კახეთო, ჩემო კახეთო

იყო ხელგაშლილი, უხვი და მადლიანი, არ გენანებოდეს შენი სიმდიდრე არავისთვის... იქნებ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება... მაგრამ ასეთია ჩვენი კახეთი - აღმოსავლეთ საქართველოს მრავლისმნახველი და მრავალჭირგამოვლილი ულამაზესი კუთხე.
გგონია, ლურჯი მთების ზოლი არასოდეს დამთავრდება. თვალუწვდენელი მინდვრები, ბაღ-ვენახები, ტყეები, ზანტად მომდინარე ალაზანი, ოქროსფერი სივრცე, რომელშიც ეხვევი და გრძნობ, რომ აი, ეს არის სამშობლო... არ ღელავ, არ ჩქარობ, გეუფლება დიდი სიმშვიდე და ფიქრობ, რომ ვერაფერი დაარღვევს ამ განწყობილებას... შენ კახეთის მიწაზე დგახარ.
კახეთის სამეფო, კახეთის სამთავრო, კახეთი - საქართველოს განუყოფელი ნაწილი - სხვადასხვა სტატუსით სხვადასხვა დროს; კახეთი - მტრისთვის ყველაზე გემრიელი ლუკმა, ათასჯერ აოხრებული, სისხლისგან დაცლილი, ვენახაჩეხილი და მაინც, ყოველ დროს, ქვეყნის საყრდენი და მარჩენალი. "ხოლო ქვეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა. რამეთუ თვინიერ ნარინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილის, ნაყოფიერებენ ყოველნი", - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
ცივგომბორის მთა კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს - შიგა და გარე კახეთად. პირველს ადრეც კახეთი ერქვა, მეორეს - კუხეთი. შიგა კახეთს ალაზანი არწყულებს, გარეს - იორი. კახეთის ერთ-ერთ ნაწილს - ქიზიყს ადრე კამბეჩოვანი (კამბიზენე) ეწოდებოდა.
ძველ ბერძენ გეოგრაფთან, სტრაბონთან ასეთ ფრაზას ვხვდებით: "მდინარე ალაზნით იბერიიდან ალბანიაში შესასვლელს წარმოადგენს უსწორმასწორო და უწყლო კამბიზენე". და, თუ ხევსურეთს უგზოობა აწუხებს, დასავლეთის ზოგ კუთხეს - მცირე მოსავალი, კახეთის ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის უწყლობა იყო. მარტო ალაზანი და იორი რას გაწვდება უზარმაზარ ვენახებსა თუ ყანებს... მაგრამ წყლის სიმცირე ნაკლები საფრთხეა იმ გაჭირვებასთან შედარებით, რაც კახეთს არსებობის დღიდან საკუთარი მხრებით უტარებია, განსაკუთრებით კი სპარსეთის შაჰის - შაჰ-აბასის შემოსევების დროს. ნგრევა და აყრა-გადასახლება, სისხლის აღრევა და სარწმუნოების დათრგუნვა, ვაზის ამოძირკვა... შემოსეულ მტერს პირველი კახეთი ხვდებოდა, თავგანწირულად იბრძოდა, რომ მომხდური როგორმე შეეჩერებინა და დანარჩენი საქართველო აოხრებას გადაერჩინა. იბრძოდა, შრომობდა და არასოდეს კარგავდა მომავლის იმედს.
"ქვეშ-ქვეშ გველაძუობა, პირმოთნეობა კახელს ჭირივით ეჯავრება, რადგან თვითონ არის გულწრფელი, გულგაშლილი და პირდაპირი", - შენიშნავს იაკობ გოგებაშვილი. ასევე ახასიათებს კახელებს ვახუშტი ბატონიშვილიც: ?შუენიერნი, ჰაეროვანნი, ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, შემმართებელნი, ერთგულნი..."

განუმეორებელი, საღი იუმორი იმდენად გაუჯდა ყველას სისხლსა და ხორცში, რომ ანეკდოტებად იქცა და მთელ საქართველოს მოედო კეთილი, ღიმილიანი ამბები დინჯ კახელებზე... მაგრამ მათ ბუნებას ალაზნის ველზე გაგონილი სევდიანი ურმულით, ან კახური ჩაკრულოთი და მრავალჟამიერით უფრო ამოიცნობ. მათი მოსმენისას ყელში ბურთი მოგებჯინება, ქართველობის გამო სიამაყით აღივსები და დიდი საქმეების კეთება მოგინდება.
იქნებ ღირს, რომ ადგე და ფეხით მოიარო მთელი კახეთი?
დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ყველაფერი ნახო და შეაფასო. ეს იგივეა, დროში იმოგზაურო და თელავი იქნება თუ ლაგოდეხი, ყვარელი თუ სიღნაღი, ახმეტა თუ გურჯაანი თავისი ღირსშესანიშნაობებით, სულსა და გონებაში ჩაიბეჭდო.
აი, თელავიც - კახეთის უძველესი, მთავარი ქალაქი, გომბორის მთის ჩრდილო კალთაზე შეფენილი სახლებით, ბაღ-ვენახებით; ერეკლე მეფის რეზიდენცია - ბატონის ციხე, ერეკლეს ცნობილი აბანოები, რომლებსაც კედლის მშვენიერი მოხატულობა ჰქონია; ესეც სიღნაღი - კიდევ ერთი გალავნიანი ქალაქი, დღეს უკვე ქალაქი-მუზეუმი... აქვეა ნეკრესის ულამაზესი ტაძარი, ერთადერთი ეკლესია საქართველოში, სადაც საკლავად ღორს სწირავენ კახელები და ამას ხუმრობით "ღორის ქელეხზე" მიპატიჟებას უწოდებენ; აი, შუამთის მონასტერი - რამდენჯერ გადაუმალავთ აქ მტრისგან დასაცავად კახელებს ქალები და ბავშვები; დავით-გარეჯი - სამონასტრო კომპლექსი, სადაც თავის დროზე ასურელ მამათაგან ერთი - წმინდა დავითი დაბინავებულა...
ციხე-ქალაქი უჯარმა ანტიკურ ხანაში აუგიათ და მოგვიანებით ვახტანგ გორგასლის სამეფო რეზიდენციად ქცეულა. გრემის ნაქალაქარით კი ბევრი უცხოელი აღფრთოვანებულა.
ალავერდობა... ალავერდი - XI საუკუნის უმშვენიერესი ტაძარი. ალავერდობა ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც მთელ კახეთსა და საქართველოს აერთიანებს.
იყალთოს აკადემია უმნიშვნელოვანესი სასწავლო კერა იყო გელათის აკადემიის შემდეგ, სადაც არსენ იყალთოელი მოღვაწეობდა XII საუკუნეში...

წინანდალი - კახეთის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულო სამყოფელი.
კახელებს უძველესი არქეოლოგიური ნივთებითაც შეუძლიათ მოიწონონ თავი. სოფელ საკობიანოში აღმოჩენილ უძველეს ქართულ მონეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში. ეს ფული, თურმე, თრაკიის მეფის, ლიზიმახეს (323-281 წწ.) მონეტის მიბაძვას წარმოადგენს.
კახეთი... ილია ჭავჭავაძისა და ფიროსმანის სამშობლო.
რამდენია სანახავი ამ მიწაზე; ტაძრები და ციხეები, ცადაზიდული ნისლიანი მთები და ტრამალები, სიძველენი, რელიკვიები, მადლიანი მიწა, სამკურნალოც კი... განთქმულია ახტალის სამკურნალო ტალახი.
მაგრამ კახეთის ნამდვილი სიმდიდრე და ეგზოტიკა - თავად კახელები არიან.
კახეთიდან ისე არავინ გამოგიშვებს, ჩაქაფული ან ხაშლამა არ გაგასინჯოს ცხელ-ცხელ, სურნელოვან შოთის პურთან ერთად და ზედ კახური ღვინო არ დაგაყოლებინოს... ზღაპარი სწორედ იმ წუთიდან იწყება, როცა კახური ღვინით მიღებულ მათრობელა სიამოვნებას შეიგრძნობ...
კახეთი და ვენახი განუყოფელია. უწინ ღვთაებასაც კი ღვინოს სწირავდნენ, შესაწირ სასმელს ზედაშეს უწოდებდნენ. ქიზიყის თითქმის ყველა სოფლის ძველ ნასახლარზე მცირე საფარქვეშ შეფარებული ზედაშეს ქვევრზე ქიზიყელი ამბობს: "ზედაშეს ფუძის ანგელოზი გფარავდესო". ზედაშეს ქვევრს, ფუძიდან აყრის შემთხვევაში, სამუდამოდ არასოდეს მიატოვებდნენ. კახელთა რწმენით, ქვევრის ადგილიდან დაძვრა ოჯახს ან გვარს დიდ უბედურებას მოუტანდა... ამასთან, ზედაშე წითელი ფერისა უნდა ყოფილიყო. საქართველოში ჩამოსული არაერთი უცხოელი წასულა აღფრთოვანებული და გაბრუებული "საუცხოო კახურით": "აქ სვამენ ზამთარ-ზაფხულ, სვამენ ყველგან და ყოველთვის, მაგრამ არავინ თვრება, რადგან ერთხელ დამთვრალი უკვე ლოთად ითვლება. აქ სვამენ იმდენს, რამდენსაც არ სვამენ და არც შეუძლიათ დალევა არც ფრანგებს, არც ესპანელებს არც იტალიელებს..."
კახეთში დღესაც ოთხმოცამდე ჯიშის ვაზი ხარობს, მათ შორის საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ბუდეშური, თითა... მათგან დაწურულ მშვენიერ სუფრის ღვინოებს არაერთხელ მოუპოვებიათ სხვადასხვა ჯილდო. ამბობენ, ღვინოს სულ სხვა გემო აქვს იმ მარანში, სადაც ის იწურებაო. კახური მარანი - თავისი "ჭურჭელ-იარაღით", საწნახელით, რომელსაც აქ ნავს უწოდებენ, მართლაც რომ განსაკუთრებულია.
თუმცა, მანამდე რთველია - ყურძნის კრეფა უფრო რიტუალი, მისტერიაა, ვიდრე ჩვეულებრივი შრომა.
ხოლო მაშინ, როცა კახელი ვაჟკაცი ფარჩის ახალუხზე "ჩერქეზკას" შემოიცვამდა, ქამარ-ხანჯალს შემოირტყამდა, თავზე კი შავი ბატკნის ტყავის გრძელბეწვიან "ბუხრის" ქუდს დაიხურავდა და ლამაზ პატარძალზე ჯვარს დაიწერდა, სწორედ ამ ღვინით ლოცავდნენ მათ მომავალ ცხოვრებას.
როცა გგონია, რომ ამ კუთხეზე ყველაფერი თქვი, სწორედ მაშინ ხვდები, რომ ვერაფერი გითქვამს, ანდა - როგორ უნდა გამოთქვა...
კახეთი უნდა ნახო, კახეთი უნდა გიყვარდეს...

ეკა ქევანიშვილი