ბარათი, რომელიც პრობლემებს მოგიხსნით

ამიერიდან "მაგთიკომი" აბონენტებს მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს; ევროპის მრავალი ქვეყნის მობილური ტელეფონების მფლობელების მსგავსად, პირველად საქართველოში "მაგთი GSM"-ის აბონენტებს საშუალება ექნებათ გახდნენ წინასწარი გადახდის ბარათის მფლობელები.
რას წარმოადგენს წინასწარი გადახდის ბარათი?
მობილური ტელეფონის მფლობელი ყიდულობს წინასწარი გადახდის ბარათს, რომლის საფასურში შედის SIM ბარათის ღირებულება და საავანსო თანხა. კომპანია აბონენტს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ბარათი ზუსტად იმ თანხის ფარგლებში, რომელიც გადახდილი აქვს ავანსად, რის შემდეგაც ბარათი ითიშება. სისტემა მთლიანად ავტომატიზებულია, ირთვება გამაფრთხილებელი შეტყობინება ან სათანადო კოდის აკრეფით აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია დააზუსტოს დარჩენილი თანხის ოდენობა.
წინასწარი გადახდის ბარათის პრაქტიკულობას ისიც განაპირობებს, რომ თანხის ამოწურვის შემდეგ აბონენტს შეუძლია ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას შეიძინოს საგანგებო Scratch Card-ი. ინგლისურიდან პირდაპირი თარგმანით Scratch Card-ი ამოსაფხეკ ბარათს ნიშნავს, ანუ ბარათზე ფრჩხილით უნდა ამოფხიკოთ საგანგებოდ მინიშნებული ადგილი. გამოჩნდება ნომერი, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით მომსახურების ცენტრს უნდა გადასცეთ. Scratch Card-ში გადახდილი თანხა ავტომატურად ჩაითვლება წინასწარ შეტანილ დეპოზიტად.
მობილური ტელეფონებისათვის წინასწარი გადახდის ბარათი საქართველოშია სიახლე, თორემ მას უკვე ოთხი წლის ისტორია აქვს.
წინასწარი გადახდის სისტემის პოპულარობას რამდენიმე მომენტი განაპირობებს:
- აბონენტს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ხარჯები.
- წინასწარი გადახდის ბარათების გამოყენება ბევრად აიოლებს მობილური ტელეფონით სარგებლობას, რადგან აღარ არის საჭირო ხელშეკრულებების გაფორმება და მსგავს ფორმალობებზე დროის დაკარგვა, Scratch Card-ები უპირობოდ იყიდება ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას.
- წინასწარი გადახდის ბარათები პრაქტიკულია ქვეყანაში ჩამოსული უცხოელებისათვის, რომლებსაც ხანმოკლე პერიოდით სურთ მობილური ტელეფონის გამოყენება.