ოსტატი და მარგალიტა

მას, ვინც არ იცნობს რეზო გაბრიაძეს, იგი ძალზე ხალისიანი, ხუმარა და მუდამ მომცინარე წარმოუდგენია.
ის, ვინც იცნობს რეზო გაბრიაძეს, იცნობს მშვიდ და დინჯ ადამიანს, რომელიც შეწუხებული სახით, აუჩქარებლად ყვება ისეთ რაღაცეებს, რომ სიცილით შეიძლება მოკვდე. მხოლოდ მერე ხვდები, რომ იმაზე, რაზეც იცინე, ტირილიც შეიძლება...
იგი მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორია მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის ორჯერ - პარიზში.
იგი 35 ქართული და საბჭოთა ფილმის სცენარის ავტორია, ყველაზე საყვარელი და ყველაზე პოპულარული ფილმების.
შექმნა ქართული მარიონეტების თეატრი და დადგა განუმეორებელი სპექტაკლები.
მისი ფილმებიდან და წარმოდგენებიდან ციტატებს ყოველდღიურად ამბობს და საუბარში იყენებს ათასობით ადამიანი ისე, რომ ზოგჯერ არც ახსენდება, რომ ისინი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.
აქვს ათეულობით საერთაშორისო პრემია, არა აქვს არც ერთი ქართული. საბჭოთა კავშირის ბოლო წელიწადს მიანიჭეს სახალხო არტისტის წოდება.
ოცი წელიწადია წერს რომანს, რომელიც უნდა სცენარადაც გადააკეთოს.
უიმედოდ ოცნებობს სახლზე სოფელში. ცხოვრობს საბურთალოზე 10 სართულიანი სახლის მე-7 სართულზე.
7 წელიწადი არ მუშაობდა საქართველოში...
ბევრმა წყალმა ჩაიარა ამ 7 წლის განმავლობაში; იყო ტკივილი, ორმხრივი წყენა, შორეული წარმატებები...
დღეს ყოველ ჯერზე ანშლაგით მიდის არაჩვეულებრივი და უკვე საქვეყნოდ ცნობილი სპექტაკლი სტალინგრადის ბრძოლა.
მუშაობს ახალ ქართულ წარმოდგენაზე...
თეატრის ერთ უცნაურ ოთახში ჩამოფხეკილი შპალერისა და შეშის ფეჩის ფონზე ლამაზად მოხატული კედელი არსებობს. ეს რეზო გაბრიაძის ნახატია და რეზო გაბრიაძის მარგალიტა... ამ ოთახში კაფე იქნება.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ამბობს, რომ უნდა რაც შეიძლება მშვიდად და შეუმჩნევლად იცხოვროს... მაგრამ ალბათ თავადაც იცის, რომ ეს არასოდეს გამოუვა.
და ალბათ, როგორც ყველა სრულიად არაორდინარული და წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანი, ისიც რთული და არაერთმნიშვნელოვანი პიროვნებაა...
რეზო გაბრიაძის გასაცნობად, მის ფილმებსა და სპექტაკლებს მიმართეთ... ეს ალბათ ყველაზე უკეთესი გზაა. დღეს კი ამისათვის მასთან ვრცელი და ხანგრძლივი საუბრიდან რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ...

მ.ვ.


- დღეს ჩვენი თეატრის შენობა თითქმის აღდგენილია. ამ ოთახში პატარა კაფეს ვაშენებთ, სადაც სამი-ოთხი მაგიდა იქნება, მაგრამ მაყურებლებს მაინც მიეცემათ საშუალება ისაუბრონ, ყავა დალიონ.
ახლა ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ. ჩვეულებრივ, ერთი სპექტაკლი ორი წლის განმავლობაში იდგმება. ჩვენ კი ერთ წელიწადში თეატრიც გავარემონტეთ და სპექტაკლიც დავდგით. ეხლაც ერთ წელიწადში ვაპირებთ ახალი წარმოდგენის ჩვენებას მაყურებლისათვის.
დაახლოებით 15-20 წელიწადია რომანზე ვმუშაობ. ვაპირებ ამ რომანის კინო-ვერსია გავაკეთო. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა. თანამედროვე კინო მთლიანად სხვა პრინციპებზეა აგებული. სულ სხვაგვარია კინოენა. მსოფლიო მაყურებელმა მათ შორის ჩვენმაც ეს ენა აითვისა. უკვე შეუძლებელია ძველი ხერხებით მაყურებლებთან ლაპარაკი. როცა დავწერ, ელდარ შენგელაიას მივცემ და გადაიღებს. ასე ვვარაუდობ... საერთოდ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს პარალელურად სპექტაკლზე და კინოზე მუშაობა. სათაურს ჯერ არ გავამხელ. ცრუმორწმუნე ვარ - ამას ყველას ვეუბნები, და ამიტომ ახალ სპექტაკლზე წინასწარ არაფერს ვამბობ. რამდენიც ვთქვი, მერე აღარ დავდგი.
ჩემს ცხოვრებაზე ვერაფერს გეტყვით - ფართო საზოგადოებას მე მხოლოდ ჩემი ხელოვნება შემიძლია მივაწოდო. საკმაოდ ბანალურ ცხოვრებას ვეწევი. დილით ადრე ვდგები და ღამემდე ვმუშაობ. თეატრს ისედაც დიდი დატვირთვა აქვს და მრავალფეროვანი კონტაქტებისათვის დრო აღარ მრჩება.
უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო მსოფლიო ისტორიიდანაც და ჩვენიდანაც, თუ რა დაბრკოლებებს აწყდება მხატვარი. იცვლება დრო, იცვლება ვითარება, მაგრამ ხელოვანს ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემები აქვს. ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს ყველა ვითარებაში ცხოვრების უფრო მეტი გარანტიები რჩება. თუმცა, ერთი რამეც უნდა ითქვას - სოციალური მდგომარეობა ამაზე უარესიც ყოფილა, მაგრამ დიდი ნაწარმოებები შექმნილა. ყოფილა ბევრად უკეთესიც, და კიდევ უფრო დიდი ნაწარმოებები შექმნილა.
სიძნელეები ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა იყოს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ერმა უნდა თქვას თავისი სათქმელი. ისიც ცუდია, ტირილს ტირილი დაამატო. თვისებაა ასეთი: პესიმიზმი ამრავლებს პესიმიზმს, და პირიქით... ამ დროს კი არ უნდა მიატირო, უნდა შეუძახო, გაამხნევო. ეს პერიოდი უნდა დავძლიოთ. თუმცა ყველა ცდილობს რომ თავისი გვირაბის, თავისი მონაკვეთის ტვირთი იტვირთოს. მე ამის მჯერა.
მომავალი ხელოვანები ახლა იბადებიან. უამრავი რაღაც ხდება მათთვის საინტერესო. რა გააჩერებს ცხოვრებას. მოვლენ სხვა ოსტატები, ზოგნი უფრო ძლიერები იქნებიან, ზოგნი სუსტები... მათ შეეძლებათ უამრავ რამეს მოჰკიდონ ხელი. იქნებ ბევრ დროსაც აცდენენ ასაკის გამო, მაგრამ მე ყველაზე მეტად მათი მშურს. მათ გაცილებით ფართო და გაშლილი ასპარეზი აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა - შეზღუდულ სამყაროში ვიზრდებოდით; ჩვენი თაობაც ნავთზეა გაზრდილი, იმ განსხვავებით, რომ ახლა რიგი არ არის. მე მჯერა ამ თაობის, ახლა რომ მოდის. მათთვის მსოფლიო ღიაა. ჩვენთვის მსოფლიო ლიტერატურასა და ეკრანზე არსებობდა, ისიც ძალიან შეზღუდულ ჩარჩოებში. მათ ასაკში პიკასოს ერთი ნახატიც კი არ გვქონდა ნანახი...
მე მინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიხსნას სამყარო. პაუზა, რომელიც სამოცდაათი წელი იყო, შესავსებია. მთელი თაობები წავიდა... ბევრი რამ არ ვიცოდით, ბევრი რამ ყალბად გვქონდა გაგებული... ბევრი მწარე გამოცდილებაც დაგვიგროვდა და შეიძლება სხვამ აღარ ჩაიდინოს ეს შეცდომები. მე მინდა, რომ ქართველი ხელოვანი უფრო გახსნილი იყოს, ეთანხმებოდეს მსოფლიო სტანდარტებს. არც ისე გამოვიდეს, რომ ჩვენი ნათქვამი მხოლოდ ჩვენ გვესმოდეს და სხვას არა.
მთავარი კი ის არის, ფერადად უყურო სამყაროს. კატა თურმე ჩვენზე 8-ჯერ უკეთესად ხედავს, მაგრამ შავ-თეთრად. რამხელა დანაკარგია, მხოლოდ გრაფიკულად დაინახო იასამანი ან ვარდი. ეს არაჩვეულებრივი სამყარო ჩვენ გვეკუთვნის და ამას დანახვა უნდა. ერთ ფერში ხატვას არ გირჩევთ. ვედროში რომ ჩაასხა საღებავების ნარჩენები და მერე იმით ხატო ანუ, ერთი ფერით დახატო იასამანი. ეს ქვეყანაც მრავალფერია. დღეს ჩვენ ყველას ასე გვაკლია ფერები...
საერთოდ, საქართველოს სოფლები და მთები რადიატორმა დაანგრია. მოდიოდა ეს სითბო, არავინ იცოდა საიდან. დაინგრა სოფელი, სამაგიეროდ გაჩნდა თბილისში აფრიკა, სანზონა. ეს ყველაფერი რადიატორების ბრალია, თუჯის რადიატორების. ვარკეთილში არის რადიატორები - ჩამოხვალ, მიუჯდები, თან დარაჯად იმუშავებ... ახლა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან განიცდიან, რომ იქ სადღაც ვიღაცა ცხელ წყალს აღარ ასხამს... აღარაა ის კაცი, მოკვდა. ჩვენს თეატრში იმდენი რადიატორი მოიკრიბა, რომ ორი მანქანა აავსო და მათი გატანა ძალიან გავდა გასვენებას. ამ შენობიდან რომ წავიდნენ რადიატორები, - ეს ისეთი სევდიანი სანახაობა იყო...
ისე დავბერდი, საქართველოში ორი პარალელური ხაზი არ მინახავს და ნამუსიანი სამკუთხედი. ჩვენი 90 გრადუსი არ იყო ყოველთვის 90 გრადუსი, ხშირად მეტი იყო, ან ნაკლები. დღეს ალბათ უკვე უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, დადგენილ გრადუსებს და ზომებს. დღეს ცხოვრება უკვე სხვა რამეებს გვთხოვს.
ჩვენში მობილურებსაც უცნაურად ხმარობენ. მობილურის ეროვნული ხმარება იმას წააგავს, ჩემს ბავშვობაში ქუთაისში ელექტრო-უთოები რომ შემოვიდა და ყველა ფანჯარასთან აუთოებდა სხვისი გულის გასახეთქად... ერთმა უცხოელმა, რომელიც ისე ახლოსაა და ისე მენდობა, რომ ქართველი აღარ ვგონივარ, ეს მობილურიანები რომ დაინახა, მკითხა: ამდენი პიცერიის გამყიდველია თქვენთანო? უცხოეთში ეს არ არის სოციალური სტატუსის მიმნიჭებელი. მე ლაპარაკი მაქვს მობილურის ხმარების ეთიკაზე. რომ ჩამოვედი, ამან გამაკვირვა. რაღაცნაირი ზედმეტი დემონსტრაცია მიდის. მობილურით ისე უნდა ილაპარაკო, რომ მეორე ტროტუარზე არ გაიგონ... სხვათა შორის მე მინახავს ორმობილურიანი კაციც - ორივეზე ერთად ახერხებდა ლაპარაკს და თან ნაყინსაც ჭამდა. ეს შარშან იყო, ზაფხულში, ახლა ალბათ მეტს მიაღწევდა...
ჩანგალი რომ შემოვიდა, როდის იყო ეს არც მახსოვს, არა აქვს მნიშვნელობა, მოკლედ, წარმოიდგინეთ ძველი თბილისელები, ვისაც აქვს ეს ჩანგალი. დადიან ქუჩებში და თავიანთი ჩანგლები უჭირავთ ხელში...
მობილური არ უნდა იყოს სატრაბახო... სინამდვილეში ეს იმდენად კარგი რამეა, იმდენად მობილურს ხდის ცხოვრებას, ურთიერთობებს. ბევრ რამეს წყვეტს მოკლე დროში...
მაგრამ ხშირად მგონია, არც მობილური გვიშველის. აი, მე მაგალითად, ვერაფრით დავუკავშირდი ჩემს კარგ მეგობარს, ვაჟა ლორთქიფანიძეს. არანაირი ტელეფონით არ ხერხდება; იქნებ მართლა თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო:
- ბატონო ვაჟა, თუ შეიძლება დამირეკეთ, ხმას ვერ გაწვდენთ.

თქვენი
რეზო გაბრიძე