Drive Test - GSM სიგნალის ტესტირების მეთოდი

Drive Test - როგორც მას ჩვენი უცხოელი პარტნიორები უწოდებენ, გულისხმობს GSM ქსელის ხარისხისა და სიგნალის გავრცელების შემოწმებას მოძრავი ავტომობილის საშუალებით. ეს პროცესი ხორციელდება ავტომანქანაზე დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობების კომპლექსის საშუალებით, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს GSM სტანდარტის მობილური ტელეფონი, ლეპტოპის ტიპის პერსონალური კომპიუტერი და მასთან მიერთებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა.
Drive Test - ანუ გაზომვისა და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა: განისაზღვროს საბაზო სადგურების მიერ GSM სიგნალით დაფარული ტერიტორია, სხვადასხვა ადგილებში მობილური ტელეფონის მიერ მიღებული სიგნალის დონე, მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები, საბაზო სადგურების ფუნქციონირება, მისი ცალკეული ელემენტებისა და კვანძების ვარგისიანობა.
ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი მოწყობილობა საშუალებას იძლევა, დადგინდეს მიღებული სიგნალის დონე რელიეფის ნებისმიერ წერტილში.
აქვე გთავაზობთ ჩვენს მიერ რივე თესტ -ის საშუალებით შედგენილ თბილისის მაგთი GSM სიგნალით დაფარვის რუკას (იხ. ნახატი).
რუკაზე განსხვავებული ფერებითაა აღნიშნული მიღებული სიგნალის დონე თბილისის ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე:
მწვანე ფერი შეესაბამება მიღებული სიგნალის მაღალ დონეს, ლურჯი ფერი განსაზღვრავს სიგნალის ნორმალურ დონეს, ყვითელი - სიგნალის საშუალო დონეს, წითელი - სიგნალის დაბალ დონეს. არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც სიგნალის დონის სხვადასხვა სიძლიერეს განაპირობებს: მანძილი უახლოეს საბაზო სადგურამდე, რელიეფის თავისებურება, შენობის კონსტრუქციული ელემენტები.
რაც უფრო ახლოს იმყოფება მობილური ტელეფონის მომხმარებელი საბაზო სადგურთან, მით ძლიერია მიღებული სიგნალის დონე. საბაზო სადგურის მოქმედების არე 35 კილომეტრია.
როდესაც მობილური ტელეფონი გაშლილ სივრცეში გამოიყენება - ქუჩაში, ეზოში და ა.შ., მიღებული სიგნალის დონე უფრო მაღალია, ვიდრე შენობა-ნაგებობაში. სიგნალი შედარებით სუსტია რკინა-ბეტონის ნაგებობებში.
აბონენტებს, რომლებიც ცხოვრობენ ან ხშირად იმყოფებიან სუსტი სიგნალით დაფარულ ტერიტორიაზე, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ვურჩევთ, მობილური ტელეფონის მანქანის ანტენა გამოიყენონ.
მიუხედავად ამისა, GSM სტანდარტი სხვა სტანდარტებისაგან განსხვავებით, იმის საშუალებას იძლევა, რომ სუსტი დონის სიგნალის მიღების დროსაც არ გაუარესდეს მომსახურების ხარისხი.
Drive Test-ის საშუალებით მაგთიკომის ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეადგინეს მაგთი GSM სიგნალით დაფარვის რუკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის. მათ საფუძველზე სისტემატურად მიმდინარეობს მუშაობა ქსელის ოპტიმიზაციისათვის.
ჩვენი მიზანი კი ის გახლავთ, რაც შეიძლება ნაკლები წითელი და ყვითელი წერტილები იყოს ასეთ რუკებზე.

მოამზადა სიგნალების
შემოწმების კოორდინატორმა
დავით კურცხალიამ