გია
ჭკუასელი ცნობილი
ქირურგია. იმდენად
ცნობილი და პოპულარული,
რატომღაც გგონია,
რომ ჭარმაგი
და ჭაღარა უნდა
იყოს და ახლო
გაცნობისას
პირველად მისი
ასაკი გაოცებს.
თუმცა, მერე სწორედ
ეს ახალგაზრდული
ხალისი და ენერგია
მოგწონს და იმასაც
ხვდები, რომ სიბრძნე
და გამოცდილება
წლებთან და ასაკთან
ყოველთვის არ
არის დაკავშირებული.
როცა
საოპერაციო
დღე არ არის,
ქათქათა თეთრი
ხალათი აცვია;
ოპერაციის დღეს
- მუქი ცისფერი.
როცა კაბინეტშია,
ვერ დაელაპარაკები,
კარს უკან იმდენი
ხალხი ელოდება;
როცა ოპერაციაზეა...
თავისთავად
გასაგებია.
ამიტომ
კითხვა დროზე
უნდა დასვა,
ცოდოა ის მომლოდინე
ხალხი.
პირველი
კითხვა ყოველთვის
ბრიყვულია, თუმცა,
მნიშვნელობა
არა აქვს, რა
კითხვას დასვამ,
მთავარია ღიმილი
და ტონალობა:
- რატომ
მოინდომე ექიმობა,
ბავშვობიდან
ოცნებობდი თუ,
რა ვიცი... მაგალითად,
მეხანძრეობა
გინდოდა...
- მეხანძრეობა
მინდოდა... ძალიან.
ამბობს გია
ჭკუასელი მშვიდად
და სერიოზულად.
მე კი სიცილს
ვერ ვიკავებ
და უკვე ვიცი,
დღეს საუბარი
შედგება.
"ჩიტაძეზე
ვცხოვრობდით,
ახლა რომ საგარეო
საქმეთა სამინისტროა,
იმის მოპირდაპირე
ეზოში. საბავშვო
ბაღში ძერჟინსკის
ქუჩაზე დავდიოდი
- იქვე სახანძრო
იყო და მთელი
ბავშვობა მეხანძრეობა
მინდოდა.
ძნელია
ვთქვა, რატომ
მოვინდომე ექიმობა.
ჩემს ოჯახში
სულ ინჟინრები
იყვნენ: დედაჩემი,
მამაჩემი, ბებიაჩემი,
ბაბუაჩემი. ექიმობის
ტრადიცია ოჯახში
არ ყოფილა და
კაცმა რომ თქვას,
საინჟინროზე
ჩაბარება უფრო
არ იყო პრობლემა...
საქმე
ის არის, რომ
სკოლას ჩვიდმეტი
წლის ასაკში
ამთავრებ და
ჩვიდმეტი წლის
ადამიანმა
არ შეიძლება
ზუსტად იცოდეს,
სად უნდა რომ
ჩააბაროს. არის
ბედნიერი შემთხვევები,
როცა აბარებ
იქ, სადაც მერე
ხვდები, რომ მართლა
შენი ადგილია.
ჩემი კურსიდან
სულ რამდენიმე
ვმუშაობთ ჩვენი
პროფესიით. მიუხედავად
იმისა, რომ ძლიერი
თაობა ვიყავით.
კალათბურთსაც
ვთამაშობდი,
საკმაოდ კარგად
და პერსპექტივაც
მქონდა "დინამოში"
მოსახვედრად...
მაგრამ დავთმე
სამედიცინოს
გულისთვის, დრო
არ მრჩებოდა.
როცა
ექიმების ოჯახიდან
არა ხარ, ყოველთვის
პრობლემა გექმნება
მათთან შედარებით,
ვინც ექიმების
ოჯახიდანაა."
ასეა,
როცა პროფესიას
ირჩევ, ყოველთვის
ლატარიაა - ან
აღმოჩნდება
შენი ნამდვილი
საქმე, ან მთელი
ცხოვრება უნდა
ინანო, რომ მეხანძრე
არ გამოხვედი.
სამედიცინო
ინსტიტუტის
დამთავრების
შემდეგ გია ჭკუასელი
კლინიკურ ორდინატურაში
ბატონ ლევან
ჩარკვიანთან
მუშაობდა ონკო-გინეკოლოგიის
განხრით. შემდეგ,
ერთ ხანს კიროვის
რაიონის "რაი-ონკოლოგი"
იყო. მერე ისევ
ონკოლოგიურში
დაბრუნდა. თითქოს
ყველაფერი კარგად
იყო, მაგრამ
რაღაც სურდა,
რაღაცას ეძებდა...
მაშინდელი ლენინგრადის
ონკოლოგიური
სკოლა საქვეყნოდ
ცნობილი იყო;
ასეა დღესაც.
ამ დარგში კვლევა
საბჭოთა კავშირში
სწორედ იქ დაიწყო
ოცდაათიან
წლებში. ლენინგრადშივე
დაარსდა ონკოლოგიის
პირველი კვლევითი
ინსტიტუტი. გინეკოლოგიის
განყოფილებას
იქ ცნობილი ექიმი
და მეცნიერი,
პროფესორი ბოხმანი
ხელმძღვანელობდა.
"ძალიან
მინდოდა ამ
კაცთან მოხვედრა.
იქნებ ერთი თვით
მაინც მოვახერხო
ჩასვლა-მეთქი.
ინსტიტუტში
ვარ, წერილი გავამზადე,
ჯიბეში მიდევს
და მინდა ფოსტაში
ჩავიტანო გასაგზავნად.
მეოთხე სართულზე,
ადმინისტრაციის
ფოიეში გავიარე...
მხვდება დათო
ღვამიჩავა -
მთავარი ექიმი
იყო მაშინ, და
მეკითხება: გია,
ლენინგრადში
წახვალ ასპირანტურაშიო"
- მეგონა, მაშაყირებს...
იცის, რომ ჯიბეში
წერილი მიდევს
და ... ლენინგრადიდან
დარეკეს, ერთი
ადგილი აქვთ,
თანაც სასწრაფოდ
უნდა მოგვარდეს
საბუთებიო. შევედით
დირექტორთან,
ბატონ ლუარსაბ
შარაშიძესთან:
წახვალო? მკითხა.
როგორ არ წავალ-მეთქი.
მაშინ, გაიგე,
რა საბუთებია
საჭიროო. ეს იყო
დილის თერთმეტი
საათი, და მეორე
დღის დილის
თერთმეტ საათზე
უკვე ყველა საბუთი
ჯიბეში მედო
და თვითმფრინავში
ვიჯექი.
ძალიან
თბილად დამხვდნენ.
დღესაც დიდი
მეგობრობა გვაკავშირებს.
საბუთები მიიღეს,
გამოცდა დამინიშნეს.
1987 წლის მაისი
იყო, ჩავაბარე
ასპირანტურაში;
იქ ორ წელიწადში
დავიცავი საკანდიდატო.
მერე კიდევ ერთი
წელი ვიმუშავე.
შემდეგ თბილისში
დავბრუნდი,
ლევან ჩარკვიანის
განყოფილებაში,
უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
მაგრამ დიდხანს
ვერ გავძელი,
ექვს თვეში ისევ
ლენინგრადში
დავბრუნდი,
დოქტორანტურაში.
1993 წელს სადოქტორო
დისერტაცია
დავიცავი.
თითქმის
ორი წელი ონკოლოგიურში
ვიმუშავე. შემდეგ
დიმიტრი ოტის
სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის
ინსტიტუტში
გადავედი ოპერატიული
გინეკოლოგიის
განყოფილების
წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად".
ხდება ხოლმე, ცხოვრებაში გიმართლებს; ლატარიის ბილეთსაც, საჭირო მომენტში, მომგებიანს ამოიღებ. მაგრამ მოგება ზოგჯერ მხოლოდ შანსია, მხოლოდ პატარა შანსი იმისათვის, რომ იმუშაო; იმისათვის, რომ კატორღული და თავაუღებელი შრომით მოპოვებული შეინარჩუნო. ზოგჯერ მოგება მძიმე ტვირთია და მუდმივი ვალი...
"ვფიქრობ,
ასპირანტურაში
ჩემი წასვლა
უბრალოდ გამართლება
იყო, ასე დაემთხვა.
ჩემ მაგიერ, თავისუფლად
შეიძლებოდა,
სხვა წასულიყო.
მაგრამ ამ დამთხვევამ
მთლიანად შეცვალა
ჩემი ცხოვრება.
დანარჩენი უკვე
იმ ხალხის დამსახურებაა,
ვისთან ერთადაც
ლენინგრადში
ვმუშაობდი. ისინი
ნამდვილი პროფესიონალები
იყვნენ და არიან.
თუ დაინახეს,
რომ თავდადებით
მუშაობ და მართლა
ძალიან გინდა,
რაიმეს მიაღწიო,
ყოველნაირად
მხარში გიდგანან.
საოპერაციოში
პირველად სტუდენტობის
დროს შევედი.
მიხეილ გიგინეიშვილი
იყო ჩვენი კათედრის
გამგე და პირველი
ოპერაცია მან
გამაკეთებინა.
ჩემს
მასწავლებლად
მაინც ლევან
ჩარკვიანს ვთვლი
და კიდევ ბოხმანს,
რომელიც მარტო
მასწავლებელი
კი არა, მეორე
მამაც იყო. ოჯახის
წევრივით მიმიღო.
შარშანწინ გარდაიცვალა...
ჩემი წამოსვლის
ერთ-ერთი მიზეზი,
სხვა მრავალთან
ერთად, ბოხმანის
გარდაცვალებაც
იყო, უიმისოდ
იქ აღარც მინდოდა..."
სანკტ-პეტერბურგის
მეანობა-გინეკოლოგიის
ინსტიტუტი ორასი
წლის ტრადიციების
მქონე სამედიცინო
კერაა, მთელ მსოფლიოში
ცნობილი და სახელგანთქმული.
როცა ასეთ ადგილას
ხვდები, სადაც
ყველა პირობა
და სრული ხელშეწყობა,
პატივი და დაფასება
გაქვს, ძნელია,
ეს ყველაფერი
დათმო და დატოვო...
გია
ჭკუასელი თბილისში
ჩამოვიდა.
"დასავლეთში
მედიცინა, ცხადია,
მაღალ დონეზეა,
განსაკუთრებით
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზით. გამოცდილებით
კი, არა მგონია,
რუსული სკოლა
დასავლურ სკოლას
ჩამოუვარდებოდეს.
ალბათ, შესაბამისად
- ქართული სკოლაც,
რადგან ათწლეულების
მანძილზე ეს
ყველაფერი ერთმანეთთან
იყო დაკავშირებული.
ახლა დასავლეთზეა
ორიენტაცია
აღებული, მაგრამ
საქართველოს
წამყვან ექიმებს,
თითქმის ყველას,
რუსეთში აქვთ
განათლება მიღებული.
დარწმუნებული
ვარ, გარკვეულ
სპეციალობებში
დასავლეთზე
წინაც კი ვართ;
მაგრამ გასაგებია,
რომ ღარიბ ქვეყანაში
ძნელია დიდი
პრეტენზიები
გქონდეს. ქვეყანაში,
სადაც ხალხს,
უბრალოდ, წამლის
ფულიც არა აქვს,
შეუძლებელია
ძვირადღირებულ
და სერიოზულ
აპარატურაზე
საუბარი...
ჩვენ
კიდევ რა გვიჭირს,
კარგი პირობები
გვაქვს - ჩვენი
სამკურნალო
დიაგნოსტიკური
ცენტრი (ყოფილი
?ლეჩკომბინატი?)
სახელმწიფო
უნივერსიტეტს
ეკუთვნის და
არც ერთ სახელმწიფო
პროგრამაში
არ ვიღებთ მონაწილეობას.
თვითდაფინანსებაზე
ვართ და აქ ის
პაციენტი მოდის,
რომელიც გადახდისუნარიანია.
დიდი
პრობლემაა... რა
უნდა ქნას ხალხმა...
მაგრამ, მეორე
მხრივ, რა ქნას
ექიმმა, ექთანმა,
სანიტარმა...."
რა მძიმეა ამ თემაზე საუბარი და რა მწარე... მაგრამ, განა რაც დღეს გვაქვს, თავადვე არ მოვიმკეთ, და განა მხოლოდ ამ საქმეში... მაგრამ ეს საქმე ხომ მაინც ყველაზე მთავარია"
"მე კიდევ
რა მაქვს სათქმელი.
გამოვიდა, რომ
გავასწარი 90-91
წლებს, თორემ,
აქ რომ ვყოფილიყავი,
შეიძლება საერთოდ
დამენებებინა
თავი ექიმობისთვის
და სხვა საქმისთვის
მომეკიდა ხელი.
ექიმებს საარსებო
საშუალება არ
ჰქონდათ. საავადმყოფოებში
უცვივდებოდნენ,
სცემდნენ და
კლავდნენ.
სახელმწიფო
უნივერსიტეტში
დაარსებულია
მედიკო-ბიოლოგიური
ფაკულტეტი. შარშან
პირველი კურსდამთავრებულები
გვყავდა. მე მეანობა-გინეკოლოგიის
კათედრის პროფესორი
ვარ. ლექციებს
ვკითხულობ, ბევრი
დაინტერესებული
სტუდენტიც მყავს.
დროთა განმავლობაში
ალბათ პერსპექტივებიც
გამოიკვეთება."
საუბარი
აშკარად გაგვიგრძელდა.
კარს დროდადრო
ფრთხილად აღებენ
მომლოდინენი
- მერე რა, რომ
დღეს გია ჭკუასელს
მიღება არა
აქვს; იქნებ
მაინც მოახერხონ
გასაუბრება.
სამაგიეროდ,
ხშირად და თამამად
შემოდიან თანამშრომლები,
რამდენი რამეა
შესაკითხი, დასაზუსტებელი.
ხვალ დილით ოპერაციაა
დანიშნული, შეიძლება
ამ საღამოსაც
მოუწიოს სასწრაფოდ
საოპერაციოში
შესვლა...
გამალებით
რეკავს მობილურზე
- "თუ ძმა ხარ, გამოდი,
ერთი ავადმყოფი
უნდა გაჩვენო,
იქნებ ოპერაციაზეც
დაგვჭირდეს
შენი დახმარება..."
ბაადურ
მოსიძეს ურეკავდა,
ქირურგიის ინსტიტუტის
დირექტორს.
გავოგნდი
- ასეთ რამეს
ხშირად ვერ შეხვდები,
საპირისპიროს
კი - იცოცხლე, ძალიან
ბევრჯერ.
- რას
ამბობთ, ერთი
ოჯახის წევრები
ვართ, ყოველთვის
ვეხმარებით
ერთმანეთს, აზრს
ვეკითხებით.
ბაადური მოვა
და გირჩევს, ჭკუის
სწავლებას კი
არ დაგიწყებს.
გარდა ამისა,
მგონია, რომ ექიმი,
რომელსაც ეჭვი
არაფერში ეპარება,
ექიმი არ არის.
განა მხოლოდ
ბაადური, რამდენიმე
მეგობარი მყავს,
ვისაც ვენდობი
და ვისაც ყოველთვის
ვეკითხები რჩევას."
პაციენტის გამოკითხვას ექიმების ენაზე ანამნეზის აღება ჰქვია. ეს წერილიც ისე მიიღეთ, როგორც მოკლე ანამნეზი-გამოკითხვა, მცირეოდენი ლირიკული გადახვევებით. დიაგნოზი კი მკითხველისათვის მიგვინდია.
მარინა
შოთაძე