რა განაპირობებს წარმატებას?

აქ ბევრი მდგენელია. ვეცდები, რამდენიმე უმთავრესი გამოვყო და თანმიმდევრულად გიპასუხოთ:

მიმაჩნია, რომ წარმატების უმთავრესი ფაქტორი კომპანიის მართვაში მფლობელის აქტიური ჩართულობაა. როდესაც აკეთებ იმ საქმეს, რაც იცი და გიყვარს, თან ყოველდღიურ პროცესებში აქტიურად ხარ ჩართული, წარმატება გარდაუვალია. ტექნოლოგიურ კომპანიებში ეს უფრო მეტად იგრძნობა. ჩემი აზრით, არა მხოლოდ მაგთიკომის, არამედ მსოფლიო გიგანტების – ეფლის, მაიკროსოფტის, ტესლას, ფეისბუქის, გუგლის და სხვათა – წარმატების მთავარი წინაპირობაც ეს არის.

პროფესიონალიზმი– ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვარჩევდით კადრებს. აუცილებელი პირობა საფუძვლიანი განათლებაა, რასაც ემატება ტრენინგები და პროფესიული განათლება ყველა იმ მიმართულებით, რასაც საჭიროებიდან გამომდინარე ვხედავთ. ასე ყალიბდება ის პროფესიონალური მენეჯმენტი და გუნდები, რომლებზეც კომპანია დგას.

გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მენეჯერული ბიუროკრატია მაგთიკომში თითქმის არ არსებობს. გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც სხვა კომპანიები თვეებს ანდომებენ, ჩვენთან ერთ დღეში, ხშირად რამდენიმე საათში მიიღება. ტექნოლოგიურ განვითარებაში ყოველთვის მხარს გვიბამს ბიზნესი. დამფუძნებლის მხარდაჭერით, ფინანსურ გადაწყვეტილებებს ძალიან ოპერატიულად ვიღებთ. ასეთ რამეს სხვა დიდ კომპანიებში ვერ შეხვდებით, რაც ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის ჩემი ფუნქციის შესრულებისას. შესაბამისად, ეფექტიანობაც იზრდება.

წესრიგი და პუნქტუალურობა– ჩვენს საქმეში არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ დავთქვით კონკრეტული ვადა, იმ დროში უნდა მოვასწროთ ყველაფერი. ეს არც ისე რთულია, თუ სათავეში პუნქტუალური ადამიანი დგას, გუნდიც შესაბამისად მოქმედებს და შედეგიც არ აყოვნებს. მართალია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დღემდე ძალიან გადატვირთული რეჟიმი გვაქვს, თუმცა ვადების დაცვას მაინც ვახერხებთ.

არავინ თქვას, ნაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაგთიკომი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სამსახურად მიიჩნეოდა საქართველოში. წარმატებულ, დასავლური ტიპის კომპანიაში მუშაობასთან ერთად, თანამშრომელთა კეთილდღეობას და კომფორტს ფინანსური მოტივაციაც განაპირობებს, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ.

პროექტის მენეჯმენტში არა მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილება, არამედ პროფესიული განათლებაც გაქვთ. თქვენი აზრით, რა არის ეფექტიანი მართვის მთავარი სტანდარტები?

შეიძლება მართვის საკითხებში პროფესიული განათლება გქონდეს, მაგრამ კარგი მენეჯერი არ იყო. წიგნის მიღმა ცხოვრება, გამოცდილებაა. თეორიულ ცოდნასთან ერთად, საჭირო პიროვნული თვისებებიც უნდა გქონდეს. ყველასთან უნდა შეგეძლოს თავისებურად მიდგომა, მათი მოტივაციების სწორად გაგება და შესაბამისად მართვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მხოლოდ თეორიული განათლება საკმარისი არ არის. ისეც ხდება, რომ პროფესიონალი ხარ, ზედმიწევნით კარგად იცი შენი საქმე, მაგრამ გუნდის წევრი ვერ ხდები, რაც, ასევე, ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის აუცილებელი პირობაა. ჩემს ამჟამინდელ თანამშრომლებთან არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ადამიანური ურთიერთგაგებაც მაკავშირებს, რაც ყველას ერთად საქმიან კომუნიკაციასაც გვიადვილებს და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასაც. ძალიან ძლიერი გუნდის ნაწილი ვარ და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეფექტიანი მართვისთვის. მაგთიკომი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ და სადაც ყველას საერთო მიზანი გვაქვს – ვიყოთ საუკეთესოები ჩვენს საქმეში, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით ვახერხებთ.

მაგთიკომის მთავარი გზავნილია ხარისხი. როგორ ხდება ხარისხის კონტროლი?

მაგთიკომისთვის ხარისხი ყოველთვის მნიშვნელოვანი და უპირატესი იყო. ოპერირების დაწყებიდანვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიად მივიჩნეოდით. შესავლად აღვნიშნავ, რომ თავად გია ჯოხთაბერიძე ტექნიკური განხრით ფლობს დოქტორის ხარისხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც საქმისთვის, ასევე პირადად ჩემთვის – ძალიან კომფორტულია მასთან კომუნიკაცია და, შესაბამისად, საქმის მართვა. ყველა პროექტზე მუშაობისას ჯერ ვნერგავთ სიახლეს, ვრწმუნდებით მის გამართულობაში და სრული ტექნიკური მზაობით ვიწყებთ კომერციულ გუნდთან თანამშრომლობას, გაკეთებული საქმის პრომოუშენს და წარმოჩენას. მიმუშავია უცხოეთში, საქმიანი მოგზაურობაც ხშირად მიწევს და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მაგთიკომის ქსელი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში – დაფარვის არეალითაც და ხარისხითაც.

მხოლოდ აბონენტების აზრით კი არა, დამოუკიდებელი გლობალური კომპანიის, umlaut-ის შეფასებითაც ქვეყანაში საუკეთესო ქსელი გვაქვს. umlaut-მა ტესტირება ჩვენგან დამოუკიდებლად ჩაატარა. კვლევის არეალი მოიცავდა როგორც დიდ ქალაქებს და რეგიონებს, ისე მაგისტრალებსა და დამაკავშირებელ გზებს. მაგთიკომის ხმოვანი და ინტერნეტსერვისის ხარისხის ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიის მიხედვით (LTE/UMTS/GSM) განხორციელდა. 2021 წლის თებერვალში კი Best in Test სერტიფიკატი გადმოგვეცა. ამ მიღწევით და მაგთიკომის გუნდით ძალიან ვამაყობ.

ყოველ დილით ათეულობით ანგარიშს ვიღებ ქსელის გამართულობაზე. თვის და წლის შედეგებს ცალკე ვაანალიზებთ. ყველა რგოლის მიერ მოწმდება შედეგები და დიაგნოსტირებაც შესაბამისადვე ხდება. შეცდომების დაშვების ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ, ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამომდინარე, ჩვენთან ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი იდეალურად აწყობილი სტრუქტურა გვაქვს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის სწორად ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, ვიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომლის უზრუნველსაყოფადაც 24x7-ზე ვმუშაობთ. შედეგიც სახეზეა: მაგთი ასოცირებულია ხარისხთან, რაც ჩვენი შინაგანი და კორპორაციული კულტურის ნაწილია.

ტექნოლოგიური მიღწევები ყოფითი ტერმინებით რომ ჩავანაცვლოთ, როგორ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება მაგთიკომის საკომუნიკაციო სერვისებმა?

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ცხოვრება გააიოლა და დააჩქარა, ადამიანები დააახლოვა. ხალხს მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ყველაზე ცხადად ეს ცვლილებები მაინც კრიტიკული სიტუაციების დროს ჩანს. მაგალითები ძალიან ბევრია, თუნდაც გავიხსენებდი ბორჯომის ტყის ხანძარს, სადაც დაზარალებულთა და მაშველთა უკეთესი კომუნიკაციისთვის მობილური სადგური დაუყოვნებლივ გავმართეთ. შედეგად, სამაშველო პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. მყინვარწვერის გზაზეც გვიდგას საბაზო სადგური. მწვერვალებზე ასვლისას არათუ რეკავენ მთასვლელები, არამედ ვიდეო ლაივებსაც კი რთავენ. იყო შემთხვევები, როდესაც მაგთიკომის სწრაფმა და ხარისხიანმა კომუნიკაციამ მთაში ჩარჩენილთა სიცოცხლეები გადაარჩინა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ დიდ და მნიშვნელოვან ობიექტებს სპეციალურ დაფარვასაც კი ვუკეთებთ, ამ მიდგომას ვერ შეხვდებით ბევრ ქვეყანაში. მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო სერვისი კი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს, რაც, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

ტელეკომუნიკაციის უახლესმა მიღწევებმა როგორ შეცვალა თქვენს კომპანიაში საქმის წარმოება და აბონენტებთან კომუნიკაცია?

პანდემიის დროს აბონენტთა ცხოვრების სტილი, მოთხოვნები შეიცვალა. მომხმარებლებს დისტანციურად სწავლისთვის და მუშაობისთვის ხმასთან ერთად ვიდეოც დასჭირდათ. ვიდეოზარით იმართებოდა გაკვეთილები, ტრენინგები, თათბირები. რეგიონებშიც კი დაიწყეს მეოთხე თაობის ქსელის გამოყენება უფრო აქტიურად, რადგან ქალაქგარეთ ბევრი გადავიდა საცხოვრებლად. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, მაგთიკომმა ქსელის განვითარება, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და დამატებითი ინვესტიციები განახორციელა.

მსგავსი პანდემია ათი წლის წინ რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, უამრავი ბიზნესი ჩამოიშლებოდა, მეტი მსხვერპლიც იქნებოდა. სოციალური ქსელების თუ ვიდეო კომუნიკაციის მეშვეობით, ინფორმაციის გავრცელება ადამიანების ცნობიერებას და დამოკიდებულებებს სწრაფად ცვლიდა.

მართალია, პანდემიის დროს მაგთიკომშიც ვიდეოზარებით გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ, ვფიქრობ, პირად ურთიერთობას მაინც ვერაფერი შეცვლის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან ბიზნეს გადაწყვეტილებებს ეხება. თანდათან ოფისებში დავბრუნდით და ეს კარგია. ბევრი საქმის გაკეთება დისტანციურად არის შესაძლებელი, თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, უმეტესობას ადგილზე შრომა სჭირდება. მაგალითად, აბონენტთან ოპტიკური კაბელის გაყვანას, აპარატურის მონტაჟს, თუნდაც ანძის მშენებლობას სახლიდან ვერ გააკეთებ. ჩვენი დარგის სპეციფიკა ასეთია.

ყოველწლიურად ესწრებით MWC მსოფლიო კონგრესს, დარგის ფორუმებს და მობილური კავშირგაბმულობის უახლეს მიღწევებს ეცნობით. როგორ ხედავთ საქართველოს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე?

პანდემიამ ძალიან გაზარდა მოთხოვნა მონაცემთა გადაცემის სიჩქარესა და მოცულობაზე, თუმცა ტექნოლოგიის განვითარება გარკვეულწილად შეაფერხა. ორი წლის განმავლობაში ბარსელონაში არ გამართულა მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი, მესამე წელს ძალიან შეზღუდულად. მსგავსმა გლობალურმა გამოწვევებმა თუ არ იჩინა თავი, მაშინ ეს ინდუსტრია დასახული მიზნისკენ წარმატებით გააგრძელებს სვლას. ვირტუალური რეალობა (VR), აუგმენტური რეალობა (AR), საგანთა ინტერნეტი (IoT), ჭკვიანი სახლი, ხელოვნური ინტელექტი (AI) და ა.შ ესაა დარგის მომავალი. სერვისების ორკესტრირება (Service Orchestration) უფრო და უფრო გამოყენებადი სიტყვა ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებში, სადაც ავტონომიურად ხორციელდება ნებისმიერი ტიპის მოთხოვნილი სერვისების (მათ შორის საგნების, მანქანების და ადამიანების ურთიერთკავშირი თანამედროვე ტიპის ეკოსისტემებში) შექმნა, მიწოდება, მართვა და მონიტორინგი შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით. ნაკლები დაყოვნება, მეტი სიჩქარე ესაა, რასაც მსოფლიო საჭიროებს ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ოპერატორების მხრიდან. ამას კი უკვე ბიზნესმა უნდა აუწყოს ფეხი. ეს იყო და იქნება სოფლის მეურნეობის, საწარმოების, სხვადასხვა ბიზნესის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარი. ტექნოლოგიური პროგრესი ამ მიმართულებით მიდის, რაც ჩვენს ყოველდღიურობას სასიკეთოდ შეცვლის.

ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოშიც გაჩნდება ბევრი ისეთი სერვისი, რომლისთვისაც 5G აუცილებელი იქნება. მეხუთე თაობის ქსელის დანერგვა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია, სახელმწიფო და კერძო სექტორი გახდეს ჭკვიანი ხელსაწყოების მომხმარებელი, მაღალტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებელი. გარდა ამისა, მომხმარებელიც ტექნოლოგიურად მოტივირებული უნდა იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი აბონენტების თვითგანვითარებას ხელი შევუწყოთ, მაგრამ ხდება ისეც, რომ iPhone-ის უახლესი მოდელის მფლობელს ინტერნეტი გამორთული აქვს, არ იყენებს. მოკლედ, ბიზნესსექტორი და მომხმარებლები თუ მოიწადინებენ, მაგთიკომის მხარდაჭერაც არ დააყოვნებს.

ის, რომ საქართველო ხიდია ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული უპირატესობაა, რაც, საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, პრიორიტეტულ გეოპოლიტიკურ სტატუსს მოგვანიჭებს. ორი კონტინენტის დამაკავშირებელ გზაზე ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს რეგიონის მთავარი ჰაბი და სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველომ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტების განხორციელებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. ამ ისტორიულმა პროექტებმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი როლი რეგიონში. დღეს კომუნიკაციის მთავარი პრიორიტეტი მონაცემებია, რაზეც მოსახლეობისა და სერვისების მოთხოვნა დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. არც აქ უნდა შევფერხდეთ და ამ პროექტის დანერგვაშიც უნდა დავწინაურდეთ, რაც ქვეყანას არა მარტო ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს, არამედ მნიშვნელოვნად გაამყარებს მის როლს მსოფლიო ასპრეზზე, უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს უფრო სწრაფ განვითარებას და დამატებით უსაფრთხოებას.

ზოგადად, კომუნიკაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. მაგთიკომი ყოველთვის ნერგავდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და პრემიუმ სერვისებს. ჩემი აზრით, ამ კუთხით, მსოფლიო რუკაზეც მოწინავეთა შორის ვართ.

მაგთიკომს ოპერირებიდან 25 წელი შეუსრულდა. რისთვის აღმოჩნდა ეს დრო ცოტა და რისთვის საკმარისი?

ეს 25-წლიანი პერიოდი კორპორაციული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნაკლებად თუ მოიძებნება მსოფლიოში ოპერატორი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ერთი გეზით, მიზნით, მმართველობით არსებობს და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი პრობლემა თუ დაბრკოლება გადავლახეთ, ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, კიდევ უნდა განვვითარდეთ, გავიზარდოთ. მართალია, მაგთიკომი ლიდერი კომპანიაა, თუმცა მუდმივად წინსვლა აუცილებელია. ტექნოლოგიის სფერო არ ჩერდება, მუდმივად პროგრესირებს, ამიტომ ჩვენც უნდა მივყვეთ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ოპერირების დაწყებიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო: ფეხი ავუწყვეთ ყველა სიახლეს, დავნერგეთ უახლესი ტექნოლოგიები და სერვისები. მართალი გითხრათ, ბიზნესის კუთხით მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდით. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენთან ახალი იდეები ყოველთვის დაფასებულია, რასაც აბონენტებისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

„ჩვენ ქართული საქმეს ვაკეთებთ“ – რას ნიშნავს ეს ფრაზა თქვენთვის და რამდენად გაქვთ თანამონაწილეობის განცდა?

მაგთიკომის მენეჯმენტი საქმეს მხოლოდ ბიზნესის, მოგების კუთხით რომ უყურებდეს, ეს კრედოც არ გვექნებოდა. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს განვითარების საშუალება მივცეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

ტელეკომუნიკაცია, როგორც უკვე მოგახსენეთ, წინ მიუძღვის ქვეყნის განვითარებას. ჩვენ ყველანაირ საფუძველს ვქმნით იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოში ბიზნესი ტექნოლოგიურად განვითარდეს და მსოფლიო ბაზარზე დაწინაურდეს. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს ხელშეწყობა და ფეხის აყოლა სხვადასხვა სექტორის მხრიდან. საქართველო აუცილებლად მოახერხებს უფრო სწრაფი ტემპით წინსვლას, რაც ჩვენს მომავალ თაობებს მხოლოდ წაადგება.

ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთ ადგილებზე გვაქვს სადგურები, სადაც აბონენტები არ გვყავს და გაწეულ ხარჯს ვერასდროს ამოვიღებთ, თუმცა სასაზღვრო ზოლის დაფარვა ჩვენი პრიორიტეტია. ამ ყველაფერს ბიზნესმიმართულების ხელშეწყობით ვაკეთებთ. კომპანიაში ყველას, დამფუძნებლებსაც და თანამშრომლებსაც, ერთი და იგივე გვამოძრავებს: გულწრფელად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და მაგთიკომი. მახსოვს, როდესაც საზღვარგარეთ მიწევდა მუშაობა, ჩამოსვლისთანავე აქ მოვდიოდი და კოლეგებს გამოცდილებას ვუზიარებდი. მინდოდა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოეყენებინათ. ვაცნობიერებ, რომ წლების წინ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაც მაგთიკომში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამსახურება იყო. 1997 წლიდან ერთად მოვდივართ და ერთად ვიზრდებით. მაგთიკომმა გამზარდა და ჩამომაყალიბა იმად, რასაც დღეს წარმოვადგენ. თავს დავალებულად ვგრძნობ, მინდა ეს ვალი ერთგულებით და შრომით დავუბრუნო.