მუდმივი კავშირი საქმეში და ცხოვრებაში...

გულღია, მომღიმარი, ენერგიული, დიდი საქმის ახალგაზრდა თავკაცი - გია ჯოხთაბერიძე.
მაგთი ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მოვიდა ახალ ქართულ ბიზნესში, მაგთი ჯგუფი, რომელიც თითქოს შეუმჩნევლად, თავისთავად გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, მაგთი ჯგუფი, გარეგნულად კეთილდღეობის სიმბოლო, რეალურად კი დიდი ძალისხმევისა და თავდადებული შრომის შედეგი. როგორ იწყებოდა ეს საქმე, როგორ მკვიდრდებოდა და როგორ მოვიდა დღემდე და ჩვენამდე - ამაზე ვესაუბრებით ბატონ გიას, და ისიც, მხოლოდ ამაზე საუბარს თანხმდება, რადგან ეს მისი ცხოვრების ნაწილია. გია ჯოხთაბერიძე კი საქმის კაცია.
კაცმა რომ თქვას, მთელი ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო, ახალგაზრდა ქართველი სტაჟორი მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტში ჩადის და მაშინდელი მთტთ-ს დონით და მასშტაბებით ცოტა არ იყოს გაკვირვებული, ახალ ცხოვრებას იწყებს.

- საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩემი სპეციალობა მართვის ავტომატიზებული სისტემები იყო, მთტთ-ში კი კიბერნეტიკის კათედრაზე გავდიოდი სტაჟირებას. ახლა არ ვიცი და მაშინ ეს ინსტიტუტი ძალიან ძლიერად ითვლებოდა და იმ ოთხ უმაღლეს სასწავლებელში შედიოდა, რომელთა "ჩვენებური" დიპლომიც საზღვარგარეთ გადიოდა ყოველგვარი ატესტაციისა და სერტიფიცირების გარეშე. იქ რომ ჩავედი, ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისათვის, რომ იქაურ სტაჟორებს დავწეოდი. მაგრამ მერე... ეტყობა გვაქვს ქართველებს რაღაც ისეთი, თუ მოვინდომებთ... მოკლედ, ცოტა ხანში არათუ დავეწიე, სერიოზული მეცნიერული მუშაობის საშუალება მომეცა. და არა მხოლოდ მე, მაშინდელი მთტთ-ს ქართველი სტუდენტები გამორჩეულნი იყვნენ და ძალიან ახალგაზრდულ ასაკში გახდნენ ცნობილი მეცნიერები.
როგორც გითხარით, სწავლა ასპირანტურაში მძიმე და ძნელი იყო. ჩვენს ინსტიტუტში მასწავლებლების რაოდენობა სტუდენტთა რიცხვს ჭარბობდა. სხვა რომ არაფერი, საბჭოთა კავშირის აკადემიის 15 ნამდვილი წევრი კითხულობდა ლექციებს და ხანდახან ლექციაზე ერთ სტუდენტს ერთი აკადემიკოსი უჯდა. საკუთარი სასწავლო ატომური რეაქტორი გვქონდა, საკუთარი ქარხანა და ა.შ.

გიას სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ვიაჩესლავ გორბატოვი გახდა. ვინც ამ სფეროში გარკვეულია, კარგად ეცოდინება, რომ არც ისე იოლი იყო გორბატოვის ჯგუფში მოხვედრა. დისერტაციაზე მუშაობა დაიწყო. და ჯერ კიდევ მაშინ, 22 წლის წინ, როცა ფიჭური სისტემები საქართველოში კი არა, კავშირშიც არ არსებობდა, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ამ სისტემებზე მუშაობას იწყებს.

- ჩემმა ხელმძღვანელმა შემომთავაზა გაგვეკეთებინა ნეირონის მსგავსი მოდელი მათემატიკურ ლოგიკაში, რომელიც ფიჭურ პრინციპებს ითვალისწინებდა. პრაქტიკულად ეს შრომა ორი სპეციალობით გადიოდა. ეს იყო ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია და მეორე - წარმოების პროექტირების ავტომატიზებული სისტემა. ეს სისტემა იყო ნეირონის მათემატიკურ მოდელზე და ლოგიკაზე, მაგრამ ეს გახლავთ სწორედ ის პრინციპი, რომელსაც სადაც გინდა, იქ განახორციელებ, გინდა კავშირგაბმულობაში, გინდა კომპიუტერში თუ თვითმფრინავების საბორტო მოწყობილობებში.
თემის დასახელება იყო ჭâòîìჭòèçჭöèÿ ïðîåêòèðîâჭíèÿ îჰíîðîჰíûõ íåéðîïîჰîხíûõ ñåòåé. იმ დროს, 70-იანი წლების ბოლოს íåéðîïîჰîხíûé -ის მაგივრად უკვე ზოგი ხმარობდა ñîòîâûé-ს ანუ ფიჭურს...
და დაიწყო და წავიდა... მერე, როცა ფიჭური სისტემები გამოჩნდა და დამკვიდრდა, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ჩემი ნაშრომიც გახდა ერთი პატარა აგური, რომელიც ამ დიდი საქმის მშენებლობას შეეწია. პრაქტიკულად განხორციელდა ის თეორიული თვალსაზრისი, რაც ჩემს დისერტაციაში იდო.

გია ჯოხთაბერიძე ბიზნესმენია, ბიზნესში მეცნიერებიდან მოსული კაცი. არც ისე ძნელი სავარაუდოა, როგორი მეცნიერი იქნებოდა იგი დღეს ამ გზას რომ გაჰყოლოდა. ძნელი სავარაუდოა, როგორი მეცნიერი იქნებოდა იგი დღევანდელ საქართველოში.

- მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვკითხულობდი ლექციებს. კაცი ყველა საქმიდან ორ რამეს უნდა ელოდეს ალბათ - მორალურ კმაყოფილებას, რომ მისი საქმე ვინმეს სჭირდება და ადამიანური ცხოვრებისათვის თუნდაც მინიმალურ ფინანსურ უზრუნველყოფას. 80-იანი წლების ბოლოს ლექტორისათვის მორალური მხარეცა და ეკონომიკური დაინტერესებაც თითქმის უაზრობა გახდა და მე მივხვდი, რომ ცხოვრებაში სხვა გზა უნდა ვეძებო. დავწერე განცხადება და წამოვედი. "პერესტროიკის" პერიოდი იყო და ალღოიანი ადამიანები თავიანთ საქმეს იწყებდნენ. იმ პერიოდისათვის მე უკვე მქონდა ჩემი საკუთარი ბიზნესი, რომელიც საკმაოდ დიდ შემოსავალსაც და ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებასაც მაძლევდა.
საკუთარი საქმე 87 წლის სექტემბერში დავიწყეთ მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა და იმ დროისათვის სოლიდურ შეკვეთებს ვასრულებდით. ვაკეთებდით პროგრამულ უზრუნველყოფას კომპიუტერებისათვის. არ გვაინტერესებდა კომპიუტერების ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ეს საკმაოდ სარფიანი საქმე იყო იმ დროისათვის. ჩვენი საქმიანობა არასოდეს ყოფილა ვაჭრობა. ჩვენ მხოლოდ ვქმნიდით და ვაშენებდით. ჩვენს დღევანდელ საქმეშიც ასეა. ვინმეს შეიძლება ეგონოს - ეს იოლია, აიღე ტელეფონი და დაიწყე ბიზნესი. არ არის ასე. სხვას რომ თავი დავანებოთ, თითქმის მთელი საქართველო დღეს ჩვენი ანძებით არის დაფარული, ზოგიერთის სიმაღლე 75 მეტრამდეა. წარმოიდგინეთ, თუნდაც ამ ანძების მშენებლობა როგორი შრომატევადი საქმეა. დღეისათვის ისე გაიწაფნენ ჩვენი სპეციალისტები, 72 მეტრიან ანძას ერთ კვირაში აშენებენ.

ბიზნესი - საქმე. ყოველთვის საქმე, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების შექმნიდან, რუსი სამხედროებისგან ნაყიდ დანადგარებზე გამოჩარხული ორიგინალური ავეჯიდან ურთულეს ფიჭურ სისტემებამდე.

- ფიჭურ სისტემებზე მუდამ ვფიქრობდი. სულ თავიდან მივედი კავშირგაბმულობის მაშინდელ მინისტრთან და ვუთხარი, რომ არსებობდა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მან ათასი მიზეზით გადამიდო პასუხი, მაგრამ მე ფარ-ხმალი არ დამიყრია და დავიწყე პარტნიორების ძებნა მთელს მსოფლიოში. არ დამიტოვებია ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, რუსეთი, კორეა, ისრაელი ... ბოლოს მივაგენი "მეტრომედიას" ჯგუფს, რომლის მფლობელი ბატონი ჯონ კლუგეა, უჭკვიანესი და მთელს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელსაც ჯერ კიდევ 30-იან წლებში ჰქონდა თავისი რადიოსადგურები. "მეტრომედიას" პრეზიდენტი რიჩარდ შერვინი თვითონ ჩამოფრინდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო GSM -ის სისტემის აშენებაში. ეს იყო 96 წლის ივლისი. ჩვენ უკვე ლიცენზია აღებული გვქონდა. ამერიკელებთან შევთანხმდით ასე: რომ მე მათ ვჩუქნი 49 %-ს მაგთიკომისას და ისინი მე მაძლევენ გარანტიას, რომ დანადგარებს მოგვაწოდებენ. მართალი გითხრათ, ძალიან გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რომ ჩვენ კომპანია კი არ მივყიდეთ, არამედ ვაჩუქეთ. შემომთავაზეს თანხა, უარი ვუთხარი. ეს სუფთა პარტნიორული მოტივი იყო. ძალიან ესიამოვნათ. გარანტიებიც გასცეს რაღაც ნაწილში, საწესდებო კაპიტალი შეივსო და მივადექით "მოტოროლას". სიმენსის სადგური, სხვათა შორის, შედარებით იაფად ვიყიდეთ. იმიტომ რომ რუსეთის რომელიღაც ოლქისათვის იყო განკუთვნილი. იქ ვერ დამონტაჟდა, შემდეგ ისრაელს შესთავაზეს, იქ ბიზნესი ვერ ააწყვეს და ამიტომ ჩვენ იაფად მოგვცეს. საბაზო სადგურებზე მივმართეთ "მოტოროლას". დავდეთ ხელშეკრულებები და წამოვიდა დანადგარები.

მეცნიერებას თავისი კანონები აქვს, ბიზნესს - თავისი, როცა ბიზნესმენი ხდები, სულ სხვა ცხოვრების წესს იღებ, სულ სხვა ურთიერთობებს აგებ. მაგრამ ყველგან და ყველა საქმეში მთავარი ისევ ის ძველი, ყველასთვის ცნობილი და ძნელად შესანახი ადამიანური ფასეულობებია.

- პრინციპში, როგორ არის, იცით? ბიზნესი ყოველთვის გამოვა ორ შემთხვევაში: როცა პარტნიორის სრული ნდობა გაქვს, და როდესაც პარტნიორს არ ენდობი. როდესაც შუა მდგომარეობაა, ისე, როგორც საქართველოში - ვითომ მე და შენ ერთმანეთს ვენდობით, სინამდვილეში კი იმაზე ვფიქრობთ, როგორ გადავაგდოთ ერთმანეთი - არაფერი გამოდის. როდესაც პარტნიორს არ ენდობი, ისეთ რაღაცეებს ჩადებ კონტრაქტში, რომ ვერსად გაგექცევა. ჩვენც ვცდილობთ, ქაღალდზე დავაფიქსიროთ ყველაფერი. იმიტომაცაა რომ, როცა პრობლემა გვხვდება, ან სასამართლოს ვიგებთ, ან სასამართლომდე არც მიდის საქმე. ჩვენში ბიზნესის განვითარების პირობებზე აბა რა გითხრათ? საკანონმდებლო ბაზა პრინციპში იცავს ბიზნესმენს. მაგრამ საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარების ტრადიცია არ არის და ამიტომაც ძალიან ბევრი რამე რთულდება.
იგივე საგადასახადო სისტემა. კი, შეიძლება მძიმეა, მაგრამ კანონია. როდესაც კანონით მოგეთხოვება, უნდა გადაიხადო. ეს არის, რომ კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს და არ უნდა დარჩეს არსად ვიწრო კარი, რომ შეძლოს ვიღაცამ გაძრომა. მეწარმე იქნება, ხელოვანი თუ ჟურნალისტი. პირობები ყველასათვის უნდა იყოს ერთნაირი და მაშინ ყველაფერი დალაგდება. ავია თუ კარგი საგადასახადო სისტემა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მოდით ისა ვთქვათ, როგორ ვიხდით ამ გადასახადებს. შეაქვს თუ არა ყველას თავისი დიდი თუ პატარა წვლილი სახელმწიფოს მშენებლობაში, მის ბიუჯეტში. მე თამამად შემიძლია ვთქვა - ჩვენი კომპანია საქართველოში ნომერ პირველი გადამხდელია. გასაგებია, რომ საქმეც დიდია, მაგრამ ყველაფერი ხომ შეფარდებითია. წელს ბიუჯეტში ჩვენ ოთხმილიონ - ნახევარი ლარი შევიტანეთ.

მაგთიკომში 220 კაცია დასაქმებული. მათი საშუალო ასაკი 25 წელია, ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასი 270 ლარია (ხელზე). ეს ახალგაზრდები თავისი შესაძლებლობებით ალბათ ნებისმიერ საერთაშორისო დონესა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. განათლება, ინგლისურის ცოდნა, კომპიუტერზე მუშაობა. აქ ყველა იღიმება და საქმიანად მიდი-მოდის. აქ მუშაობა კარგია.

- მაგთი ჯგუფი მე და ალიკო ანჩაბაძემ ჩამოვაყალიბეთ, დიდი ხნის მეგობრები და ძველი ნაცნობები ვართ. ხოლო მაგთიკომს რაც შეეხება, თვითონ ამერიკელებმა ახალზელანდიელი დირექტორი დაგვინიშნეს. ვერ აუწყო ფეხი აქაურ სიტუაციას... ახლანდელი დირექტორი გიორგი კიკნაძე განათლებით ექიმია, "ლეჩკომბინატის" მთავარი ექიმის მოადგილე იყო. პროფესია შეიცვალა და ჩვენთან დაიწყო მუშაობა. ორი თვე ვაკვირდებოდი საქმეში. ძალიან განათლებული ახალგაზრდაა და ძალიან ალღოიანი აღმოჩნდა ჩვენს საქმეში, დიდი ორგანიზატორული ნიჭი აქვს. მთელი შემადგენლობა ახალგაზრდულია, ძალიან ძლიერი, მომზადებული და ერთ მუჭად შეკრული. ჩვენი ურთიერთობა და მუშაობა მხოლოდ ნდობაზეა აგებული.

გია ჯოხთაბერიძეს ლამაზი ოჯახი აქვს, ჰყავს სათნო და მომხიბვლელი მეუღლე მანანა შევარდნაძე, რომელთანაც დიდი სიყვარული და ნამდვილი მეგობრობა აკავშირებს.

- ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი კაცისთვის, ოჯახური სიმშვიდე და სიმყუდროვე პრაქტიკულად ყველაფერს განაპირობებს. მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე მანანა შევარდნაძეს შევხვდი. მაგრამ ოჯახი ერთია, საქმე კი - სულ სხვა რამ. ბუნებრივია, რომ შევარდნაძის გვარი ბევრ რამეს განაპირობებს ჩვენს ცხოვრებაში. საქართველოში ამის გამო შეიძლება პრობლემებიც შემხვედრია. როცა მე ბიზნესი დავიწყე და საკმაოდ წარმატებულიც, ედუარდ შევარდნაძის სიძე არ ვიყავი. ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს ისაა, რომ ადამიანი მე არ მიცნობს და ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე უმართებულოდ იწყებს საუბარს.
მეორე მხრივ კი, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრობა ბევრ რამეში დიდად მეხმარება, განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ცხადია, მეტად გენდობიან. ედუარდ შევარდნაძის სახელი მთელი საქართველოსათვისაა გარანტია, ჩემთვის რომ იყოს, რა გასაკვირია...

ასეა თუ ისე, დღეს ნახევარ საქართველოს მობილური ტელეფონი უჭირავს ხელში, აქედან დიდი წილი მაგთი GSM-ისაა. ჩვენში მობილით დადის ყველა, ბიზნესმენი თუ პოლიტიკური მოღვაწე, სტუდენტი თუ მაღაზიის გამყიდველი. მობილურმა დაიპყრო ქვეყანა, იმაზე მეტად, ვიდრე ამისი წარმოდგენა ჩვენვე შეგვეძლო, და მითუმეტეს, უცხოელებს.

- მართალი გითხრათ, თავიდან უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ აქ ძირითადი მომენტი ის იყო, რომ ჩვენ "მეტრომედია" დაგვიდგა მხარში როგორც პარტნიორი. როგორც გითხარით, "მეტრომედია" ძალიან დიდი ფირმაა, ბევრ ქვეყანაში აქვს კომპანიები და ეს უკვე თავისთავად მუშაობს. "მეტრომედიამ" ჩვენ კრედიტი მოგვცა, ხოლო "მოტოროლას", რომლისგანაც საბაზო სადგურებს ვყიდულობთ - გარანტია. ამჟამად ორი საკრედიტო ხაზი გვაქვს, ერთი "მოტოროლასთან", მეორე "მეტრომედიასთან".
თავიდან უცხოელი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ. დღეს უკვე ჩვენც გვყავს ჩვენივე გამოზრდილი ახალგაზრდები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში ააწყობენ უმაღლესი ხარისხის GSM-ის ქსელს.
დღეისათვის საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია "მეტრომედიას" აქვს გაკეთებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა ჩვენს საქმეში - ხალხს გადახდა უჭირს, ხშირად გვემალება, და ასე შემდეგ, მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენი ბიზნესი წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენ არ მივდივართ მხოლოდ ეკონომიკურად მომგებიან რეგიონებში. ჩვენ გვინდა ვიყოთ მთელ საქართველოში და მთელი საქართველოსთვის. ვიცით, მაგალითად, რომ წალკაში დანახარჯი თავის თავს ვერ დაფარავს, მაგრამ ხაზი მაინც უნდა იყოს. ჩვენ არც მესტიას და არც რაჭას არ დავტოვებთ, არც იმ მაღალმთიან რეგიონებს, სადაც მცირეა მოსახლეობა და ეკონომიკურადაც შეჭირვებული. იმიტომ არის რომ, 99 წლისათვის 63 სადგური გვაქვს საქართველოში.

აი, ასეთია გია ჯოხთაბერიძე, მაგთი ჯგუფის ხელმძღვანელი, კაცი, რომელთანაც საქართველოში თავისდაუნებურად უხილავი კავშირი აქვს 25 ათას მობილური ტელეფონის მფლობელს. ხოლო თავად გია მათზე, ვისაც მაგთი უკვე აქვს და მათზეც, ვისაც მაგთი აუცილებლად ექნება, გამუდმებით ფიქრობს.

- რა უნდა გითხრათ, კაცმა რომ თქვას, ყველამ თავისი საქმე იცის. ეგ არის, რომ ყველამ ერთად ვეცადოთ სიკეთე დავამკვიდროთ. ყველაზე კარგები ვართ და ყველაზე ნიჭიერები, ოღონდ ჩემი გამოცდილებით სულ იმაზე ვფიქრობ, ერთ რამეში დავემსგავსოთ ევროპას - ვიყოთ ერთად, ერთად ყოფნაში ვიყოთ კარგად და მაშინ თითოეული ჩვენგანიც ძალიან კარგად იქნება.