დონ ჟუანიდან მამამდე ზღვასიყვარული და ფუფუნებაა

მოგეხსენებათ, მაგთის საკმაოდ ბევრი აბონენტი ჰყავს. დავინტერესდით, ვინ არის მათი თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული მსახიობი, მწერალი, მხატვარი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ასე შემდეგ...
პირველი გამოკითხვის შედეგად მაგთელებმა, ყველაზე პოპულარულ მამაკაც მსახიობთა შორის ზურა ყიფშიძე დაასახელეს.

იმ ბედნიერ დროს, "როცა აყვავდა ნუში" და თანაც სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი კლასელი ბიჭები ზურა ყიფშიძეს ბაძავდნენ. ქცევით, საუბრის სტილით, მანერით, ჩაცმულობითაც კი ცდილობდნენ ყიფშიძე ყოფილიყვნენ. თექვსმეტივე ბუკლეს მოკლე საყელოაწეული ქურთუკებით დადიოდა. მერე არ ვიცი, გოგოები ჩვენს კლასელ ბიჭებზე თუ ყიფშიძეზე ვიყავით შეყვარებული. ფაქტია, რომ მის შესახებ მაშინ არაფერი და ახლა თითქმის ყველაფერი ვიცით: რომ... 1953 წლის 10 აგვისტოს თბილისში პლეხანოვის პროსპექტზე, მეორე სამშობიარო სახლში დაიბადა და დაიწყო... დაიწყო სწავლის პროცესი პირველ საშუალო სკოლაში, საიდანაც, არ ვიცი, რის გამო, მაგრამ გარიცხეს! 47-ე სკოლაში გადავიდა. როგორც ჩანს, ცხოვრება იქაც საინტერესოდ წარიმართა - იმდენად, რომ იძულებული შეიქმნა, სულ სხვა, 39-ე სკოლა დაემთავრებინა, ისიც ექსტერნად! როდესაც ცხოვრება ასე იწყება, ცხადია, ყველაფერი საინტერესო წინ არის.
ბავშვობის გამოცდილება რომ გაეთვალისწინებინა, პირდაპირ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში შეიტანდა საბუთებს და არა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, საიდანაც, ალბათ უკვე აღარ გიკვირთ, რომ ორჯერ გარიცხეს. სამშობლოში დაბრუნებისას არც "მგზავრის წერილები" დაუწერია და არც რაიმე ლექსი, მაგრამ ჩამოსვლისთანავე მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში მოხვდა და მის წინაშე მთელი სამყარო გადაიშალა... ხედავთ? ყველაფერი ზღაპარივით აეწყო: ჰყავს მშვენიერი მეუღლე და ქალ-ვაჟი. საღამოობით ბიბლიას კითხულობს, უსმენს მოცარტს და ვაგნერს, როდესაც უყურებს ლეონარდოს, ვან გოგს... უყვარს გარდამავალი ამინდი... წვიმა და ქარიც, იგი ნაკლებად, თუმცა, მაინც, ემოციურია, საერთოდ კი იტაცებს ზღვა, მზე, სიყვარული და ფუფუნება...
იშვიათად, მაგრამ ხდება, როდესაც მსახიობი გარეგნულადაც ეფექტურია, ლამაზიცაა, ნიჭიერიც, ახალგაზრდაც... ეს არის მსახიობი, რომლისთვისაც ღმერთმა არაფერი დაიშურა: არც გარეგნობა, არც ნიჭი, არც ხმა... უცნაურია, მაგრამ რაც უნდა უარყოფით გმირს განასახიერებდეს, შენ (მაყურებელი) ბოლომდე მის მხარეზე ხარ! თითქოს მეტი ცუდი რა უნდა ჩაედინა მის გმირს ფილმში "როცა აყვავდა ნუში", მაგრამ შენ მაინც ბაძავ, ცუდია, მაგრამ გირჩევნია, "იმასთან" ერთად იყო. იყო, თუნდაც ცუდი!

ეკრანზე პირველი გამოჩენისთანავე შენს განწყობას იპყრობს თავისი განუმეორებელი, სულში ჩამწვდომი ხმით, საოცარი, პლასტიური ხელის თითებით, რომლებიც "თამაშში" კი "არ უშლის", პირიქით, დამატებითი იარაღია მაყურებლის მოსაჯადოებლად: იგი პიროვნული "მეთი" აკეთილშობილებს თავის ტიპაჟს... თუ მკვლელობაა, ამას "ერთად" ჩადიხართ. თუმცა, ამისთვის ის არაფერს აკეთებს, არ გატყუებს. აი, ასეთია, შენ ან ღებულობ ან არა, არადა, ღებულობ მხოლოდ იმიტომ, რომ უღვთოდ ლამაზი, მომხიბვლელი და ბუნებრივია!
კინომსახიობთა თეატრში მის მიერ შესრულებულმა დონ ჟუანმა საოცარი გამოხმაურება ჰპოვა მსოფლიოში: ვნებიანი, თავზეხელაღებული, "გიჟი", უპირობოდ ლამაზი და დამღუპველად მომხიბვლელი.
ყიფშიძე იმ დონის მსახიობია, სხვა ქვეყნებში პიესებს და სცენარებს საგანგებოდ რომ უწერენ. ჩვენში კი მისით საკუთარის (არყის, ლოტოს ან ბანკის) წარმოჩენას ცდილობენ... ჩემი აზრით მას სამი მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები: კინოში - "როცა აყვავდა ნუში", თეატრში - "დონ ჟუანი" და ... ახლახან ჩხეიძის სპექტაკლში - "მამა", სადაც იგი მთელი თავისი არტისტული ბრწყინვალებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

თავის დროზე 82 წლის ჟან მარეს ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენი ურთულესი ილეთების გადამკიდე, ალბათ, ბევრს ვარჯიშობდითო, რაზეც დიდმა მსახიობმა უპასუხა, რომ სპორტს საერთოდ ვერ იტანს. დიახ! მას ბუნებრივად ნავარჯიშები სხეული ჰქონდა. "მამაში" ყიფშიძის აღნაგობა, სპორტული ფორმა გაოცებს. იგი ისე ატარებს მუნდირს, გეგონება, მთელი ცხოვრება სამხედრო იყო. "მამაში" ყიფშიძე შინაგანადაც სხვაა: ეჭვიანი, მკაცრი და თანაც დამთმობი, სუსტი და ძლიერი სიგიჟის ზღვრამდე მისულ კონტრასტულ გრძნობებში. ეს დისონანსი მსახიობის შინაგანი სამყაროს უკიდეგანობაზე, ამოუწურავობაზე მეტყველებს. მართალია, ზურა ყიფშიძეს სხვა როლებიც უთამაშია კინოსა თუ თეატრში, მაგრამ ჩვენ სწორედ (და მხოლოდ) ზემოთ ნახსენებ როლებს შევეხებით, რადგან ერთი წერილისათვის ეს სამიც აბსოლუტურად საკმარისია. ისევე, როგორც საკმარისია დიდი მსახიობის ადგილის დასამკვიდრებლად ისტორიაში. ეს სამი როლი მოიცავს ერთი ადამიანის ცხოვრების სამ განსხვავებულ პერიოდს (ასაკშიც). თუმცა, თეატრმცოდნეების ის ნაწილი, ვისაც ბედნიერება ჰქონდა თუმანიშვილის დაუმთავრებელ სპექტაკლ "ალუბლის ბაღში" ეხილა ზურა ყიფშიძე, სინანულს ვერ მალავს, რომ მაესტროს არ დასცალდა ფართო საზოგადოებისთვის ამ დიდი ხნის ნაოცნებარი წარმოდგენის ჩვენება.
საოცარია, რომ ბუნებამ მისთვის ჭაღარაც არ გაიმეტა. დღეს იგი არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია. საერთოდ, როდესაც ადამიანი, ერთი პერიოდი, ძალიან მოდური და თანამედროვეა, სულ მალე ბანალური და მოსაბეზრებელი ხდება. ზურა ყიფშიძის შემთხვევაში ასე არ მოხდა - სულაც პირიქით, იგი ნამდვილი ვარსკვლავია, თუმცა არ ახასიათებს ვარსკვლავური ავადმყოფობა, ურთიერთობაშიც უბრალო, კონტაქტური და ადამიანურია.
ასე რომ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს - ნუში, თუ იგი გამხმარი არ არის, აუცილებლად აყვავდება...

თამარ ბელქანია