მეფუტკრეს გააჩნია...

"ამაზე კარგი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი"... ამ ულამაზეს ქართულ სიმღერას თითქმის ყველა ქართულ სუფრაზე მღერიან.
ფუტკარი... საუკუნეთა განმავლობაში რუდუნებისა და სასიკეთო შრომის სიმბოლო.
ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ფუტკარი და მისი ლამაზად ნაგები ფიჭა მილიონობით ადამიანს, წმინდა სანთლებისა და თაფლის გარდა, მოულოდნელად სულ სხვა რამეებს მოაგონებდა, მაგალითად, მობილურ ტელეფონებსა და მუდმივი კავშირის შესაძლებლობას.
მეოცე საუკუნემ ფუტკარი ახალი ტექნოლოგიების "სუპერვარსკვლავად" აქცია და მობილური კავშირების სიმბოლოს მნიშვნელობა მიაკუთვნა.
მაგრამ თურმე, ინფორმაციის გადაცემასა და კომუნიკაციებს, ფუტკარი მხოლოდ მისი ფიჭის აგებულების მობილური კავშირის სისტემასთან გრაფიკული მსგავსებით როდი უკავშირდება.
თურმე, ნუ იტყვით და, გასულ საუკუნეში, ფუტკრებს მტრედების მსგავსად - ფოსტა გადაჰქონდათ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფუტკარი მშობლიურ ბუდეს ყოველთვის შეუცდომლად აგნებს, თუნდაც ძვირფასი ნექტრის მოსაპოვებლად ათეულობით კილომეტრის დაშორებით მოუხდეს გაფრენა.
ფუტკრების ამ თვისებას პირველად ფრანგმა მეცნიერმა, ენტომოლოგმა ფაბრმა მიაქცია ყურადღება 1880 წელს და მას "ორიენტაციის ინსტინქტი" უწოდა.
დაახლოებით იმავე პერიოდში მეორე ფრანგმა, ოღონდ მეფუტკრემ - ტაინაკმა შორიახლოს მცხოვრებ ერთ მეგობართან ფუტკრების საშუალებით დაიწყო მიწერ-მოწერა. თავისი თანამემამულისგან განსხვავებით, ტაინაკს სამეცნიერო მიზნები არ ამოძრავებდა, უბრალოდ დაკავებული კაცი იყო და თავისი აღმოჩენილი ახალი "კავშირის საშუალების" გამოცდა უნდოდა.
ტაინაკმა და მისმა მეგობარმა ფუტკრები გაცვალეს. "სტუმრებს" ისინი დახურულ სკებში ამყოფებდნენ და საკვებით არ ანებივრებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი დეპეშის გაგზავნა უნდოდათ, ფუტკრებს ოთახში უშვებდნენ, სადაც მაგიდაზე თაფლიანი თეფში იდგა. მშიერი ფუტკრები საკვებს ეწაფებოდნენ და ვერც კი გრძნობდნენ, თითების ფრთხილი მოძრაობით როგორ აკრავდა ვიღაც უზარმაზარი არსება ზურგზე პაპიროსის თხელ ქაღალდს.
მერე კი ნასაუზმევი ფუტკრები მშობლიური სკებისკენ მიფრინავდნენ. მაგრამ ეს სკებიც მეფუტკრეებს საგანგებოდ ჰქონდათ მოწყობილი. შესასვლელში თუნუქის ყუთი იყო მიმაგრებული, რომელსაც ძალზე პატარა ნასვრეტები ჰქონდა. ფუტკარი მონდომებით ცდილობდა, შემძვრალიყო ამ ნასვრეტში, ამ დროს კი მეფუტკრე მშვიდად ხსნიდა ზურგიდან პატარა დეპეშას.
ცხადია, პაპიროსის ქაღალდზე ვერავინ დაატევდა დიდ და გრძელ წერილებს, ამიტომ ტაინაკმა და მისმა მეგობარმა პირობითი ციფრებისგან საგანგებო ლექსიკონი შეადგინეს. ტაინაკი დაწერდა, მაგალითად 596-ს, მიამაგრებდა ფუტკარს ზურგზე და გაუშვებდა, მისი მეგობარი კი ჩაიხედავდა უბის წიგნაკში და წაიკითხავდა: ?დღეს ვახშამზე გელოდებით თქვენს მეუღლესთან ერთად, აუცილებლად მობრძანდით!"
მხიარული კაცი იყო ბატონი ტაინაკი. მისთვის "ფუტკრების ფოსტა" უბრალოდ გართობა იყო და თუმცა ძალიანაც მოსწონდა, როცა მის შესახებ გაზეთები წერდნენ, მაგრამ იმას კი ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუკი მის ამ აღმოჩენას ვინმე, ოდესმე სერიოზულად გამოიყენებდა.
მაგრამ გერმანიის დაზვერვამ მაშინვე დაცქვიტა ყურები. ფუტკრები? - რა კარგი აზრია! იქნებ სწორედ ფუტკრები გამოდგნენ საზღვრის იქით საფრანგეთის ჯარების გადაადგილების შესახებ ცნობების მოსაპოვებლად. საფოსტო მტრედები მათ უკვე სცადეს, მაგრამ ?აგენტები? მალე ჩაცვივდნენ. მტრედებიანი გალიების შეუმჩნევლად გადატანა საზღვარზე არც ისე იოლი იყო.
მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ქარი საფრანგეთისკენ უბერავდა, გერმანიის საზღვარზე ტკბილი და გამაბრუებელი სურნელი იდგა. მართალია, ამ სურნელს მხოლოდ ფუტკრები გრძნობდნენ, მაგრამ საქმეც ხომ სწორედ ეს იყო.
საზღვრისპირა პატარა სოფლებში გერმანელი "მეფუტკრეები" თაფლს ღვრიდნენ და შაქარს წვავდნენ, მოკლედ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფუტკრები მიეტყუებინათ. და რადგან მესაზღვრეებს ფუტკრების დარდი სულ არ აწუხებდათ, "ფრანგმა ფუტკრებმა" გერმანულ ნადიმებზე ფრენას მოუხშირეს.
გადიოდა წლები, მაგრამ გერმანელი მეფუტკრეები ძველებურად სტუმართმოყვარენი რჩებოდნენ. საფრანგეთიდან ახლა სულ უფრო მეტი პატარა გურმანი დაფრინავდა გერმანიაში, როგორც საკუთარ სახლში. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ტყუილად არასოდეს არავინ გაჭმევს და ჩვენს "ფრანგ ფუტკრებსაც" მოკითხეს ვალი.
ახლოვდებოდა პირველი მსოფლიო ომი. გერმანიის საზღვართან ფრანგებმა საბრძოლო ძალების მოკრება დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიურ არმიას გულღიად შეხვდა. მხოლოდ რამდენიმე მეფუტკრე იქცეოდა ამ დღეებში ძალზე უცნაურად. ზუსტად ისევე, როგორც ბატონმა ტაინაკმა, მათ თავიანთი ფუტკრები თაფლიან თეფშებთან გამოუშვეს. ოღონდ, ტაინაკისგან განსხვავებით, მათთვის ზურგზე პაპიროსის ქაღალდები არ მიუკრავთ. იქნებ რომელიმე აბეზარ ბიჭუნას შეემჩნია ფურცლით მოფარფატე ფუტკარი. ჩვენი ?მეფუტკრეები? მათ წვრილ აბრეშუმის ძაფებს აბამდნენ ტანზე, წითელი ძაფი ქვეით ჯარს ნიშნავდა, მწვანე - არტილერიას, ლურჯი - კავალერიას. შემდეგ მზრუნველმა პატრონებმა ფანჯრები ფართოდ გამოაღეს და ფუტკრები სანავარდოდ გაუშვეს, თვითონ კი გმირი ფრანგი ჯარისკაცების მისაგებებლად წავიდნენ.
ფუტკრებმა მაშინვე გერმანიას მიაშურეს. გზა, მოგეხსენებათ, მშვენივრად იცოდნენ - იქ მათთვის უკვე კარგა ხანია, გაშლილი იყო უხვი და გემრიელი "სუფრა". მერე კი გერმანელი "მეფუტკრეები" ფერად-ფერად ძაფებს ითვლიდნენ...
მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ცხოვრება წინ წავიდა, ტექნიკა განვითარდა, მაგრამ პატარა მუშა ფუტკრების სამსახური კვლავინდებურად საჭირო რჩებოდა. ეს არის მხოლოდ, ამჯერად უკვე მათ ძაფებს და ქაღალდებს აღარ აბამდნენ, უბრალოდ ფრთაზე ოდნავ შესამჩნევ წერტილს აკრავდნენ, რომელიც დიდი შეტყობინების მიკროფირს შეიცავდა. დანარჩენი ჩვეულებრივი, გამოცდილი და ტრადიციული ხერხით ხდებოდა, ეს არის მხოლოდ, შეტყობინებას მიკროსკოპის საშუალებით კითხულობდნენ.
აი, ასეთი ამბებია ფუტკართან დაკავშირებით...
ფუტკართან, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ უნდა - კაცს თაფლი მისცეს და ღმერთს სანთელი.
ფუტკრები მუდამ დაფრინავენ... მშვიდად და გულუბრყვილოდ და არა მხოლოდ გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარზე...
ეგ არის მხოლოდ, მეფუტკრეს გააჩნია...

მ.ვ.