ახალი - ძველი ნაცნობი

თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ძველ უბნებში სეირნობისას ხშირად წააწყდებით სადარბაზოებთან მიკრულ მემორიალურ დაფებს, რომლებიც ამა თუ იმ გამოჩენილი ადამიანის ამ სახლში ცხოვრებაზე მიგვანიშნებენ.
სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩის ¹ 30 სახლის შესასვლელთან მიმაგრებული დაფა კი იუწყება - "ამ სახლში 1860-68 წლებში ცხოვრობდა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის კონსული, ფირმა "სიმენს და ჰალსკეს" წარმომადგენელი საქართველოში ვალტერ სიმენსი".
სიმენსის გვარი ალბათ მსოფლიოში განთქმულ სიმენსის ფირმას და ჩვენს ყოფაში დამკვიდრებულ ათასგვარ ტექნიკურ მოწყობილობას გაგვახსენებს. ზოგს ტელევიზორი ან სარეცხი მანქანა, ზოგსაც სამედიცინო აპარატურა გაახსენდება. ბებია-ბაბუების თაობას კი პირველი ტელეფონი ან საქართველოს ქალაქებში აქა იქ შემორჩენილ სატელეგრაფო ბოძებზე ამოტვიფრული წარწერა SIEMENS PATENT, LONDON. დღევანდელი SIEMENS ვერნერ სიმენსის სახელს უკავშირდება, ვალტერ სიმენსი კი ვერნერ სიმენსის ერთ-ერთი ძმა გახლდათ.
ვერნერ სიმენსი - ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გამომგონებელი, მეცენატი - ამ მძლავრი კომპანიის ფუძემდებელი იყო. თუმცა, როდესაც 1847 წელს ვერნერ სიმენსმა და მისმა მეგობარმა იოჰან გეორგ ჰალსკემ სატელეგრაფო სამშენებლო კომპანია დაარსეს, ვერც წარმოიდგენდნენ, როგორ განვითარდებოდა და რას მიაღწევდა ბერლინის პატარა საამქრო შემდგომი 150 წლის განმავლობაში.
სიმენსების მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც 8 ძმა - ვერნერი, ჰანსი, ფერდინანდი, ვილჰელმი, ფრიდრიჰი, კარლი, ვალტერი და ოტო იზრდებოდნენ, გერმანიაში, ჰანოვერის მახლობლად, ლენთეში ცხოვრობდა. პირველი ვაჟი ვერნერი მათ 1816 წელს შეეძინათ. ვერნერ სიმენსს მართალია უნივერსიტეტში არ უსწავლია, მაგრამ მისი ტოლფასი განათლება სამხედრო-საარტილერიო კოლეჯში მიიღო. მათემატიკას, ფიზიკას და ქიმიას ღრმად დაუფლებული ათასგვარი გამოგონების ავტორი გახდა. ექსპერიმენტები ციხეშიც კი არ შეუწყვეტია, როცა სამხედრო ტრიბუნალმა დუელში სეკუნდანტობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პირველი სამუშაოები გალვანოპლასტიკასთან იყო დაკავშირებული - გალვანური მეთოდით მოოქროება და მონიკელება. მაგრამ სიმენსების კომპანიის აღმავლობის საწინდარი ერთსა და იმავე წელს ისრიანი ტელეგრაფის და სპილენძის სადენებზე რეზინის (გუტაპერჩის) იზოლაციის ზედსადები მანქანის შექმნა გახდა. შემდეგ ძმასთან, ვილჰელმთან ერთად გამოიგონა ინერციული რეგულატორი ორთქლის ძრავისთვის. მუშაობდა ტელეგრაფის, ელექტრული განათების, ელექტროსადგურების საკითხებზე. შექმნა პირველი "ელექტრული რკინიგზა" - ტრამვაი, პირველი ლიფტი...
საქართველოსთან კი ძმები სიმენსები ტელეგრაფმა დააკავშირა.
საქართველო თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, შავ ზღვაზე გასასვლელი ნავსადგურებით უძველესი დროიდან იყო ძლიერი მეზობელი ქვეყნების იმპერიული სურვილების მსხვერპლი. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, დღევანდელი გამოთქმით თუ ვისარგებლებ - ევრო-აზიური დერეფანი, მრავალჯერ გადაუსერავთ სავაჭრო ქარავნებს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პირიქით. ტყუილად არ უქებდა ვახტანგ V (შაჰნავაზი) ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს უძველეს აბრეშუმის გზას - ჩვენს ქვეყანაზე გამავალი გზა ინდოეთში მიმოსვლისათვის საუკეთესოაო.
ყოველივე ეს რუსეთის იმპერიისთვისაც კარგად იყო ცნობილი და XIX საუკუნეში, როცა საქართველო უკვე რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად მოიხსენიებოდა, დაიწყო ინდო-ევროპული სატელეგრაფო ხაზის მშენებლობა. ამ მსოფლიოში უნიკალური სატელეგრაფო კავშირის ერთი მონაკვეთი საქართველოზე გადიოდა-გაგრა, სოხუმი, ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, შორაპანი, ხაშური, გორი, კასპი, მცხეთა, თბილისი... და შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდებოდა. 1867 წელს უკვე სახელგანთქმული ფირმა "სიმენსი და ჰალსკე" თავის ბერლინის, ლონდონის და პეტერბურგის კომპანიებთან ერთად აპროექტებს სატელეგრაფო ხაზს ლონდონი-კალკუტა და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს მთელი გზის გაყოლებით.
ვალტერ სიმენსი 1860 წლიდან საქართველოშია. მას სხვადასხვა მიმართულებით სატელეგრაფო ხაზის მშენებლობის ორგანიზება, ზედამხედველობა, მოლაპარაკების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება ევალება. კონტრაქტებს და მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვებს ასევე ხელს აწერს კავკასიის მთავარმმართებლის საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ორბელიანი. დიახ, ქართველი დიდგვაროვანი, ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, პოეტი რომანტიკოსი, გენერალ-ადიუტანტი გრიგოლ ორბელიანი რუსეთის არმიაში სამსახურის შემდეგ 1859 წლიდან სამოქალაქო საქმიანობითაა დაკავებული და საქართველოში ტელეგრაფის მშენებლობას ყოველმხრივ ხელს უწყობს.
პირველი ელექტრომაგნიტური სატელეგრაფო ხაზი აშენდა თბილისიდან ფოთამდე, განშტოებით ბორჯომსა და კოჯორში. იმხანად კოჯორში მყოფი გრიგოლ ორბელიანი, თბილისელი, ძმობაში გამტანი ყარაჩოხელების - ლოპიანას, ბეჟანა მკერვალის, დიმიტრი ონიკაშვილის თუ მირზაჯანას მეგობარი, დარდიმანდულ გუნებაზე "მუხამბაზს" წერდა და თან ყოვლად პროზაული საქმიანობით იყო დაკავებული. თბილისი-ფოთის მიმართულებით ტელეგრაფის სადგურების უფროსებს და მთავარ მექანიკოსებს თანამდებობაზე ნიშნავდა, ტელეგრაფის მოხმარების წესებს ადგენდა და თბილისი-სტავროპოლის სატელეგრაფო ხაზის მშენებლობის სარგებლიანობასაც ამტკიცებდა.
ყველა ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა ვალტერ სიმენსი და ამავე დროს ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის კონსულის მოვალეობასაც ასრულებდა. საჭირო მასალებს და აპარატურას ძმები სიმენსები აწვდიდნენ, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთი საწარმოები ჰქონდათ. ლონდონში იყვნენ ვილჰელმი და ფრიდრიჰი, პეტერბურგში - კარლი, დრეზდენში - ჰანსი.
საქართველოს რთული რელიეფი, ჩქარი მდინარეები ერთგვარ დაბრკოლებას ქმნიდა ტელეგრაფის ხაზების გასაყვანად. ვალტერ სიმენსი დაუღალავად შრომობდა და ქართველების ნდობასაც იმსახურებდა.
1867 წელს ინდო-ევროპული ტელეგრაფის მშენებლობა დაიწყო. 1865 წელს თავად ვერნერ სიმენსმა იმოგზაურა საქართველოში. იმყოფებოდა სოხუმში, ქუთაისსა და თბილისში. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღფრთოვანებული წერდა საქართველოს მრავალფეროვან ბუნებაზე, უძველეს ისტორიულ ძეგლებზე, ქართველი ხალხის გულითად მასპინძლობაზე. ვერნერ სიმენსი საქართველოს კიდევ ორჯერ ესტუმრა - 1868 წელს და 1890 წელს მეუღლესთან ერთად.
1870 წელს სიმენსებმა 11000 კილომეტრიანი ინდო-ევროპული სატელეგრაფო ხაზის - ლონდონი-კალკუტა, ტექნიკური ტრიუმფი იზეიმეს. სამწუხაროდ, ძმებთან ერთად ეს წარმატება ვერ გაიზიარა ვალტერ სიმენსმა. თბილისში იგი ცხენიდან ჩამოვარდა, მძიმედ დაშავდა და მალე გარდაიცვალა. სიმენსების სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი თბილისში ოტო სიმენსი გახდა. მან ძმის საქმიანობა ყოველმხრივ გააგრძელა და გერმანიის კონსულადაც დანიშნეს. 1871 წელს ოტო სიმენსიც გარდაიცვალა. ორივე ძმა ქართულმა მიწამ მიიბარა.
სიმენსების წარმატებული საქმიანობა კი გრძელდებოდა.
1874-84 წლებში ძმებმა სიმენსებმა ექვსი ტრანსატლანტიკური სადენი გაიყვანეს ხომალდ ?ფარადეი?-ს მეშვეობით. 1914 წლისათვის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დამაკავშირებელი სადენების ნახევარი სიმენსების მიერ იყო გაყვანილი.
1877 წელს ფილიპ რეისის და ალექსანდრ გრეჰემ ბელის ტელეფონის - ამ უნიკალური გამოგონების საფუძველზე, ვერნერ სიმენსმა საკუთარი ტელეფონის აპარატი შექმნა.
რამდენიმე წელია თბილისში SIEMENS-ის წარმომადგენლობა არსებობს. სწორედ აქ აგრძელებს მუშაობას კავშირგაბმულობის ისტორიის ცნობილი მკვლევარი ბატონი ანდრე კარბელაშვილი. მან ძმები სიმენსების მოღვაწეობას საქართველოში მრავალი ნაშრომი მიუძღვნა და ვალტერ სიმენსის მემორიალის გახსნაც თბილისში მისი დამსახურება გახლავთ.
დღეს, როდესაც უამრავ იაპონურ, ამერიკულ თუ სხვა ქვეყნის ცნობილი ფირმების აპარატურებს შორის გერმანულ სახელწოდებას SIEMENS ამოიკითხავთ, გახსოვდეთ, რომ ეს ჩვენი ძველი ნაცნობების ახალი თაობაა - ახალი საქმიანი ურთიერთობებით, ახალი იდეებით და ახალი წარმატებებით.

ნანა ზურაბიშვილი