მამა-შვილი ფოტოატელიეში

შარშანწინ მაგთი GSM -ის საახალწლო გადაცემა მზადდებოდა. ქუჩაში გამვლელებს აჩერებდნენ და მაგთი GSM -ის რეკლამების შესახებ ეკითხებოდნენ: რომელი რეკლამა მოგეწონათ? რომელი მსახიობი დაგამახსოვრდათ? უმრავლესობა პასუხობდა: ძალიან მომეწონა ფოტოგრაფი, აბესალომ ლორია თამაშობდა, არა?
მაგთი GSM -ის სარეკლამო რგოლი "ფოტოატელიე" თბილისში კარგად ცნობილ, ბელინსკის ¹3-ში მდებარე ფოტოატელიეში გადაიღეს. 54 წელია დარბაისელი, ჭაღარათმიანი ფოტოგრაფი რაჩიკ ტერ-გრიგორიანი გამოჩენილ მსახიობებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებსა თუ რიგით მოქალაქეებს აღბეჭდავს ფირზე.
მაგთი GSM -ის რეკლამაში ფოტოგრაფის როლი აბესალომ ლორიას უნდა ეთამაშა. რაჩიკ ტერ-გრიგორიანი მთელი სერიოზულობით უხსნიდა ბატონ აბესალომს, როგორ დამდგარიყო ფოტოაპარატთან, ობიექტივი ან განათება როგორ გაესწორებინა. ერთი სიტყვით, ორმა პროფესიონალმა ერთმანეთს მშვენივრად გაუგო.
აბესალომ ლორია: საერთოდ რეკლამების მომხრე ვარ, ოღონდ პროფესიულად უნდა იყოს გადაღებული. ამ მხრივ მაგთი GSM -ის კლიპები ძალიან მომწონს. პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ არტისტობა ხშირად მიწევდა. ჯერ ცნობილი "გეპეის ჯაზის" კონფერანსიე ვიყავი, მერე იყო ფილმები. ასამდე ფილმში მაინც ვარ გადაღებული. პოპულარობა კი "არ დაიდარდომ" მომიტანა. მაგთი GSM -ის რეკლამაში მამუკასთან ერთად ვთამაშობ. იქ ასეთი სიუჟეტია, გამუდმებით რეკავს ტელეფონი და ფოტოგრაფს გადაღების საშუალებას არ აძლევს. ადრე მე და მამუკამ ერთ ფილმში ვითამაშეთ - "ახ, ეს ტელევიზორი, ტელევიზორი", ჰოდა რეპეტიციის დროს ისე მეჩხუბა, ყველას ნაღდი ეგონა. როცა რეკლამაში მიმიწვიეს, ვუთხარი - ახლა მე წაგეჩხუბები-მეთქი.
"ფოტოატელიე", ისევე როგორც მაგთი GSM -ის სხვა რეკლამები, ნეოსტუდიაში გადაიღეს. რეჟისორიც, როგორც ყოველთვის, გიორგი ებრალიძე იყო. სწორედ მათი დამსახურებაა, მაგთი GSM -ის სარეკლამო რგოლები გემოვნებიანი, სხარტი და პროფესიულად დადგმული რომ გამოვიდა. "ფოტოატელიეში" გათამაშებული სცენის მიზანი იყო, მაყურებლისთვის უშუალოდ, ძალდაუტანებლად და იუმორით მიეწოდებინა ინფორმაცია მაგთი GSM -ის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. ლაღად წარმართული დიალოგი, მოულოდნელი ფინალი, დათო ევგენიძის ხალისიანი მუსიკა და... რეკლამაც მშვენიერი გამოვიდა.
მამუკა ლორია: ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა ფოტო, იქნებოდა ეს 3X4 თუ 5X6, ამ ფოტოგრაფთან მაქვს გადაღებული. ატელიეში რომ მივედი, თავიდან როგორც კლიენტი, ისე მიმიღო.
უკვე გადაღებული ვიყავი მაგთი GSM -ის ორ კლიპში, "რესტორანში" და "ტურისტულ ბიუროში". ნეოსტუდიამ მესამე კლიპზეც რომ მიმიწვია, ძალიან გამიხარდა, თან მამაჩემთან ერთად უნდა მეთამაშა. ბავშვობაში, როცა მამა გადაღებებზე მიდიოდა, მეტყოდა ხოლმე: წამო ერთი, "მასოვკაში" დაგაყენებ, ორ კაპიკს გაგაკეთებინებო. ჰოდა, მივედი სახლში და აბესალომს ვეუბნები: მამა, წამო ერთი, რეკლამაში გათამაშებ, ორ კაპიკს გაგაკეთებინებ-მეთქი. - ვაი, ვაი, რა დრო დადგაო - გააქნია თავი აბესამ, აი ისე, როგორც ფოტოაპარატთან - რეკლამაში. ბოლო სცენაში, გახსოვთ ალბათ, აეროპორტში მებაჟეს (ჯემალ მაზიაშვილი) პასპორტს ვაწვდი, შიგ კი ჩემი მობილურიანი ფოტოა ჩაკრული. მოკლედ, ეს ფოტო ასე ჩაკრული დამრჩა პასპორტში.
რუსთაველის თეატრი ისრაელში მიდიოდა გასტროლებზე. აეროპორტში, ჩემი პასპორტის შემოწმებისას, მებაჟე გოგონა ჯერ შეცბა, მერე სიცილი აუტყდა და მეგობრებსაც აჩვენა ჩემი სარეკლამო ფოტო. ყველა გამხიარულდა და დიდი პატივით გამაცილეს. ისე, ქუჩაშიც ბავშვები ხშირად მეძახიან: "GSM, GSM", "რეკლამა, რეკლამა..."
ძალიან სასიამოვნო იყო ნეოსტუდიის კოლექტივთან მუშაობა. საოცარი ყურადღებით და სითბოთი გექცევიან. ყველანაირი პრობლემა მოხსნილი გაქვს და საკუთარი თავის გამოვლენა მაქსიმალურად შეგიძლია. გრძნობ დაფასებას, პატივისცემას. საერთოდ, შეიძლება თეატრსა და კინოში ბევრი როლი შეასრულო, მაგრამ ტელეეკრანს მაინც სხვა ძალა აქვს. ამ მხრივ, ჩემი პოპულარობა მაგთი GSM -ის და ნეოსტუდიის დამსახურებაა.

ნ.ზ.