კლიპი

ძვირფასი რესტორნის წინ მდიდრული მერსედესი ჩერდება. მერსედესიდან ელეგანტური წყვილი გადმოდის და შესასვლელისკენ მიემართება.
კარგია ცხოვრება...
მერე მომღიმარი ოფიციანტი ამაოდ ელოდება შეკვეთას. საქმიან ახალგაზრდას მისთვის არ სცალია - გამუდმებით რეკავს მობილური ტელეფონი ნიუ-იორკიდან, პარიზიდან, თბილისიდან...
ამაოდ ელოდება ყურადღებას მომხიბვლელი ქალიშვილიც...
და კვლავ გაისმის ტელეფონის ზარი, ვაჟი მობილურს იღებს და...
ქალიშვილი ბართან ჩამომჯდარა მობილურით ხელში და ეშმაკურად იღიმება....
ისევ მაგთი შ დაგეხმარებათ ერთმანეთის მოძებნაში.
ალბათ გაგახსენდათ ეს მშვენიერი ქართული რეკლამა. კლიპი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ კარგი რეკლამების კეთება საქართველოშიც შეიძლება.
კლიპის იდეა "ნეოსტუდიაში" გაჩნდა. იქიდან მოყოლებული, სამონტაჟო მაგიდასთან ბოლო კადრების აწყობით დამთავრებული, ამ კლიპზე მუშაობა დაძაბული და სასიამოვნო ერთობლივი შრომის დღეები იყო. სარეკლამო რგოლზე ახალგაზრდა ქართველ ხელოვანთა არაჩვეულებრივი შემადგენლობა მუშაობდა, მანანა შევარდნაძე, გიორგი ებრალიძე, დათო ევგენიძე, თამრიკო ფოცხიშვილი, გია ფავლენიშვილი, სოსო გულბანი, გიორგი ბერიძე, ნინო კასრაძე, მამუკა ლორია, ირაკლი კავსაძე და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ...
გადაღება რესტორან "ევროპაში" მიდიოდა - დაღამებიდან გათენებამდე. მზადება, დაძაბულობა, ვიზაჟისტი, პარიკმახერი... კამერა... დუბლი პირველი... დუბლი მეორე...
როცა უყურებ, თითქოს რა უნდა... სულ რამდენიმე წამია, რამდენიმე მოხდენილი კადრი ეკრანზე... იქ კი იმ ღამეს იყო ღელვა და დაძაბულობა, იყო სიცილი, კურიოზები და გამოსული საქმის გამო კმაყოფილების მშვიდი შეგრძნება.
"ოფიციანტი" მამუკა ლორია სანთელს კარგად ვერ უკიდებს... "ნეოსტუდიელებთან" რომელიღაც "ევროპელი" მიიჭრა და საყვედურებით აავსო - აქ ამდენი გამოცდილი ოფიციანტი ვართ, თქვენ კი ვიღაც მოიყვანეთ, სუფრასთან მომსახურება არ იცისო...
კლიპი გაკეთდა... შეიქმნა მაგთი GSM -ის პირველი მშვენიერი რეკლამა, მას მოჰყვა მეორე, მესამე და ა.შ.; მაგრამ "რესტორანი" დარჩა ეკრანზე, მიმზიდველი და საყვარელი, როგორც ყველაფერი პირველი...
ამ რეკლამამ, როგორც თავად აღნიშნავენ, განუზომელი პოპულარობა მოუტანა მასში მონაწილე, ისედაც პოპულარულ სამ არაჩვეულებრივ მსახიობს. დღეს კლიპზე მუშაობის ამბავს ნინო კასრაძე და ირაკლი კავსაძე გაიხსენებენ, მამუკა ლორიას კი მაგთის სხვა სარეკლამო რგოლებზე საუბრისას შეხვდებით.

ნინო კასრაძე:
კარგი რეკლამა დიდი ხელოვნებაა... ჩემთვის ძნელია იმაზე ლაპარაკი, რამდენად კარგი გამოვიდა ეს სარეკლამო რგოლი. ეს ალბათ მაყურებელმა უნდა შეაფასოს. მე იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ ეს სამუშაო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის.
გადაღების დროს ისეთი პროფესიული სიტუაცია შეიქმნა, ისეთი გარემო, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობა. ყველა ისე აკეთებდა თავის საქმეს, რომ არ შეიძლებოდა ცუდი გამოსულიყო ეს რეკლამა.
როცა რეკლამაში ქალი მონაწილეობს, ვფიქრობ, ძირითადად მის გარეგნობაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა. ფოტო და ვიდეო რეკლამაში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თეატრსა და კინოში მეტი დრო და საშუალება გაქვს, რომ თავი გამოავლინო, სახე შექმნა. აქ კი წუთები გაქვს იმისათვის, რომ ზუსტი მახვილები გააკეთო. ასეთ დროს პარტნიორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ძალიან გამიმართლა, რომ ამ რეკლამაში ასეთი არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა.
როცა დამირეკეს, მაშინვე ვიკითხე, რა რეკლამაზე იყო ლაპარაკი. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს... იცით, შენს მიერ რეკლამირებული პროდუქციის საიმედოობაში და სიკარგეში თვითონ უნდა იყო დარწმუნებული. GSM -ის ქსელი მსოფლიო თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია, და მე მიხარია, რომ გარკვეულად მონაწილე ვარ ამ სიახლის...
არ ვიცი რამდენად პოპულარული ვარ, ამას მე ვერ შევაფასებ, მაგრამ ერთი რამ მანც ცხადია - ამ რეკლამის შემდეგ უფრო პოპულარული გავხდი... სამწუხაროდ, დღეს თეატრს არა აქვს ასეთი შედეგი. თუ პოპულარობაზეა ლაპარაკი, რეკლამამ ლომის წილი აიღო...

ირაკლი კავსაძე:
პირველ რიგში, ძალიან მაინტერესებს, ვინ თქვა პირველად ამ რეკლამაში ირაკლი კავსაძე გადავიღოთო. იმ ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა.
მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი გუდაურიდან, სახე დამწვარი მქონდა და დასიებული; მაგრამ გაირკვა, რომ გადაღება ათ დღეში იწყებოდა და მანამდე მოვირჩენ-მეთქი თავს - ვიფიქრე.
სინჯებში გავიმარჯვე და გადაღებაზე გავედი. ეს არაჩვეულებრივი დღე იყო, უფრო სწორად - ღამე. პატარა, მაგრამ შეკრული გუნდი. ვუყურებდი რეჟისორს, ოპერატორს, ვფიქრობდი მხოლოდ სამუშაოზე და თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი. და იცით, რაც მთავარია, დაფასებულად, რაც დღეს ასე იშვიათია. ყველაზე მეტად აღსანიშნავი კი ის არის, რომ ქალბატონი მანანა და ბატონი გია გვერდიდან არ მოგვცილებიან. ეს ძალიან დიდი თანადგომა იყო. დილის ხუთ საათამდე ჩვენთან ერთად იყვნენ. სანამ არ დამთავრდა ყველაფერი და სანამ აპარატურა არ ჩაალაგეს, მანამდე არ წავიდნენ - ფიქრობდნენ განიცდიდნენ... ამას ყველა გრძობდა. ჩემთვის უცხო იყო ასეთი სიტუაცია და თანაც ძალიან სასიამოვნო.
ეს კლიპი ჩემს ცხოვრებასა და ჩემს შემოქმედებაში საეტაპოა. ამ რეკლამამ ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა. მაჩერებენ ქუჩაში, ბაზრობაზე - ყველგან მცნობენ. მეგობრის ბებია, მითხრეს, ზისო და ელოდება შენს რეკლამებსო. არ აინტერესებს თურმე მაცნე, მოამბე, არაფერი...რომ უთხრეს ჩვენი მეგობარიაო, მთლად გადაირია ქალი... ბუნებრივია, გსიამოვნებს ადამიანს.
როცა "ნეოსტუდიიდან" დამირეკეს, კლიპს გიჩვენებთო, ცოტათი ავღელდი. მაინტერესებდა, რა გამოვიდა... ძალიან მომეწონა. თურმე საქართველოშიც შეიძლება ასეთი კლიპების გადაღება.
ნამდვილად აქვს მნიშვნელობა რას უწევ რეკლამირებას. მაგთი GSM -ის რეკლამას სიამოვნებით ვაკეთებდი. რას ამბობთ, მობილურის გარეშე დღეს ცხოვრება როგორ შეიძლება. ერთხელ აპარატი დავკარგე და ისე გამიჭირდა, კინაღამ გავგიჟდი; ლამის ქუჩაში გამეჩერებინა ვინმე, ტელეფონი ხომ არა გაქვთ-მეთქი. მერე მამაჩემს ვუთხარი - თუ მობილური არ ვიყიდე, შეიძლება ყველა დავხოცო- მეთქი. როგორც ხედავთ, დღეს ისევ "შეიარაღებული" ვარ და ტელეფონის გარეშე ფეხს აღარ ვდგამ.
მოკლედ, რა გითხრათ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იყო. თუკი კვლავ მექნება შესაძლებლობა, ისევ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მაგთი GSM -ის ახალ რეკლამაში.