Nokia მაგთი GSM-ის პარტნიორი

რამდენიმე ხნის წინათ, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში ფართო საზოგადოებრიობა შეიკრიბა. ისინი, ვისაც სიახლე და პროგრესი იზიდავს, ისინი, ვისაც ახალი ტექნოლოგიები და მომავლის პერსპექტივები აინტერესებს. Nokia Mobile Phones-მა და საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ლიდერმა მაგთი GSM -მა წარმოადგინეს GSM სისტემისათვის გამიზნული ახალი თაობის პროდუქცია - Nokia 7110 და Nokia 3210, ანუ სიახლე მსოფლიო კავშირგაბმულობის სფეროში.
ამ წარდგენაზე დასასწრებად თბილისს საგანგებოდ ეწვივნენ Nokia-ს ექსპორტის დეპარტამენტის მენეჯერი მიკა ტაიკონენი და სერვის-მენეჯერი ესკო ჰოპანია. Nokia-ს შემთხვევით არ შეუჩერებია არჩევანი მაგთი GSM-ზე: ორ სიხშირეზე (GSM 900/1800 მეგაჰერცი) მომუშავე აპარატების გამოყენება საქართველოში მხოლოდ მაგთი GSM -ის ქსელში შეიძლება.
დღეს მთელ მსოფლიოში პოპულარული და ყველასათვის ნაცნობი კომპანიის სახელწოდება Nokia პირველად 1865 წელს გამოჩნდა ასპარეზზე. მაგრამ მაშინ იგი სულაც არ იწვევდა მობილური ტელეფონის ასოციაციას. თავდაპირველად ოკია ქაღალდის მწარმოებელი კომპანია გახლდათ, შემდეგ კი ქაღალდის, ქიმიური პროდუქციისა და რეზინის ინდუსტრიის კონგლომერატად გადაიქცა. 90-იანი წლების დასაწყისში Nokia-მ განსაზღვრა თავისი სტრატეგია და მძლავრი სატელეკომუნიკაციო კომპანია გახდა.

დღეს Nokia ციფრული ტექნოლოგიის ლიდერია, მოიცავს მობილურ ტელეფონებს, ფიჭური და სტაციონარული კავშირგაბმულობის ქსელებს, მონაცემთა გადაცემის მობილურ სისტემასა და მულტიმედიის ტერმინალებს. Nokia-ს შტაბბინა ფინეთში მდებარეობს. სარეალიზაციო პუნქტები კი მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში გააჩნია, მათ შორის საქართველოშიც. 1998 წელს რეალიზაციის სფეროდან შემოსული თანხა 13.3 მილიარდ ევროს შეადგენდა (15.7 მილიარდი დოლარი). Nokia-ს დასაქმებული ჰყავს 51000-ზე მეტი ადამიანი; მისი აქციების კოტირება ხდება ჰელსინკში, ნიუ-იორკში, ლონდონში, სტოკჰოლმში, ფრანკფურტსა და პარიზში.

პირველად Nokia 7110 1999 წლის 23 თებერვალს, კანის GSM მსოფლიო კონგრესზე წარადგინეს. იგი, ისევე როგორც Nokia-ს ოჯახის სხვა აპარატები, ორიგინალური დიზაინითა და მარტივი მენიუთი გამოირჩევა. ავიღოლლერ ღილაკი ის სიახლე გახლავთ, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ტელეფონის ფუნქციებს შორის სწრაფად მოახდინოს ლავირება. აღსანიშნავია, რომ Nokia 7110 პირველი მობილური აპარატია, რომლითაც შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. აპარატს უნარი აქვს, წაიკითხოს ტექსტური ინფორმაცია, ახალი ამბები, ცნობა ამინდის შესახებ, ინფორმაცია ბირჟებიდან, ელექტრონული ფოსტით მოსული ამბავი, თვითმფრინავების ფრენის განრიგი, საბანკო თუ სხვა კომერციული ინფორმაცია.



კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მაგთი GSM -მა Nokia-თან ერთად პრეზენტაციაზე წარმოადგინა, ასევე ორ სიხშირეზე, GSM 900/1800 მეგაჰერცზე მომუშავე აპარატი Nokia 3210. ეს ტელეფონი პირველად, აპრილის თვეში, ჰანოვერში წარმოადგინეს გამოფენაზე CeBIT 99. უკვე ივლისში Nokia 3210 საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა. კომპანიის მესვეურნი ვარაუდობენ, რომ Nokia 3210 მომხმარებელთა ფართო ფენებს დააინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მანდილოსნებს. თბილისში საკმაოდ პოპულარულ "ნიკელის ნოკიას" მსგავსად, Nokia 3210-აც აქვს მეტად მგრძნობიარე უხილავი ანტენა, რომელიც ტელეფონს უფრო კომპაქტურს ხდის. Nokia 3210 სამი ტიპის ქსელში მუშაობს: GSM 900, GSM 1800 და GSM 900/1800. აპარატი ავტომატურად ირჩევს საუკეთესო სიხშირეს და აქვს უნარი, საუბრის მომენტშიც კი ავტომატურად გადაერთოს ერთი ქსელიდან მეორეში, GSM 900-დან GSM 1800-ში.

პრეზენტაციამ სასიამოვნო და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ღიაა ყოველგვარი სიახლისა და პროგრესულის მიღებისა და დამკვიდრებისათვის.

გიორგი ავალიანი
მაგთიკომის რეალიზაციის
დეპარტამენტის უფროსი