ექვსი ამბავი მხატვარზე...
შემდგომი გაგრძელებებით

ნიკო ცეცხლაძე ერთი იმ თანამედროვეთაგანია, რომელიც თავს, არც მეტი, არც ნაკლები, ახალ ქართველს უწოდებს. არა იმიტომ, რომ უცხოეთში დადის (თუმცა დადის), არა იმიტომ, რომ მობილური აქვს (თუმცა აქვს), და არც იმიტომ, რომ უმრავლესობისაგან ცოტა განსხვავებულად ცხოვრობს (მხატვარია)....
უბრალოდ, ახალ ქართველობაში ის თავისი ცხოვრების და მუშაობის სტილს, ნამუშევრებს და საერთოდ, თავის შემოქმედებას გულისხმობს.
"მე არ განვეკუთვნები მხატვრის იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს სახელოსნოში და ისე იმუშაოს. მე ყოველი დღით ვცხოვრობ. ყოველი ახალი დღე ახალი ცხოვრებაა და ამ ცხოვრებაში მთლიანად უნდა ვიყო ჩართული. მინდა, რომ ჩემს ყოველ ნამუშევარში ჩანდეს ეს ახალი დღე და ჩემი სუბიექტური აზრი ამ დღის შესახებ. მინდა, რომ ჩემი შემოქმედება ყველაფერს და ყველას წვდებოდეს, იქნება ეს ხელოვანი, ოფიციოზი თუ უბრალო ხალხი" - ამბობს ნიკო ცეცხლაძე.

ამბავი ¹1
მეათე სართული

ვინც ნიკო ცეცხლაძეს და მის ნამუშევრებს კარგად იცნობს, მისთვის ცნობილია, რომ მხატვრის შემოქმედება არ ჯდება ერთ რომელიმე ფორმაში, რომ იცვლება ტექნიკური საშუალებები და გამოხატვის ხერხები.
"არ შეიძლება, რომ ხელოვანი ერთი რამით შემოიფარგლოს. მე არ შემიძლია, ვთქვათ, დღეს დავიწყო ერთი რაღაცის კეთება და ხვალ იგივე გავაგრძელო. შეიძლება დავიწყო ფერწერით, მაგრამ გავაგრძელო ფოტოთი, ტექსტით, ობიექტით და საერთოდ, გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რომ სათქმელი ბოლომდე და როგორც მე მინდა, ისე ვთქვა".
ამიტომაც, ნიკო ცეცხლაძისა და მისი რამდენიმე მეგობრის შემოქმედებამ ჯერ კიდევ 80-იან წლებში მიიქცია ხელოვნებათმცოდნეთა და პროფესიონალ მხატვართა ყურადღება. ?ჩვენი ჯგუფის შექმნასა და შეკრებაში რომელსაც, შემდეგ "მეათე სართულის" ჯგუფი დაერქვა და მერეც, აკადემიის მეათე სართულიდან მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში რომ გადავინაცვლეთ, ძალიან დიდი როლი ითამაშა არაჩვეულებრივმა მხატვარმა და ასევე არაჩვეულებრივმა ადამიანმა გია ბუღაძემ, რომელიც ყოველთვის კარგ საქმეს აკეთებდა და, პირველ რიგში, გვეხმარებოდა ჩვენ, შედარებით ახალგაზრდებს".
წლები გადიოდა და ჯგუფის ან ცალ-ცალკე თითოეულის შემოქმედება უკვე აღარ იყო მხოლოდ ფერწერა. ხდება პერფორმანსების დემონსტრირება. აწყობენ აქციებს, სადაც უბრალო ხალხი, უბრალო გამვლელები მხატვრული თამაშის მონაწილეები ხდებიან. მათ გამოფენებზე დამთვალიერებლებს ფერწერულ ტილოებთან ერთად ჩვეულებრივი ხის, რკინის ან თითქოს გამოუსადეგარი სამეურნეო მასალებისაგან შექმნილი არაჩვეულებრივი ობიექტებიც ხვდებათ.
იქმნება ბევრი საინტერესო ამბავი...

ამბავი ¹2
მანეკენების ამბოხი

ჟურნალ "კალთას" 1991 წლის მე-3 ნომერში ასეთი რამ ეწერა: ?ორმა ახალგაზრდა კაცმა - თბილისელმა მხატვრებმა ოლეგ ტიმჩენკომ და ნიკო ცეცხლაძემ ბრინჯაოსფრად შეიღებეს სახე და ხელები, ჩაიცვეს შავი კოსტიუმები და "შეაბიჯეს" კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში... ახალგაზრდები ათი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგნენ, მერე ორივემ ერთდროულად ჩაამტვრია ვიტრინა და კვლავ მანეკენად ქცეულმა გააგრძელა დგომა კიდევ ათი წუთის განმავლობაში..."
ამ აქციას "მდგომარეობათა დაპირისპირება" ერქვა. შეგახსენებთ, რომ იმ დროისათვის სიტყვა აქცია ჩვენთვის მაინცდამაინც უცხო აღარ იყო, საპროტესტო აქციების მთელი სამწლიანი გამოცდილება არსებობდა. მაგრამ ორკაციანი და ისეთი სახის აქცია, როცა არ არის პლაკატები, არ ისმის მეგაფონების ხმა და საერთოდ, არავინ არაფერს პირდაპირ არ ითხოვს, რიგითი გამვლელებისთვის უცხო და მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ადრე კოლმეურნეობის მიწისქვეშა გადასასვლელი ძალიან ლამაზი იყო, რაღაც ისეთი... ხარისხიანი ვიტრინები იდგა და იქაურობა სცენას გავდა. გაგვიჩნდა იდეა, რომ რაღაც გაგვეკეთებინა. აქციის დღეს ცუდი ამინდი იყო, მაგრამ მაინც წავედით. ხალხის რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. ვერ გაეგოთ, მართლა თოჯინები ვიყავით თუ ცოცხალი ადამიანები. მინები რომ დავამსხვრიეთ, ეს ისეთი დრამატული მომენტი იყო, რომ ხალხმა კივილი დაიწყო. ალბათ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ ის დღე..."
ასე რომ, 90-იანი წლებიდან საქართველოში ახალგაზრდა ხელოვანთა ერთი ჯგუფი და მათ შორის ნიკო ცეცხლაძეც ქმნის ისეთ ნამუშევარს, რომლის მიღება ან გაგება, საზოგადოების რაღაც ნაწილმა, ტრადიციის არარსებობის თუ სხვა რამის გამო, ვერ შეძლო...

ამბავი ¹ 3
"დახვრეტილი" ნაშრომი

ეს ყველაფერი - პერფორმანსი იქნება, ფოტო, ობიექტი, ფერწერული ტილო, აქცია თუ რაღაც "თამაში" - ნიკო ცეცხლაძე თვლის, რომ მისი პროფესიაა. ერთ-ერთ ჯგუფურ გამოფენაზე, სადაც ნიკო ცეცხლაძის გარდა ქეთი კაპანაძე, ნინო ჩუბინიშვილი და ოლეგ ტიმჩენკო მონაწილეობდნენ, მისი ერთი ნამუშევარი იარაღით დახვრიტეს!
"ბიბლიოთეკაში გვქონდა გამოფენა. ჩემი ორი ობიექტი გარეთ იდგა. ერთს "გაჩერებული დრო" ერქვა, მეორეს "აღსარების ორი სკამი". ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი მოცულობის იყო. ლითონის კუბი იყო გაჭრილი შუაზე და შიგ ორი სკამი იდგა. იქვე ოფისი ჰქონდა რაღაც გაურკვეველ პოლიტიკურ პარტიას. შემომიჩნდნენ ეს გაურკვევლები, გინდა თუ არა, აიღე აქედან ეს "რკინებიო"... ჩვენთან ე.ი. თუ ქანდაკებაზეა ლაპარაკი, ის აუცილებლად გიორგი სააკაძესავით დაკუნთული უნდა იყოს, ან ცხენზე უნდა იჯდეს, სხვა ხედვა არ შეუძლიათ. ერთ მშვენიერ დღეს, დილით, რომ მივედი, ეს უზარმაზარი რკინა ამობრუნებული და ტყვიებით დახვრეტილი დამხვდა. რა უსაქმურები უნდა ყოფილიყვნენ, ეს რომ გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, იმ ნამუშევარმა თავისი ფუნქცია მაინც შეასრულა..."
შემდეგ, ეს "დახვრეტილი" ობიექტი წყნეთში აიტანეს. ჩვენთან შექმნილი ასეთი ტიპის ნამუშევრები მაინცდამაინც დიდ კომერციულ ინტერესს არ იწვევენ. დასავლეთისგან განსხვავებით, მათი შეძენა აქ არც მუზეუმს სურს, არც კოლექციონერს და არც გალერეას...
თუმცა, კომერციული გარიგებები მაინც იდება ხოლმე.

ამბავი ¹ 4
საინტერესო ბარტერი

მოკლედ, ნიკო ცეცხლაძეს ბავშვობაში ძალიან, ძალიან უყვარდა სათამაშოები. მერე გაიზარდა და ბუნებრივია, სათამაშოებით აღარ თამაშობდა. მერე ჩვენთან მობილური ტელეფონებიც შემოვიდა. მასში მობილური რატომღაც სათამაშოს ასოციაციას იწვევდა და ძალიან, ძალიან უნდოდა საკუთარი მობილური ჰქონოდა.
ამ დროს ერთი ქალბატონი ნიკო ცეცხლაძის ერთ-ერთი ნამუშევრით დაინტერესდა. მაგრამ იმ ქალბატონმა ნახატის შესაძენად საჭირო თანხა ვერა და ვერ შეაგროვა. ამიტომ, ერთ დღეს ასეთი რამ შესთავაზა - ჩემს ქმარს ახალნომრიანი და ახალაპარატიანი მობილურის შოვნის შანსი აქვს და თუ შეგიძლია, რომ მობილურში შენი ნახატი გამიცვალოო? ასეთ სიტუაციაში ასეთი გამოსავალი ძალიან ორიგინალური და ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა. გარიგებაც შედგა. ასე გახდა ნიკო ცეცხლაძე მაგთის აბონენტი.
"თავიდან, ვიდრე მობილური მექნებოდა, მართლა ტოვებდა ჩემში სათამაშოს შთაბეჭდილებას. მაგრამ, შემდეგ, როცა მფლობელი გავხდი, ვიგრძენი, როგორი საჭირო რამეა. საოცრად ეკონომიურია, სადაც გინდა, იქ იპოვნი ადამიანს. რამდენჯერ ისეთ სიტუაციებში ისე მაგრად გამომადგა... უცხოელები იყვნენ ჩამოსულები, მეძებდნენ... ჩემი აზრით, მობილური ყველას უნდა ჰქონდეს. მერე, ამ ქართველების ამბავი ხომ ვიცით - აქ დამარეკინე, იქ დამარეკინე, მე არ მილაპარაკია იმდენი, რამდენიც სხვამ ილაპარაკა და ახლა დავალიანების გამო გათიშული მაქვს. რომ დავდივარ, ასე მგონია, ძაან დიდი რაღაცა მაკლია. აუცილებლად უნდა ჩავრთო".

ამბავი ¹ 5
საკუთარი ბილიკი

ყველა ხელოვანს საკუთარი ბილიკი გაჰყავს. ყველა ხელოვანს უნდა, რომ მისი ბილიკი სხვისას არ ჰგავდეს და ისეთი იყოს, მალე რომ არ წაიშლება. ბილიკი, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება მინდორში ან დაბურულ ტყეშიც გაიყვანო, მაგრამ ამ ბილიკის ხელოვნებად ქცევა უკვე სხვა საქმეა. სხვა საქმეა ისიც, რომ ხელოვნებად აქციო ჩვეულებრივი ელექტროქურა.
"1997 წელს იუნესკოში სხვა მხატვრების შემოქმედებასთან ერთად ჩემი ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. საინტერესო ისტორია აქვს ამ ნამუშევრებს. ცუდად ვიყავი და საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მთელი სამი თვის განმავლობაში ყოველ დილით დავდიოდი ბოტანიკურში. დავდიოდი სულ ერთი და იგივე გზით. ეს გზა თავიდან არ არსებობდა, მე გავკვალე და ბოლოს ამ გზაზე უკვე სხვა ხალხმაც დაიწყო სიარული. მერე კი გავაკეთე ასეთი რაღაცა: ავიღე თბილისის რუკა, დავიტანე ზედ ჩემი ყოველდღიური მარშრუტი სახლიდან ბოტანიკურის ჩათვლით და ჩემს მიერ გაკვალული ბილიკის ფოტოები. ადამიანმა ეს რომ უცხოეთში გააკეთოს, ძალიან დიდი ფული დასჭირდება. რაც შეეხება ?Iჩ ?-ს, ზამთარი იყო და ძალიან მციოდა. ქურა კი ენთო, მაგრამ მაინც... მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ამ ყველაფრისგან - განწყობილებისგან, შეგრძნებისგან და სპირალისაგან "ყინული" შემექმნა..."
წელს ნიკო ცეცხლაძეს ბევრი გეგმა და პროექტი აქვს განსახორციელებელი: თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ამერიკაში მიდის; მაისში ვისბადენშია გამოფენა; შემდეგ პარიზში არიან მიწვეულები; შემდეგ კი ბელგიაში იქნება ჯგუფური გამოფენა, რომელიც ხუთ ქალაქს შემოივლის. მანამდე კი, წლის დასაწყისში, თბილისში ახალი გალერეა იხსნება, სადაც სხვა მხატვრების შემოქმედებასთან ერთად მისი ნამუშევრები გამოიფინება საერთო სახელწოდებით "კლოუნები და ანგელოზები". როგორც ნიკო ცეცხლაძე ამბობს, ეს იქნება საქართველოში პირველი, მუშაობის დასავლურ პრინციპებზე გათვლილი გალერეა. აქ ყალიბდება ურთიერთობის ისეთი ფორმა, როგორიც, საერთოდ, უნდა ჰქონდეს ხელოვანსა და გალერისტს...
ნიკო ცეცხლაძე იმასაც ამბობს, რომ მის ნამუშევრებში, ამ ბოლო დროს ბევრი ლამაზი ფერი გაჩნდა, თვითონაც უფრო ხალისიანია და დიდი სტიმულიც აქვს. ამ ყველაფერში "დამნაშავე" კი 2 თვის ალექსანდრე ცეცხლაძე ყოფილა. ალექსანდრეს გარდა, მის ოჯახში კიდევ მეუღლე ქეთინო ჯაშიაშვილი და უფროსი ქალიშვილი, 13 წლის ანიც ცხოვრობს.
"ჯერჯერობით ცხოვრების მადლობელი ვარ. ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა და როგორც მე მინდა... რაც შეეხება ჩემს "ახალ ქართველობას", ეს ხუმრობით ვთქვი, ერთგვარი თამაში იყო, თუმცა, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს... ისე, ხუმრობაზე გამონათქვამი ხომ გაგიგიათ?..."

ამბავი ¹ 6
რომელსაც ბევრი გაგრძელება ექნება...

ელისო კაპანაძე