რუპორიდან
მობილურამდე

ტელეფონი - ეს უბრალო და ჩვეულებრივი საგანი ჩვენს ცხოვრებაში.
ტელეფონი - ჩვენი მეგობარი და მესაიდუმლე. ტელეფონი - ჩვენი მუდმივი თანამდევი, უკვე მოძრავი და უკვე მობილური. ტელეფონი, რომლის გარეშე არსებობაც ვეღარავის წარმოუდგენია.
არადა იყო დრო ... თუმცა მოდით, ყველაფერი უფრო დაწვრილებით გავიხსენოთ.
ადამიანს ყოველთვის სჭირდებოდა საკუთარი ხმა რაც შეიძლება შორს გადაეცა. თავდაპირველად ახალ ამბებს ძლიერი ხმის მქონე "მოყვირალი მოამბეები" იუწყებოდნენ, სანამ ინგლისელი რაინდის-მორლანდის გამოგონილმა რუპორმა მათ საქმე არ შეუმსუბუქა. შემდეგ იყო "სალაპარაკო მილი" ანუ "აკუსტოფონი", რომლითაც მგზავრები მემანქანეებს უკავშირდებოდნენ, სხვადასხვა "სათამაშო" თუ გამოუყენებელი გამოგონებები. 1861 წელს კი გერმანელმა ფილიპ რეისმა შექმნა აპარატი, რომელიც მანძილზე ბგერებს გადასცემდა და მას "ტელეფონი" დაარქვა. მაგრამ ღარიბი მასწავლებლის მიერ სკოლის ლაბორატორიაში მარტივად აწყობილი ტელეფონი სერიოზულ გამოგონებად არ მიიჩნიეს. რეისმა ტელეფონის შესაქმნელად კასრის საცობი, საქსოვი ჩხირი, ძველი ვიოლინო და ფიზიკის კაბინეტში მივიწყებული გალვანური ელემენტი გამოიყენა. ამის შემხედვარე მეცნიერები ამბობდნენ-ასეთ აპარატს ნებისმიერი ხელმარჯვე ბიჭიც ააწყობდაო. ალბათ ტელეფონის გამომგონებლის სახელი განგებით სხვა მეცნიერს უნდა რგებოდა წილად. მართლაც, შემთხვევის წყალობით რეისის ერთ-ერთი ტელეფონი შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტში მოხვდა, სადაც ახალგაზრდა ბოსტონელი ფიზიკოსი ალექსანდრ ბელი მუშაობდა. ბელი ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის ლაპარაკის შესწავლის იდეით იყო შეპყრობილი და რა თქმა უნდა, რეისის ტელეფონით ძალიან დაინტერესდა. შეისწავლა, მოიშველია ფარადეის და ერსტედის გამოკვლევები მაგნეტიზმზე, საკუთარი დაკვირვებები, მაშინდელი შეხედულება სმენის ორგანოების აგებულებაზე, ელექტროტექნიკის ზედაპირული ცოდნა (როგორც თავად ამბობდა) და, საბოლოოდ, "დაიბადა" ტელეფონი - გაუმჯობესებული და ამავე დროს გამარტივებული, როგორც ნებისმიერი გამოგონების შემდგომი ეტაპი - რთულიდან მარტივისკენ.
1876 წელს, ფილადელფიის მსოფლიო გამოფენაზე ორი გასაოცარი სიახლე წარმოადგინეს - ედისონის ნათურა და ბელის ტელეფონი. მაგრამ აღფრთოვანებული გამოხმაურების ნაცვლად ბელი საყვედურებით აავსეს - ვის სჭირდება ეს გამოგონება, სად უნდა გამოიყენო, ალბათ შეყვარებულები თუ იჩურჩულებენ ან ბავშვებს იავნანას თუ მოასმენინებენო. თანაც მანძილზე საუბრის გადაცემისას ცალკეული სიტყვები დაიკარგება და აზრი გაუგებარი დარჩებაო. მოკლედ, ტელეფონი "საკვირველ სათამაშოდ" მონათლეს და მომავლის პერსპექტივა გადაუწურეს. 12 წლის მანძილზე ბელს 600 სასამართლო პროცესი დასჭირდა, სანამ მის გამოგონებას აღიარებდნენ.
მაგრამ ამგვარმა პრობლემებმა ვერ შეაფერხა ტელეფონის გავრცელება. პირიქით, სხვა მეცნიერებმა ახალი ცვლილებები შეიტანეს ბელის გამოგონებაში. ერთ-ერთი იყო უნგრელი მეცნიერი პუშკაში, რომელსაც სატელეფონო სადგურის იდეა ეკუთვნის. 1881 წელს პარიზის საერთაშორისო ელექტრონულ გამოფენაზე სწორედ მან განახორციელა ტელეფონის საშუალებით პირველი ტრანსლაცია ოპერის თეატრიდან. ამ სენსაციური მოვლენის მოწმე გახდა პარიზში მყოფი ქართველი სტუდენტი ისიდორე წეროძე, რომელმაც აღფრთოვანებული წერილი გამოგზავნა თბილისში. წერილი გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა. თუმცა პირველი პუბლიკაცია ტელეფონის შესახებ უკვე 1877 წელს ილიასეულ "ივერიაში" დაიბეჭდა: "ვინ იცის მართალია თუ არა ეს ამბავი და თუ მართალია შაბაშ ადამიანის ყოვლად ძლიერებას..." ივანე მაჩაბელი კი 1880 წელს გაზეთ "დროებაში" წერდა: ?დიდი ხანი არ არის, რაც ტელეფონი მოიგონეს. ეს ისეთი მაშინაა, რომლის შემწეობით შეიძლება კაცმა ხმა ძალიან შორს გააგონოს".
როგორც ბევრ სხვა რამეს, ტელეფონის პოპულარობასაც ჟურნალისტებს "აბრალებდნენ". ახალი ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და საქართველოს მოსახლეობაც ძალიან მალე გახდა უნიკალური გამოგონების მნახველი. თბილისში ტელეფონი პირველად ჟურნალისტებმა გამოიყენეს - გაზეთ "კავკაზის" რედაქციასა და სტამბას შორის სატელეფონო ხაზი გაიყვანეს და პირველი კავშირიც შედგა. მალე თბილისში რამდენიმე სატელეფონო ხაზი გავიდა. თავადმა ჯორჯაძემ მოისურვა საკუთარი ღვინის სარდაფები კანტორასთან დაეკავშირებინა. ჯორჯაძის გადაწყვეტილება იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბევრმა თბილისელმა უარი თქვა ტელეფონით სარგებლობაზე. თავადი ჯორჯაძე პროგრესულად უყურებდა ნებისმიერ მეცნიერულ აღმოჩენას, ღვინოსაც უახლესი წესით აყენებდა და 1890 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა. მას არც სხვები ჩამორჩნენ. ტელეფონები გაიყვანეს პოლიცმაისტერთან და პოლიციის განყოფილებებში, ციხეებში, ადელხანოვის და აკოფოვის ქარხნებში, რკინეულობის მაღაზიებში, აფთიაქში, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში.
თავადმა ჯორჯაძემ თავისებური რეკლამა გაუწია ტელეფონს, მაგრამ ქალაქისათვის სატელეფონო სადგურის მშენებლობა მაინც გაჭიანურდა. ჯერ ერთი, ნებართვა და ტელეფონის აპარატები პეტერბურგიდან უნდა მიეღოთ, მეორეც როგორც მაშინდელი ქართული პრესა სინანულით წერდა: "ქალაქის სახლის პატრონები ნებას არ იძლევიან მათ სახლის ბანებზე გაიმართოს ტელეფონისათვის საჭირო მოწყობილობანი".
1893 წელი - "როგორც გაზეთები ამბობენ, ტფილისში თიბათვიდან დაიწყება ტელფონების მუშაობა", "გუშინ ვერაზე და ორთაჭალას შეუდგნენ ტელეფონის ბოძების დასმასა. ტელეფონის აპარატებს ტფილისში ნააღდგომევს მიიღებენ პეტერბურგიდან". როდესაც თბილისში ტელეფონის ძველი ბოძების ახლით შეცვლა დაიწყეს, მაშინდელი ?სვიაზისტი? ვანო მამუჩარაშვილი სიამაყით ამბობდა - "ეგ ბოძები სულ ჩემი ზურგით მაქვს ნათრევიო".
სატელეფონო სადგური აამუშავეს თუ არა, ქართველებმა პუშკაშის ექსპერიმენტი გაიმეორეს და ოპერის თეატრიდან "აიდას" ტრანსლაცია მოაწყვეს კავკასიის მთავარმართებლის სასახლეში. "შესანიშნავია! შესანიშნავი!- ამბობდა აღფრთოვანებული მთავარმართებელი - იქნებ, ახლა ისეც მოაწყოთ, რომ აქედან ოპერა დავინახოთ".
დღეს უკვე აღარაფერი გვიკვირს. "ოპერაც დავინახეთ", ტელევიზორი და ვიდეო რა მოსატანია, ჯიბის კომპიუტერიც აღარ წარმოადგენს სიახლეს. მაგრამ ამ პატარა "საკვირველ სათამაშოს", ჩვენს ერთგულ მეგობარს და მესაიდუმლეს, ტელეფონს, ვერაფერს შევადარებთ და ვერც ვერაფერზე გავცვლით.

ნანა ზურაბიშვილი