მოვალ გურიაში...

გურია ჩემთვის სოფელ შემოქმედიდან იწყება, სადაც საუკუნის დასაწყისში ბაბუას ნაშენი წაბლის ხის ოდა-სახლი მეგულება. ხასხასა მწვანე მოლიან ეზოს ვაზით დახლართული ხეები დარაჯობს, თხმელის ხეებით დაბურულ მარანში წითელი მიწით თავმოგოზილი ჭურები ერთ დროს ჩხავერით და "ადესა" ღვინით იყო სავსე. სათხილეზე გადასასვლელ ალაგესთან ღრმა, ლამაზად ამოყორილი ჭაა - ცივი და გემრიელი წყლის საგუბარი. მჭიდროდ შეკრული ბეღლის კედელზე დაკიდებული ძველი გიდელი, ქვისგან გამოთლილ ღომის საცეხველთან ერთად, უწინდელი ყოფის მდუმარე მოწმეა.
დილის რიჟრაჟის სიჩუმეს ხანდახან ეზოს გადაღმა მოჩხრიალე ღელის ხმა თუ დაარღვევს, ხან უზარმაზარი ხეჭეჭური მსხლის ხიდან მოწყვეტილი ნაყოფი ტოტებს შორის გზას ლაწალუწით გაიკვლევს და ჟვავიან ბალახზე ყრუდ დაეხეთქება.
ნელ-ნელა იღვიძებს სოფელი. გზაზე უკვე გამოჩნდნენ წელში გამართული, თავაწეული, კოხტად ჩაცმული და ცქვიტად მოსიარულე გურულები. ზოგი სიმინდის ყანაში მიიჩქარის, ზოგი სათხილეში და ზოგიც ?ჩაში?. მზე თანდათან ამოიწვერა, გაათბო და გაფანტა ჩამოწოლილი ბურუსი, გაახალისა და გამოაცოცხლა ისედაც ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გურია.
ახლა თქვენც უნდა გაგაცნოთ საქართველოს ეს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. მაგრამ, ცოტა არ იყოს, მეშინია. რა და როგორ დავწერო ისე, გურულებმა რომ არ დამიწუნონ. წაიკითხავენ ამ ჩემს ნაშრომ-ნაწვალებს და იტყვიან - მაი აფერიო. მაინც გავბედავ, ტყუილად კი არა ვარ გურული.
რადგან შემოქმედით დავიწყე, გავაგრძელებ კიდეც. შემოქმედი გურიის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. გიჟმაჟი მდინარე ბჟუჟის პირას, ფერდობზე, მწვანეში ჩაფლული ერთმანეთზე მიჯრილი ორი მონასტერია - მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის და პატარა ზარზმა. გურიელების საძვალეც აქ ყოფილა და სამცხე-საათაბაგოდან მტერს გარიდებული ჯვარ-ხატების საიმედო ადგილსამყოფელიც. გურიაში სამი ეპარქია იყო - საშემოქმედლო, ჯუმათის და ნინოწმინდის, რამდენიმე მონასტერი, საწინამძღვრო და დღეს უკვე დანგრეული ორასზე მეტი ეკლესია, ნესტიანი ჰავის გამო მეტწილად ხით ნაშენი.
გურია, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, "ახალგაზრდაა". ისტორიულ წყაროებში პირველად მე-8 საუკუნეში მოიხსენიება, როდესაც საქართველოს სასტიკი არაბი სარდალი მურვან-იბნ-მუჰამედი 120-ათასიანი ლაშქრით შემოესია, დააწიოკა და ააოხრა ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი. გადამწყვეტი ბრძოლის წინ კი გურიაში დაბანაკებულა. ადამიანის ხვეწნა-მუდარასა თუ მოთქმა-კვნესას ყურად არ იღებდა. ამის გამო, ქართველებმა არაბ დამპყრობელს მურვან-ყრუ შეარქვეს. გურიაში გაუგონარ კაცს დღემდე მურვანას ეძახიან.
საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ გურიის საერისთავოს გურიელები ჩადგომიან სათავეში. გურიელები სვანი ერისთავების - ვარდანისძეების შთამომავლები იყვნენ, ისევე როგორც სამეგრელოს მთავრები - დადიანები. ალბათ, ამიტომაც, ზოგჯერ გურიელ-დადიანებად იწოდებოდნენ, დადიანები კი პირიქით - დადიან-გურიელებად. გურიასა და სამეგრელოშიც გავრცელებული იყო სახელი მამია. გურიელები მეფეები არასოდეს გამხდარან, ერთი-ორჯერ იმერეთში გამეფებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში. საბოლოოდ კი, რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოსთან ერთად მთავრის წოდებაც გააუქმა და გურიელი, როგორც თავადური გვარი, ისე შემორჩა ისტორიას.
გურიელი, გასაგებია, გურიის გამგებელს ნიშნავს, მაგრამ საიდან წარმოდგა თავად სიტყვა გურია.
ზოგი მიიჩნევს, სიტყვა გურია "გურიაობიდან" მოდის და "დაუცხრომელთა სამყოფელს" აღნიშნავს. ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს, როცა ლეონ აფხაზთა (ასე ეწოდებოდა მაშინ დასავლეთ საქართველოს) მეფე გახდა, გურულებმა აღარ ინებეს ოძრახოს ერისთავის მორჩილება, "გურიაობით" განუდგნენ ადარნასე და აშოტ ბაგრატიონებს და შეუერთდნენ ლეონსო.

კიდევ ასეთი ლეგენდაც არსებობს - თურმე, ინდოეთის მეფე შედათს წალკოტი გაუშენებია - ერი ღმერთად მიმიჩნევსო. დიდებულებმა დაუწუნეს - შენს ბაღს ანგელოზები აკლიაო. მეფეს სხვადასხვა ქვეყნიდან "გურიების" (ლამაზი ხალხი) ინდოეთს ჩამოყვანა უბრძანებია. ღმერთმა სასჯელი მოუვლინა კადნიერ მეფეს. მისი დაღუპვის ამბავი ქვეყნის პირზე შეკრებილმა "გურიებმა" კავკასიაში შეიტყვეს და იქვე დარჩენა გადაწყვიტეს. თავის სამყოფელს კი გურია უწოდეს. ერთი "გულიანი" მოსაზრებაც - საქართველოს სამეფოს ძლიერების დროს, როცა ჩვენი საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, გურია სწორედ ქვეყნის შუაში მდებარეობდა. გური, მეგრულად გულს ნიშნავს - ე.ი. ქვეყნის გული იყო.
მართლაც, ლამაზები არიან გურულები, "გურიაობაც" მათი ხასიათის თვისებაა და დღევანდელი საზღვრების მიუხედავად, გურია მაინც საქართველოს გულია.
გურიის საზღვრებს რაც შეეხება: გურიის სამთავრო მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შავ ზღვას, მდინარე რიონის ქვემო წელსა და მდინარე ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს და იქ მოქცეულ ოზურგეთს, ლანჩხუთს და ჩოხატაურს. ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიოს მხარე) და მაჭახელიც შედიოდა მის შემადგენლობაში. მაჭახელში დამზადებული თოფ-იარაღით ებრძოდნენ გურულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემოჭრილ მტერს. დააჭექებდნენ "მაჭახელას", ფიცხელ ბრძოლას გამართავდნენ მომხდურთან, თავბრუს დაახვევდნენ სიმარდით და გულმამაცობით. ერთხელ გურიის მთებში ექვსი ოსმალო გადააწყდა ერთ გურულ მეომარს, გვარად ბოლქვაძეს. ჰაიტ! - არ შეცბა გურული. თავს დაესხა ექვს კაცს და სანამ გონს მოეგებოდნენ, ერთი დაჭრა, ორი მოკლა, ორი დაიჭირა და ერთიც გაექცა თავქუდმოგლეჯილი.
გურიის მთები - მესხეთის ქედის ეს ულამაზესი მთაგრეხილი ნადირ-ფრინველით მდიდარი, ბუმბერაზი ხეებით დაფარული, აქა-იქ წყავის და მოცვის ბუჩქებით დაბლანდული, გურიის ცივი მდინარეების - ბახვის წყლის, სუფსის, გუბაზოულის, ნატანების, ბჟუჟის, აჭის წყლის... სათავე. აქაური ჰაერი თითქოს "დატენილია" ჟანგბადით და განთქმული მთის კურორტი ბახმაროც ვეღარ იტევს "მოჰაერეებს". უწინ "გურიანთას ციებით" შეპყრობილნი ადიოდნენ ბახმაროზე და სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
ბახმარო - ზღვის დონიდან 1.926-2.000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მაღალი მთების კალთებიდან მოჩანს მთელი გურია, იმერეთის ნაწილი, ნახევარი სამეგრელო და ფირუზისფერი შავი ზღვა.
წყლით მდიდარი მხარეა გურია. ხმაურიანი მდინარეებით, ანკარა წყაროებით და მოუსვენარი ღელეებით სავსეა გურიის მიწა, მაგრამ გამორჩეული მაინც, "ბორჯომის" მსგავსი, ნაბეღლავის მჟავე წყალია. რადგან კურორტები ვახსენე, ურეკს ვერსად გავექცევი. შავი ზღვის პირას მდებარე სამკურნალო, მაგნიტურქვიშიანი ურეკი უძველესი კოლხეთის სამეფოს ნაშთებზე დგას. ზაფხულობით ქვიშაში ჩაფლული დამსვენებლები ნებიერად ეფიცხებიან მზეს და სხვადასხვა სენით შეწუხებულნი ნელ-ნელა შვებას გრძნობენ პატარა ურეკის ნაპირას.
1774 წელს ოსმალებმა გურიას ქობულეთის მხარე წაგლიჯეს და დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი. აიყარნენ და გადასახლდნენ გურულები სხვადასხვა მხარეს. ზოგჯერ ოჯახებიც იყოფოდა. აი, თავდგირიძეების ნაწილი ქობულეთში დარჩა და გამაჰმადიანდა. მაგრამ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ისე მოხდა. ჰასან-ბეგ და ალი-ფაშა თავდგირიძეების ღალატზეა შექმნილი უნიკალური გურული სიმღერები "ხასანბეგურა" და "ალიფაშა". მათი მოსმენის შემდეგ, კრიმანჭულით განცვიფრებულ იგორ სტრავინსკის უთქვამს: "ეს იყო საუკეთესო, რაც კი ოდესმე მომისმენია..."

გურული სიმღერა - გურულების ხასიათივით ამოუცნობი, მრავალხმიანი, ჩახლართული და ხმაშეწყობილი. გურიაში მომღერალ კაცს ყოველთვის ძალიან აფასებდნენ. ვინც გალობა იცოდა, ის ხომ გამორჩეული მგალობელ-მომღერალი იყო. დასავლეთ საქართველოში გალობის გურული, დუმბაძისეული კილო იყო გავრცელებული. ანტონ დუმბაძე, შემოქმედელი მღვდელი, უძველეს საგალობლებს ასწავლიდა ნიჭიერ ახალგაზრდებს. თაობიდან თაობაზე გადადიოდა უნიკალური გურული სიმღერა-საგალობლები. გასული საუკუნის ბოლოს, "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხელშეწყობით, ფილიმონ ქორიძემ პირველმა დაიწყო მათი ნოტებზე გადატანა. შემოდებდა ურემზე პატარა, დასაკეც ფისგარმონიას და ეს იტალიისა და პეტერბურგის საოპერო თეატრების სოლისტი, გამორჩეული ბანის მქონე მომღერალი, ფეხდაფეხ დასდევდა გურული სიმღერა-საგალობლების სხვადასხვა ვარიანტს. ერთსა და იმავე სიმღერას გურული ხომ ერთნაირად არასოდეს იმღერებს, თანაც ყველა კუთხეში თავისებურად მღერიან. 1907 წელს კი, თბილისში ინგლისური ფირმის - "გრამაფონის" ხმისჩამწერი სტუდია გაიხსნა და ძველი მომღერლების საოცარი გრამფირფიტა შემოგვინახა:
- "აბა, გიორგი, ერთი ძველი "შვიდკაცა", თუ ძმა ხარ!"
- ან: "ჩავლეიშვილი, ჩხიკვიშვილი და სიმონიშვილი, "ჩვენ მშვიდობა" წამოსძახეთ!"
- ან: "ბესარიონ ინწკირველო, ერთი "სტოლის ხელხვავი" თქვი."
ძველი გრამფირფიტების შიშინში ისმის გურული სიმღერის ჯადოქრების ხმა და მღერიან "ნადურს", "ხასანბეგურას" თუ "შავ შაშვს" ერქომაიშვილები, ჩავლეიშვილები და ხუხუნაიშვილები, ვარლამ სიმონიშვილი, გიორგი ბაბილოძე, მელქისედეკ ნაკაშიძე თუ ნესტორ კონტრიძე. დააყენებენ, თუ გურულად თავს მოვიწონებ, კონტრაპუნქტის და კოლორატურის კორიანტელს, თავბრუს დაგახვევენ. ბოლოს ტკბილად, "შეხმობილად" დაასრულებენ სიმღერას და დასძახებენ: "ვაშა, გურულებო, ვაშა!" ალბათ ყველას, ვინც გურულ სიმღერას მოისმენს, მათსავით მოუნდება ვაშას შეძახილი. არც გალაკტიონს უთქვამს შემთხვევით: "არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში".

ჭირში, ლხინში და შრომაში მღერის გურული. გულს იქარვებს, მხიარულობს და სამუშაოს იადვილებს სიმღერით. სიმღერაში ჩანს მისი დაუდეგარი ბუნება. ასი წლის წინათ, ამერიკის პრეზიდენტის და ინგლისის დედოფლის წინაშე გამოდიოდნენ გურული მოჯირითეები, ისინი ბაფალო ბილის ცნობილი "უაილდ ვესთის" შოუში მონაწილეობდნენ და უბადლო ჯირითით გულზე ხეთქავდნენ ინდიელ ცხენოსნებს.
გურული ვერასდროს ეგუებოდა თავისუფლების შეზღუდვას. უჯანყდებოდა და ებრძოდა უსამართლობას. გავარდებოდა ტყეში ფირალად და სისხლს უშრობდა რუს "სტრაჟნიკებს". ჩააყენებდა ხელისუფლება სოფლებში "ეგზეკუციას", მაგრამ არ გატყდებოდა არაფრით გურული, არ "ჩაასმენდა" მოძმეს. მოღალატეს და ჯაშუშს კი სასტიკად უსწორდებოდა. დრო იყო ისეთი, თორემ, როგორც კი მშვიდობა დაისადგურებდა, ისევ სახლ-კარს უბრუნდებოდნენ მეამბოხეები.
მშვიდობის ფასი კარგად იციან გურულებმა. სუფრაზე პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს შესვამენ და "ჩვენ მშვიდობას" დააგუგუნებენ. ადრე ზოგი იცინოდა, მაგრამ ახლა ყველამ დააფასა გურულების აკვიატებული მშვიდობის სადღეგრძელო. ისე, მშვიდობისმოყვარეობა ერთი მთავარი გურულის, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის თვისებაც რომაა, მთელმა მსოფლიომ იცის.
გურიის მთავრები მეფეები არასოდეს ყოფილან, მაგრამ ჩვენს საუკუნეში ქართული სახელმწიფოს მეთაურები უმეტესად გურულები იყვნენ. აკაკი წერეთელს უთქვამს: "ბევრი ხალხი არ უნდა მოიძებნებოდეს ქვეყანაზე იმდენათ ბუნებით ცოცხალი, მოძრავი, ყველაფერი ახლის და უცხო რამესი ადვილად მიმღები და შემთვისებელი, როგორც გურულები".
კალანდა ახლოვდება - გურულად ახალი წელი - გამოთლის გურული თხილის ტოტისგან ჩიჩილაკს, გობზე დააწყობს ხაჭაპურს, ღორის თავს, ჯანჯუხას, ღვინოს, სანთლით ხელში დაილოცება და ღმერთს ბედნიერებას და ბარაქას შესთხოვს.
ბედნიერი კალანდა გაგთენებოდეთ, ქართველებო!

ნანა ზურაბიშვილი