ბანკს ყოველთვის უნდა ქონდეს რკინის კარები


ერთი კურიოზული ამბავი:
შვეიცარიიდან ჩამოსულმა სტუმარმა თბილისი დაათვალიერა და გაოცებულმა იკითხა:
-რა ამბავია ამდენი ბანკი?
საქმე ის გახლდათ, რომ მშვიდობიანი ქვეყნის მოქალაქეს ყველა გისოსიანი და რკინის კარიანი შენობა ბანკი ეგონა. ეს, რა თქმა უნდა, კურიოზია, მაგრამ ჩვენში მართლაც საკმაოდ ბევრი ბანკია.
მაგრამ იყო დრო, როცა საქართველოში მხოლოდ ერთი ბანკი არსებობდა -საადგილმამულო ბანკი. სწორედ ის, რომლის დაარსებასაც ილიამ ესოდენ დიდი ძალისხმევა შეალია. სხვათაშორის, იმ ბანკს ხის კარი ჰქონდა და ახლაც ხის კარი აქვს, ოღონდ, დღეს, ამ შენობაში საადგილმამულო კი არა, სააქციო საზოგადოება ?საქართველოს ბანკია? მოთავსებული.
შენობის გარეთ კი, შენობის გარეთ საქართველოა, ის საქართველო, რომელიც ზუსტად ისეთივე ეკონომიკურ კრიზისშია, როგორც ილიას დროს იყო და ზუსტად ისევე სჭირდება ძლიერი ბანკი, როგორც ილიას დროს სჭირდებოდა.
რამდენად მომგებიანია "საქართველოს ბანკი" საქართველოსთვის?
როგორც საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ახალაიამ გვითხრა, ბანკი 1994 წელს დაარსდა. მაშინ მისი კაპიტალი მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ახლა 11,2 მილიონ ლარზე მეტია. ბანკს აქვს 32 ფილიალი საქართველოში და 15 კორესპონდენტი ბანკი საზღვარგარეთ. იგი არის "SWIFT" - ის მონაწილე, "WESTERN UNION"- ის აგენტი ბანკი და "EVROPEY" - ის სრულუფლებიანი წევრი.
და ეს ყველაფერი - სულ რამდენიმე წელიწადში. ამბობენ, რომ საქართველოში საბანკო ბიზნესს პერსპექტივა აქვს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას ფული სჭირდება, მაგრამ ფული სჭირდება არა მარტო ქვეყანას, არამედ ბანკსაც. ამიტომაც "საქართველოს ბანკს" "დოიჩე ბანკსა" და "დრეზნენ ბანკში" გახსნილი აქვს კრედიტები ორ მილიონ მარკაზე, მისთვის ასევე გამოყოფილია ექვსი მილიონი დოლარის კრედიტი "ევრობანკიდან", რომლიდანაც მილიონი უკვე ათვისებულია. მთელი ეს თანხა მკაცრად კონტროლდება "ABN AMRO"- ს თანამშრომლების მიერ. სწორედ ამგვარადვე, ოღონდ უკვე "საქართველოს ბანკის" მიერ, კონტროლდებიან საკუთარი კრედიტორები, რომლებიც თითქმის ყველა სფეროში არიან. კონტროლი ყველას ეხება, ხოლო რაღაც პრიორიტეტები მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგად ნდობას იმსახურებენ. "საქართველოს ბანკი" კრედიტს არ აძლევს ორგანიზაციებს თუ ისინი სამი - ოთხი თვე მაინც არ სარგებლობენ მისი მომსახურებით. მაგრამ,..
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ისევ საქართველოა და სწორედ ის საქართველო, რომელსაც კარგად ახსოვს "ოქროს თასიც", "ოქროს თევზიც" და მათ მიერ დაპირებული ოქროს მთებიც. ეს, ის საქართველოა, რომელმაც სიტყვა "დივიდენდის" მნიშვნელობაზე ადრე სიტყვა "ბანკროტის" მნიშვნელობა გაიგო. რამდენად ენდობა ბანკს, თუნდაც "საქართველოს ბანკს" ამგვარი საქართველო?
თურმე ენდობა. ყოველ შემთხვევაში, თუ ადრე მოსახლეობის მომსახურების განყოფილება მხოლოდ ერთი იყო, ახლა ხუთია. გარდა ამისა, ამგვარი განყოფილებები გახსნილია ფილიალებშიც. ასე რომ, ფული ბანკიდან გადის კიდეც და შემოდის კიდეც.
და ისევ მაგრამ ... ისევ იგივე ქვეყანა, უცნაურად სტაბილური ლარის კურსით, რომელმაც ყოველ წუთს შეიძლება თავისი ბუნებრივი მდგომარეობა დაიბრუნოს, ანუ დაეცეს, როგორც ერთხელ უკვე დაეცა კიდეც. როცა ქვეყანაში არ არსებობს ექსპორტი, არ არსებობს ადგილობრივი წარმოება და მრეწველობა, ვერანაირი წინასწარი პროგნოზი კატასტროფისაგან ვერ დაგვიცავს.
ილიას ბანკი სწორედ სამამულო წარმოების აღორძინებისათვის შეიქმნა. რაც შეეხება "საქართველოს ბანკს", მას დარგობრივი პრიორიტეტები ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არა აქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ალბად მოხდება.
ერთი რამ ცხადია - საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა მარტო ერთ ბანკს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, არ შეუძლია, მაგრამ ის რაც ნამდვილად შეუძლია, ეს არის კეთილსინდისიერი მუშაობა და ქვეყნის მომავალზე ფიქრი.
კარგად მუშაობაში კარგად შერჩეული პარტნიორებიც იგულისხმება. ისეთები, ვისგანაც მოგებას ნახავ და ვისაც შენის მხრივ მისცემ მოგებას. სწორედ ამგვარი თანამშრომლობა აქვს "საქართველოს ბანკს" კომპანია "მაგთი GSM"- თან, ბანკი ახორციელებს ამ კომპანიის ყველა სახის საბანკო ოპერაციებს. გარდა ამისა, აქვთ ერთობლივი ოპერაციებიც. "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათების მეშვეობით "მაგთი GSM"- ის აბონენტებს გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები ეხსნებათ.
რამდენად მომგებიანია "საქართველოს ბანკი" საქართველოსთვის?
ძლიერი ბანკი ყოველთვის მომგებიანია.
და კიდევ ერთი - ბანკს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რკინის კარები, თუნდაც ეს კარი ხისა იყოს.

თეა თოფურია