არ იყიდოთ "იაფი მობილურები"

დღეს ყველამ იცის - მობილურ ტელეფონს უნდა გაუფრთხილდე...
ჯიბეში უბრალოდ არ უნდა გედოს;
მანქანაში არ უნდა ჩატოვო;
ჩანთით თუ დაგაქვს, ყურადღება არ უნდა მოადუნო;
თუ არადა, მხოლოდ მობილურს კი არ დაკარგავ, მანქანის შუშასაც ჩაგიმსხვრევენ და გაჭრილი ჩანთიდან საბუთებსაც მიაყოლებენ.
დღეს ყველამ ისიც მშვენივრად იცის, რომ მოპარული "მობილის" ყიდვა ძალიან იაფად შეიძლება, ბევრად უფრო იაფად, ვიდრე ყველაზე დაბალფასიანი ტელეფონისა სპეციალურ მაღაზიაში.
ზოგჯერ ამგვარი შენაძენის მსურველები განცხადებებსაც კი აქვეყნებენ პრესაში თუ ტელევიზიით: "ვიყიდი მობილურ ტელეფონს იაფად".
ბავშვისთვისაც გასაგებია, რომელ იაფიან ტელეფონზეც არის საუბარი.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თუკი ადამიანს თავისი "მობილის" გაყიდვა უნდა, ამის უფლება არა აქვს და ფასის დადებაც თვითონვე არ შეუძლია. მაგრამ ასეთ დროს გადაფორმების სპეციალური ფორმები ივსება მაგთი GSM -ის რეალიზაციისა და მომსახურების ოფისში და ახალი მფლობელი სრულიად კანონიერად დაეპატრონება მობილურ ტელეფონს.
მაგრამ მათ, ვინც იაფი აპარატის ძებნაში უნებურად ხელს უწყობს შავ ბაზარზე მოპარული ტელეფონების გასაღებას, არ ვურჩევთ ამგვარი არჩევანის გაკეთებას.
მაგთი GSM -ი ცდილობს, დაიცვას მომხმარებლის ინტერესები.
როდესაც მსურველი ლეგალურად ყიდულობს მობილურ აპარატს, ყუთზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებულია ამ აპარატის სერიული ნომერი, ე.წ. IMEI. სერიული ნომერი აპარატს უკანა მხარეს, ბატარეის ქვეშაც აწერია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სერიული ნომერი წაშლილია, იგი რჩება აპარატის მეხსიერებაში და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მისი წაკითხვა.
როდესაც დაკარგული აპარატი ახალი მფლობელის ხელში ხვდება, იგი ცხადია, აგდებს ძველ SIM ბარათს, ყიდულობს ახალს და ქსელში ერთვება.
ჩვენს კომპანიას აქვს საგანგებო სისტემა, რომელიც ყოველი კონკრეტული სერიული ნომრის მქონე აპარატის ქსელში ჩართვას პირველსავე ზარზე აფიქსირებს. ამრიგად, დაკარგული აპარატის სერიული ნომრის მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს მისი ახალი მფლობელის ვინაობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აპარატი კვლავ მაგთი GSM -ის ქსელში ჩაირთვება.
აქვე დავძენთ: იმისათვის, რომ ესა თუ ის აპარატი სერიული ნომრის მიხედვით აღრიცხვაზე იყოს აყვანილი მოსაძებნად, აუცილებელია გარკვეული იურიდიული ნორმების დაცვა. დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ კომპანიის იურიდიულ განყოფილებას
(ტელეფონი 32 18 81).
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანალოგიური პროგრამები GSM სისტემის თითქმის ყველა ოპერატორს გააჩნია.
სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ უკვე არაერთმა ჩვენმა აბონენტმა დაიბრუნა თავისი მობილური ტელეფონი.
გულწრფელად გირჩევთ, ნუ შეიძენთ მობილურ აპარატს შემთხვევითი პიროვნებისაგან - თუნდაც ძალზე იაფად. გახსოვდეთ, რომ ამ აპარატს მისი კანონიერი მფლობელი ეძებს.