"აქაცა რეკავს!..."


"აქაცა რეკავს, დალოცვილი, აქაცა რეკავს!..." გაბადრული კახელი გლეხის ეს შეძახილი მთელ საქართველოს მოედო და მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ კახეთი მაგთი GSM -ის ქსელში ჩაერთო.
სხარტი, ლაკონური და ორიგინალური სარეკლამო კლიპი ერთბაშად გახდა პოპულარული. მას ის ადამიანებიც სიამოვნებით უყურებდნენ, ვისაც კახეთთან მობილური კავშირი არცთუ ისე ხშირად სჭირდებოდა. კლიპი კახეთის კიდევ ერთ პატარა სიმბოლოდ იქცა, ლაღ და ხალისიან სიმბოლოდ და სრულიად არაკახელნიც მობილურის ზარის ხმის გაგონებაზე ღიმილით ამბობენ: "აქაცა რეკავს, დალოცვილი, აქაცა რეკავს..."
ეს სარეკლამო რგოლიც ნეოსტუდიაში შეიქმნა, ისევე როგორც მაგთი GSM -ის ყველა სხვა კლიპი.
იდეიდან კლიპის ეკრანზე გამოჩენამდე განა დიდი დრო გადის... მაგრამ იმდენად სავსე და დატვირთული, რომ ზოგჯერ შეიძლება მთელი ცხოვრება გეგონოს.
გადამღები ჯგუფი "ობიექტის ასათვისებლად" კახეთში მიდის - პროდიუსერი მანანა შევარდნაძე, რეჟისორი გიორგი ებრალიძე, სცენარის ავტორი ნანა ზურაბიშვილი, ოპერატორი გიორგი ბერიძე, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, მენეჯერი ნინო ოკუჯავა, ნეოსტუდიის მთავარი ინჟინერი გია ფავლენიშვილი...

თელავის თეატრში, მთავარი რეჟისორის ოთახში მსახიობები შეიკრიბნენ. როცა გაიგეს, რა რეკლამა უნდა გადაეღოთ, გულით გაიხარეს - ამ უშუქობა-უბედურებაში, ქვეყანას მოწყვეტილებს ერთი სიხარული - მობილური მაინც გვექნებაო.
რამდენიმე პერსონაჟი იყო ასარჩევი - ისინი, ვინც ჭურში უნდა ჩასულიყვნენ. გიორგი ებრალიძემ დიდხანს არჩია კანდიდატურები, შემდეგ სთხოვა, კახური ქუდები დაიხურეთო და მაშინვე ნათელი გახდა, ქვევრში ვინ და ვინ ჩადგებოდა.
მთავარი გმირი, ანუ "აქაცა რეკავს" მაინც ვერ შეარჩიეს.
მერე ვიღაცამ იკითხა, ერეკლე სად არის, რატომ იგვიანებსო...
და აი, ოთახში ვანო იანტბელიძე შემოვიდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, "გაკახელებული" იმერელი და უკვე კახელებზე მეტად კახელი. ერეკლე მას მერე შეარქვეს, რაც მეფე ერეკლე ითამაშა თელავის თეატრის სცენაზე.
ცისფერთვალება, ხალისიან, როხროხა ვანოს "პრობები" აღარ სჭირდებოდა. ყველაფერი ნათელი იყო.
ახლა მარანი იყო შესარჩევი. გადამღები ჯგუფი და მსახიობების მთელი ამალა ერთად ეძებდა შესაფერის მარანს მთელ თელავში. ოჯახ-ოჯახ დაიარეს. ყველგან სიხარულით და კახური სტუმართმოყვარეობით ეგებებოდნენ. მარნიდან ღვინის გაუსინჯავად არ უშვებდნენ, კახური ჩურჩხელებით და ათასი რამით უმასპინძლდებოდნენ.

ბოლოს, შექეიფიანებულმა გიორგი ებრალიძემ თქვა, დროზე თუ არ ვნახეთ შესაფერისი მარანი, შეიძლება გადაღება გადავიფიქროთო.
მერე ერთმა გაიხსენა - თქვენ რომ გინდათ დიდი ქვევრები, ქარხნის მარანში თუ იქნებაო.
მოგეხსენებათ, წინანდლის ღვინის ქარხნის ეზოში დიდი, ქვითნაშენი მარანი დგას. მიწაში რვა უზარმაზარი ქვევრია ჩაფლული. გარემო კი ისეთი კოლორიტული და ისეთი "კახურია"...
თითქოს ყველაფერი მოგვარდა. გადაღების დღე დაინიშნა.
მარანი საგულდაგულოდ დასუფთავდა, მილაგდა, გალამაზდა და გადასაღებად მომზადდა.
აპარატურა გამართულია.
მსახიობები ქვევრებში ჩაძვრნენ.
"მატორ!" - დაიძახა გიორგი ებრალიძემ. კახელები ქვევრებიდან ამოძვრნენ და ყელის კიდეებს დაეკიდნენ. ქვევრები მათზე დიდი იყო და ფსკერს ფეხს ვერ აწვდენდნენ. ცხადი იყო, ასე დიდხანს ვერ გაჩერდებოდნენ. დაფაცურდნენ კახელები, მალე ხელდახელ შეჭედილი მოკლე კიბეები მოიტანეს და ქვევრებში ჩადგეს.
"მთავარ" ქვევრში, "მთავარი" გმირი იყო ჩამძვრალი. მაგრამ მის სახეს "მთავარი" განათება სჭირდებოდა. ამიტომ იანტბელიძესთან ერთად ქვევრში გია ფავლენიშვილიც ჩავიდა.
გადაღება კარგა ხანს გაგრძელდა და ყოველი ახალი დუბლის გადაღებისას, ვანო იანტბელიძის ყოველ ჩაძრომა-ამოძრომაზე, "ფავლენას" თავზე ქვევრში ჩაბუდებული ათასგვარი მწერი თუ ჭიაღუა ეყრებოდა. გია კი, ყველაფრის მიუხედავად, ორ საათზე მეტ ხანს იჯდა ქვევრში და თავის საქმეს ჩვეული სიმშვიდითა და თავდადებით ასრულებდა.
გადაღება დამთავრდა; მალე კლიპი მთელ საქართველოს მოედო. ვანო იანტბელიძე, რომელსაც პოპულარობა არასდროს აკლდა, ამ კლიპის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული შეიქნა. მართალია, ზოგჯერ ზურა ქაფიანიძეში ეშლებათ, მაგრამ რა ვუყოთ...
- ამას წინათ, ერთ სუფრაზე ვიყავით მე და ზურა. მითხრა, შენ რომ საქმე გამიკეთე, ტყუილია - ყველა მეუბნება, იმ რეკლამაში რა კარგი იყავიო - იცინის ვანო, - მეც მიხარია და ძალიან მომწონს. თეატრალური როლი მალე ქრება და მიდის, კინოც დიდი-დიდი ერთხელ-ორჯერ დაატრიალონ. აი, ეს კლიპი კიდე, მიდიოდა და მიდიოდა...
ჩემი დამსახურება ამაში რა არის, ის, რომ ასეთი გავჩნდი, მეტი არაფერი.
იმდენი როლი მაქვს ნათამაშები, რიჩარდიც, ანტუანიც, ათასნაირი ქართველიც; მაგრამ ეს როლი ჩემთვის სულ სხვაა. აქ ნაღდი კახელი ვარ და იმიტომ.
სად არ ვიყავი, მაგრამ ვერაფერი შევირგე. ეტყობა, აქ მინდოდა... ქვევრში ჩაჯდომა მინდოდა და "ალო" მეთქვა მინდოდა...
როხროხებს ვანო, თავის ნათელ, ცისფერ თვალებს აბრიალებს და სიყვარულს აფრქვევს.
- რა დღეში ვარ, რო იცოდეთ - ჯერ ხომ საქმე გამიჭირეს: "ერთი დაგვარეკინე, მობილი სად გაქვსო", დამდევენ. ვეუბნები, ჭურში დამრჩა-მეთქი; აბა, რა ვუთხრა.
მერე კიდე, თუკი ვინმემ ვერ დარეკა, ან კავშირი არ მყარდება, მე მირეკავენ სახლში: "ეგ არის, ვანო, "აქაცა რეკავსო""
იცინის ვანო, ვითომ წუწუნებს. სინამდვილეში კი უხარია, ისევე როგორც ყველა კახელსა და ყველა ქართველს.
ნიჭიერი და კარგი საქმე ვის არ ეამაყება...