ნანი
იგი
ცნობილი მომღერლების
- მიქელაძეების
შთამომავალთა
ოჯახში დაიბადა.
ოჯახში, სადაც
ყველა მღეროდა;
ოჯახში, სადაც
ყველა ცდილობდა,
რომ მას მხოლოდ
კარგი სიმღერა
მოესმინა... ისმენდა
და თვითონაც
მღეროდა, მღეროდა
ბავშვობიდანვე
- სახლში, საბავშვო
ბაღში, სკოლაში,
მუსიკალურ ტექნიკუმში,
კონსერვატორიაში.
მაგრამ... მაგრამ
სერიოზულად
არასოდეს უფიქრია,
რომ მაინცდამაინც
პროფესიონალი
მომღერალი გახდებოდა.
მომღერალი ნანი
ბრეგვაძე ყველაზე
გვიან ნანი
ბრეგვაძემ აღიარა...
"რაც
თავი მახსოვს,
სულ სცენაზე
ვარ, სულ ვმღერი.
საოცარ მუსიკალურ
გარემოში გავიზარდე.
პატარა რომ ვიყავი,
მთაწმინდაზე,
კოტე მესხის
ქუჩაზე ვცხოვრობდით.
მახსოვს ჩვენი
ეზოს მზიანი
კვირა დღეები.
ბაბუაჩემი გამოვიდოდა
და ეზოში დაჯდებოდა.
რადიო სულ ჩართული
იყო და მუსიკა
სულ ისმოდა. არაჩვეულებრივი
ბავშვობა მქონდა,
სასიამოვნო
ემოციები დღემდე
მომყვება. თბილისში
მაშინ დიდი
თოვლი მოდიოდა.
ახლა რატომღაც
აღარ მოდის.
რამხელა სიხარული
იყო, გამოვიდოდით
ბავშვები, თოვლის
ბაბუას ვაკეთებდით,
ყინულზე ციგებით
ვსრიალებდით;
ზაფხულში კი
ზემოთ, მთაზე
ავდიოდით, ვთამაშობდით,
ყვავილებს ვკრეფდით.
მერე ჩვენი ქუჩის
ბავშვები სპექტაკლებს
ვდგამდით და
ვმღეროდით...
ცამეტი წლის
ვიყავი, კოტე
მესხის ქუჩიდან
გრიბოედოვზე
რომ გადმოვედით;
თოთხმეტი კვადრატული
მეტრი იყო ოთახი,
რომელშიც ვცხოვრობდით,
მაგრამ ის დრო
ჩემთვის ყველაზე
სასიამოვნო
მოსაგონარია.
პირველ საშუალო
სკოლაში ვსწავლობდი
და მიუხედავად
იმისა, რომ მერე
პლეხანოვზე გადავედით,
ახლა კი ვაკეში
ვცხოვრობ, ქალაქის
ის მხარე დღესაც
ძალიან მიყვარს...
რუსთაველზე,
მაღაზია "ლუქსი"
რომ იყო, იმის
თავზე ჩემი კლასელი
ნათელა ჯავახიშვილი
ცხოვრობდა. მეათე
კლასში რომ ვიყავი,
ავიდოდით ხოლმე,
დავჯდებოდი
პიანინოსთან,
ჩემი კლასელები
ფანჯრებს გამოაღებდნენ
და მე ვმღეროდი...
ქვემოთ, ქუჩაში,
ხალხი ჩერდებოდა
და მისმენდა.
სიმღერას რომ
დავამთავრებდი,
იყო ტაში და
მთხოვდნენ, გამოიხედეო;
მეც გავდიოდი
და თავს ვუკრავდი.
ეს ყველაფერი
ლამაზი კინოკადრებივით
მახსოვს... სიმღერა
იმდენად იყო
ჩემში და იმდენად
ჩემი იყო, ვთვლიდი,
რომ უნდა მემღერა;
მაგრამ პროფესიონალ
მომღერლობაზე
არ მიფიქრია
- პროფესიონალ
პიანისტობას
ვაპირებდი. 1956
წელს მიმიწვიეს
"გეპეის" ცნობილ
თვითშემოქმედებით
ორკესტრში. მაშინ
მუსიკალურ ტექნიკუმში
ვსწავლობდი.
ორკესტრთან
ერთად მონაწილეობა
მივიღე მოსკოვის
VII მსოფლიო ფესტივალში,
სადაც საბჭოთა
კავშირში პირველი,
ხოლო მსოფლიო
მასშტაბით
მესამე ადგილი
მოვიპოვეთ. შემდგომ
კი, როცა კონსერვატორიაში
ჩავაბარე, უკვე
"რეროში" ვმღეროდი
- საქართველოს
სახელმწიფო
ორკესტრში კონსტანტინე
პევზნერის ხელმძღვანელობით.
შემდეგ მოსკოვის
მიუზიკ-ჰოლში
მიმიწვიეს. მათთან
ერთად სამჯერ
კარგა ხნით
გავემგზავრე
საზღვარგარეთ.
უცხოეთში გასტროლები
იმ დროს საოცარი
და წარმოუდგენელი
რამ იყო...
თბილისში
1964 წელს დავბრუნდი
და ანსამბლ
"ორერას" ბიჭებმა
შემომთავაზეს
მათთან ერთად
მემუშავა. "ორერას"
პერიოდს ჩემს
ცხოვრებაში
ძალიან დიდი
მნიშვნელობა
ჰქონდა, იქ ჩამოვყალიბდი
როგორც მომღერალი.
ამასობაში ნელ-ნელა
პოპულარულიც
გავხდი, უკვე
მცნობდნენ, მისმენდნენ.
პარალელურად
მედიკო გონგლიაშვილთან
ერთად გამოვდიოდი
და რეპერტუარიც
დაგროვდა. მერე
მოსკოვში დიდი
შემოქმედებითი
საღამო ჩატარდა.
სოლო-კონცერტებიც
გავმართე, დროთა
განმავლობაში
სხვადასხვა
წოდებებს მანიჭებდნენ
- დამსახურებული
არტისტი, მერე
- სახალხო არტისტი,
ჯერ - საქართველოს,
მერე - საბჭოთა
კავშირის. ყოველივე
ამის შემდეგ
კიდევ რომ მეთქვა,
მომღერალი არა
ვარ-მეთქი, სირცხვილი
იქნებოდა.
იშვიათი
გამონაკლისის
გარდა, ქალბატონ
ნანი ბრეგვაძეს
სხვისი შესრულებული
სიმღერა არ
უმღერია. სპეციალურად
მისთვის ქართველ
და რუს კომპოზიტორებს
უამრავი სიმღერა
დაუწერიათ...
მისთვის წერდნენ:
რევაზ ლაღიძე,
გოგი ცაბაძე,
ბიძინა კვერნაძე,
შოთა მილორავა...
მას არ მოსწონს
უშინაარსო ტექსტზე
შექმნილი სიმღერები.
თვლის, რომ ტექსტი
და მელოდია ერთნაირად
დახვეწილი უნდა
იყოს. ამიტომაცაა
მის რეპერტუარში
გალაკტიონის,
პუშკინის, ლერმონტოვის,
პეტრე გრუზინსკის,
მორის ფოცხიშვილის,
ბელა ახმადულინას
ტექსტებზე შექმნილი
სიმღერები...
"ჩემი
ბედნიერება
ის იყო, რომ ჩემთვის
წერდნენ. ახლა
კი ახალი სიმღერების
ისეთი უკმარისობაა,
რომ ძალიან ბევრი
ჩემს რეპერტუარს
მღერის. ეს ასეც
უნდა იყოს, უნდა
იმღერონ; ჩემგან
განსხვავებულად
ასრულებენ - ზოგი
მომწონს, ზოგი
არ მომწონს. ადრე
რომ იწერებოდა,
ახლა ისეთი სიმღერები
აღარ იწერება.
მე რომ ახლა ვიწყებდე
სიმღერას, არ
ვიცი, რითი მოვაწონებდი
თავს მსმენელს.
უწინ, ჩემდა უნებურად,
ყველაფერი ერთად
მოდიოდა. ისეთი
კომპოზიტორები
იყვნენ, რომლებიც
მელოდიასთან
ერთად, ყურადღებას
ტექსტსაც აქცევდნენ
და ძალიან მაღალი
დონეც იყო. ჩემს
სიმღერებში
ძალიან დახვეწილი
ტექსტებია, გარდა
რომანსებისა;
რომანსს უხდება
მისთვის დამახასიათებელი
პრიმიტივიზმი,
მაგრამ გულზე
მოსახვედრი
- ეს აუცილებელია..."
დახვეწილი
- ეს სიტყვა უყვარს
ნანი ბრეგვაძეს
და ეს სიტყვა
ნანი ბრეგვაძეს
ძალიან უხდება.
უფრო მეტიც - უდახვეწილესი...
შესრულებით,
ხმით, თავდაჭერით,
დაბოლოს, ჩაცმულობით.
"ჩემი
არჩევანი არასოდეს
მინანია. სხვას
მაინც ვერაფერს
გავაკეთებდი.
ერთადერთი, რაზეც
მწყდება გული,
ისაა, რომ შეიძლებოდა
ოპერის მომღერალი
ვყოფილიყავი.
ვგრძნობ, რომ
მემუშავა, საოპერო
ხმაც მექნებოდა.
მთელი ჩემი შემოქმედებით
მაინც კლასიკისკენ
?მივდივარ?. შეიძლება
იმიტომ, რომ სერიოზული
კლასიკური განათლება
მაქვს მიღებული.
მე დღემდე არ
ვიცი, ვინ ვარ,
ჩემი სიმღერა
ბოლომდე არც
კლასიკაა და
არც ესტრადა
- უფრო აკადემიური
სტილისაა, რომელიც,
სამწუხაროდ,
ახლანდელ დროში
ვერ იგებს. ორი
წლის წინათ მე,
ჩემს ქალიშვილ
ეკას და "ქართულ
ხმებს" კონცერტი
გვქონდა სანკტ-პეტერბურგში.
ძალიან ვღელავდით.
იქ ხმაურიანი
შოუები იმართება,
ჩვენ კი მსგავსი
არაფერი გვქონია.
კონცერტი რომ
დაიწყო, გია
ჭირაქაძემ გამოაცხადა:
"თქვენ ახლა მის
უდიდებულესობა
სიმღერას მოუსმენთ".
საოცარი იყო
დარბაზის რეაქცია.
კონცერტის შემდეგ
მოდიოდნენ და
მადლობას გვიხდიდნენ
- ასეთი კონცერტი
დიდი ხანია
აღარ მოგვისმენიაო...
ნამდვილი სიმღერა
არ იკარგება.
არასოდეს
მიმღერია იმისთვის,
რომ ტაში დაეკრათ.
ვმღეროდი იმიტომ,
რომ მსიამოვნებდა.
მე ყოველთვის
ვუფრთხილდები
ჩემს მსმენელს.
თუ მსახიობს
ან მომღერალს
არ უყვარს მაყურებელი,
არაფერი გამოუვა.
ვერ წარმოიდგენთ,
მაყურებლის
მიმართ რა გრძნობა
მაქვს, როგორ
ვუვლი, როგორ
ვეფერები; არ
მინდა დავღალო
არც ჩემი სიმღერით
და არც ჩემი
არსებობით. არასოდეს
დიდხანს არ
ვახვეწნინებ
მსმენელს და
ხანდახან მესამე
განყოფილებაც
გამომდის ხოლმე.
ერთი რამ არის
კიდევ - ქართველ
მსმენელს ვერაფრით
მოატყუებ, ქართველი
ხალხი ძალიან
მუსიკალურია
და ამავე დროს
კარგი სიმღერით
განებივრებული.
რამდენი ჩამოსულა
ისეთი, სხვაგან
რომ ძალიან პოპულარულია,
მაგრამ აქ არცთუ
ისე კარგად მიუღიათ..."
ქალბატონ
ნანი ბრეგვაძის
ადგილას რომ
ყოფილიყო, ალბათ,
ბევრი შეძლებდა
იმ ცნობილ და
გავლენიან პიროვნებებთან
ნაცნობობის
გამოყენებას,
რომლებიც მისი
შემოქმედების
უდიდესი თაყვანისმცემლები
იყვნენ და არიან
- პოლიტიკოსები,
მწერლები, მსახიობები,
ჟურნალისტები,
კოსმონავტებიც
კი... შეეძლო სულ
სხვაგვარად
მოეწყო ცხოვრება,
მაგრამ მას
არასოდეს არავისთვის
არაფერი უთხოვია;
მისი შემოსავლის
ერთადერთი წყარო
ყოველთვის სიმღერა
იყო...
"უამრავ
ადამიანს ვიცნობ
და უამრავი
მეგობარი მყავს
რუსეთში, უცხოეთში;
ქართველებზე
აღარ ვლაპარაკობ
- გასაგებია,
თითქმის ყველას
ვიცნობ. ნეტავი
მათი ჩამოთვლა
შემეძლოს, ძალიან
ლამაზი კონცერტები
და შეხვედრები
მქონია, რა დამავიწყებს
ბიჭვინთას,
სოხუმს, სადაც
მთელი ეს საზოგადოება
იკრიბებოდა...
დღეს
სხვა დრო მოვიდა.
არც მე და არც
ჩემს შვილს ბიზნესის
ნიჭი არ აღმოგვაჩნდა.
მე არც ის შემიძლია,
რომ ვინმეს რამე
ვთხოვო, ვზივარ
და ველოდები,
დამიძახებენ
თუ არა კონცერტზე.
იმპრესარიო
არ მყავს. ალბათ
ფიქრობენ, რომ
იმდენად "კარგად
ვარ", იმპრესარიო
არ მჭირდება.
არადა, აუცილებელია,
ვიღაც მყავდეს
- ის, ვინც შიგადაშიგ
კონცერტებს
მომიმზადებს.
რა თქმა უნდა,
სხვას როგორ
შევედრები და
როგორ ვიტყვი,
ცხოვრება მიჭირს-მეთქი.
არავითარ შემთხვევაში.
მე შემიძლია,
მაგალითად,
ფული ვისესხო,
მერე კი კონცერტში
მივიღო მონაწილეობა
და დავაბრუნო.
აი, ამ ბოლო დროს
საქმე კარგად
აეწყო - ჯერ მოსკოვში
ვიყავი, მერე
- ამერიკაში,
ახლა ჩეხეთში
მივდივარ, შემოდგომაზე
- ისრაელში...
ძირითადად
მოსკოვში ვარ.
რამდენი საერთოდ
წავიდა საქართველოდან,
არადა დღეს
ქართულ ესტრადას
უნიჭიერესი
ხალხი ჰყავს
- როგორი ხმების
პატრონები და
როგორი მუსიკალურები
არიან. სცენაზე
ხშირად ყოფნა,
სხვადასხვა
მაყურებელთან
ურთიერთობა
ხვეწს და პროფესიონალად
აქცევს მომღერალს
- ამის საშუალება
კი ჩვენს ახალგაზრდებს
არა აქვთ. ჩვენი
საქმისათვის
ერთდროულად
საჭიროა კარგი
კომპოზიტორი,
კარგი პოეტი,
კარგი მხატვარი
და ძალიან დიდი
შრომა. არც ერთი
ქვეყნის მომღერალს
არ შევადარებ
ქართველ მომღერლებს.
მაგრამ მათზე
საგანგებოდ
მუშაობენ, იმიჯს
უქმნიან და
ყველა ვხედავთ,
მათ ირგვლივ
რაც ხდება...
მე ამ
მხრივ გამიმართლა.
სიმღერა იმ
დროს დავიწყე,
როცა ყველაფრის
შესაძლებლობა
იყო. მდიდარმა
გამოცდილებამ
და წლებმა ბევრი
რამ შემძინა.
თავს არ ვიქებ,
მაგრამ სხვა
სიბრძნე და
სიმღერასთან
სხვანაირი
დამოკიდებულება
გაჩნდა. ჩემს
სიმღერებში
უკვე ყველაფერია:
მუსიკა, სიტყვა,
აზრი, გრძნობა
და დიდი სიღრმე.
ხმის ფაქტორი
კი მეც მაოცებს
- იოგები თავისუფლად
მომყვება... არ
ვეწევი და, ალბათ,
ესეც მეხმარება..."
თითქმის
არ არსებობს
ქვეყანა, სადაც
ქალბატონი ნანი
ბრეგვაძე გასტროლებზე
არ ყოფილა - ხუთივე
კონტინენტის
უამრავი ქვეყანა
და ქალაქი, ყოფილი
საბჭოთა კავშირის
ყველა რესპუბლიკა
და საქართველოს
ყველა კუთხე...
ულამაზესი შეხვედრები,
ეგზოტიკური
სამყარო და
უამრავი კურიოზი...
"დღიურებს
არასოდეს ვწერდი,
მეგონა, ყველაფერს
დავიმახსოვრებდი.
ჩემი მეგობარი
ზურა იაშვილი
წერდა და მე ვეუბნებოდი,
შენ წერე და მერე
მე გადავიწერ-მეთქი.
ახლა ჩემი მუდმივი
აკომპანიატორი
მედიკო გონგლიაშვილი
წერს და მე ისევ
გადაწერით ?ვიმუქრები?...
უამრავი
გასტროლი მქონია.
მახსოვს პარიზული
შთაბეჭდილებები.
მეგონა, რომ ეს
ქალაქი ჩემი
იყო...
ავღანეთში
იმ დროს ვიყავი,
როცა ომი მთავრდებოდა.
მე და მედიკო
მანქანით რომ
მივდიოდით,
უკან ტანკი მოგყვებოდა,
გვიცავდა... ნიკარაგუაში
რევოლუციის
დროს მოვხვდით...
დამამახსოვრდა
ტაიტი - საოცარი,
სამოთხის მსგავსი
ქვეყანაა; ჩვენს
ფილმში "ორერა"
სრული სვლით"
ტაიტიზე გადაღებული
კადრებიც არის...
მახსოვს იამაიკა,
სადაც გაგვაფრთხილეს,
გარეთ არ გამოხვიდეთ,
საავადმყოფოებიდან
გიჟები გამოუშვესო...
მაროკოში, კონცერტის
შემდეგ, მეფე
ჰასან II-მ სასახლეში
მიგვიპატიჟა.
სად არ ვყოფილვარ,
მაგრამ მსგავსი
სილამაზის სუფრა
არსად მინახავს.
დღემდე მაქვს
შენახული კაბა-ქიტონი,
რომელიც იქ მაჩუქეს.
ოქროს ძაფებით
მოქარგული ხავერდის
შავი კაბა. ძალიან
მძიმეა, ამერიკაში
მქონდა წაღებული
და ერთხელ ძლივს
ჩავიცვი, ჩავიცვი
და დავდექი.
სკაფანდრივითაა,
მაგრამ ულამაზესი...
და მაინც,
ბუნებით მოგზაური
არა ვარ. სადაც
უნდა წავიდე,
სულ სახლი მენატრება.
ორი თვე მაქსიმუმია,
მერე სახლში
გამოვრბივარ.
ადრე საქართველოშიც
ბევრ კონცერტს
ვმართავდი
- სოხუმში, გაგრაში,
ბიჭვინთაში,
აღარ ვლაპარაკობ
ბათუმსა და
სხვა ქალაქებზე...
ერთხელ
მოსკოვში გვაქვს
კონცერტი. მეორე
განყოფილება
ჩემია. საშინლად
ვნერვიულობ,
მაგრამ ყველაფერი
კარგად მიდის.
ბოლო სიმღერაა
უკვე, გამოვედი,
გამოვაცხადე
და... დამავიწყდა
ყველაფერი. მედიკო
უკრავს, უკრავს,
მე წინ და უკან
დავდივარ; ბოლოს
მივედი მედიკოსთან
და ჩუმად ვეუბნები:
?მედიკო, მიშველე,
ტექსტი დამავიწყდა";
მედიკო მეუბნება:
რა გიშველო, მე
მელოდია დამავიწყდაო...
ჩვენთან
რომ არეულობა
იყო, დიდი ხანი
სცენაზე არ ვყოფილვარ;
იმ ამბების
შემდეგ პირველი
კონცერტი მაქვს
მოსკოვში, დიდ
სცენაზე გამოვდივარ,
უამრავი ხალხია
დარბაზში, საშინლად
ვღელავ, და ისევ
დამავიწყდა
ტექსტი. რა უნდა
მექნა, მივედი
რამპასთან და
ხალხს ვეუბნები:
ტექსტი დამავიწყდა
და იქნებ შემახსენოთ-მეთქი;
მთელი დარბაზი
მკარნახობდა,
ატყდა ერთი
ამბავი. მერე
გავაჩერე ყველა
და ერთს ვთხოვე,
რომ შეეხსენებინა...
ასეთი რაღაცეები
ხდება და ყოველთვის
ბუნებრივად
გამოვდივარ
სიტუაციიდან.
ერთმა ისიც
კი მითხრა, სპეციალურად
გააკეთეთ ეგ
ნომერი, არაო"...
კაცმა
რომ თქვას, თითქმის
შეუძლებელია,
ქალი ერთნაირი
დატვირთვით
სცენაზეც მუშაობდეს
და ოჯახშიც.
იქნებ, ასეთი
გამონაკლისი
არც არსებობს.
ქალბატონი ნანი
ბრეგვაძე სცენაზე
წარმატებას
დედას უმადლის.
იმ ქალბატონს,
რომელსაც მთელ
ოჯახზე პასუხისმგებლობა
საკუთარ თავზე
ჰქონდა აღებული.
მათ სახლში
ყოველთვის სტუმარი
იყო. მათთან
ხშირად იკრიბებოდნენ
სხვადასხვა
თაობის არაჩვეულებრივი
ადამიანები...
"დედაჩემი
სულ ცდილობდა,
რომ ჩემს ირგვლივ
კარგი ადამიანები
ყოფილიყვნენ
და დადებითი
ემოციები მქონოდა.
ჩემს მეგობრებს
ნებისმიერ დროს
შეეძლოთ ჩემთან
მოსვლა. დედაჩემი
სტუმრების მისაღებად
ყოველთვის მზად
იყო, საოცარი
დახვედრა იცოდა.
მერე, დედა რომ
გარდაიცვალა,
მეგობრებმა
მითხრეს: ჩვენ
გვეგონა, შენთან
მოვდიოდით ხოლმე;
თურმე, შენთან
კი არა, დედაშენთან
მოვდიოდითო...
ერთხელ, მახსოვს,
მორიგი წოდება
მივიღე, უკვე
ეკაც მღეროდა
და წარმატებებიც
ჰქონდა. დედაჩემმა
მაშინ ხუმრობით
მითხრა: მე კიდევ
აკადემიკოსის
წოდება უნდა
მომანიჭონ, ასეთები
რომ გაგზარდეთო...
ერთი
ძალიან კარგი
თვისება ჰქონდა,
რომელიც მეც
შემძინა და ეკასაც
- არასოდეს არც
ერთ მომღერალზე
ცუდს არ იტყოდა,
ყველას ეფერებოდა.
ყოველთვის ამბობდა:
არ შეიძლება,
კარგი არ აღნიშნო,
არ თქვა, არ შეაქო
- ამით შენ არაფერი
გაკლდებაო...
სხვათა
შორის, წინააღმდეგი
ვიყავი, რომ
ეკაც მომღერალი
გამხდარიყო.
მე ისე ვიყავი
შეწუხებული გასტროლებით,
არ მინდოდა,
ეკაც ჩემს დღეში
ყოფილიყო... ერთი
რამ ცხადია
- როცა მსახიობი
ან მომღერალი
ხარ და გასტროლებზე
დადიხარ, მეუღლე
შენს გვერდით
უნდა იყოს. თუ
ის შენს გვერდით
არ არის, ოჯახი
გენგრევა, რაც
მე დამემართა...
მეუღლე რაღაცით
მაინც უნდა
იყოს შენს პროფესიასთან
დაკავშირებული.
ჩემს მეუღლეს
ძალიან ვუყვარდი
და მეც ძალიან
მიყვარდა; უნდოდა,
რომ მემღერა
და ამიტომაც
შემეძლო გასტროლებზე
სიარული. მაგრამ,
საბოლოოდ, ოჯახის
დანგრევას მაინც
ვერ ავცდით...
ეკამაც
კონსერვატორია
დაამთავრა.
ბავშვობიდანვე
საოცარი სმენა
ჰქონდა. წლის
და სამი თვის
იყო, იავნანას
რომ მღეროდა.
იმ იავნანას
მე დედაჩემი
მიმღეროდა, მე
ეკას ვუმღეროდი
და შვილიშვილებიც
იმ იავნანაზე
გაიზარდნენ...
ბიჭები უკვე
დიდები არიან
და არც ერთი
არ მღერის, სხვა
პროფესია აირჩიეს.
ერთი ტექნიკურ
უნივერსიტეტში
სწავლობს, მეორე
- სამედიცინო
ინსტიტუტში.
აი, ნატალიაზე
კი დიდ იმედს
ვამყარებთ.
შვიდი წლისაა
და ძალიან ნიჭიერი.
არაჩვეულებრივი
ტემბრის, თითქმის
საოპერო ხმა
აქვს. ვნახოთ,
რა იქნება. მთავარია,
ღმერთმა მაცოცხლოს,
რომ ყველაფერს
მივხედო. მეც,
ეკაც, მეორე ბებიაც
- ქალბატონი ლამარა
მარგველაშვილი,
ჩემი სიძეც, ყველანი
ვცდილობთ და,
ალბათ, მალე ყველაფერი
შეიცვლება და
ყველაფერი კარგად
იქნება..."
სულ
ცოტა ხნის წინათ
კი პატარა ნატალიას
დებიუტიც შედგა.
მან სცენაზე
დედასთან, ეკა
მამალაძესთან
ერთად იმღერა...
ღმერთმა
ინებოს, პატარა
ნატალიასაც
ისეთივე დიდი
აღიარება და
უამრავი თაყვანისმცემლის
ზღვარს გადასული,
გულწრფელი სიყვარული
მოეპოვებინოს,
როგორიც მის
მშვენიერ დედას
და უკვე ლეგენდად
ქცეულ ბებიას
- ნანი ბრეგვაძეს.
ელისო კაპანაძე