კოსმოსი და სამი რამ...

მასაც, ისე როგორც ძალიან ბევრს, ბავშვობაში ექიმი უნდოდა გამოსულიყო, მერე - პოლიტიკოსი, მერე კი კინორეჟისორობაზე ოცნებობდა. ეს ბოლო სურვილი თითქმის აისრულა კიდეც, როცა ამ სამი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებულ ინჟინერ-მშენებლის სპეციალობას ეუფლებოდა. სწორედ მაშინ, ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კინოსტუდიაში რამდენიმე სტუდენტური მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. ბოლომდე გულგრილი ვერც ბავშვობაში ნაოცნებარი სხვა პროფესიების მიმართ დარჩა, დღემდე ძალიან ბევრ სამედიცინო ლიტერატურას ეცნობა და ამ სფეროში იმაზე გაცილებით მეტად გარკვეულია, არაექიმს რომ მოეთხოვება. რაც შეეხება პოლიტიკას, რომ არა მისი "პოლიტიკა" და დიპლომატია, სამოქალაქო ომსა და არეულობაში გამოვლილ საქართველოს არ ექნებოდა ტექნიკური ბაზის თუ სამეცნიერო პოტენციალის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და უნიკალური ცენტრი - კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი.
სწორედ ამ ინსტიტუტის გენერალურ დირექტორზე - ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილზე გესაუბრებით. მან ბათუმის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და, როგორც თვითონ ამბობს, ეს სკოლა იყო მისი ცხოვრების პირველი დიდი აკადემია. შემდეგ კი იყო სხვა სასწავლებელი და პროფესია, რომელზეც ალბათ მაინც ყველაზე მეტად ოცნებობდა...

ძნელი სათქმელია, როგორი ექიმი, პოლიტიკოსი ან რეჟისორი იქნებოდა ბატონი ელგუჯა, მაგრამ... დღეს მასზე, როგორც ტექნიკური დარგის ერთ-ერთ შესანიშნავ წარმომადგენელზე, ბევრი საუბრობს. ელგუჯა მეძმარიაშვილი გახლავთ საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; ასევე - კომპანია G.P.I.-ს ვიცე-პრეზიდენტი და კომპანია E.G.S.-ის მთავარი კონსტრუქტორი, საქართველოს სამხედრო ძალების სახელმწიფო საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; იგი 100-ზე მეტი გამოგონებისა და 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო საავიაციო საწარმოო გაერთიანების მონაწილეობით კოსმოსურ სადგურ "მთპ"-სა და სადგურ "ოპÎდპვჟჟ-40"-ზე ორი წარმატებული ექსპერიმენტია განხორციელებული; ორივე შემთხვევაში საქმე დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების შექმნას ეხებოდა ორბიტაზე; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, მათგან ერთი გერმანიაშია გამოცემული...
მაგრამ ამ ყოველივემდე იყო წლები, მძიმე და სერიოზული; ახლის შექმნისათვის საჭირო ფუფუნებით, და ასევე წლები უკიდურესი გაჭირვების, საფრთხისა და უიმედობისაც კი...
მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ. წარმოიდგინეთ 70-80-იანი წლების საბჭოთა კავშირი. ეს უზარმაზარი სახელმწიფო თავისი ამბიციებისა და მსოფლიოში სტრატეგიული მნიშვნელობის განსამტკიცებლად იძულებულია, სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში არსებული ყველა მიმართულება განავითაროს, რასაც წარმატებულად ახერხებს კიდეც. საქართველოში კი, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილში, მხოლოდ რაღაც ფრაგმენტები სრულდება იმ ყოვლისმომცველი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოებისა, რომელსაც ეს უზარმაზარი ქვეყანა აწარმოებს. 1980 წელს ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დიდგაბარიტიანი კოსმოსური ნაგებობების მიმართულების განვითარების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება მაშინ ერთმნიშვნელოვნად შეფასდა, როგორც ფანტასტიკური და სარისკო.
გავიდა სულ რაღაც ათი წელი და საბჭოთა კავშირი დაიშალა. საქართველოში სამოქალაქო ომები დაიწყო და გაირკვა, რომ ინსტიტუტი, რომელიც უმთავრესი და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო პროგრამებს ასრულებდა, აღარავის სჭირდებოდა, უფრო სწორად, დამოუკიდებელ საქართველოს ამგვარი ინსტიტუტის შენახვის არანაირი საშუალება აღარ უნდა ჰქონოდა. სხვათა შორის, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა თვით რუსეთის, და რა თქმა უნდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბევრი უნიკალური ინსტიტუტი, საკონსტრუქტორო ბაზა თუ არაჩვეულებრივი მეცნიერი. რა ხდება კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში?
"ომიანობის დროს ჩვენი პრაქტიკული საქმიანობის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი გახდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ როგორმე შეგვენარჩუნებინა ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც უნიკალურია მთელს მსოფლიოში; ასევე შეგვენარჩუნებინა და შემოქმედების თვალსაზრისით არ გაგვეყინა სამეცნიერო პოტენციალი. რაც მთავარია, სწორედ ამ წლებში დავიწყეთ ახალ პერსპექტივასა და ამოცანებზე ფიქრი, ახალი შეკვეთებისა და პარტნიორების ძებნა. გარკვეული ხნის შემდეგ, საბაზრო ეკონომიკის პირობებიდან გამომდინარე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე ბრძანებულება გამოსცა. ეს ბრძანებულებები საფუძვლად დაედო ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ევროპულ კომპანიებთან VALEMAR-სა და GREAM-თან ერთად ერთობლივი კომპანიის G.P.I. (საქართველოს პოლიტექნიკური ინტელექტი) დაფუძნებას. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ შექმნილიყო საქართველოს სამხედრო ძალების სახელმწიფო საინჟინრო ცენტრი. ყოველივე ამას მოჰყვა კოროლიოვის სახელობის ცნობილ კოსმოსურ ფირმა ENERGIA -სთან ერთად რუსულ-ქართული ერთობლივი ფირმის ENERGIA-G.P.I.-SPACE შექმნა და ჩამოყალიბება. დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენი აღარ არის, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ინსტიტუტი ამ სახეცვლილებების გარეშე და სახელმწიფო ბიუჯეტის მომლოდინე..."
ასე რომ, კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში საქმიანობა ორ ნაწილად გაიყო; პირველი - სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტა მსოფლიო მიღწევების დონეზე, რასაც ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობს; და მეორე - საერთაშორისო თანამშრომლობა, ფინანსები, მოლაპარაკებათა ციკლი, ბიზნეს-გეგმები და სამართლებრივი დოკუმენტები, რასაც "საქართველოს პოლიტექნიკური ინტელექტის" პრეზიდენტი ბატონი გრიგოლ კინტერაია უძღვება.
დიდი ხანი არ არის, რაც გერმანიის ცნობილმა ფირმამ DAIMLER CHRYSLER Aerospace Dornier Satelliten Systeme და საქართველომ ერთად შექმნეს კოსმოსური საკომუნიკაციო სისტემების 15 მეტრიანი რეფლექტორი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. დღეს კი საერთაშორისო კომპანია G.P.I, რუსეთ-საქართველოს კომპანია E.G.S., საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და რუსეთის რაკეტულ-კოსმოსური კორპორაცია "ენერგია" ინტენსიურად მუშაობენ იმისათვის, რომ წელს კოსმოსურ ორბიტაზე გაიტანონ და გახსნან კოსმოსური საკომუნიკაციო სისტემების ახალი თაობის ოფსეტური რეფლექტორი ანტენა. ეს იქნება ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც მომავალში კოსმოსური კავშირგაბმულობის ხარისხიანობას, ეკონომიურობას, მობილურობასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინსტიტუტში განსაკუთრებულ დროს უთმობენ ექსტრემალურ პირობებსა და მიუწვდომელ ადგილებში ადვილად გადასატანი და ასაგები ხიდის კონსტრუქციების შექმნას. დღეისათვის დამზადებულია და გამოცდილია ორი ტიპის კონსტრუქცია - KM-01-T და KM-02-T, და ინსტიტუტმა უკვე კომპანიების GREAM-ისა და VALEMAR-ის შეკვეთებიც მოიპოვა.

- საქართველოში მომავლის მსოფლიო პროექტები მზადდება - ამბობს ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი, - და ყოველ მათგანს აქვს კონკრეტული მიზანი, კონკურენტუნარიანობა და რენტაბელურობა. ჩვენ ვსაუბრობთ სამეცნიერო ტექნიკის პროდუქციაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის შექმნას უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერები და კონსტრუქტორები ემსახურებიან. ეს ქართული სამეცნიერო ტექნიკური სკოლაა თავისი ოცწლიანი ტრადიციით და საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებული სერიოზული ადგილით. ამ ადგილის მოპოვებაში დიდი წვლილი ჩვენს ქართველ პარტნიორებს - თბილისის საავიაციო გაერთიანებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიუძღვით... საერთოდ, ძირითად სამუშაოებს ვასრულებთ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სასტენდო კომპლექსში, რომელიც საგურამოს ბაზაზეა განლაგებული. კომპლექსში შემავალი ცალკეული ობიექტები თავიანთი ტექნიკური პარამეტრებით აღემატება მსოფლიოში არსებულ სხვა ანალოგიური დანიშნულების ობიექტებს...
თბილისიდან საგურამომდე არც ისე შორია, მაგრამ არც ისე ახლო, რომ სერიოზული საქმეებით დაკავებულმა ადამიანმა ნებისმიერ წუთს შეძლო ზოგჯერ ასე აუცილებელი და საჭირო კონტაქტის დამყარება, და მითუმეტეს, საგურამოზე უფრო შორს უცხოელი პარტნიორები არიან. ამიტომ...
"როდესაც მაგთი GSM საქართველოში ლიდერი გახდა ხარისხის, საიმედოობისა და ქსელის სიდიდის მიხედვით, მეც და G.P.I.-ის პრეზიდენტმა ბატონმა გრიგოლ კინტერაიამაც მაგთი ავირჩიეთ. დღეს კი არჩევანი სწორედ რეალურსა და საუკეთესოზე კეთდება. მაგთი-ს სერვისი ზუსტად შეესაბამება დღევანდელი მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო სისტემების დონესა და მოთხოვნილებებს. ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა მაგთი-სთან შეიძლება იმის საწინდარი გახდეს, რომ მომავალში მაგთი-მ, თავის მხრივ, ჩვენი კოსმოსური ანტენების შესაძლებლობები გამოიყენოს"...
ვიდრე ინსტიტუტის რკინის კარს შევაღებდი, ვფიქრობდი, რომ იქ დაახლოებით ისეთ რამეს ვნახავდი, ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში რომ არის ხოლმე - ადამიანები სკაფანდრებში, უცნაური აკვარიუმები, რთული კონსტრუქციები, ლაბირინთები და სხვა...
იმედი გამიცრუვდა, მსგავსი არაფერი მინახავს - თეთრი კედლები, საოცარი სისუფთავე და თანამედროვე ოფისისათვის მხოლოდ აუცილებელი, სადა და გემოვნებით შერჩეული ავეჯი... ეს რომ ვუთხარი, ბატონ ელგუჯას გაეცინა და "დამამშვიდა" - ასეთი რამეების ნახვა თუ გინდა, საგურამოს ბაზაზე უნდა წამოხვიდეო.
საუბრის დასასრულს კი ბატონმა ელგუჯამ ასეთი რამ თქვა: მომავალში, თუ ოდესმე კოსმოსს თავს დავანებებ, შეიძლება ჩემს ოცნებას დავუბრუნდე და მხატვრული ფილმები გადავიღოო, ოღონდ არა ფანტასტიკურ ჟანრში. დღეისათვის მისი სცენარების მიხედვით შვიდი სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმია გადაღებული. აკი გითხარით, ძნელი სათქმელია, როგორი კინორეჟისორი იქნება ბატონი ელგუჯა; მაგრამ სავარაუდოა, რომ ჩვენ ამას ვერასოდეს შევამოწმებთ, რადგან ელგუჯა მეძმარიაშვილი კოსმოსს თავს ალბათ არასოდეს დაანებებს. სამაგიეროდ, დღესვე იოლად შეგვიძლია შევამოწმოთ, როგორი მეღვინეა ბატონი ელგუჯა. დიახ, მეღვინე, რადგან იგი ამას ძალზე სერიოზულად ეკიდება და თავისუფალ დროს საკუთარ ნაკვეთზე შვიდნაირი ტექნოლოგიით ამზადებს ღვინოს - ქართული, ფრანგული, ბიზანტიური და ასე შემდეგ....
და ბოლოს, - კოსმოსი ადამიანს სამ რამეს ასწავლისო - გვითხრა ბატონმა ელგუჯამ, - ნაკლები ფანტასტიკა, მეტი ცხოვრებისეული რეალობა და რწმენა!..

ელისო კაპანაძე