ლეგენდა

ქალბატონი ნინო რამიშვილი ძველებურ სავარძელში ზის და იღიმება... იღიმება ისევ ისეთი, როგორიც გვახსოვს მთელი ცხოვრება... ელეგანტური, მოხდენილი, პეწიანი, ჯიშის და ღირსების აღმნიშვნელი პოზა და მანერები, მეტყველი ხელები და სულ სხვაგვარი, სხვა დროისა და სხვა ეპოქის სურნელის მომტანი საუბარი.
ამგვარი საუბარი მგონი ოდესღაც მსმენია, ბავშვობაში, ერთეულთაგან...
მისი ღიმილი მომხიბვლელია და ამავე დროს თავდაჭერილი. ღიმილი გათბობს, მაგრამ გიტოვებს მანძილს, მანძილს შენსა და ლეგენდას შორის... როგორ გამოვა ლეგენდასთან მიახლოვება.
ეს ლეგენდა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. ლეგენდა, როგორც დღესასწაული. ლეგენდა როგორც სილამაზე, თავისუფლება და როგორც ჩაკეტილი სივრციდან ოცნებაში გაჭრილი კარი.
როგორც ჩანს ლეგენდებსაც აქვთ თავიანთი პირადი და მძიმე ცხოვრება, მაგრამ აბა ჩვენ, მოკვდავთ, ამ ცხოვრებასთან რა ხელი გვაქვს. ჩვენ გვინდა სინათლე, სიჩახჩახე, მუსიკა, სცენა, ტაში და წარმატება, გვინდა სიამაყე და კმაყოფილება.
გვინდა ლეგენდა... სასიყვარულოდ და სალოლიავოდ, გვინდა ლეგენდა - გასაკილად და სალაპარაკოდ, გვინდა ლეგენდა ჩვენთვის საკუთრად, ჩვენი ლეგენდა...

ლეგენდებს კი თავიანთი ლეგენდები აქვთ...
ისინი ოპერის თეატრში შეხვდნენ ერთმანეთს. ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი. დახვეწილი და მოხდენილი ნინო, ახოვანი და მოსხლეტილი ილიკო. ლამაზი წყვილი, ულამაზესი.
ნინო რამიშვილი - ცნობილი მენშევიკის, შალვა რამიშვილის ქალიშვილი... 30-იანი წლები... ციხეები, მამის გადასახლება... მუდმივი შიში... მაგრამ ილიკოს ცეკვა მოსწონდა სტალინს... - აი, კიდევ ერთი ლეგენდა.
მათი ანსამბლის დაარსების თარიღად 1944 წელი ითვლება. თუმცა, რამდენიმე წელი უდიდესი შეჭირვების, თავდადებული შრომის და თავგანწირული შენების დრო იყო. ომის შემდგომი პერიოდი. არ ჰქონდათ სარეპეტიციო დარბაზი, საარსებო სახსრები, მომავლის იმედი... ანსამბლის წევრებს შიმშილისაგან სცენაზე მისდიოდათ გული. მაგრამ ისინი მუშაობდნენ... ისინი ფანატიკოსები იყვნენ... დიდ საქმეში კი მხოლოდ შრომა, სიყვარული და ფანატიზმი იმარჯვებს.
და ლეგენდა დაიწყო... და ლეგენდა გავიდა... ჯერ საქართველოში, მერე დიდ რუსეთში, მერე კავშირში, მერე მსოფლიოში...
"მსოფლიოს მერვე საოცრება"... "ფანტასტიკა! ცეცხლი! ელექტრონი!"... "ძალისა და სინატიფის უბადლო დემონსტრაცია"... "ნამდვილი ქარიშხალი სცენაზე"... "პოეზია და ცეცხლოვანება"... "უდიდესთა შორის უდიდესნი"... - ამბობდა მსოფლიოს უმკაცრესი პრესა.
"ბალეტი ჯიშის, ბალეტი რასის"... - ამბობდა თვალზე ცრემლმომდგარი გრიგოლ რობაქიძე.

ეს იყო ბალეტი, ქართული ხალხური ცეკვების საფუძველზე შექმნილი საოცარი ქორეოგრაფია, და კიდევ ერთი ლეგენდის-სოლიკო ვირსალაძის წყალობით-საოცარი სცენოგრაფია. მაგრამ მაშინ, იმ ეპოქაში, ეროვნული ბალეტი "ფარდის მიღმა" ვერ გავიდოდა... მხოლოდ ფოლკლორი, ეთნოგრაფია, ეგზოტიკა... ამიტომაც ანსამბლს "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" ერქვა... და იყო კიდეც, ოღონდ არა მხოლოდ...
დიდი ეპოქა... მთელი ცხოვრება... ბრძოლა და ჭიდილი... ხელოვნება და პოლიტიკა... "ხელოვანი ვარ, პოლიტიკაში არ ვერევი" - იტყვის მავანი, არის კი ასე? ანუ ხერხდება?
უფრო ეს არის ალბათ სათქმელი, ამ ბრძოლასა და ჭიდილში ვინ რას გამოიტანს, ან თუ გნებავთ, ვინ რას შეინარჩუნებს.
ბევრისთვის კი ალბათ, მთელი "ჩაკეტილი" თაობისთვის, ?სუხიშვილები? მხოლოდ ეროვნული სიამაყენი კი არა, ახლისა და პროგრესულის შემომტანნი იყვნენ.
ლეგენდა გრძელდება... დღეს ანსამბლს უკვე "ქართული ნაციონალური ბალეტი" ჰქვია და მას ბატონი თენგიზ სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
ქალბატონ ნინოს კი ანსამბლის მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან უჭირს. მხოლოდ უმცროსი ნინო სუხიშვილი, ქალბატონი ნინოს შვილიშვილი და ანსამბლის სული და გული, გეტყვით ტკივილით. უკვე თვეებია, რაც ხელფასები არ მიუღიათ და ისე, როგორც ანსამბლის დაარსების პირველ წლებში, მის წევრებს შიშველი ენთუზიაზმი და ცეკვის ფანატიკური სიყვარული ასულდგმულებთ. არადა, სხვა სამსახური მათთვის არ არსებობს, შეუძლებელია "სუხიშვილებში" ცეკვავდე და მერე კიდევ სხვა რამეს აკეთებდე.
გასაგებია, საქართველოში დღეს ყველას უჭირს... და მაინც, არა მთლად ყველას... და კიდევ, დასანანია, როცა ეს ლეგენდებს ეხება...
დამშვიდობებისას რომელიღაც ჩვენგანის მობილურმა დარეკა. "საინტერესო ტელეფონია"... - თქვა ქალბატონმა ნინო რამიშვილმა.
მაინც უცნაური რამ არის ცხოვრება. მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ არ იყო ლეგენდა, ასეთ ნივთს პირველად, ალბათ, მის ხელში ვნახავდით...

მ.ვ.