ბავშვობაში
ზღაპრებში ამოგვიკითხავს
გზაჯვარედინზე
დადებულ ლოდზე
ამოკვეთილი
წარწერა:
მარჯვნივ
წახვალ - დაბრუნდები...
მარცხნივ
წახვალ - ან დაბრუნდები
ან არა...
პირდაპირ
წახვალ - ვეღარ
დაბრუნდები.
ზღაპრის
საყვარელი პერსონაჟი,
როგორც წესი,
სახიფათო გზას
დაადგებოდა
და ბედნიერადაც
დაასრულებდა.
საგმირო საქმეებზე
წასული დაიმეგობრებდა
უცნაური თვისებების
მქონე ადამიანებს:
აი, თვალმახვილა
შორს გამოჩენილ
წერტილზე ამბობდა:
შავცხენიანი
მხედარიაო. ყურმახვილა
მიწას ყურს
დაადებდა და
ხვდებოდა, მდევარი
საიდან უახლოვდებოდა.
ან კიდევ ფეხზე
დოლაბებმიბმული
მალემსრბოლი
დოლაბებს მოიხსნიდა
და ქარივით
გაქროლდებოდა...
ზღაპრის გმირები
ხალხმა ხომ სინამდვილიდან
გამოძერწა. ჰოდა,
მტრის შემოსევას
პირველად სწორედ
თვალმახვილა
ან ყურმახვილა
იგებდა. თუ ღამე
იყო, მეციხოვნეები
კოშკზე ცეცხლს
დაანთებდნენ,
დღისით კი კვამლის
დაკლაკნილი
ენა იყო ხიფათის
მაუწყებელი.
მალემსრბოლნი
სასწრაფოდ ატყობინებდნენ
მთელ ქვეყანას
მტრის შემოსევას...
და დაჰკრავდნენ
ბუკსა და ნაღარას.
და შეიკრიბებოდა
ქუდზე კაცი.
და გაილაშქრებდნენ
მომხდურის წინააღმდეგ.
იულიუს
კეისარი, გალებთან
ომის დროს, გაკვირვებას
ვერ ფარავდა.
მისი ჯარის
გადაადგილების
შესახებ გალებმა
ყველაფერი იცოდნენ.
გამორჩეულად
ძლიერი ხმის
მქონე "მოყვირალი
მოამბეები" ერთმანეთს
გადასძახებდნენ
და ასე ავრცელებდნენ
ამბავს. მაგრამ
საკმარისი
იყო, რომელიმე
მათგანს ერთი
სიტყვა შეშლოდა,
"გაფუჭებული
ტელეფონის" მსგავსად,
დამახინჯებულად
იგებდნენ ნათქვამს.
ინდიელები
სიგნალის გადასაცემად
სარკეს იყენებდნენ.
სარკეები მათ
თავად ევროპელმა
დამპყრობლებმა
გაუცვალეს ბეწვეულში
და ხიფათშიც
ჩაიგდეს თავი.
სარკეზე არეკლილი
მზის სხივი,
მოთამაშე ათინათი,
თავდასხმის
ნიშანი იყო.
ინდიელების
მიწა-წყალზე
დაბანაკებული
ევროპელი მეომრები
მხოლოდ ფერადბუმბულიანი,
ყიჟინით მოჯირითე
ინდიელების
დანახვაზე ხვდებოდნენ,
რომ ხაფანგში
იყვნენ გაბმულნი.
აფრიკელებს
თავისებური
"დაფდაფების
ტელეგრაფი" ჰქონდათ.
მათი გამაყრუებელი,
სხვადასხვა
ტონალობის რიტმული
ხმა მტრის მოახლოებას
ან რაიმე თავყრილობას
მოასწავებდა.
ტომის ბელადისა
და შამანის
შემდეგ ყველაზე
მეტად დაფასებულნი
დაფდაფების
მსახურნი იყვნენ.
ზღაპრები
ტყუილად როდი
გავიხსენეთ.
ანტიკური მითოლოგიაც
მოგვითხრობს
ინფორმაციის
გადაცემასა
და გაცვლაზე.
თუნდაც, ღმერთების
შიკრიკი ჰერმესი
გავიხსენოთ,
ანდა ლეგენდარული
მარათონელი,
ძველი საბერძნეთის
სოფელ მარათონიდან,
რომელმაც ათენამდე
ორმოცდაორ კილომეტრზე
მეტი გაირბინა
და ქალაქში
სპარსელებზე
გამარჯვების
სასიხარულო
ამბავი მიიტანა.
შიკრიკი,
იგივე მალემსრბოლი
- მამაცი, ძლიერი
და ამტანი უნდა
ყოფილიყო. ძველი
ეგვიპტიდან
მოყოლებული,
ჩვენს წელთაღრიცხვამდე
2300 წლის წინათ,
თანამედროვე
ფოსტალიონის
წინაპარნი დადიოდნენ
ქალაქიდან
ქალაქში, ქვეყნიდან
ქვეყანაში. გზაში
ათასგვარი
თავგადასავალი
გადახდებოდათ,
მაგრამ მაინც
დაჰქონდათ იეროგლიფებიანი
თუ ნახატიანი
პაპირუსები,
ან გამომწვარ
თიხის ფილებზე
ამოკაწრული
წერილები.
წერილებს
წერდნენ ფარაონები,
იმპერატორები,
მეფეები და, უბრალოდ,
შეძლებული ადამიანები.
ყველა გზას უთმობდა
გულამოვარდნილ,
გახვითქულ მაცნეს,
რომელსაც ცუდი
ამბის მიტანის
შემთხვევაში,
ზოგჯერ სასჯელიც
ელოდა.
როდესაც
ეგვიპტელებმა
ალექსანდრიის
ბიბლიოთეკის
შექმნა გადაწყვიტეს,
ქვეყნიდან პაპირუსის
გატანა აკრძალეს.
მაგრამ პაპირუსის
დეფიციტს ახალი
აღმოჩენა მოჰყვა.
მცირე აზიის
ქალაქ პერგამში
ცხოველის ტყავი
დაამუშავეს
და საწერად
გამოიყენეს.
უმეტესად თიკნის,
ბატკნის ან
ხბოს ტყავს იყენებდნენ.
ჩინელების მიერ
ქაღალდის გამოგონებამ
შიკრიკებს საქმე
საგრძნობლად
"შეუმსუბუქა"
- პაპირუსებთან,
თიხის ფილებსა
და ეტრატებთან
შედარებით, ქაღალდი
მართლაც იოლი
გადასატანი
იყო. თანაც უკვე
ცხენებით, აქლემებით,
ზოგან კი თხილამურებით
ან ოჩოფეხებზე
შემდგარები
სერავდნენ შორ
მანძილებს. ძველ
რომში სპეციალური
ოთხთვალა შექმნეს
ფოსტის გადასაზიდად.
თან რიგით მოქალაქეებს
კანონით მიანიჭეს
უფლება - გარკვეული
საზღაურის ფასად
ფოსტის მომსახურებით
ესარგებლათ.
იწერებოდა წერილები.
შორს ვრცელდებოდა
და იცვლებოდა
ინფორმაცია.
მერე
და მერე ფოსტის
გადატანა ეტლებით
ხდებოდა, მათ
შორის ორთქლის
საფოსტო ეტლებით,
ხომალდებით,
დილიჟანსებით,
რკინიგზით,
საჰაერო ბუშტებით
და აეროსტატებით.
არსებობდა კიდევ
ერთი, ორიგინალური
საჰაერო ფოსტა
- მტრედები.
საფოსტო
მტრედები - ეს
ძლიერი, მოქნილფრთიანი
ჩიტები - უძველესი
დროიდან ემსახურებოდნენ
ბაბილონელებს,
ძველ ეგვიპტელებს,
ბერძნებს, რომაელებს.
ომის დროს რომაელ
ლეგიონერებს
დაწნული კალათებით
გადაჰყავდათ
საფოსტო მტრედები.
საჭიროების
მიხედვით დაფრინავდნენ
ისინი მეომართა
ბანაკებისა
თუ ალყაშემორტყმული
ქალაქის თავზე.
ხშირად კი სრულიად
მშვიდობიანი
და სასიამოვნო
მისიაც ჰქონდათ
- გადალახავდნენ
მთებსა და ტყე-ველს,
შეყვარებულებს
სანატრელ ამბავს
მიუტანდნენ.
წარღვნას
გადარჩენილ
ბიბლიურ ნოესაც
ხომ მტრედმა
აცნობა ხმელეთის
სიახლოვე. დიდმა
გეოგრაფიულმა
და ტექნიკურმა
აღმოჩენებმა
ფუნქცია დაუკარგა
"ფრთოსან ფოსტალიონებს".
დღეს მათდამი
მხოლოდ სპორტული
ინტერესი თუ
შემორჩა ვინმეს
და კიდევ ჩვენს
მეტყველებაში
გამჯდარი ფრაზა
- "ჩიტმა ამბავი
მომიტანა."
ერთი
უცნაური ფოსტაც
გავიხსენოთ.
თუნდაც, ჟიულ
ვერნის რომანების
განუყოფელი
ატრიბუტი, ეგრეთ
წოდებული, "ბოთლის
ფოსტა". ოკენის
ტალღებს ალალბედზე
მინდობილ ბოთლში
ან კასრში დაგმანული
წერილი ადრესატამდე
ან აღწევდა,
ან არა. შესაძლო
იყო, სულაც კარგა
ხნის შემდეგ
ეპოვნა ვინმეს,
ისევე როგორც
ახალაღმოჩენილი
კუნძულებიდან
კოლუმბის მიერ
გაგზავნილი
"ბოთლის ფოსტა"
363 წლის შემდეგ
გიბრალტართან
აღმოაჩინა რომელიღაც
გემის კაპიტანმა.
ზღვაოსნობას
რაც შეეხება...
ბერძნული
მითების გმირი
თეზევსი მინოტავრის
დამარცხების
შემდეგ ათენში
ბრუნდებოდა.
გადაავიწყდა
ხომალდზე მშვიდობის
მანიშნებელი
თეთრი აფრის
აღმართვა. თეზევსის
მამამ გზაში
და ბრძოლაში
გაშავებული
ბაირაღები
რომ დაინახა,
იფიქრა, შვილი
დამეღუპაო და
ზღვაში გადაეშვა.
გემზე
აღმართული შავი
ბაირაღი სწორედ
გლოვის, უბედურების
ნიშანია.
ყვითელი
- გადამდები
დაავადების.
თეთრი
- დამორჩილების
და დაზავების.
ეს სიმბოლოები
დღემდე შემორჩა.
დროშების ფერის,
ფორმისა და
რაოდენობის
მეშვეობით შესაძლებელი
იყო მთელი ლათინური
ანბანის ან
ციფრების გამოყენება.
დროშებით სიგნალის
გადაცემისას
მეზღვაურის
ხელების მოძრაობა
ვარჯიშს მოგაგონებდათ.
უამინდობა, ბურუსი,
შტორმი ხელს
უშლიდა ხომალდებს
შორის ინფორმაციის
გაცვლას.
დრო
გადიოდა. ცხოვრება
წინ წავიდა,
მრავალფეროვანი
გახდა. მხოლოდ
მტრის შემოსევა,
ბრძოლაში დამარცხება
ან გამარჯვება
აღარ აკმაყოფილებდა
ადამიანის
დაუოკებელ ცნობისწადილს.
აინტერესებდა,
რა ხდებოდა სხვა
ქალაქსა თუ ქვეყანაში,
როგორ ცხოვრობდნენ,
უჭირდათ თუ ულხინდათ,
ან სულაც როგორ
ეცვათ. საჭირო
გახდა ინფორმაციის
უფრო სწრაფი
გავრცელება
ისეთი ხელსაწყოთი,
რომელიც არ იქნებოდა
დამოკიდებული
ამინდზე, ადამიანის
ამტანობასა
და ფიზიკურ სიძლიერეზე.
XIX საუკუნემ
უდიდესი აღმოჩენები
მოიტანა. მათ
შორის უნიკალური
გამოგონება
- ტელეგრაფი. მაგრამ,
მოდით, აქ შევჩერდეთ
და ტელეგრაფის
ისტორია შემდგომი
საუბრისათვის
შემოვინახოთ.
ახლა
კი, ტელეგრაფის
ერთ-ერთი მამამთავრის
- სამუელ მორზეს
ანბანის ერთი
ნიშნით ვისარგებლოთ
და დავსვათ
... წერტილი.
ნანა
ზურაბიშვილი