აფხაზეთი...

თუ დასაწყისი აქვს საქართველოს მიწას, აფხაზეთია მისი დასაწყისი... ნიკოფსიაა ოდითგანვე ჩვენებური ათვლის წერტილი. და, თუ ქვეყანას წალკოტი მოეპოვება, მაშინ აფხაზეთია ასე "მონათვლის" ღირსი. ადგილი, საიდანაც ჩვენ ვიწყებით ანუ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი შავიზღვისპირეთი. კოლხეთისა და შემდეგ ეგრისის სამეფოს დასაყრდენი; ხან აფხაზეთის სამთავრო, ხან აფხაზეთის სამეფო და ყოველთვის ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილი. კუთხე, რომელსაც აღფრთოვანებით მოიხსენიებდნენ ერთხელ მნახველი ფილოსოფოსნი თუ მგზავრნი - ჰეროდოტე, სტრაბონი, ფლავიუს არიანე, არქანჯელო ლამბერტი თუ შარდენი...
ეს მიწა ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობდა ადამიანი. იაშთხვასა თუ კისტრიკში ქმნიდნენ და ხვეწდნენ ჩვენი ძველზე უძველესი წინაპრები სამუშაო თუ საომარ იარაღს, აქ ეყრებოდა საფუძველი ადამიანურ ურთიერთობებს, აქ არის ჩვენი ერთ-ერთი ფესვი...
ძველ ბერძნებს ამაოდ როდი აურჩევიათ ეს ადგილი ახალშენების დასაარსებლად. აფხაზეთი ულამაზესი ლანდშაფტებით, მშვენიერი ჰავით, წყალუხვობით და ლურჯი ზღვისპირეთით ნამდვილი ცდუნება იყო თავად ძველ ბერძენთათვის. ამიტომაც იყო, რომ აქ ზედიზედ დაარსდა პიტიუნტი (ბიჭვინთა), დიოსკურია (სოხუმის მახლობლად), გიენოსი (ოჩამჩირე), ტრიგლიტი (გაგრა) - დიდი ცივილიზაციის ახალი კერები.
"დიოსკურია წარმოადგენს საერთო სავაჭრო ადგილს მოშორებით და მახლობლად მცხოვრები ტომებისთვისო", - წერდა სტრაბონი. "ქართლის ცხოვრებაში" კი ვკითხულობთ: "ხოლო ესე აფხაზეთი შემკული არს ყოვლითა ნაყოფიერებითა და ჰავითა, რამეთუ ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, ვენახნი, პირუტყვნი და ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი... გარნა არს ესე აფხაზეთი ტყიანი, ჭალიანი, ეწროვანი და მცირე ველოვანი; ხოლო კაცნი მგვანნი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, სარწმუნოებით არიან ქრისტიანენი..."

VIII საუკუნის მიწურულს აფხაზეთი ბიზანტიელთა დაქვემდებარებისაგან განთავისუფლდა და აფხაზეთის მთავარმა ლეონ მეორემ მეფის ტიტული მიიღო. მაშინდელი აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. აფხაზთა სამეფოში დაიწერა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები.
დროთა განმავლობაში აფხაზეთის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. XI საუკუნეში, როცა ანტიოქიის პატრიარქმა ეჭვქვეშ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითხი, გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ გიორგი მთაწმინდელმა მსოფლიო პატრიარქის კარზე ქართული ეკლესიის "თვითმწყსობის" კანონიერება საქართველოში ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობით დაასაბუთა და იქვე აღნიშნა: "ერთი წმინდა ათორმეტ მოციქულთაგანი სიმონ კანანელი ქუეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების".
მოგვიანებით, ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე "მეფე აფხაზთა" იყო. ბაგრატ III-დან მოყოლებული ქართველი მეფეები იწოდებოდნენ მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა...
აფხაზეთს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კვეთს, ნარინჯისფერ ბარს კი თავს დასდგომიან მწვერვალები: აგეფსთა (3257 მ.), ერწახვი (3910 მ.), ფსიში (3790 მ.). ქლუხორისა და მარუხის უღელტეხილები, რომლებიც უძველესი დროიდან უახლეს ისტორიამდე ფარად ეფარებოდნენ მთელ საქართველოს.
აფხაზეთი... შერვაშიძეთა საგვარეულოს სამფლობელო... სოფელ ლიხნში ჰქონია რეზიდენცია აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს - მიხეილ შერვაშიძეს. ამ სოფელს სიტყვა "ლხინის" მიხედვით დარქმევია სახელი და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ.
თავის წნულ ფაცხაში აფხაზეთის ყველა მცხოვრები ხელგაშლით იღებდა სტუმარს და უმასპინძლდებოდა ცხელი ღომითა თუ აფხაზური აჯიკით... რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო აფხაზი, ასეთი ფაცხა ორი უნდა ჰქონოდა. ერთი სასტუმროდ, მეორე საჯალაბოდ.
მართალია, ვენახები აფხაზეთში იშვიათად შეგხვდებოდათ, მაგრამ სამაგიეროდ იქ ხურმისა და თხმელას ხეებზე გადახვეული ვაზი იყო გავრცელებული და ორი სხვადასხვა ხილის ეს ერთობლიობა მშვენიერ სანახაობას ქმნიდა. საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ თურმე ამილახუს ჯიშის ვაზისაგან.

თუმცა, მთავარი სიმდიდრე აფხაზეთისთვის მაინც ციტრუსი იყო. ყვითლად მოლივლივე მანდარინის და ფორთოხლის პლანტაციები, სურნელოვანი ფეიხოა, მოკლედ ის, რასაც ნამდვილი ეგზოტიკა ჰქვია... არც შეიძლება სხვანაირად, ზღვას განსაკუთრებული ბუნება, განსაკუთრებული გარემო, განსაკუთრებული ხილი მოჰყვება...
ყველაფერი განსაკუთრებული, მათ შორის - ხალხიც. თუ ფშავ-ხევსურები თავიანთი უძველესი ტრადიციებით - ძმადნაფიცობით და სტუმართმოყვარეობით ამაყობენ, აფხაზებს მორდუობა-ძიძიშვილობით შეუძლიათ თავის მოწონება, ამ საოცრად წმინდა ადამიანური ურთიერთობით, მტკიცე მეგობრობით, რომელსაც ერთი ძუძუნაწოვი ორი სხვადასხვა დედმამიშვილის უდიდესი ერთგულება ედო საფუძვლად.
იქნებ შავი ზღვა და მისგან მონაბერი ნიავია იმის მიზეზი, რომ აქ ბუნებასაც უყვარს უცნაური ხუმრობები; შეიძლება შუა ზამთარში აყვავდეს მიმოზა და გაზაფხულის ნაადრევ მოსვლაში დაგარწმუნოს. თუმცა, წელიწადის ყველა დროს თავისებურად მიმზიდველია აფხაზეთი - უფრო სულის ნაწილი, ვიდრე უბრალოდ კუთხე საქართველოსი. უცნაურად დაკლაკნილი გზა ბზიფის ხეობას რომ მიუყვება მაღლა-მაღლა და საცაა ცას რომ მიუახლოვდება, იქ რიწის კამკამა ტბაც რომ შეგხვდება თვალუწვდენელ მთებს შორის ჩამდგარი, მაღალმთიანი კურორტი ავადჰარა თავისი სამკურნალო წყლებით; ბიჭვინთა - უძველესი ტაძარ-სამარხებით, ულამაზესი ფიჭვნარის ნაკრძალით, რამდენისთვის გამხდარა იგი ყველაზე ლამაზი ზაფხულის მიზეზი, რამდენი მეგობრობა, რამდენი სიყვარული დაბადებულა ბიჭვინთის ულამაზეს პლაჟზე...
ახალი ათონი - ზღაპრული კარსტული გამოქვაბული და მონასტერი, რომელზეც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია წერდა: "თვალთათვის მეტად საამონი არიან თვით გარემონი მონასტრისა, საამოა მთის პატარა მდინარე ფსირცხისა, ლაღი, ნებიერი, რძესავით აქაფებული, ხოლო მონასტერთან ხელოვნურად დაგუბებული, შინაური გედებით და გემრიელი თევზებით სავსე".
მერე კიდევ, ძველი ციხე-ქალაქი დიოსკურია, წყალში ჩაძირული მოკირწყლული ქუჩებითა და პალატებით.
ულამაზესი კურორტი გაგრა... გაგრის ვიწრობი ნამდვილი კართა კარი იყო, რომელიც მტერს უნდა გაევლო, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში რომ მოხვედრილიყო.
და სოხუმი... მზისა და ოცნების ცისფერი მხარე. ერთბაშად ვერც კი მიხვდები, რა უფრო მეტად გახსენებს სოხუმს, იქნებ მისი ბოტანიკური ბაღი - ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეების კოლექციად ქცეული? იქნებ მისი პალმებით დაჩრდილული ქუჩები? იქნებ ზღვისა და ნაპირის შეხვედრის ზოლი, თაობათა მოგონებები, სილაღე და მხიარულება, მეგობრობა და სიყვარული, გაპარული წყვილების თავშესაფარი... რომელი ერთი...
დრანდა თუ ბაგრატის ციხე, წეძულდა და დიდრიფში, ლიხნის ციხე თუ მოქვის ტაძარი, ილორი - ქრისტიანი მოსახლეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი. ბუნებით მდიდარ მხარეს არც სასარგებლო წიაღისეული დააკლო ღმერთმა; მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყალს მოიპოვებდნენ, ტყვარჩელსა და ბზიფში - ქვანახშირს, სხვაგან კიდევ ტორფს და სხვა მნიშვნელოვან წიაღისეულს - ქვეყნის სიმდიდრის ერთ-ერთ გარანტს. ენგურიდან ფსოუმდე ყოველ ნაწილს ამ დალოცვილი მიწისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. აქაფებული ენგური დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით: ?არც მტკვარს ჰგავს, არც რიონს, არც თუ ალაზანს, უფრო არაგვს რომ ჰგავს გაზაფხულის პირზე აზვირთებულს".
ოდითგანვე შრომაც იცოდნენ აფხაზეთში და მოლხენაც, ელოლიავებოდნენ ოქროსფერ ციტრუსებს თუ თავსმოხვეულ ჩაის პლანტაციებს. მერე კი გუგუნებდა მრავალხმიანი სიმღერა გაშლილ სუფრასთან.
... ალბათ ზღვისა და მთის უნიკალური ჰავის შეერთება, გულგახსნილობა, შინაგანი თავისუფლება, სიბრძნე და სიყვარული აცოცხლებდა აქაურ ვაჟკაცებს ძალიან დიდხანს... მთელ მსოფლიოში იყო განთქმული აფხაზეთის უხუცესთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც საუკუნეს მიღწეული, უმეტესად კი, საუკუნეზე უხნესი მოხუცებისაგან შედგებოდა. ამიტომაც შეერქვა ამ ჯგუფს დღეგრძელთა ანსამბლი და მთელ ქვეყანას მოედო მათი ბრძნული ნათქვამი: "არ შეიმოკლოთ სიცოცხლე და დიდხანს იცოცხლებთ".
რა უცნაურად და ტრაგიკულად ჟღერს მამათა ეს შეგონება დღევანდელი აფხაზეთისთვის... სიცოცხლემ ამ მიწაზე მას შემდეგ სულ სხვა აზრი და ფასი შეიძინა...
და, თუ საქართველოს კუთხეებსა და მხარეებზე საუბრისას ომებზე, ნგრევასა და ქარტეხილებზე წარსულში ვწერდით, აფხაზეთისთვის ეს დღევანდელი ტკივილი, დღევანდელი სისხლი და მოუშუშებელი ღია ჭრილობაა.
დაყოფილია დღეს აფხაზეთის სული, დაყოფილი და დანაწილებული საკუთარი მიწიდან აყრილ ათასობით ადამიანში და მოფენილი მთელ საქართველოს თუ უცხო მხარეს. ეს არის მხოლოდ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და რაც უნდა მოხდეს, შეიკვრება, გამთლიანდება დაშლილი სული.
ყოველთვის ასე სჩვეოდა საქართველოს...

ეკა ქევანიშვილი