DUAL BAND ორი სიხშირე

საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი ჩაიწერა. 1999 წლის ოქტომბერში, პირველად საქართველოში, მაგთიკომმა 900 მეგაჰერცი სიხშირის პარალელურად 1800 მეგაჰერც სიხშირეზე დაიწყო მუშაობა.
მობილური აპარატის მფლობელებისათვის ალბათ ნაცნობია სიტუაცია, როდესაც პიკის საათებში, ტელეფონის ნომრის აკრეფისას, გართულებულია სასურველ აბონენტთან დაკავშირება ქსელის გადატვირთვის გამო. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მჭიდროდ დასახლებულ მოცემულ ტერიტორიაზე შეზღუდულია შემაერთებელი არხების რაოდენობა. პრობლემის გადასაჭრელად ოპერატორი კომპანიები გადატვირთვის ადგილებში დამატებით საბაზო სადგურებს ამონტაჟებენ აბონენტთა მომსახურების არხების რაოდენობის გაზრდის მიზნით. მაგრამ საბაზო სადგურების რაოდენობის ზრდა მხოლოდ გარკვეულ სიდიდემდეა შესაძლებელი, რის შემდეგაც ხდება სიხშირეთა გადაფარვა, რაც მომსახურების ხარისხის გაუარესებას იწვევს.
ევროპის ქვეყნების ოპერატორები 900 მეგაჰერცი სიხშირის ქსელის ჩამოყალიბების შემდეგ აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე, რომ GSM 900-ის შესაძლებლობაც კი არ არის საკმარისი თანამედროვე ქალაქებისთვის, სადაც შესაძლებელია, ერთეულ ფართზე აბონენტთა რაოდენობამ საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს. ამიტომ გადაწყდა, 900 მეგაჰერცის პარალელურად კომერციულ გამოყენებაში 1800 მეგაჰერცი სიხშირე შემოეტანათ, რომელიც მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებისთვის მრავალი წლით გადაწყვეტდა გადატვირთვის პრობლემას. GSM 1800-ის ოფიციალური ჩამოყალიბების თარიღად 1991 წლის იანვარი ითვლება. თავდაპირველად სტანდარტს ჩშ 1800 ეწოდა, მაგრამ GSM -ის ბაზაზე აღმოცენებულ სისტემას, მასთან მსგავსების გამო, მალევე შეეცვალა სახელი და GSM 1800 ეწოდა. მართალია, სისტემა შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ იგი უკვე ფართოდ გავრცელდა ევროპაში და დღეს აღარავინ დაობს, რომ GSM 1800 დიდი ქალაქებისთვის გადატვირთვის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სტანდარტის ჩამოყალიბებისთანავე ოპერატორებმა ფართოდ დაიწყეს სისტემის დანერგვა. ამ სიხშირის მიმართ ინტერესს ძირითადად GSM 900 ოპერატორები იჩენენ, რომლებიც არსებული ქსელის პარალელურად 1800 მეგაჰერცი სიხშირის ქსელებს აგებენ, რაც საშუალებას აძლევთ, მინიმალური დანახარჯებით გაზარდონ სისტემის ტევადობა. 1991 წელს ჩამოყალიბებული სტანდარტით 1996 წლისთვის უკვე 7 ქვეყნის 10 ოპერატორი მუშაობდა, ხოლო 1999 წლის იანვრისათვის ოპერატორთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. სისტემის პერსპექტიულობაზე ისიც მეტყველებს, რომ 1998 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალა, უმოკლეს ხანში თითო ლიცენზია მაინც გაეცა 1800 მეგაჰერც სიხშირეზე.
მაგთიკომის მიერ 1800 მეგაჰერცი სიხშირის შემოტანა საქართველოში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტია აბონენტთათვის, მაგრამ რეალურად იგი ბევრ რამეზე მეტყველებს: მაგთიკომი ქვეყნის მეორე GSM ოპერატორი იყო, რომელმაც ჯეოსელზე ექვსი თვით გვიან დაიწყო მუშაობა, ხოლო GSM სტანდარტში მომუშავე კომპანია მეგაკომთან შედარებით რამდენიმე წლით დააგვიანა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ზრდის დაჩქარებულმა ტემპმა, მისწრაფებამ - მაღალი, თანამედროვე სტანდარტების დონის შესაბამისი მომსახურება გაუწიოს აბონენტებს, განაპირობა ის, რომ დღეს მაგთიკომი უმსხვილესი ოპერატორია საქართველოში. პირველად სწორედ მაგთიკომმა შესთავაზა მომხმარებელს ორ სიხშირეზე მომუშავე სისტემა. პირველ ეტაპზე 1800 მეგაჰერცი სიხშირის სადგურები თბილისის ცენტრალურ უბნებში: რესპუბლიკის მოედანზე, ვაკეში და საბურთალოზე დამონტაჟდა. შემდგომში გათვალისწინებულია ქალაქის სხვა უბნებსა და საქართველოს რეგიონებში მათი განთავსება.

როგორ მუშაობს ორ სიხშირეზე მომუშავე აპარატი

აბონენტს, რომელსაც ორსიხშირიანი აპარატი აქვს და ორ სიხშირეზე მომუშავე სადგურების მომსახურების ზონაში იმყოფება, შეუძლია გამოიყენოს როგორც 900, ასევე 1800 მეგაჰერცი სიხშირე. ეს მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად ხდება და იგი ვერც კი ხვდება, რომელ სიხშირეზე მუშაობს მისი მობილური ტელეფონი. ორ სიხშირეზე მომუშავე აპარატი, პირველ რიგში, 1800 მეგაჰერც სიხშირეზე ეძებს თავისუფალ არხს, ხოლო თუ აქ ყველა არხი გადატვირთულია, ტელეფონი 900 მეგაჰერცი სიხშირის თავისუფალ არხზე გადაერთვება. დამატებითი სიხშირე მათთვისაც ხელსაყრელია, ვისი ტელეფონიც მხოლოდ 900 მეგაჰერცზე მუშაობს, რადგან ამ დროს თავისუფლდება ამ სიხშირეზე არსებული არხები, რომლებიც სრული დატვირთვით შეიძლება გამოიყენონ ერთ სიხშირეზე მომუშავე აპარატების მფლობელებმა.

რა არჩევანი არსებობს

იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოთ 900/1800 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე სისტემის შესაძლებლობებით, აუცილებელია გქონდეთ ორ სიხშირეზე მომუშავე მობილური აპარატი. დღეისათვის ასეთი აპარატების რაოდენობა ბაზარზე საკმაოდ დიდია, რადგან მწარმოებლებმა დაინახეს 900/1800 ქსელის პერსპექტივები და აქტიურად დაიწყეს ორ სიხშირეზე მომუშავე აპარატების წარმოება. თუ პირველ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე კომპანია უშვებდა ორ სიხშირეზე მომუშავე აპარატებს, დღეისათვის თითქმის ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპანია ამზადებს ასეთ მოდელებს. ამჟამად თბილისში გაყიდვაში არსებული ტელეფონებიდან ორ სიხშირეზე შემდეგი მობილური აპარატები მუშაობს:
Nokia 6150, Ericsson 1018s, Nokia 3210, Ericsson 888, Ericsson T18, Siemens C25, Siemens S25, Panasonic C 70,
Panasonic C 90, Nokia 7110, Motorola 8900, Motorola CD930, Motorola V3688, Motorola L7089
ეს სია, რა თქმა უნდა, არასრულია და იგი სწრაფად იზრდება. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დიდი ნაწილი ახალი მოდელებისა სწორედ ორ სიხშირეზე მომუშავე აპარატებია და თუ ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდით, რომ ორსიხშირიანი აპარატი გესაჭიროებათ და მისი შეძენა გადაწყვიტეთ, ყურადღება მიაქციეთ წარწერას GSM 900/1800 ან უალ ანდ (ორი სიხშირე), რაც იმის მაჩვენებელია, რომ აპარატი ორ სიხშირეზე მუშაობს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ GSM 1800 ქსელის ფართოდ გავრცელებამდე არ ღირს მხოლოდ 1800 მეგაჰერც სიხშირეზე მომუშავე აპარატის შეძენა (მაგალითად, Nokia 6130), რადგან მისი მუშაობა პირველ ეტაპზე იმ რეგიონებით იქნება შემოსაზღვრული, სადაც GSM 1800 სადგურებია დამონტაჟებული.
და კიდევ ერთი: GSM 1800-ის გარდა უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა GSM 1900, რომელიც ამერიკის კონტინენტზეა გავრცელებული. მხოლოდ 1900 მეგაჰერცზე მომუშავე აპარატი მაგთიკომის ქსელში, რა თქმა უნდა, არ იმუშავებს. თუმცა, 1999 წლის აგვისტოში მოტოროლამ გამოუშვა სამ სტანდარტზე: 900, 1800 და 1900 მეგაჰერცზე მომუშავე პირველი აპარატი - Motorola L7089, რომლის მფლობელი არა მხოლოდ მაგთიკომის ქსელში გამოიყენებს მას, არამედ შეძლებს აპარატის გამოუცვლელად იმოგზაუროს ევროპასა და ამერიკაში.

ტელეფონის ახალი მოდელის შერჩევისას, ამიერიდან გაითვალისწინეთ, რომ მაგთიკომის ორ სიხშირეზე მომუშავე ქსელის შესაძლებლობათა სრულად გამოყენებისათვის 900/1800 მეგაჰერცის აპარატები გჭირდებათ.

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის და
აბონენტთა მომსახურების
დეპარტამენტის უფროსი