სვანეთის მონატრება



მზე ყველაზე მწველი თიბათვეშია სვანეთში...
მთებიდან ამოსული და მთებსვე მიფარებული. მისი სიმხურვალე ვერ ამარცხებს ყინვას, მხოლოდ ზაფხულობით ცოტას შეებრძოლება, თოვლს დაადნობს, მდინარეებს გადარევს, ხევს აახმაურებს, მაგრამ მარადიული ყინულით დაფარული მთებისათვის ეს უბრალოდ კალთის დაბერტყვაა. აქ თოვლი არასოდეს დნება, აქ თვალისმომჭრელ სითეთრეს ვერაფერი ემუქრება. სვანეთი რჩება თავისი იდუმალებით, მიუკარებელი, ამაყი...
ბევრჯერ უნდა გაოცდე, ბევრჯერ აღფრთოვანდე, არაერთხელ შეგიქანდეს გული წარმოუდგენელი სიმაღლეებით, საცალფეხო ბილიკებიდან დანახული სილამაზით. აქ, სვანეთის მთებში, ქრება ტკივილი, დარდი და გულგრილობა, აქ თოვლიან მთებში აღარ გცივა, შენ უკვე სვანეთის "ტყვე" ხარ...
სვანები თავის კუთხეს "შვანს" ეძახიან, ხოლო თავის თავს ?მუშვანს?. მემატიანეთა აზრით კი სვანეთის სახელწოდება სიტყვა "სავანედან" უნდა მოდიოდეს. ამ მოსაზრებას ისტორიული საფუძველი რომც არ ჰქონდეს, მაინც არ იქნებოდა ხმამაღალი ნათქვამი.
სვანეთი კავკასიონის ქედის სამხრეთ-კალთებს მოიცავს. მრისხანე უშბა, ამაყი თეთნულდი, ციცაბო შხელდა, ცბიერი შხარა - მაცდური და უკარება (მისი სიმაღლე 5058 მეტრია ზღვის დონიდან), აქედან მოგრიალებს მდინარე ენგური, რომელიც ცხენისწყალთან ერთად არწყულებს სვანეთსა და საქართველოს.
სვანებს ორად დაუყვიათ თავიანთი კუთხე - ზემო და ქვემო სვანეთად. ზემო სვანებს მესტიით მოაქვთ თავი, "ქვემოურებს" ლენტეხით. 2200 მეტრის სიმაღლეზე შეფენილია ულამაზესი სოფელი უშგული, რომელიც მთელს ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული ადგილია.

მესტიის ხსენებაზე ყველა ქართველს და ბევრ არაქართველს, ვისაც ეს მშვენიერი კუთხე უნახავს - ცას მიბჯენილი ულამაზესი და უცნაური კოშკები წარმოუდგება. კოშკი - სვანური კარმიდამოს განუყოფელი ნაწილი, კოშკი და სახლი, ციხე-სიმაგრე, მყარი და გაუტეხელი, ისეთივე, როგორც ამ სახლის ყოველი მკვიდრი.
ამაყად შემართული სვანური კოშკების ხილვისას ინგლისელების ცნობილი გამონათქვამი გახსენდება "ჩემი სახლი - ჩემი ციხე-სიმაგრე". თუმცა სიმაგრედ საკუთარ სახლებს სვანები მტრისაგან თავის დასაცავად იყენებდნენ, თორემ სტუმრისათვის მათი კარი ყოველთვის ღიაა. მხოლოდ აქ შეიძლება ნამდვილ სვანურ ფერხულში ჩაბმა, უძველესი მზის საგალობლის "ლილეოს" მოსმენა, ან უგემრიელესი სვანური კერძის, კუბდარის გასინჯვა - აქ მას სულ სხვანაირი გემო აქვს.... თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე დღეობას შეესწარი, საუკუნოდ დაგახსომდება ულამაზესი რიტუალები და სვანური წეს-ჩვეულებები, რომლებიც ასე მყარად შემორჩა მთას; ხოლო დღეობაზე ან ხატობაზე მოხვედრა არც ისე რთული საქმეა, რადგან ასეთ დღეთა რიცხვი სვანეთში 160-მდეა.
ზედმეტი სიტყვებისა და მოფერების გარეშე დაგხვდებიან პირქუში სვანები, მაგრამ გადაგიშლიან გულსა და ზვიად სულს, თან გადაგყვებიან, მეგობრად მიგიღებენ და გიერთგულებენ, დამშვიდობებისას კი ასე განთქმულ სვანურ ქუდსაც გაჩუქებენ.
გზები ყოველთვის პრობლემა იყო სვანეთში. ერთი სვანური ანდაზა ამბობს: ?წყალსა და გზაში ყველას წილი უდევსო?. და მართლაც ასე იყო საუკუნეების მანძილზე. სვანეთის მთავარი გზა მდინარე ენგურის ხეობაზე გადიოდა, უშგულში იწყებოდა და სამეგრელოს უკავშირდებოდა. ამ გზით ხდებოდა სვანეთიდან თაფლის, ცვილის, ტყავის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობათა გატანა ბარში. ამავე გზით სარგებლობდნენ რომაელი ვაჭრები და ლეგიონერები.
სვანები არასოდეს ყოფილან განსაკუთრებით მდიდრები. მათი სიმდიდრე პირველ რიგში მათი ბუნებაა. წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეები, ალპური საძოვრები, კალმახით მდიდარი მდინარეები, ჯიხვითა და არჩვით სავსე ტყეები, მოაშის და იფარის სამკურნალო წყლები, სასარგებლო წიაღისეული - მარმარილო და ბარიტი, რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში მოიპოვებდნენ.
ხალხურ ზეპირსიტყვიერებას არაერთი საინტერესო გადმოცემა შემოუნახავს ძველი სვანეთის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ სვანეთში დიდძალი ოქროს მადანი ყოფილა. ენგურისა და მისი შენაკადების ქვიშაში გარეული ოქროს მარცვლების მოპოვება უხსოვარი დროიდან წარმოებდა. ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი წერს: "სვანეთში ნიაღვრებს ჩამოაქვს ოქრო, სვანები აგროვებენ მას დახვრეტილი ვარცლებისა და ცხვრის ტყავების საშუალებით..." იმასაც ამბობენ, თითქოს აქედან შეიქმნა მითი ოქროს საწმისზე... ოქრო იყო და ოქრომჭედელსაც საქმეს რა გამოულევდა. ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, იმდენად აფასებდნენ, რომ მისი მოკვლისათვის სვანეთში ორმაგი საზღაური იყო დაწესებული.

სვანები თავიანთ ვაჟკაცობას მარტო მტერთან ბრძოლაში როდი ცდიდნენ. ნადირობა ყოველნაირ ამინდში, გაუვალ თოვლსა თუ ყინვაში უძველესი ტრადიციაცაა და სვანების საყვარელი საქმიანობაც. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ამ კუთხეში სვანურ ენასთან ერთად მონადირეთა ენაც არსებობდა განსხვავებული ტერმინოლოგიითა და ლექსიკით.
მართალია სვანები მართლმორწმუნე ქრისტიანები არიან და კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტის ეკლესია მათთვის საერთო უწმინდეს სალოცავს წარმოადგენს, მაგრამ მათ ყოფასა და ტრადიციებში ბევრია წარმართობის დროიდან შემორჩენილი რიტუალიც. ოჯახის უფროსის დაუკითხავად სვანი სამგზავროდ ვერ წავიდოდა... მგზავრობისათვის ირჩევდნენ ოთხშაბათს, ამასთან მთვარის მდგომარეობასაც აქცევდნენ ყურადღებას. მგზავრობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა ხისაგან გამოთლილი რკინის წვეტიანი ჯოხი. მას მუჯირს უწოდებდნენ. ?გზაზე ამხანაგად ჯოხიც კარგიაო?- ამბობდნენ სვანები.
სვანეთში დატირებაც განსხვავებული იციან, სვანური ზარი, სვანური მირანგულა თავიდან ბოლომდე შეგძრავს, ჟრუანტელს მოგგვრის და აგატირებს...
ტრადიციებიდან ყველაზე ძლიერი და მკვიდრი კი მახვშისადმი - თემის უხუცესი წინამძღოლისადმი უდიდესი პატივისცემა და მოკრძალებაა.
მახვში - ამაყი და ბრძენი. მახვში - მკაცრი და სამართლიანი, მახვში - ერთობა და სიძლიერე, მახვში - სვანეთის და ქართული სულის სიმბოლო.
საქართველოში სიტყვა "სვანი" ამაყი და ქედუხრელი ადამიანის ასოციაციას იწვევს. სვანეთის მთებს თითქოს თავისი მკვიდრნიც მიუმსგავსებია; ისინი მართლაც მაღლები, მხარბეჭიანები, ფიზიკურად ძლიერნი არიან, ხშირად ღია ცისფერი თვალებით.
ასეთები არიან ისინი ცნობილი იტალიელი მთამსვლელისა და ფოტოხელოვანის ვიტორიო სელლას ფოტოებზეც. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მან სამი ექსპედიცია მოაწყო კავკასიაში და 30 მწვერვალი დალაშქრა, იმოგზაურა რაჭასა და სვანეთში, და ამ ექსპედიციის შედეგად ჩანაწერების სახით დიდძალი მასალა დაგვიტოვა საქართველოს შესახებ. უნიკალურია ვიტორიო სელლას მიერ საქართველოში, განსაკუთრებით კი სვანეთში გადაღებული ფოტომასალა. ამ ნამუშევრებს, რომლებიც 1890 წელს გამოიფინა ლონდონში, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების უმაღლესი პრემია მიენიჭა.
....თოვლი სვანეთში მხოლოდ მაისში დნება.... სექტემბერში კი სვანეთში უკვე თოვს. პარადოქსია, მაგრამ დღეს, როგორც უწინ, ისევ პრობლემაა სვანეთში გზები და მიმოსვლა. ხოლო დღევანდელი გასაჭირი განსაკუთრებული სიმძიმით დააწვა მაღალმთიან საქართველოს, მათ შორის სვანეთს. ამიტომაც დღეს სვანეთში ჩასვლა და იქ ცხოვრება ძნელია მრავალი მიზეზის გამო.
გასაგებია, ყველა პრობლემას ერთბაშად ვერ ეშველება... მაგრამ სვანეთი... რა საფრთხილოა, საქართველოს ეშხი და სიამაყე, მისთვის ჩვეული უთქმელობით არ დაგვრჩეს მიუხედავი და მიუფერებელი...
ამ ბოლო დროს მთელს საქართველოში გავრცელდა ანეკდოტები სვანების შესახებ. ამ ანეკდოტებს იმეორებს ყველა, დიდი თუ პატარა. ის რასაც ყვებოდნენ იმერელსა თუ კახელზე, ახლა სვანებზე ყვებიან...
ხშირად გვიფიქრია - ნეტავი რატომ? იქნებ ეს სვანეთის ჩვენდაუნებური, გაუცნობიერებელი მონატრებაა... შორს, მაღალ მთაში დარჩენილი, ასეთი ახლობელი და ასეთი საყვარელი სვანეთის დაუძლეველი, ტკივილიანი მონატრება.