რაჭა ჩემი სიყვარული

ნაქერალას უღელტეხილს რომ გადაივლიან რაჭველები და სარკესავით შაორის ტბა გამოჩნდება შორიდან, შვებასავით აღმოხდებათ ხოლმე - "საჩვენოში" ვართო...
ვინ იცის, იქნებ მზესთან ერთად გაჩნდა რაჭა...
ვიდრე მაცხოვარს მოგვივლენდა უფალი, ღმერთად და დედად ქცეულ მზეს უმღეროდნენ რაჭველები: "რაეო, ჩემო დედაო, რაეო...", "რაშოვდა, დელი - ოდელია - რაშოვდა..." (რა - ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთია, სამყაროს, ადამიანებისა და ღმერთების შემქმნელი). წარმართ რაჭველებს მზე რომ კულტად ჰქონიათ, ამაზე სოფელ ჭელიაღელეში აღმოჩენილი ბრინჯაოს ასტრალური ბალთაც მიგვანიშნებს... არ გამორიცხავენ, რომ ამ კუთხის სახელშიც მზე (რა-ჭა) უნდა იყოს ჩადებული, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილს სხვაგვარად მიაჩნდა: "სახელი რაჭა მოიგო გარემოთა დიდროვანთა მთათაგან და შიგან დარმის ადგილებისა მიერ "იხილა რა ჭაა ესე"-ო. "დიდროვანი" მთებით ვერავის გააკვირვებ საქართველოში, მაგრამ რაჭაში კავკასიონის მთავარი ქედის მწვერვალებიცა და მთებიც - შოდა და კედელა, ხიხათა, სოჩბი და სხვები სხვათა მსგავსად კუშტი და უკარება როდი არიან, პირიქით, გაგაოცებენ, ისეთ სითბოს გამოსცემენ.
აი, ფასის მთა. აქედან იღებს სათავეს საქართველოს დედამდინარე რიონი. იგი ქართულ მიწაზე იბადება და ქართულ მიწაზევე მთავრდება... ფასის მთასთან და ფაზისის (რიონის) სათავეებთან ზღაპრული სილამაზის მოწმე გახდებით და, თქვენდა უნებურად, ევროპისა და აზიის საზღვარზეც აღმოჩნდებით. ასე მიიჩნევდნენ და ალბათ დაეჯერებათ კიდეც ძველ ბერძენ და რომაელ გეოგრაფებს.
"ხოლო რაჭა სიზმარია" - მღერიან ქართულად და მართლაც, სიზმრად თუ ნახავს კაცი წელიწადის ოთხ დროს ერთ დღეში. ქვემო და ზემო რაჭაში შეიძლება ერთდროულად ზამთარიც, გაზაფხულიც, ზაფხულიცა და შემოდგომაც იხილოთ. ზოგი სოფელი რომ თოვლის საბურველშია გახვეული, ცოტას გაივლი და კვირტები დასკდომაზე აქვს ხეებს, ცოტაც და ყვავილებად ქცეულა ბუნება.

ხშირი, ძვირფასმერქნიანი ნაძვის, ფიჭვის და სოჭის კორომები და ედელვაისებით გადათეთრებული ალპური ზონები... სხვაგან ვერსად ნახავთ ისეთ ვერცხლისფერ ფიჭვებს, როგორიც სოფელ წკადისშია. რაჭული ფიჭვებია, მოსკოვში კრემლს რომ შემორტყმია. ისინი რაჭიდან რევოლუციონერ აბელ ენუქიძეს ჩაუტანია.
რაჭაში ერთი გოჯი მიწაც არაა, რომლის ქვეშაც წარსულის საამაყო ნაშთი ან ძვირფასი წიაღისეული არ ინახებოდეს. რაჭა ქართული (და არა მარტო ქართული) მეტალურგიის აკვანია, კაცობრიობის ისტორიაში უძველესი მეტალურგიული კერა. აქ, ფაზისის წარმტაც სათავესთან, მელითონეთა ქალაქი ბრილია. "რკინის კაცების" ნახელავ წედურ მაღალხარისხოვან რკინას ჩვენს წელთაღრიცხვამდე ყიდულობდნენ თურმე ბერძნები.
ზემო რაჭაში ანთიმონისა და დარიშხანის ნაერთით ბრინჯაოსაც ასხამდნენ. ანთიმონი მსოფლიოში მხოლოდ ამერიკაში, აფრიკაში და ონის რაიონში - ბრილში მოიპოვება.
ძნელად მოიძებნება ალბათ ისეთი მხარე, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს გამოდგება სააგარაკოდ. რაჭის უნიკალური ჰავა და მინერალური წყლები მრავალი დაავადების მკურნალია.
გინახავთ შოვი? წიწვოვან ტყეში ჩაფლული კურორტი, თავზე რომ თოვლიანი მთები ადგას, გვერდით რომ გადარეული, მტვერმიუკარებელი ჭანჭახი მოუჭახჭახებს და ვეღარ ირჩევ, რომელს დაეწაფო - მჟავეს, რკინისას, სოდიანს თუ უწერის წყალს...
ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში. რაჭის ერისთავი როსტომი, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო სამეფო კარზე. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ თამარ მეფე ბარაკონზე იზრდებოდა ერისთავებთან. რუსეთის ელჩი როსტომს ყველაზე მდიდარ კაცად მიიჩნევდა თურმე საქართველოში. რაჭის ერისთავს ველიეთზე 500 სული ირემი ჰყოლია, რომელთა რძეს ფარმაკოლოგიაში იყენებდნენ.
როსტომ ერისთავმა მოკლე დროში, 1753-1755 წლებში, ააშენა ჯერ ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი, მერე ველიეთის წმინდა გიორგის ეკლესია და იერუსალიმის დედათა მონასტერი.
საშინელ მიწისძვრას გადაურჩა და წელს საუკუნეების სიმძიმეს ვეღარ გაუძლო ამბროლაურის ციხესთან მდგარმა შვიდასწლოვანმა ცაცხვმა, რომელმაც საკუთარ ტოტებქვეშ ისტუმრა თავის დროზე აკაკი წერეთელი და ერგო კიდეც წილად, მთელ რაჭასთან ერთად, დიდი მგოსნის მოგზაურობასთან დაკავშირებით, ქართული კინემატოგრაფის პირველ ფირზე აღბეჭდილიყო.
მცირემიწიანობა ყოველთვის აწუხებდა რაჭველ კაცს, რომელიც გარეგნობით მთასა ჰგავდა, დინჯი, პატიოსანი, ალალი და შრომისმოყვარე იყო. ამიტომაც იგი "საშოვარზე" "მოსაგებში" მიდიოდა გვიან შემოდგომაზე, როცა საქმეს "მიაკარებდნენ". მიდიოდნენ "გარე კაცები" მეკურტნეებად, მზარეულებად, მეპურეებად, ხითხუროებად და ა.შ. და სააღდგომოდ უბრუნდებოდნენ ოჯახს...
წინაპრებისაგან გადმოცემულ ადათ-წესს, პატიოსნებას დღესაც წმინდად ინახავს რაჭველი კაცი. ისევ სახელგანთქმულია ამ კუთხის შვილი შრომითა და ოჯახისმოყვარეობით. სტუმრად მისულთ მთელი გულითა და სულით შემოგთავაზებენ პურ-მარილს. განსაკუთრებით კი თავს მოიწონებენ ლორითა და თონის ლობიანით. და არც უსაფუძვლოდ - რაჭული ლორი რომ განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი გამოირჩევა, ამის საიდუმლოება და ტექნიკა მხოლოდ ამ კუთხის შვილებმა იციან. ღორის მოვლას, დაკვლა-"კეთებას" და შებოლვას აქ თავისებური რიტუალითა და წესების დაცვით ასრულებენ.
აბა რა იქნება ის სუფრა, სადაც "ხვანჭკარა" არ შეისმება? ღვინო, რომელსაც სუფრის ღვინოებს შორის მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს თეირანის, პოზნანის, ბერლინის კონფერენციების სამაგიდო ღვინო იყო. მხოლოდ ქვემო რაჭაში, მხოლოდ რიონის მარჯვენა სანაპიროს ფერდობზე, მხოლოდ სამ სოფელში ხარობს ვაზის უნიკალური ჯიშები - მუჯურუთული და ალექსანდროული, რომელთაგან გასული საუკუნის 70-იან წლებში დიმიტრი ყიფიანმა დაიწყო ღვინის წარმოება. 1900 წელს კი "ყიფიანის ღვინომ" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა... გაივლის წლები და "ყიფიანის ღვინოს" "ხვანჭკარად" (სოფლის სახელია) მონათლავენ.
სანახშოდან დაირის, ჭიანურისა და რაჭული გუდასტვირის ხმა ისმის, ისმის რაჭული მრავალხმიანი, ორპირული სიმღერები - "რაეო", "რაშოვდა", "ექვთიმური მრავალჟამიერი" და სხვა...
რაჭველები ფიზიკურად დიდები, ძლიერები და იმდენად მიმნდობნი არიან, რომ ცოტა გულუბრყვილოთა შთაბეჭდილებასაც ტოვებენ. ისინი ზედმიწევნით კეთილები, თბილები და მოსიყვარულენი არიან. რაჭულ დიალექტში კარგად ჩანს მათი ბუნება. მიმართვისას ისინი ალერსობით სუფიქსებს კა-ს, უკა-ს, იკა-ს და უნა-ს იყენებენ, თითქოს გეფერებიან, როცა მოგმართავენ - გიორგუნა, რაჟიკუნა, ნინოუკა.
რაჭველები სიდინჯითა და აუჩქარებლობით არიან ცნობილნი. განთქმულია უწყინარი და თბილი რაჭული იუმორი.
ნიკორწმინდას ჩუქურთმების მჭრელ, ზემო კრიხისა და ბუგეულის ფრესკების შემქმნელ, კვარა ციხისა და მინდა ციხის ამგებ რაჭველს არ დარჩენია სოფელი, სადაც ღვთის სახლი არ აეგოს. ხის ჩუქურთმებით დამშვენებული მისი სახლის აივნები და ჭიშკრები კი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია.
სოფელ წესში ერთად მოუყრია თავი ველიეთის წმინდა გიორგის სალოცავს, ბარაკონის ეკლესიას და მინდა ციხეს... ძველი ლეგენდის მიხედვით, თურმე, თავად თამარ მეფეს უთქვამს, აქ მინდა ციხეო და ასეც დაურქმევია ხალხს.
ეწვიეთ რაჭას ქართველებო თუ საქართველოს სტუმრებო. ეწვიეთ და რაც ისურვოთ, ბრძანეთ - "აქ მინდაო"... ყველა ნატვრას აგისრულებენ სტუმართმოყვარე რაჭველები.

ეკა ქევანიშვილი