ის სულ
მაღლაა, ზემოდან
დაგვყურებს
და გვაკვირდება,
მისი ჭიუხები
ცას ერთვის,
მის ხევებს ბოლო
არ უჩანს, იქ
არსებულ საოცარ
სიჩუმეს კლდიდან
დაშვებული ქვა
თუ დაარღვევს,
ან ცხენების
ფლოქვების თქარათქური...
ხევსურეთი
- საქართველოს
ბუნებრივი ნაკრძალი,
უგზო მხარეა,
საცალფეხო ბილიკებით
დასერილი, რომლებიც
ზამთარში სულ
მიუვალი ხდება.
იქნებ ამიტომაც
დარჩა იგი ასეთი
ხელშეუხები,
ასეთი შორი და
განსხვავებული
თავისი ხალხით,
ცხოვრების წესით...
საქართველოს
აღმოსავლეთ
მთიანეთის
ეს ნაწილი არდოტის,
შატილის და არხოტის
ხეობებს მოიცავს.
ხევსურულ დიალექტში
ორი კილოკავი
არსებობს და
თვითონ მხარეც
ორ ნაწილადაა
გაყოფილი - პირიქითა
და პირაქეთა
ანუ ბუდე ხევსურეთად.
კიდეგანაი (4213
მ. ზღვის დონიდან)
და ცროლი (3950 მ. ზღვის
დონიდან), მახი
(3875 მ. ზღვის დონიდან)
და ამუღო-თებულო
(4567 მ. ზღვის დონიდან)
- ის მყინვარებიანი
ქედებია, რომლებიც
ამ ისედაც მიუდგომელ
მხარეს კიდევ
უფრო მიუვალს
ხდის. ხევსურეთის
სახელწოდებაც
ხომ ღრმახევებიან
ადგილს ნიშნავს;
მაგრამ ეს კი
არ გაშინებს,
უფრო გიზიდავს,
უფრო გაინტერესებს.
რა არის იმ მთების
იქით, მათ ვიწრო
ბილიკებს რომ
გადაივლი... ასეთ
ცხოვრებასთან
შეგუება ალბათ
მარტო ხევსურებს
თუ შეეძლოთ, რომლებიც
დღემდე ძველითაც
ცხოვრობენ და
ახლითაც... "გულადობა,
პირდაპირობა,
ძმობა, დამოუკიდებლობა
და თავისუფლების
სიყვარული მათში
თითქმის უცვლელად
დარჩენილაო",
- შენიშნავდა
იაკობ გოგებაშვილი.
არა,
ისინი არასოდეს
ყოფილან მდიდრები;
პირიქით, ხევსურეთი
ერთ-ერთი ღარიბი
მხარეა საქართველოსი.
აქ ბუნებრივი
გარემო უფრო
მწირია. პირაქეთა
ხევსურეთში,
სადაც უფრო თბილა,
მთის კალთებს
ფოთლოვანი ტყე
მოსავს; ეს მხარე
ალპური და სუბალპური
მდელოთია მდიდარი,
რაც ხევსურეთში
მესაქონლეობის
განვითარებას
განაპირობებს.
მიწათმოქმედებას
ისინი ნაკლებად
მისდევენ, თუმცა,
მოჰყავთ ქერი
და ზოგან სიმინდიც.
ხვნა-თესვის
დასაწყისად
აქ მარტის ბოლო
იყო მიჩნეული
და დღესაც ეს
პერიოდი განსაკუთრებულად
- "ოცობად" მხოლოდ
ხევსურეთსა
და თუშეთში იწოდება.
ხევსურებს
სამზარეულოც
ყველასგან განსხვავებული
აქვთ - ისინი
ღვინით ვერ დაგლოცავენ,
მაგრამ სამაგიეროდ
ხევსურულ ლუდს
და "ჟიპიტაურს"
შემოგთავაზებენ,
თავიანთ ნანადირევ
ჯიხვის მწვადს
ააშიშხინებენ
და ოცდათორმეტნაოჭიან
ხინკალს მოგაგებებენ.
აი, სტუმარ-მასპინძლობა
კი აქ მართლაც
განსაკუთრებული
იცოდნენ. თუ მგზავრს
ხევსურეთში
რომელიმე სოფელთან
შემოაღამდებოდა,
იქ მივიდოდა,
სადაც "საფეხვნო"
(მამაკაცების
თავყრილობის
ადგილი) იყო.
თუკი აღმოჩნდებოდა,
რომ მგზავრს
მასპინძელი
არ ჰყავდა, ცხენს
ჩამოართმევდნენ
და ბავშვს გააყოლებდნენ
რომელიმე ოჯახში.
ყველა ცდილობდა,
თავისთან წაეყვანა
სტუმარი - მათი
რწმენით, გარდა
პატივისა, სტუმრის
მიღება სასარგებლოც
იყო, მას ბარაქა
მოჰყვებოდა
თან. თუ შემთხვევით
ჩხუბი მოხდებოდა,
მასპინძელი
სტუმრის მხარეს
იყო. ყველაზე
სამარცხვინო
სასჯელად სტუმართან
დაშვებული შეცდომის
გამო თემიდან
და სოფლიდან
მოკვეთა ითვლებოდა.
ხევსურებში,
ისევე როგორც
მთის ყველა ხალხში,
განსაკუთრებული
სიმძაფრით
იციან ძმობაც
და მტრობაც.
ზნეობრივი კატეგორიები
მთაში ყოველთვის
ძვირფასი და
ურყევი იყო.
მეგობრობა
და ძმად მიღება
უდიდეს ნდობასა
და ამასთანავე
მოკრძალებას
გულისხმობდა.
ხოლო ამ ნდობის
გაცრუება და
ღალატი უსასტიკეს
მტრობას აღვიძებდა.
მტრობა
ხევსურთათვის
სისხლის აღების
ტრადიციას
უკავშირდება.
ამაყი ხასიათის
ხევსურნი შეურაცხყოფას
არავის აპატიებდნენ.
თუმცა, შეურაცხყოფასაც
გააჩნდა და
დამნაშავეც
ყოველთვის ერთნაირად
არ ისჯებოდა.
ნაკლებად "ნაწყენი"
ხევსური მეტოქეს
"კეჭნაობას" დაუწყებდა,
რაც ხევსურული
მახვილით ბრძოლის
უფრო მსუბუქი
ფორმა იყო გამორჩეულ
ხევსურს "კაი
ყმა" ერქვა და
უდიდესი პოპულარობით
სარგებლობდა.
ახლაც
შემორჩათ ქალის
მოტაცების ჩვეულება
ხევსურებს. ოჯახში
ქალები ბევრს
მუშაობდნენ,
ღამით მატყლს
ჩეჩავდნენ, ართავდნენ,
აკერებდნენ,
ქსოვდნენ ულამაზეს
"თათებს", "პაჭიჭებს".
ხევსურული
სამოსი ხომ ხელოვნების
ნამდვილი ნიმუშია.
ხევსურეთში
ქალის კაბა
ანუ სადიაცო
ორი ნაწილისგან
იკერებოდა და
უამრავი რთული
დეტალი ჰქონდა,
რომელიც ნაქარგით,
ოქრომკედითა
და სირმებით
იყო გაწყობილი.
მაგრამ ეს არ
იყო მარტო მშვენიერი
კაბა, იგი სიმბოლურად
ქალის ცხოვრების
ეტაპებს ასახავდა
- ამ ტანსაცმლის
ერთ-ერთი შესაბნევი,
რომელსაც ?სადროვო
გასახსნელი?
ეწოდებოდა, ქალს
გარკვეულ დრომდე
შეკრული ჰქონდა.
ყოველთვის
მძიმე იყო ქალის
ცხოვრება მთაში,
თუმცა, ამ სიმძიმეს
ოდნავ მაინც
ამსუბუქებდა
მის მიმართ
საოცარი პატივისცემა.
ცნობილია უძველესი
ტრადიცია, როცა
მამაკაცების
ჩხუბს შესწრებული
ქალი მათ გასაშველებლად
მანდილს ჩააგდებდა
მოჩხუბართა
შორის და იტყოდა:
"ესეთა გეხვეწებით".
ცეცხლოვან ხევსურულ
ცეკვაშიც აისახა
ეს ჩვეულება, ცეკვაში,
რომელიც შესაძლოა,
ყველაზე უკეთ
გამოხატავს
ხევსურთა ხასიათს...
იმისათვის,
რომ ხევსურთა
სული და ბუნება
შეიცნო, მთის
უძველესი ტრადიციები
და ძვალსა და
რბილში გამჯდარი
ზნე-შეხედულებები
უნდა გაიაზრო.
აქ ყოველივე
რწმენას ემყარება,
ერთმანეთზე
გადაჯაჭვულ
საუკუნეობრივ
წეს-ჩვეულებებსა
და ქრისტიანულ
აღმსარებლობას.
ეს ტრადიციები
ყველაზე მეტად
ლხინსა და ჭირში
მჟღავნდება.
ხევსურეთში
"ჭირის საწყენად"
- მწუხარების
გასაზიარებლად
ჩამოსული ხალხის
მიღება-მასპინძლობა
ჭირისუფლების
პრობლემა არასოდეს
ყოფილა. მათი
გადაპატიჟება
აქ მეზობლების
საზრუნავი იყო
ოდითგანვე.
მიცვალებულის
გაპატიოსნებას
ხევსურები დიდ
მნიშვნელობას
ანიჭებდნენ.
"სულის ტალავარი"
ანუ სამოსიც
საგანგებო ჰქონდათ...
სუდარად კი
სამი ფერის
პერანგი იხმარებოდა
- თეთრი, წითელი
და შავი. მთის
ხალხისთვის
დამახასიათებელი
ხმით დატირებას
აქ "დათვლით"
ტირილს უწოდებენ...
რწმენა...
ხევსურ
კაცს სწამდა,
რომ მერცხალი
არ უნდა მოეკლა;
სწამდა, რომ
გუგულისთვის
"ღალის მოპარვის"
რიტუალს თუ ჩაატარებდა,
ოჯახში ბარაქა
მოემატებოდა...
ხევსურებს მრავალი
დღესასწაული
აქვთ საერო თუ
საეკლესიო. სვანების
მსგავსად, ხევსურეთში
ყოველ დღეს თავისი
დატვირთვა აქვს.
დღესასწაულზე
უმთავრესი ხუცესი
იყო, რომელიც
ხატობას უძღვებოდა.
ხატობა მრავალჯერ
იმართება, მაგრამ
მთავარი და
საყოველთაო
ხასიათისა
- ათენგენობა,
ამაღლება, მარიამობა
და გიორგობა
გახლავთ. ამ
დროს ყველა ერთად
იკრიბება, ყველას
"საკლავი" მიჰყავს
სალოცავში და
აწირვინებს..
ერთ-ერთ მნიშვნელოვან
დღესასწაულს,
რომელიც ამაღლებას
ემთხვევა, "ერბოობა"
ეწოდება.
ხევსურთა
მთავარი სალოცავი
გუდანის ჯვარია,
შემდეგ მთავარანგელოზის,
ხახმატის და
ლიქოკის ჯვრები.
ხახმატის ჯვარს
"სადიაცო" სალოცავსაც
უწოდებენ - მათი
რწმენით, იგი
უშვილო ქალებს
სწყალობს. ხევსურებს
დღემდე ურყევად
სჯერათ, რომ
სამების ხატი
ბუნების სტიქიურ
მოვლენებს განაგებს...
ყოველ
სოფელს ჰყავს
თავისი "ადგილის
დედა", რომელსაც
მნიშვნელოვანი
დღესასწაულების
დროს ასევე მოილოცავენ
ხოლმე. ზოგი გერგეტის
კოშკებთან ლოცულობს,
ზოგი კი დიდგორის
ხატზე... მაგრამ
ჩასული კაცისთვის
მთელი ხევსურეთი
სალოცავს ემსგავსება,
ისე მიახლოებია
ღმერთს თავისი
ცას მიბჯენილი
ციხე-კოშკებით.
ხახმატის ციხე,
მუცოს ციხე, ლებაისკარის
ციხე, შატილის
ციხე-სოფელი
- ხევსურეთის
სახე და ხასიათი,
მართლაც მისტიკური,
მიუწვდომელი
სილამაზით გიპყრობს.
ხევსურეთში
ყოველ გვარს
ერთი გამორჩეული
კაცი ჰყავდა
- "კითხული", რომელიც
მსაჯულიც იყო,
საქმეთა გამგებელიც
და გვარის წინამძღოლიც.
მოგვიანებით
ეს ინსტიტუტი
დეკანოზებმა
და ხევისბერებმა
შეცვალეს. თუმცა,
არსებობდა კიდევ
სოფლის სასამართლო,
რომელიც თემიდან
მოკვეთას თუ
გვართა შორის
აღძრულ დავას
წყვეტდა. მაგრამ
როცა საქმე სამშობლოს
ეხებოდა, მაშინ
მოკეთეც და მოშურნეც
ერთად იდგა,
ხევსურული ჯაჭვის
პერანგით იმოსებოდა
და საჭურველს
ისხამდა.
ხევსურთა
საარაკო გმირობის
ამბავი ლეგენდებად
შემონახულა.
ხევსურეთი
- უდრეკი სული,
სიამაყე, ვაჟკაცობა,
გაუტეხლობა,
მითიური და
მისტიკური სამყარო,
ღრმა ფესვებიდან
ამოზრდილი მიწიერებისა
და ზეციური რწმენის
პარადოქსული
ერთობა.
გავიხსენოთ
სწორფრობის
ანუ წაწლობის
ჩვეულება - საოცარი
რამ, რომლის
გაგება ზოგი
კუთხის ქართველებისთვისაც
კი არცთუ იოლია.
ხევსურეთში
ყველას ჰყავდა
მისი სწორფერი
- ადამიანი, რომელთანაც
სიყმაწვილიდან
განსაკუთრებულად
ნაზი გრძნობები
აკავშირებდა;
მაგრამ სწორფერზე
არასოდეს ქორწინდებოდნენ
და ოჯახის შექმნისთანავე
ურთიერთობა
საბოლოოდ წყდებოდა.
ალბათ, ამიტომ
რჩებოდა წაწლობის
გრძნობა ასეთი
სუფთა, ასეთი
ლამაზი და ასეთი
რომანტიკული.
ასე
სწამდათ, ასე
უყვარდათ, ასე
ცხოვრობდნენ
ხევსურები, როდესაც
ერთად იყვნენ
და ბევრნი. ახლა
ისინი დაცოტავდნენ,
წავიდ-წამოვიდნენ,
სოფელს მოხუცების
ლოდინით დაღლილი
თვალები და ცარიელი
შარაგზა შემორჩა.
არადა, როგორ
ენატრებათ ხევსურებს
დაღლილი მგზავრი,
რომელსაც გულიანად
მიეგებებიან
და ეტყვიან:
"მშვიდობით მოხველ"...
თუმცა, იქნებ
ეს უკვე ლოდინიც
აღარ არის, იქნებ
ეს უფრო მარტოობასთან
შეჩვევაა...
გიორგი
ჯაყელი