აქა ვარ ...

სამცხე-ჯავახეთი - "მთიანი, გორიანი, ღრატოიანი, ხევიან-კლდიანი. ხილიანი და ვენახიანი, ჰავით მშვენიერი და შემკული კუთხე" - ჩვენი წარსულის სუნთქვა და სიამაყე.
სამცხე-ჯავახეთზე საუკუნის წინ წერდა "ივერია" - "იგი ნაწილია იმ ქვეყნისა, იმ სამხრეთ საქართველოში, რომელსაც სამცხე-საათაბაგო ეწოდებოდა ძველად და რომელიც, როგორც კლდე ისე გულდაგულ ედგა ჩვენი ქვეყნის მტერს". სწორედ ჯავახეთის ნისლიანი მთებიდან შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და საკუთარი თმით შეკრული ვაზის ჯვრის კურთხევით მოევლინა ქვეყანას ქრისტეს მოციქულად. აქ ცხოვრობდა საქართველოს უძველესი მოსახლეობა. მესხეთი მთელი ზემო ქართლის ზოგად სახელად ითვლებოდა და მასში სამცხე-ჯავახეთთან ერთად შედიოდა კოლა-არტაანი, შავშეთი, ტაო-კლარჯეთი, სპერი... დღეს ყველა ისინი თურქეთის ნაწილს შეადგენენ.
ამ ადგილს თითქოს თავიდანვე დაენათლა წმინდა ადგილად გადაქცევა. შუა საუკუნეებში სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი ცოცხალი კერა სწორედ სამცხე-ჯავახეთი და მისი მესხი მოსახლეობა იყო. მარტო სამცხე-საათაბაგოში ცამეტი საეპისკოპოსო სამწყსო ყოფილა. გრიგოლ ხანძთელის წირვა-ლოცვის მადლიც აქაურ მოსახლეობას ერგო წილად...
სამცხე-ჯავახეთი "ფანავრითგან" იწყებოდა და გასდევდა ქედს. მთა თავკვეთილი, შავნაბადა, კოდიანის მთა, მთა შარვაშეთისა... ეს სიცისფრეგადაკრული მთები გალავანივით შემოჯარვია ამ მშვენიერ ნაწილს საქართველოსას. ფეხის პირველი დადგმისთანავე თითქოს საუკუნეების ჩურჩული გესმის... ეს მთები იყო, მტერს რომ აბრკოლებდა და ბრძოლას ართულებდა, მაგრამ მტერი მტერია და ყოველ გაზაფხულს თუ არა, თოვლის დადნობასთან ერთად, თითქმის ყოველ წელს მოიწევდნენ თურქ-ოსმალებისა და სპარსელების ჯარები სამცხე-ჯავახეთის დასაპყრობად, ასაოხრებლად, საალაფოდ... სამცხის (ანუ ოძრხის, როგორც მას ადრე უწოდებდნენ) ათაბაგები გამუდმებულ ბრძოლას აწარმოებდნენ "ურჯულოებთან".

მტრის შემოსევა არახალი იყო საქართველოს კუთხეებისათვის, მაგრამ სამცხე-ჯავახეთი თავის დროზე ყველაზე მეტად დაჩაგრული აღმოჩნდა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გამუდმებული ბატონობის შედეგად სარწმუნოება დაკარგა, თუმცა ისტორიკოსების და მოგზაურების გამოკვლევებიდან ჩანს, რომ მათ ქართული ენა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ბოლომდე შეინარჩუნეს.
სამცხე-ჯავახეთი ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც სულ უნდა ათვალიერო და ყოველ ნახვაზე ახალ-ახალი საოცრებების აღმოჩენით გაოცდე. მარტო მისი უძველესი დედაქალაქი ახალციხე რად ღირს... ქართულ უძველეს წყაროებში იგი XII საუკუნიდან იხსენიება. ადრე, თურმე, იგი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა. "აშენდა ციხე-ქალაქი კლდეზედა" და მას ახალციხე ეწოდა. თუმცა მის თავდაპირველ სახელად "ლომსიას" ან "ლომსიანთას" ასახელებენ.
გეოგრაფიული მდებარეობის გამო იგი მთელი ამიერკავკასიის და წინა აზიის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა. კონსტანტინოპოლი და თავრიზი, ყარსი და არზრუმი, სად არ დადიოდნენ ახალციხელი ვაჭრები. მათ საქმიანობას ბუნებაც ხელს უწყობდა. სამცხე-ჯავახეთში ზამთარი ცივი, მაგრამ მცირეთოვლიანი იცის, ზაფხული კი ხანგრძლივი და თბილი... ამ მხარეს არც წყალუხვობა აკლია. საქართველოში არსებული ტბების უმრავლესობა ხომ სწორედ ჯავახეთის მიწაზე გაჩენილა. მათგან ყველაზე დიდი ფარავნის ტბაა, რომელიც თითქოს შთაგონების წყაროდ ქცეულა... თავფარავნელი ჭაბუკის ლეგენდაც ამის დასტურია.
ერთ ნაწილს კუთხისას რომ მტკვარი არწყულებს, ცოტა მოშორებით მდინარე ფოცხოვი მოედინება თავისი შენაკადებით - ქვაბლიანით და ურაველით. ამიტომაც არის ალბათ აქაური მოსავალი ასე უხვი. სამცხე-ჯავახეთის ვაშლს და მსხალს განსაკუთრებული გემო აქვს თურმე. ვაშლის ერთ-ერთმა ჯიშმა, აბილაურმა, 1912 წელს პარიზის გამოფენაზე ოქროს მედალიც მოიპოვა.
პროკოფი კესარიელის გადმოცემით, მესხებს "ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად". იწურებოდა ბუდეშური, თითა, ხარისთვალი, საფერავი, ცვრივი თუ ანდრიული ჯიშის ყურძენი მშვენიერ ღვინოდ, იწურებოდა ცნობილ მესხურ ქვის საწნახელში - ქართული მრავალჟამიერის თანხლებით.
სამცხე-ჯავახეთში სტუმრად ჩასულს აუცილებლად შესთავაზებენ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ ნუგბარს - თუთის ტყლაპში გადახვეულ ნიგოზს, ბაქმაზის ანუ თუთის საოცარი ნახარშის სურნელით თავბრუს ისე დაგახვევენ, რომ აღარც დაგჭირდება განსაკუთრებით მოწონებული თუთის არყის გასინჯვა...
მშვენივრად დაისვენებს აქ ნებისმიერი ტურისტი და უკმაყოფილო არ დარჩება აქაური თერმული წყლებით, მათგან ყველაზე ცნობილი ასპინძის და ახალციხის თბილი წყლებია, ურაველისა და წინუბნის სამკურნალო წყლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თბილისელი ყარაჩოხელების მსგავსად, მესხებსაც ჰყოლიათ საოცარი ვაჟკაცობით გამორჩეული მეტივეები. მეტივეობა სამცხე-ჯავახეთში პოპულარული და თან ეგზოტიკური პროფესია ყოფილა. სიმღერად შემოძახებული მათი ლექსი დიდი ხნის მანძილზე ისმოდა აწყურიდან ასპინძამდე, ახალციხის რაბათიდან ვარძიამდე...
მეტივეების სიმღერას ექოდ ირეკლავდა მთელი სამცხე-ჯავახეთი თავისი თვალშეუდგამი ციხეებით, ტაძრებით, ხუროთმოძღვრების უნაკლო ნიმუშებით.


ახალციხე, თავისი უძველესი ნაწილით - რაბათით, უძველესი ტიპის საცხოვრებლები - ე.წ. დარბაზები, ცოტა მოშორებით, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი - ამირანის გორა - თითქოს საკმარისია შთაბეჭდილების მოსახდენად, მაგრამ სამცხე-ჯავახეთი უმაღლესი დონის ხუროთმოძღვრების მთელი კომპლექსია. საფარას მონასტერი, ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელი, რომელსაც გარს აკრავს წმინდა საბას გუმბათიანი ეკლესია, მიძინების ტაძარი თუ მცირე ზომის დიმიტრის სამლოცველო - არც ერთი სვეტი არ დაუტოვებია უჩუქურთმოდ ხუროთმოძღვარს, არც ერთი სარკმელი...
მნახველი აწყურის ციხის კედლებს რომ შეხედავს, ისეთი გრძნობა გაუჩნდება, თითქოს ბუნებრივად არიანო კლდეებთან შეზრდილნი. ნანახით გამოწვეული გაოცება იზრდება მესხური ტერასების ხილვისას, ამ საოცარი კლდოვანი საფეხურებით თითქოს ღმერთს უახლოვდები...
ქვასთან შებრძოლება, კლდესთან ჭიდილში ძალის გამოცდა არის კიდევაც მესხური მტკიცე ხასიათის გამოვლინება...
ფიქრებით ხან მეთორმეტე საუკუნეში აღმოჩნდები, ხან უფრო ადრე, როცა ამ ღია ცის ქვეშ გამართულ მუზეუმს მოავლებ თვალს.
ულამაზესი წუნდის ტბის პირისპირ, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მთის ციცაბო ფერდობი უჭირავს დიდებულ და მრისხანე თმოგვის ციხეს.
ჯავახეთის პლატოს ვიწრო ხეობაში, ციცაბო კლდეებში გამოკვეთილი VIII-XVI საუკუნეების გამოქვაბულთა მრავალსართულიანი კომპლექსია. ერთ-ერთ ზემო სართულზე მცირე გუმბათიანი ეკლესიაა, რომლის კედლებსაც შემოუნახავს "ვეფხისტყაოსნის" ორი სტროფი - ჩვენამდე მოღწეული უძველესი ჩანაწერი ამ გენიალური პოემისა.
დაბოლოს, სამცხე-ჯავახეთს, მესხ ქართველობას, მარტო ვარძიით შეუძლია იამაყოს, იტრაბახოს კიდეც, ვარძია ხომ ის სიწმინდეა, რომელიც ყოველთვის გაოცებას, თაყვანისცემას და მოწიწებას იწვევს. ვარძიამ - ამ ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმულმა ცამეტსართულიანმა ძეგლმა თავის ერთ-ერთ გამოქვაბულში შემოგვინახა თამარ მეფის სახე... "ვარძია საკვირველებას წარმოადგენს, მოყვანილობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრებაო" - წერდა სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე.
ლეგენდა მოგვითხრობს: "მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული - პატარა თამარიც თან წამოუყვანია. ნადირობა დაიწყო. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. - სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ - ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულებში გზააბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა: "აქ ვარ ძია". და დაერქვა ამ ადგილს ვარძია."

სხვა ლეგენდის მიხედვით, ვარძიაში სამას სამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი, რამდენი დღეცაა წელიწადში. ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა თურმე.
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთი ულამაზესი ნაწილია... ოდნავ რომ დავშორდეთ რეალობას, ამქვეყნიურ ხმაურს ყური მოვარიდოთ, იქნებ კიდევაც მოგვესმას მესხეთის მთებში ექოდ დარჩენილი ხმა "აქა ვარ ძია, აქა ვარ..."

გიორგი ჯაყელი