ფრიადოსანი

ეს რუბრიკა ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებიდან გემახსოვრებათ. დავინტერესდით, ვინ არის მაგთის აბონენტთა აზრით, ყველაზე პოპულარული მსახიობი, მწერალი, მხატვარი, ბიზნესმენი და ასე შემდეგ...
ამჯერად მაგთელებმა ყველაზე პოპულარულ ქართველთა შორის ბატონი კოტე მახარაძე დაასახელეს.

როგორც ჩანს, ხშირად არც ისე რთულია, სახელი გაითქვა. აბა, გაიხედეთ, რამდენი დადის სახელგანთქმული... ძნელია მხოლოდ ერთადერთი რამ ამ ქვეყანაზე - დიდი და ნამდვილი სიყვარულის მოპოვება.
ერთია, გქონდეს ტიტულები და ანგაჟირება, ერთია მოსწონდე, გისმენდნენ, გიყურებდნენ და გაფასებდნენ. მაგრამ სხვა არის, როცა კაცი მარტო დარჩება საკუთარ თავთან, გაახსენდები, იფიქრებს შენზე და უცნაური სითბოთი და სიყვარულით აევსება გული.
აბა, იფიქრეთ კოტე მახარაძეზე...

"სიმართლე ჯობია ვთქვა: დედაჩემმა აირჩია ყველაფერი. თხუთმეტი წლის ასაკში საბალეტო სტუდია დავამთავრე. როგორ ვთქვა, მაინცდამაინც ცეკვა მინდოდა, ან მაინცდამაინც მსახიობობა-მეთქი. 6-7 წლის ბიჭს რა არჩევანის გაკეთება შემეძლო. დედამ მე და ჩემი და თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში მიგვიყვანა, რომელიც შვიდი წლის შემდეგ წარჩინებით დავამთავრე.
და აი, 1936 წელს, "ზარია ვოსტოკაში" ჩემი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ 10 წლის კოტე მახარაძემ "შჩელკუნჩიკის" როლი შეასრულაო. ამ სპექტაკლს ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა, კოსტიუმები და სცენოგრაფია სოლიკო ვირსალაძისა იყო. ამაზე დიდი ბედნიერება მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრების მანძილზე არ მქონია. ერთადერთი, კიდევ მაშინ, როცა ვერიკო ანჯაფარიძემ "ურიელ აკოსტა" აღადგინა, კოტე მარჯანიშვილის დადგმა და გენიალური პეტრე ოცხელის სცენოგრაფია. მაგრამ მაშინ უკვე სახალხო არტისტი ვიყავი, და იქ კი - სულ პატარა ბიჭი. ეს ყველაფერი დედამ განაპირობა, მე, პირიქით, არც კი მინდოდა... მაშინ ამბობდნენ: "ხომ იცით, აი, კოტე მახარაძე ბალეტში დადისო, ვაჟკაც კაცს იქ რა უნდაო", ნამდვილად არ მინდოდა. ჩემმა დამაც ეს სტუდია დაამთავრა. უნდა გითხრათ, დედა რომ არ ყოფილიყო, მე სხვა უმაღლეს სასწავლებელში შევიდოდი. აი, დღეს რაღაცნაირი გაგებაა, ჩემი შვილიშვილი მეუბნება: "არა გრცხვენია, ყველაფერში ფრიადოსანი როგორ იყავიო..." მართლა ასე იყო... შემდეგ, ომის პერიოდში შემოიღეს მარქსიზმ-ლენინიზმის სახალხო უნივერსიტეტი. ფორმალურ ხასიათს ატარებდა იქ ყველაფერი, მაგრამ იქაც ფრიადოსანი ვიყავი. თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი ჯგუფელები სულ ბოლოს მიშვებდნენ გამოცდაზე. პირველი რომ შეხვიდე, შენით დაიწყება შეფასებაო... მათემატიკასაც კი კარგად ვსწავლობდი. მამა ოცნებობდა, იურისტი ვყოფილიყავი, მეხერხებოდა ლაპარაკი... ამდენად, ჩემს არჩევანს მივიჩნევ როგორც ჩემი ნების გარეშე მომხდარ ამბავს...
დედა პირველი გიმნაზიის უძველესი ბიბლიოთეკის გამგე იყო. ლეგენდარული ბიბლიოთეკიდან - საჯარო ბიბლიოთეკიდან დედას სთხოვდნენ წიგნებს. მამაჩემი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამოცისაც არ იყო. "ბიჭები" რომ მოუვიდოდნენ, ლაპარაკობდნენ: "კოტე და ნოდარი გზას აცდნენო". ნოდარი - ნოდარ ჯანბერიძე გახლდათ, აკადემიკოსი, კოტე - ეს მე ვარ. იცით, ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული, მაგრამ არც ერთს არ ვაფასებ ისე, როგორც თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას. მსახიობთა შორის პირველმა მივიღე ეს წოდება და იმ საღამოს მომინდა, მამაჩემის საფლავზე ავსულიყავი და მეთქვა - მამა, გზას არ ავცდენილვარ... იცით, მიჩვეული იყო ჩემს წარმატებას, აბა, კოტე აქ პირველია, იქ პირველია. არტისტი რომ გამოვედი, იფიქრა: არაფერი არ გამოდისო, ასეთი იყო მისი აზრი და რა ვიცი, შეიძლება მართალიც იყო.
მოკლედ, დავამთავრე სტუდია, შეიქმნა დიდი სირთულე, ვარ თხუთმეტი წლის, ტანადაც მორჩილი. რა გინდა გააკეთო სკოლის დამთავრებამდე? არ იყო კარგად გათვლილი ყველაფერი, ბავშვი ვიყავი. ამ დროს მივედი კალათბურთის სექციაზე და დაიწყო ჩემი ხანგრძლივი საკალათბურთო ეპოპეა. მივაღწიე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების კაპიტნობას, ვთამაშობდი თბილისის "დინამოს" ოსტატ-კალათბურთელთა კლუბში, მაგრამ იქ არ ვიყავი ნომერი პირველი..."

პირველი, იქნებ, მართლაც არ იყო, თუმცა იქაც, აუცილებლად - "ფრიადოსანი". გავა წლები და ბავშვობის სპორტული გატაცება და "ფრიადები" კოტე მახარაძის მეორე უმთავრეს საქმედ იქცევა, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, როგორ პოპულარობას და სიყვარულს მოუტანს. მაგრამ ეს იქნება შემდგომ... მაშინ კი:

"ამ დროს ვნახე აკაკი ხორავა ოტელოს როლში და მთელი ჩემი გეგმები გადაიყარა წყალში. ამის გარდა არაფერი მინდოდა, ფიქრებში სულ რუსთაველის თეატრი და აკაკი ხორავა მიტრიალებდა... დღეს ზოგი იპრანჭება და თავისი თავი იმაზე მეტიც კი ჰგონია, ეგონოს! ყველა ჩემი პერიოდის ბიჭი და კაცი თეატრალურ ინსტიტუტში შედიოდა იმიტომ, რომ ხორავა უნდოდა გამოსულიყო... მამიდაჩემმა წამიყვანა. სპექტაკლის შემდეგ ორი-სამი ღამე არ მეძინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დედამ მითხრა, გაბოდებსო და მამიდას უსაყვედურა, რატომ წაიყვანეო. მე ამ დროს ჭაბუკიანიც მყავს უკვე სცენაზე ნანახი, თუმცა, მაშინ პატარა ვიყავი და ვახტანგი რომ გამოვარდა და ჰაერში გაჩერდა, ეს აღვიქვი, როგორც დიდი ფიზკულტურული ტრიუკი. ესთეტიკური აღქმა არ მქონდა ბოლომდე. მერე, რომ ჩამოვიდა ვახტანგი, თეატრალურ ინსტიტუტში მოვიდა. სხვებთან ერთად მეც ვიყავი შერჩეული მასთან შესახვედრად. რკინის კიბეებიდან გადავძვერი და გავიპარე, ვიცოდი, ჭაბუკიანს უარს ვერ ვეტყოდი, ამიტომ გაპარვა ვამჯობინე. ალბათ თავს ვუშველე, თორემ 30 წლის პენსიონერი ვიქნებოდი უკვე... არავის ეგონა, ის თუ საქართველოში დარჩებოდა. ჭაბუკიანი, რომელმაც 34-ში ამერიკა დაიპყრო... ახლა იოლია ყველა რომ მიდის და აქნევს კურტუმოს...
გავხდი დოდო ალექსიძის სტუდენტი. ხორავა იყო თეატრალური ინსტიტუტის დირექტორი... პროტექტორი არ მყოლია. სოფიკოს ვაბრაზებ ხოლმე, შენსავით კაპიტნის ჩინით არ მოვსულვარ თეატრში-მეთქი. დღესაც მიმაჩნია, რომ თუ ვინმემ რაიმე როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებასა და აღზრდაში, ეს იყო დოდო ალექსიძე. ძალიან მწყინს, რომ ამ ბოლო დროს მისი სახელი ისე აღარ ისმის..."

"ბედმა შემახვედრა"... "ალბათ იღბალი იყო"... "ეს მისგან მოდის"... "თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი" ... კოტე მახარაძის საუბარი, ძირითადად, ასეთი ფრაზებისგან შედგება.
ზომიერი თავმდაბლობა, ღირსების გრძნობა და მადლიერების ასეთი იშვიათი ნიჭი. იქნებ, სწორედ ეს თვისებები ხდის კოტე მახარაძის პიროვნებას ასეთ მომხიბვლელს და ასეთ საინტერესოს.
თვლის, რომ ბედნიერი და იღბლიანი მსახიობია, რადგან ბევრ ბრწყინვალე რეჟისორსა და დიდებულ პარტნიორს შეხვედრია. თვლის, რომ სწორედ ამ ბედნიერ თანხვედრათა შედეგად იქმნებოდა მისი როლები: სხვადასხვაგვარი, საინტერესო, კომიკური თუ დრამატული, ირონიული თუ ლირიკული...
სახეები, რომლებიც გვიყვარს და გვახსოვს და რომლებიც კოტე მახარაძის ყოველ ხსენებაზე წარმოგვიდგება...
მაგრამ მალე და ძალიან მოულოდნელად კოტე მახარაძის ცხოვრებაში ახალი ამპლუა ჩნდება...

"უკვე დამსახურებული არტისტი ვარ, უამრავი როლი მითამაშია, აღიარებაც მოვიპოვე... და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ასეთი ამბავი ხდება: თბილისში ამერიკელი კალათბურთელები ჩამოვიდნენ. ეროსის ფეხბურთის გარდა არაფერი არ "მიჰყავდა". იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო, ყველაფერიც შეეძლო, მაგრამ ასე იყო. როცა შესთავაზეს, უპასუხა: კოტე წაიყვანეთ, აგერ, სპორტის ოსტატია კალათბურთშიო... არ ვიყავი, მაგრამ თქვა... მე ცოტა გავჯიუტდი, ვერ წარმომედგინა... როგორ იყო, იცით? პირველად გაგარინი რომ გაფრინდა კოსმოსში და რომ გვეგონა, მეტი ვერავინ გაფრინდებოდა, ისე იყო ჩვენთვის ეროსი. გაფიქრებაც კი არ შემეძლო, მეგობრები ვიყავით და ხუმრობითაც კი არასოდეს მითქვამს, არც გამივლია გონებაში... კალათბურთი ფეხბურთზე სამჯერ სწრაფი თამაშია, თანაც მაშინ სატელევიზიო რეპორტაჟები არ იყო, რადიოში კი მსმენელს, რომელიც ვერაფერს ხედავს, ყველაფერი უნდა აუხსნა. გავბედე, წავიყვანე... და წავიყვანე... ასე დაიწყო. ორი დღის შემდეგ ფეხბურთი წავიყვანე. ლენინგრადის "ზენიტი" და თბილისის "დინამო" თამაშობდა. მერე ტელევიზიის და რადიოს უფროსობას რატომღაც ვერც კი წარმოედგინა დიდი პირველობების უჩემოდ წაყვანა. რუსეთის ერთ-ერთმა მაშინდელმა მინისტრმა მითხრა: "თქვენი აღმოსავლური აქცენტი..." მაგრამ ხალხი მიეჩვია. ძალიან მწყინს როგორც მსახიობს, მაგრამ პოპულარობა კომენტატორობას უფრო მოაქვს... ხანდახან მგონია, არც ერთი ჩემი როლით არ მომიტანია ის სიხარული ხალხისთვის, რაც მე ოთხმოცდაერთში ერთი მატჩის გადმოცემით მოვუტანე. ეს ჩემი კი არა, ჩემი მეორე პროფესიის დამსახურება იყო... რატომ ვიყო ამ პროფესიით უკმაყოფილო და ვიძახო მაინცდამაინც, არტისტი ვარ-მეთქი. კი ვარ, მაგრამ... ალბათ მე მაქვს ის, რაც ამ პროფესიას სჭირდება, აი, ეროსიმ შეიძლება ნაკლებად იცოდა ფეხბურთი, მაგრამ ისე მიჰყავდა, რომ მთელი საქართველო კიოდა, როცა უსმენდა... ამის სწავლება არ შეიძლება... თუ გაქვს ნიჭი - გაქვს... იქ ინტონაციაა, ძალაა, ათასი რამ, ყველას რომ უნდა გადასდო.

კომენტატორობამ უდიდესი პოპულარობა და სიხარული მომიტანა, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ბევრ სხვა პროფესიაშიც შემეძლო რაღაც-რაღაცების მიღწევა... შესაძლოა, ასეთი პოპულარული ვერ გავმხდარიყავი, მაგრამ მაინც შემეძლო მეტი გამეკეთებინა. არ ვგულისხმობ პოეზიას, თუმცა, ლექსებსაც ვწერდი..."

იქნებ, ყველამ არც კი იცის, რომ კოტე მახარაძის თარგმნილი გალაკტიონის ლექსები არაერთხელ გამოქვეყნდა რუსულ ენაზე. ხოლო ქართულად ნათარგმნი მაიაკოვსკის ბევრი ლექსი, პოეტის ქართულ ენაზე გამოცემულ კრებულში შევიდა.
ის კი ბევრმა იცის, რომ კოტე მახარაძე რამდენიმე საინტერესო ინსცენირების ავტორია - ლეო ქიაჩელის "ტარიელ გოლუა", მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" და სხვა. დაწერილი აქვს პიესა "ორი რეკორდი", რომელიც მუსიკალური კომედიის თეატრში იდგმებოდა. არის ავტორი წიგნისა "ნანახი და განცდილი". ბევრს ახსოვს, ალბათ, მისი პუბლიცისტური წერილებიც.
კოტე მახარაძე მსახიობი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ლიტერატორის სახელი ექნებოდა საქართველოში, თანაც, კარგი ლიტერატორის.

"პრეტენზიები არ მაქვს. ილიაზე რომ დავიწყეთ მე და აკაკი ბაქრაძემ წერა, ამბობდნენ, მაგან რა იცის ილიაო, მაგრამ გაიგო ხალხმა თუნდაც ის, რომ ილია სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს. ფილიპე მახარაძის ძეგლი რომ ააფეთქეს და ამფეთქებელს ეძებდნენ, ოთარ ლითანიშვილს უთქვამს: "რას ეძებთ, კოტე დაიჭირეთ პირდაპირო..." ვფიქრობ ხოლმე, პუბლიცისტიკისთვის დიდი დრო რომ დამეთმო, ოსტატობაც დაიხვეწებოდა. ახლა მიჭირს წერა, რატომ იცით? თქვენ რასაც სამ წუთში დაწერთ, მე იმას დიდხანს მოვუნდები, ოსტატობას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება.
გულწრფელად გეტყვით, მაინც გული მწყდება, ასე მგონია, ჩემი სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი, ვერ გამოვამჟღავნე ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები. სხვა გზით წავედი, თორემ ჩემი მთავარი საქმე, შესაძლოა, სწორედ წერა ყოფილიყო.
ასე მგონია, შეიძლება ვცდები, თორემ ჩემს გაკეთებულ საქმეზე არასოდეს მქონია რეალურზე მაღალი წარმოდგენა. იცით, ახმეტელის პრემიის პირველი ლაურეატი ვარ. ეს პრემია მხოლოდ რეჟისორებს ეძლევა. ესე იგი, რობერტ სტურუამ და მე მივიღეთ. რამდენი დიდი რეჟისორია, ჩემი რეჟისურა ხომ ვერ შეედრება მათ სპექტაკლებს... სასაცილოა, მაგრამ რას იზამ... მერე სპექტაკლიც დავდგი მარჯანიშვილში და... პირველმა მე ვთქვი: საშინელებაა-მეთქი."

და აი, ამ ათიოდე წლის წინათ, თბილისში ერთი მსახიობის თეატრი გაჩნდა - კოტე მახარაძის თეატრი. ამ თეატრს ვერიკო ანჯაფარიძის სახელი ჰქვია და ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმში, ფიქრის გორაზე დაიდო ბინა. მას შემდეგ თეატრს მაყურებელი არ მოკლებია, იცვლებოდა წარმოდგენები: "რაც მტრობას დაუნგრევია", "ბაგრატიონი", "გამოიღვიძე, ქნარო", "თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!"... პატარა სცენიდან კი ერთნაირი ძალითა და გრძნობით იღვრებოდა მონათხრობი საქართველოზე, სულზე, ზნეობაზე... ეს პატარა და უცნაური თეატრი, ჩვენს მძიმე და არეულ ცხოვრებაში მორალურ ფასეულობათა ხელახალი აღმოჩენის, ფიქრისა და გრძნობის ნავსაყუდლად იქცა.

"ახლა ვაკეთებთ სპექტაკლს, რომელსაც ერქმევა: "ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში". იმ ქართველებზე, რომელთაც მშობლიური მიწა არ ეღირსათ. თამარიდან და შოთადან თუ ვახტანგ VI-დან მოყოლებული, იმ პატარა ბიჭებით დამთავრებული, აგერ, ამ ომში რომ დაეცნენ...
მოკლედ, რა ვიცი... ახლა ამ საქმეს ვაკეთებ. რუსთაველის თეატრიდან მოყოლებული, რამდენ სცენაზე მიმუშავია. 29 წელიწადი სრულდება, რაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ. მაგრამ ბოლო ოთხი წელია, თეატრში აღარ მივსულვარ და ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც ახლა პასუხს არ გაგცემთ, იქნება - რატომ?"

არ უნდა, მაგრამ მერე მაინც საუბრობს პრობლემებზე, ჩვენს ყოფაზე... არ შეუძლია... ამ საუბარშიც, ტკივილიანში და ძარღვიანში, მომხიბვლელია და ძალიან ვაჟკაცური.

"თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი ვარ. ბევრი რამაა გასაკეთებელი. ქართული ზეპირმეტყველების საქმე ისე დაჩაჩანაკდა, გული მიკვდება, ჩართავს ბავშვი ტელევიზორს, რადიოს, აბა მოუსმინეთ... იგივე პარლამენტის სხდომებს უყურებს ბავშვი და ფიქრობს - ეს არის ქართული მეტყველება.
და საერთოდაც, ნახეთ, რა ხდება... ხომ არ შეიძლება მართლა ყველაფერი ფულზე გაყიდო, საქმე გააკეთე და ფულს მოგიტანს. მაგრამ საქმის კეთება ძნელია. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ მსახიობი ისეთი დაუცველი იყოს, როგორიც ახლაა. კუბოს ფიცრამდე ვიბრძოლებ. აქამდე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ახლა, მეტი გაჩერება აღარ შეიძლება."

და მაინც, კარგსა და სასიამოვნოზე საუბარი ურჩევნია. მარტო ის რად ღირს, პირადად შემეძლო მესაუბრა პელესთან, მარადონასთან თუ კრუიფთანო. ყველაზე ბედნიერი კი, თურმე, 1981 წლის იმ ღამეს იყო, როცა იმ დროს და იმ პირობებში ნახევარი მსოფლიოს გასაგონად შეეძლო ეთქვა: "ოðåჰñòჭâëÿþ, ÷òî ñåé÷ჭñ òâîðèòñÿ â რხèëèñè..."
კოტე მახარაძე პირად ცხოვრებაშიც ბედნიერ კაცად გრძნობს თავს...

"მიყვარს შვილებთან, შვილიშვილებთან ყოფნა. აი, დღესაც მაკას გავუარე სასწავლებელში. ივიკოც იქ აღმოჩნდა, დღისით ჩემი უმცროსი ქალიშვილი იყო თავისი პატარა შვილით. აღარ მიდიოდა - ორი წლისაა ალექსანდრე - "კოტე მინდაო", იმეორებდა.
სოფიკო ჩემი მესამე მეუღლეა. არ ვიცი, რატომ ითვლება, რომ მე ოჯახების დამანგრეველი ვარ. თვალი თვალში არ გამიყრია ქალისთვის, ისიც ასე თუ არ მიყურებდა, ტყუილია... სუფრაზე ქალისაკენ არ გამიხედავს თუ მამაკაცთან ერთად მჯდარა. არ მაინტერესებს ქმარია, ძმაა, საყვარელია, შინაურია, გარეულია. კაცთან ზის - ეს ჩემთვის აკრძალული ზონაა. არ დამიშვია არასოდეს სიგლახე...
ჩემთვის ნამდვილი დარტყმა რა იყო, იცით? აი, კრისტიან ბარნარდმა, ვინც პირველად გააკეთა გულის გადანერგვა, მოსკოვში ჩამოსვლისას თქვა: გააჭირეთ საქმე, სულ გული, გულიო. ეს ხომ ჩვეულებრივი კუნთია, არაფერი იმას არ აკისრია ადამიანის ფიზიოლოგიური ორგანოს ფუნქციის გარდაო. გავგიჟდი - მთელი მსოფლიო ლიტერატურა სულ ფუჭი ყოფილა. არადა, ამას ის კაცი ამბობს, ვინც პირველმა ამოიღო ეს გული, ხელში ეჭირა და გააცოცხლა. თავზარდამცემი იყო ჩემთვის... გალაკტიონის ლექსები და, რა ვიცი... თურმე გული არაფერ შუაშია...
მე კი ეს გული თუ კუნთი, რა ვიცი, ძალიან ხშირად მტკივა. აი, თუნდაც იმიტომ, რომ მე და სოფიკოს ჩვენი შვილი არ გვყავს, რა დავაშავეთ? ალბათ, დავაშავეთ. ღმერთია მოწამე - მინდოდა. ინგლისში, ოპერაციისათვის რომ მაძინებდნენ, ვიფიქრე, შეიძლება ვერც გავიღვიძო-მეთქი, მაგრამ არ მეშინოდა... ერთადერთი, იმას ვდარდობდი, სოფიკო მარტო დარჩება-მეთქი. მშვენივრად ვიცი, სოფიკო მარტო არ დარჩებოდა, შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მეგობრები, ნათესავები და ახლობლები, მაგრამ უჩემოდ მაინც მარტო იქნება..."

კაცმა რომ თქვას, კოტე მახარაძეს მართლა ყველაფერი აქვს: ტიტულები, სიყვარული, აღიარება, ყოველ შემთხვევაში, იგი იმ უიშვიათეს ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც თვითონაც ასე მიიჩნევს. და იქნებ სწორედ ეს შეგრძნება აძლევს ძალას და ენერგიას, ყველა საქმე, რომელიც თავისი ცხოვრების გზაზე უკეთებია, ბოლომდე კარგად, ფრიადოსნის პატიოსნებით და უდიდესი შარმით აკეთოს.

მარინა ვაშაყმაძე