ერთხელ,
თუ არ ვცდები,
"ანამორფოზების"
გახსნაზე იყო,
გიას დააგვიანდა.
მუსიკალური
ცენტრის საგამოფენო
დარბაზი დამთვალიერებლებს
ვეღარ იტევდა.
ავტორი არ ჩანდა,
მაგრამ კარგა
ხანს თითქოს
არც არავის
გახსენებია.
კედლებიდან
მაგიური ენერგია
საოცარი ძალით
იფრქვეოდა და
დარბაზის სივრცეში
იკვრებოდა, - როგორც
სრულიად რეალური
და ხელშესახები,
როგორც თვალხილული
მატერია.
გია
დაბნეული შემოვიდა,
აღელვებული და
აფორიაქებული
- მანქანა გაუფუჭდათ,
თუ რაღაც ამგვარი...
და კიდევ უფრო
მეტად დაიბნა
- უზარმაზარი
დარბაზი ერთბაშად
მოვარდნილმა
ტაშის გრიალმა
დაანგრია.
ეს ამბავი
ხშირად მახსენდება,
როცა თანამედროვე
მხატვრობაზეა
ხოლმე საუბარი.
და კიდევ იმაზე,
როგორ იპყრობს
ადამიანებს
საყოველთაო
"ანორექსია".
"ანორექსია"
შემთხვევით
არ მიხსენებია,
ბუღაძეს უყვარს
ტერმინების
გახსნა და თემებად
ქცევა.
"ეპოქათა
ცვალებადობის
მთელ მანძილზე
ადამიანის
შეგრძნება-განცდათა
ორგანოები რაც
დრო გადის, მით
უფრო მეტად ჩლუნგდება,
ანორექსიას
განიცდის და,
ამდენად, ზემოქმედების
გაცილებით მძაფრ,
ემოციურ და დინამიურ
ფორმებს მოითხოვს
გარესამყაროსგან...
60-70 -იანი წლების
"ბითლების" მუსიკა
მაშინდელი უფროსი
თაობის მიერ
აღიქმებოდა
საკმაოდ შემზარავ,
ხმაურიან აგრესიად,
რომელშიც არ
იყო მუსიკალურობისა
და მელოდიურობის
ნასახიც კი...
დღევანდელი
მუსიკის ფონზე
კი იგი სასიამოვნო
მელოდიებად,
უწყინარ რიტმებად
აღიქმება."
მართალია
გია - კონცერტებზე
და საგამოფენო
დარბაზებში
დღეს ხალხი უმეტესად
თვალისა და
ყურის გასახარად
და ერთმანეთის
სანახავად
დადის. გრძნობამორეულ
მაყურებელს
დღეს სერიალების
ეკრანის წინ
უფრო იხილავთ...
მე კი
მინახავს გია
ბუღაძის გამოფენებზე
ცრემლმომდგარი
ხალხი.
მასზე
ძალიან ბევრი
დაწერილა "ასეც"
და "ისეც"... ძალიან
ბევრი დაუწერია
და უთქვამს
თვითონაც. ამიტომ
ყოველ მის გამოფენაზე
უამრავ რამეს
ამოიკითხავ,
ანდა გაიგებ
მის მოსაზრებებს
წარმავალისა
და მარადიულის
შესახებ ხელოვნებაში,
ფერთა შესახებ,
აზრისა და სიტყვის
შესახებ თანამედროვე
მხატვრობაში,
და ასე შემდეგ,
და ასე შემდეგ...
მაგრამ
დღეს გია ბუღაძე
ამ პრობლემებზე
არ ისაუბრებს...
დღეს სულ სხვანაირ
გიას გაიცნობთ.
"მხატვრობა
იმით დავიწყე,
რომ გავჩნდი
ოჯახში, რომელსაც
მხატვრობასთან
არავითარი
კავშირი არ
ჰქონდა... როცა
მე გავჩნდი, იმ
დროს შემოვიდა
თბილისში ტელევიზორი.
ჩვენს ოჯახშიც
იდგა დიდი ყუთი
პატარა ეკრანით.
ბებიაჩემი
სალომე დიდი
სიამოვნებით
უყურებდა ტელევიზორს.
მაშინ ტელევიზორში
სამუსიკო სკოლის
კონცერტებს
აჩვენებდნენ
ხოლმე, გამოვიდოდა
შურიკო მაჭავარიანი
ან ლია მიქაძე
და იტყოდა: "ახლა
მოისმენთ მეორე
მუსიკალური
სკოლის მოსწავლეთა
კონცერტს..." გამოვიდოდნენ
ეს ბავშვები,
უკრავდნენ ბახს,
მოცარტს და
ასე შემდეგ. ამის
შემყურე ბებიაჩემი
კვდებოდა და
დნებოდა. ქართლელი
ქალი იყო, სალომე
ბაბოს ვეძახდით,
მაინცდამაინც
მე დამადგა
თვალი, ხუთი შვილიშვილი
ჰყავდა: - აი, გიამა,
პიანინოზე დაკვრა
უნდა ისწავლოსო.
... და
შემათრიეს მუსიკაზე.
მეორე ბებია,
ნატა ბებო - დედაჩემის
დეიდა, სერიოზულად
უდგებოდა ამ
საკითხს, თვითონაც
ფორტეპიანოზე
უკრავდა, იცოდა,
რომ განსაკუთრებული
ნიჭი არ მქონდა
და სკეპტიკურად
უყურებდა სალომე
ბაბოს მუსიკალურ
გატაცებებს.
სალომე
ბაბო ქერა, ცისფერთვალება
ქალი იყო, ტანად
დიდი და ძლიერი.
ერთ დღეს შეამჩნია,
რომ რაღაც ვერ
არის საქმე
კარგად. ერთსა
და იმავეს ვუკრავ
და წინ ვერ მივდივარ.
ამ დროს რა ხდებოდა:
მივდიოდი მასწავლებელთან,
რომელმაც მშვენივრად
იცოდა, რა ბედენაც
ვიყავი; ზედმეტად
თავს აღარ იწუხებდა,
მეტყოდა: "გია,
წადი ეზოში, ითამაშე";
მერე სახლში
გამომიშვებდა.
მთელი ორი თვე
ასე გრძელდებოდა.
ერთხელაც მივედი
გაკვეთილზე,
მასწავლებელმა
ისევ ეზოში
გამიშვა. გამოვაღე
კარი და ბებიაჩემი
არ დამხვდა!...
ახლაც მახსოვს,
შავები აცვია,
ხელში შავი ქოლგა
უჭირავს; "შენ
რა გინდა გარეთა"
- მითხრა, შეუვარდა
მასწავლებელს
და სულ ქოლგა
ურტყა. პატარა,
მოკუნტული გოგო
იყო და - "ვაიმე
დედა, ვაი, ვაიო"
- იძახდა. როგორც
შემეძლო, ვაჩერებდი
ბებიაჩემს, მაგრამ
ვერაფრით გავაკავე
- რას მოვერეოდი...
"შე უსინდისო,
უნამუსო, აქედან
გავაგდებინებ
შენს თავს, ასეთ
ნიჭიერ ბავშვსა
ღუპავ, რომელსაც
სწავლა სწყურიაო..."
მუსიკალური
სკოლიდან წამომიყვანეს
და ახლა სახლში
ამიყვანეს მასწავლებელი.
ისევ დაიწყო
ჩემი ტანჯვა...
შოთა რუსთაველის
დღეები იყო. ყველა,
დიდი თუ პატარა,
რუსთაველის
პორტრეტს ხატავდა.
ავდექი და მეც
დავხატე. ჩემთვის
მედო სახლში.
მოვიდა მუსიკის
მასწავლებელი,
შეხედა რუსთაველის
ამ დაჯღანულ
პორტრეტს და
აღფრთოვანდა:
- უიმე, როგორ მიყვარს
ნიჭიერი ბავშვებიო.
მეტი რა ექნა,
მანიშნა - შვილო,
ხატე და მუსიკას
დაანებე თავიო...
ვინ დამანებებინა,
როგორც იქნა
გადავედი მეოთხე
კლასში. ისე, სკოლაში
კარგად ვსწავლობდი,
მათემატიკაში
ხუთები მყავდა.
მათემატიკის
მასწავლებელი,
ელიკო დვალი
ხედავდა, რომ
მათემატიკის
რვეულის ბოლოს
სულ ნაჯღაბნებია,
გაუთავებლად
ვხატავდი... თან
ვხატავდი უდიდესი
სიამოვნებით,
ხატვით ვთამაშობდი.
სასადილო მაგიდასთან
ჩემი დასმა არ
შეიძლებოდა.
გაკვეთილს რომ
ვწერდი, მერე
ხელი გამექცეოდა
და სუფრაზე ვიწყებდი
ხატვას. ვხატავდი
ფეხბურთელებს,
ჯარისკაცებს,
ისე შევდიოდი
ექსტაზში, ორი-სამი
საათის შემდეგ
ვხვდებოდი, რომ
სულ აჭრელებულა
მაგიდა...
ერთ
დღესაც ელიკო
მასწავლებელმა
დაიბარა დედაჩემი
და უთხრა: გიას
ნიჭი აქვს და
ნუ დავტოვებთ
ასეო, წავიდეთ
პიონერთა სასახლეში,
ნაცნობი მყავსო.
იმ წელსვე მიმიღეს,
მაშინ მეოთხე
კლასში ვიყავი,
ათი წლის. ციალა
კანდელაკი და
შალვა კაპანაძე
იყვნენ ჩემი
პირველი ხატვის
პედაგოგები.
დავიწყე ხატვა.
ამის შემდეგ
სკოლაში ჩემი
ხუთოსნობა უკან-უკან
წავიდა. მათემატიკას
საერთოდ აღარ
ვსწავლობდი.
მივხვდი, რომ
აქეთ უფრო სხვა
რაღაც იყო...
შემდეგ
იყო 1967 წელი... რევოლუციის
ორმოცდაათი
წლისთავი და
შალვა მასწავლებელმა
მითხრა: მოდი,
კომპოზიციები
გააკეთე ამ თემაზეო.
ჩემთვის შალვა
მასწავლებელი
ღმერთი იყო...
შალვა მასწავლებელი
მეტყოდა: "დახატე,
გია, ლენინი "ისკრის"
რედაქციაში"-
დავხატავდი;
"უჰ, უჰ, კარგია",
- დაკიდებდა...
მერე - ავლაბრის
სტამბაში, - დავხატავდი
- დაკიდებდა.
ზამთრის სასახლის
აღება... რასაც
მეუბნებოდა,
იმას ვაკეთებდი.
ხომ ვთქვი, წესიერი
ბავშვი ვიყავი-მეთქი
და ორმოცდაათამდე
სურათი გავაკეთე
პასტელით და
ფერადი ფანქრებით,
ბოლოს ზეთის
საღებავითაც.
ათი-თერთმეტი
წლის ვიყავი
და დიდი გამოფენა
გამიკეთა შალვა
მასწავლებელმა.
თორმეტი
წლის რომ გავხდი,
რაღაც გარდატეხა
მოხდა ჩემში
და გამოფენა
ქართულ-პატრიოტულ
თემაზე გავაკეთე,
წავიდა მერე
შაჰ-აბასები,
მარაბდის ბრძოლა
და ასპინძის
ბრძოლა, თან პეიზაჟებსაც
ვხატავდი.
რას
შვება ამ დროს
ბებიაჩემი სალომე:
სადღაც მეშვიდე
კლასში შეეგუა,
რომ მე ტელევიზორში
არ გამოვალ. კი
ოხრავს, მაგრამ
რა ქნას, თანაც
პატარა წარმატებები
მაქვს. გაზეთებში
დაწერეს - "ნორჩ
ლენინელში"...
ერთი
მასწავლებელი
მყავდა, რომელსაც
ასეთი წესი ჰქონდა,
- თუ გაბრაზდებოდა,
სკოლის მერე
გვტოვებდა და
ფეხზე დაგვაყენებდა
ხოლმე. ერთხელაც
ასე დაგვტოვა.
დავიღალე ფეხზე
დგომით, მსუქანი
ბიჭი ვარ, არ
შემიძლია. გვერდზე
ვინც მეჯდა,
ნინო ერქვა, თავისი
რვეული გამოაცურა
- მიდი, დახატეო.
დავიწყე ხატვა;
დამინახა მასწავლებელმა
და გადაირია:
"შე საზიზღარო,
უსინდისო ბავშვო,
დაეგდე კუთხეში..."
და ასე შემდეგ.
არ მახსოვს,
რამდენი საათი
ვიდექი ასე და
უცებ კარი მოწყვეტით
გაიღო, შემოვიდა
ბებიაჩემი, მიიხედა,
მოიხედა, დამინახა
კუთხეში და გაგიჟდა:
"ამას რა უნდა
აქა?" მასწავლებელი
შეცბა: "ქალბატონო
სალომე, თქვენ
რატომ შეწუხდით?"
- "კაცო, მაგას
თავი დაანებე,
ამას რა უნდა
აქა?" - ეკითხება
ისევ ბებიაჩემი.
ეს მასწავლებელიც
შეხტა კათედრაზე,
ჩემს მიერ დაჩხაპნილი
რვეული აიღო
და ეუბნება: აი,
ყურს არ მიგდებს,
წესიერად არ
იქცევა, რაღაც
სისულელეებს
ჯღაბნისო. "მომეცი
აქა" - უთხრა ბებიაჩემმა
- "ეგ რომ მაგას
ჯღაბნის კი
არა, ხატავს,
იმიტომ არის
კარგი ბავშვი,
თორემ შენისთანა
გამოვაო" - გამოგლიჯა
რვეული და წამომიყვანა
სახლში. იმ დღეს
მივხვდი, რომ
სალომე ბაბომ
ჩემი მხატვრობა
აღიარა.
მერე
კიდევ გამიღიმა
ბედმა, პიონერთა
სასახლიდან
გერმანიაში
გასაგზავნად
კრებდნენ ბავშვებს,
მოცეკვავეებს,
მომღერლებს.
ჩემდა გასაოცრად
ამ ჯგუფში მეც
მოვხვდი და პატარა
ბავშვმა დრეზდენის
გალერეა ვნახე.
მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი
ის იყო, რომ იქ
რაღაცნაირი
ცხოვრების სკოლა
გავიარე. მანამდე
თითქოს აკვარიუმში
ვცხოვრობდი
- სკოლა, ხატვა
და ფეხბურთი.
არაჩვეულებრივი
ბიძა მყავდა,
მამაჩემის დეიდაშვილი
- ომარ ღამბაშიძე.
ის ჩემთვის ნამდვილი
იდეალი იყო - თავისუფლების,
ენაკვიმატობის
განსახიერება.
თითქმის შვიდი
წელი ჩვენთან
ცხოვრობდა, ჩემზე
თორმეტი წლით
უფროსი იყო და
დღე და ღამე
ერთად დავდიოდით.
და აი, გერმანიაში
რომ გამიშვეს,
იქ გამლახეს
ჩვენმა მოცეკვავე
ბიჭებმა - პირველად
შევეხე შეურაცხყოფას,
უხეშობას, ძალაუფლების
სურვილს...
ძალაუფლებაზე
გამახსენდა,
ბედნიერი კაცი
ვარ, რომ ბატონ
უჩა ჯაფარიძეს
ვიცნობდი. როცა
უკვე საწოლს
იყო მიჯაჭვული,
ერთ თავის ნაცნობს
ასე გააცნო ჩემი
თავი - ჩემი მოწაფეაო.
საერთოდ არ ვთვლიდი
თავს მის მოწაფედ
და, რაც მთავარია,
მეგონა, რომ ისიც
არ აღმიქვამდა
ასე. და მაშინ
მივხვდი, რომ
მართლა ვიყავი
მისი მოწაფე.
შეიძლება მხატვრობაში
არა, მაგრამ
ძალიან ბევრი
რამ ვისწავლე
მისგან.
მე მინდა
ერთი რამ აღვნიშნო;
ის ძალაუფლება,
რაც ბატონ უჩას
ჰქონდა მხატვრობაში,
სხვას რომ ჰქონოდა,
ძნელი სათქმელია,
რას იზამდა.
მე არასოდეს
მიგრძვნია ბატონ
უჩასგან ის აგრესია,
რაც სხვებს
მოჭარბებულად
ჰქონდათ; არადა,
უდიდეს ძალას
ფლობდა. მხატვართა
კავშირის თავმჯდომარე
იყო, აკადემიის
რექტორი, საკავშირო
სამხატვრო აკადემიის
ნამდვილი წევრი
და, მგონი, ხუთგზის
სახელმწიფო
პრემიის ლაურეატი,
სამგზის შრომის
გმირი და არ
არსებობდა რეგალია
საბჭოთა კავშირის
რეალობაში, მას
რომ არ ჰქონოდა.
მაგრამ ეს ცალკე
თემაა...
ჩემს
საქმეს კი რაც
შეეხება, პირველი
ემოცია ასეთი
მახსოვს: ერთხელ
მამაჩემს ვუთხარი,
მანქანა დამიხატე-მეთქი.
დამიხატა. მახსოვს,
ადამიანები
მანქანაში
არ ჩაეტია, თავები
აცდა; წავედი
და თვითონ დავხატე.
ეს იყო პირველი
სიხარული, წარმატების
პირველი გრძნობა.
მე მიყვარს
ჩემი საქმე და
მას ყველაფერი
შევწირე. შეიძლება
არაფერი არ
მოსწონდეთ ჩემი,
და ასეთებიც
არიან, - მაგრამ
ფაქტია, რომ
მე ვერსად გავიქცევი;
მიყვარს ჩემი
საქმე და სხვას
ვერაფერს გავაკეთებ.
ასე
უცნაურად ყალიბდებოდა
ეს ინტერესები.
და კიდევ, ძალიან
მნიშვნელოვანი
იყო ურთიერთობები
მცხეთასთან.
დედაჩემი მცხეთის
საავადმყოფოში
მუშაობდა, რენტგენოლოგიის
განყოფილების
გამგე იყო, - კვირაში
ორჯერ მაინც
მცხეთაში ვიყავი.
მაშინ საავადმყოფოს
ეზო და სამთავროს
მონასტრის ეზო
გაყოფილი არ
იყო. მახსოვს,
მონაზვნებთან
მტოვებდა დედაჩემი.
ბოლოს იქამდე
მივედი, რომ მცხეთის
გარეშე ცხოვრება
არ შემეძლო...
ერთი
პატარა ამბავი
მაგონდება. შიომღვიმეში
რომ მოვხვდი
პირველად, წარმოუდგენელი
შთაბეჭდილება
მოახდინა. ერთხელ
მამაჩემს მივაყვანინე
თავი, დავრჩი
და დავიწყე ხატვა.
მთელი დღე ვიმუშავე,
ოთხი ეტიუდი
გავაკეთე. მამაჩემი
ექვს საათზე
უნდა ამოსულიყო
და თბილისში
ჩავეყვანე. არ
ჩანს მამაჩემი,
უკვე დაღამდა,
ტურების კივილი
ისმის, ვარსკვლავები
ციმციმებენ.
და მახსოვს,
შევტრიალდი
- ვუყურებ მონასტერს
და მთებს, საოცარ
მისტიკას... ღამის
თერთმეტი საათი
იყო, მამაჩემის
"მოსკვიჩის" ხმა
რომ გავიგონე.
ხატი, რჯული,
არ შემშინებია,
მაგრამ არც
დავმჯდარვარ
და არც გავნძრეულვარ
და, მე მგონი,
არც მისუნთქია.
მომეჩვენა, რომ
მთები ყალყზე
შემდგარი დრაკონებივით
იყვნენ...
კაი
ოცი წლის შემდეგ,
როცა შიო მღვიმელის
ცხოვრებას გავეცანი,
ამოვიკითხე
- შიო მღვიმელმა
ქრისტეს სახელით
შეულოცა და გააშეშა
დრაკონად ქცეული
ეშმაკეული ძალაო...
ზუსტად ეს განცდა
მქონდა. მაშინ
თექვსმეტი წლისა
ვიყავი... მადლობელი
ვარ მამაჩემის,
რომ დააგვიანა
- რესტორანში
ქეიფობდა და
უცებ გაახსენდა,
რომ ერთადერთი
ვაჟი ტყეში ჰყავდა
მიტოვებული.
ჩემთვის კი განდობასავით
უცნაური გრძნობა
იყო შიომღვიმეში
მარტო დარჩენა...
კიდევ
ერთი ამბავი
მოხდა შიომღვიმეში.
ეტიუდს ვაკეთებდი
ისევ და მამაჩემს
ვთხოვე, შუა გზაზე
დავეტოვებინე
- იქ რაღაც საინტერესო
კლდეებია, სიტყვით
არ აიწერება.
ვმუშაობ, და წამოვიდა
საშინელი წვიმა...
წინა დღეებში
ვკითხულობდი,
თუ როგორ მოკვდა
სეზანი - წვიმაში
მოჰყვა, ფილტვების
ანთება დაემართა.
წვიმის დროს
არ შეწყვიტა
ხატვა, დაამთავრა
ნამუშევარი
და სახლში რომ
მივიდა, გარდაიცვალა...
ჩნდება ახალგაზრდობაში
ასეთი აზრი
- რასაც აკეთებ,
უნდა შეეწირო;
მერე ხვდები,
რომ კი არ უნდა
შეეწირო, წყნარად
უნდა იცხოვრო
და ის საქმე
გააკეთო, რასაც
აკეთებ... და გამახსენდა,
რომ არ დათმო
სეზანმა, ასე
ვთქვათ, ?პოსტი?.
და მეც ვმუშაობ
წვიმაში, მაგრამ
რას ვმუშაობ
- ტილო მოეშვა,
აიზილა საღებავები,
დაიბრიცა ყველაფერი,
ფუნჯს საღებავი
არ მოჰყვება,
მე ხომ გავილუმპე,
გავწამდი... მერე
ვფიქრობდი, როგორ
ხატავდა სეზანი,
რაღაცას მატყუებენ-მეთქი.
ჩავიხედე და
წავიკითხე - თურმე,
ქოლგის ქვეშ
ხატავდა...
აი, ასეთი
პარადოქსები,
მისტიკა და
იუმორი მაკავშირებს
მცხეთასთან.
ახლაც რომ გავივლი
და გავხედავ
იქაურობას, უცნაურად
მაჟრჟოლებს
ხოლმე - ეს არის
ჩვენი საქართველო,
ეს არის ძირი,
და ბედმა ეგ მაინც
მომცა, რომ იქ
გამზარდა, იქიდან
წამომიყვანა...
ამიტომაც
შევეცადე, ვყოფილიყავი
ქართლის ცხოვრების
მხატვარი... რამდენად
შევძელი, ეს სხვა
საკითხია. ყოველთვის
ვამბობდი, რომ
საქართველოსთვის
მინდოდა ის
გამეკეთებინა,
რაც ვაგნერმა
გერმანიას გაუკეთა.
რაა?! მითებზე,
გადმოცემებზე
შექმნა გერმანული
წარმომავლობის
იდეალური სახე...
მე შეიძლება
ამის მეათასედი
ვერ შევქმენი
და ვერც შევქმნა,
მაგრამ ხომ
მინდოდა გამეკეთებინა,
სურვილიც ხომ
რაღაცას ნიშნავს...
ერთხელ
დედაჩემს ვკითხე:
რა არის ფილოსოფია?
იმიტომ, რომ სულ
მესმოდა, - დამიწყე
ახლა ფილოსოფიაო...
და მიპასუხა:
ეს არის მეცნიერება
იმის შესახებ,
თუ რატომ და რისთვის
ვართ ჩვენ, რა
აზრი აქვს ჩვენს
ყოფას... ვაიმე,
რა საინტერესო
ყოფილა-მეთქი,
და შინაგანად
ამ ინტერესს
ყოველთვის ვატარებდი
მხატვრობაში.
ზოგს აღიზიანებდა
კიდეც ფილოსოფიური
რეტროსპექცია
ჩემს მხატვრობაში.
მე ვაზროვნებ
ფილოსოფიური
ფორმებით, ოღონდ
თვალის მეშვეობით
და არა ტვინით.
ხილვად აზრს
ფილოსოფიურად
ვიმეცნებ, თუ
შეიძლება ასე
ითქვას... ჩვენ
ვიცით, რომ ჟღერადი
აზრი მუსიკაა;
მე ასე მგონია,
ხილვადი აზრი
მხატვრობაა.
მერე,
მოვედი ბებიაჩემის
და დეიდაჩემის
სახლში, სადაც
იდეალური პირობები
შემექმნა დეიდაჩემ
ქეთინოსა და
ნატა ბებოს დახმარებით.
სიმშვიდე, სიწყნარე...
ჯერ გამომიყვეს
კუთხე, სადაც
სადილობდნენ,
მერე დიდი სურათის
დახატვა მომინდა
და ეს სასადილო
მაგიდა მეორე
ოთახში გაიტანეს.
ჩვიდმეტი წლისა
ვიყავი, დავიწყე
დიდი სურათის
ხატვა. დავხატე
ერთი, მერე მეორე,
მესამე, მთლიანად
დავიპყარი ოთახი.
მერე იქით ოთახში
გავძვერი ნელ-ნელა.
ახლა დიდი სახელოსნო
მაქვს ნუცუბიძეზე,
თუმცა, მე არსად
არ ვეტევი, კატასტროფული
სიჩქარით ივსება
ყველაფერი...
მერე
გაჩნდა ლაშა,
მერე ნინიკო,
მყავს ჩემი ანი...
და მიდის ცხოვრება".
ის მართლა
"ვეღარ ეტევა"
ვერც სახლში
და ვერც სახელოსნოში.
ნამუშევრები...
ნამუშევრები...
ოთახებში ვიწრო
გასავლელებია
მხოლოდ დარჩენილი.
ხატავს სწრაფად
და საოცარი
სიმსუბუქით.
თან სტუმრებს
იღებს ან ტელეფონით
საუბრობს.
მისი
საუბარი ერთ
რამედა ღირს,
საუბარი ცხოვრებაზე,
ხელოვნებაზე...
გადმოგიშლის
და ხელის გულზე
დაგიწყობს სამყაროს.
იმ ოთახში,
რომელშიც გია
ბუღაძე ხატავს,
ნამუშევრები
იმდენ წყებად
აწყვია კედლებთან,
რომ ოთხივე მხრიდან
ებჯინება ოთახის
შუაგულში მდგარ
უზარმაზარ, ძველ,
შავ სავარძელს.
ამ სავარძლიდან
მთელი ქვეყანა
სხვაგვარი მოჩანს...
რა ბედნიერებაა,
რომ არსებობს
ეს სავარძელი...
მარინა
ვაშაყმაძე