ერთი კაცის ცხოვრების ამბავი

ნიკო ლეკიშვილს "მაგთი", რასაკვირველია, აქვს.
ნიკო ლეკიშვილს სხვაც ბევრი რამ აქვს... მაგალითად, სიმღერის ნიჭი, მეგობრების ერთგულება, ათასი მოსაგონარი...
ვინ არის იგი - პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? ბედის ნებიერი თუ რისკიანი საქმის კაცი? ძველი "პლეხანოველი" თუ მაღალი ეშელონების მუდმივი წევრი? ვინც რა უნდა თქვას, ერთ რამეზე ყველა შეთანხმდება - ნიკო ლეკიშვილი არაორდინარული ადამიანია.
როცა ეს ჟურნალი გამოვა, არჩევნები კარგა ხნის დამთავრებული იქნება, ამიტომ ამ წერილს წინასაარჩევნო პროპაგანდაში ვერავინ ჩამოგვართმევს, არც ის ვიცით, როცა ამ სტრიქონებს უკვე დაბეჭდილს წაიკითხავს ბატონი ნიკო, რა თანამდებობაზე იქნება - სად, ან რა სტატუსით, მის ცხოვრებაში ძალზე ხშირად და სწრაფად ხდება ხოლმე ცვლილებები. დღეს იგი ამ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ერთი კაცის ცხოვრება - ერთი ეპოქაა, ყოველთვის საინტერესო და ყოველთვის თავისებური.

სკოლაში დიდად აქტიური ბავშვი არ ვიყავი. წყალბურთზე დავდიოდი და მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, დირიჟორი გამოვალ-მეთქი... როცა სკოლა დავამთავრე, "ენერგეტიკული ბუმი" იყო და "გეპეიში" ჩავაბარე ენერგეტიკის ფაკულტეტზე. ის პერიოდი იყო, ყამირზე რომ დაიწყეს სტუდენტების წაყვანა, მაგრამ თავიდან ეს პრესტიჟულ საქმედ არ ითვლებოდა და ყამირზე ის სტუდენტები მიჰყავდათ, ვისაც საგნები ჰქონდა დარჩენილი. მოულოდნელად მე შემომთავაზეს, მათ ხელმძღვანელად წავსულიყავი. ეს ის დრო იყო, როცა ჟიული შარტავამ არაფორმალური ლიდერები მოიყვანა. ორჯერ წავედი ყამირზე, მერე ფაკულტეტის მდივნად ამირჩიეს. მაინც არ ვაპირებდი კომკავშირულ საქმიანობას, კათედრაზე დავრჩი, ცოტა ხანს ვიმუშავე და... მაშინ მოხდა, რომ ჟიული შარტავა ქალაქკომის მეორე მდივნად გადავიდა. პარტიის ქალაქკომში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მაშინ შევარდნაძე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ახალგაზრდა, მებრძოლი, კომკავშირიდან მოსული. ძალიან კარგი კონტაქტები ჰქონდა, განსაკუთრებით ორჯონიკიძის რაიონის ახალგაზრდობასთან. მე უკვე ნოვოსიბირსკში უნდა წავსულიყავი ატომური ელექტროსადგურების კათედრაზე, მაგრამ ამ დროს შევარდნაძე ჯერ "ტეკას", მერე ცეკას მდივნად დაინიშნა და მე ჯერ პირველი მაისის კომკავშირის რაიკომის მდივანი გავხდი, მერე კი, ძალიან მალე, ქალაქკომის პირველი მდივანი. სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 25-26 წლის. მერე თავისთავად მიდიოდა... ორბიტაზე რომ მოხვდები, მერე მიდიხარ და მიდიხარ... პარტიულ სამუშაოზე გადავედი, მეორე მდივანი ვიყავი, მერე აღმასკომის თავმჯდომარე. 41 წლისა ქალაქკომის მდივანი გავხდი და მაშინ ასეთი თანამდებობისათვის ეს ძალიან ახალგაზრდული ასაკი იყო.

ამ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობის აღმავლობა. რთული ვითარება იყო. მაშინ კომპარტიიდან დეპუტატი გავხდი, მაგრამ როგორც კი "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა, მე წამოვედი... ინტუიცია ყოველთვის მკარნახობს, როგორ მოვიქცე და როდის უნდა წამოვიდე. თუმცა, მე არავინ მედავებოდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თვით ზვიად გამსახურდიასაც დიდი ხანია ვიცნობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასე არ გაგრძელდებოდა. მოვიდა ახალი ხელისუფლება, ახალი ხალხი... და დეკემბერში მე წამოვედი. არც განცხადება დამიწერია არც არაფერი. უბრალოდ, ავდექი და წამოვედი. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, ავიღე ჩემი საქაღალდეები, გამოვიხურე კარი და აღარ მივედი. ცოტა ხნის შემდეგ მიიღეს დადგენილება და ეს საბჭოები გააუქმეს.
ახლა რომ ვიგონებ 1 მაისის რაიონში მუშაობას, მგონია, ბევრი რამ გავაკეთეთ, თუნდაც, წერეთლის გამზირი რა იყო - ბარაკებით სავსე უბანი - შანხაის ეძახდნენ. იმ დროს მოხდა იმ ბარაკების ლიკვიდაცია და რეკონსტრუქცია. მერე პლეხანოვის გამზირი. ჩემს დროს მოხდა აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირების დარქმევა, მაშინ არც ისე იოლი იყო ასეთი რამეების გაკეთება. 1988 წელია, პოლიტბიურო ისევ არსებობს და მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბუზღუნებდა. გამზირი რომ გავხსენით, დიდი თეატრალიზებული წარმოდგენა გავმართეთ თბილისობის დღეს. კინოსტუდიიდან ორი ათასი ცხენოსანი შემოვიყვანეთ, რომელთაც "დავით აღმაშენებელი" მიუძღოდა. "მეფე დავითმა" - ოთარ მეღვინეთუხუცესმა - თვითონ ჩამოხსნა ძველი წარწერა. ახლა ყველაფერი ადვილია, მაშინ კი მეფის შემოყვანას რისკი უნდოდა. მახსოვს, იმხანად არეულობა იყო მარნეულში და ეს ხმალშემართული ჯარი რომ დაინახეს პლეხანოველებმა, დაიძახეს: "ოთარ, პირდაპირ მარნეულში დაგაზეო".
მუსიკალური ცენტრი, კინომსახიობთა თეატრი, ბევრი რამ სწორედ მაშინ გაკეთდა. სხვათა შორის, ლენინის მოედანსაც ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მე შევუცვალე სახელი და თავისუფლების მოედანი დავარქვი. ლენინის ძეგლის მოხსნის განკარგულებაც მე მივიღე. მერე კი აიტაცეს სხვებმა და დაიბრალეს, მაგრამ რეალურად ასე იყო.
როცა ძეგლის დაზიანება დაიწყეს, მივედი და ხელმძღვანელობას ვუთხარი, სანამ არ დაუნგრევიათ, მოდით, ჩვენ თვითონ ავიღოთ, რა მოხდება-მეთქი. არა და არაო. მე კი მივიღე გადაწყვეტილება, აღარავისთვის მიკითხავს და ასე ჩავწერე: "მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აღებულ იქნას ლენინის ძეგლი". რა თქმა უნდა, "კგბ"-ს ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მიუვიდა და მირეკავს "კგბ"-ს უფროსის მოადგილე: რა არის ეს, რა ხდებაო? მე ვუთხარი: მივიღე გადაწყვეტილება და რაც იქნება, ის იყოს-მეთქი. გაგიჟდა კაცი... წარმოიდგინეთ, 9 აპრილი უკვე მომხდარია, მერიის უკან ჯარი იდგა გამზადებული...
პატრიკეევმა დამირეკა და მითხრა, ძეგლს ანგრევენ და ზომები უნდა მივიღოო. მე ვუთხარი: არავინ არ ანგრევს, მე ვიღებ, ჩემი დადგენილებაა-მეთქი. მაშინ იყო, რომ მოხსნა ჯარი და წაიყვანა.
მეორე დღეა... ეს ყველაფერი მოხდა და რეკავენ "ცეკაკაპეესესიდან": რა მოხდა, რა ამბავია? და ასე შემდეგ... ჩვენი ცეკას მდივნობა კი მეორე დღეს დაიმალა. ზოგი ავად გახდა, ზოგი სადღაც წავიდა... სხვათა შორის, დაიმალა ის ხალხიც, ვისაც დადგენილებაზე ხელი უნდა მოეწერა. მაშინ ასეთი წესი იყო: ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმი ჰყავდა და ასეთ დროს ყველა წევრს უნდა მოეწერა ხელი. მე, ბუნებრივია, დავუძახე და ვუთხარი, ასეა-მეთქი. ზოგმა მოაწერა ხელი, ზოგმა - არა. ეს იმათ იციან და მე ამას არასოდეს ვიტყვი, თუმცა, მერე ძალიან თავგამოდებული ანტიკომუნისტები გახდნენ.
აი, ასეთი დღეები გამოვიარეთ და მაშინ ძალიან კარგად დავინახე, ვინ ვინ იყო, ვის შეუძლია რისკი.
როცა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეობიდან წამოვედი, უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი, მაგრამ დიდი აქტიურობით არ გამოვირჩეოდი, იმიტომ რომ ვგრძნობდი, ეს უზენაესი საბჭო დიდხანს ვერ გაძლებდა. რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, რომელიც ამოვარდნილი იყო იმ იდეოლოგიიდან, რომელსაც თითქოს ვქადაგებდით: დემოკრატია და ასე შემდეგ...
ვიფიქრე, ის დროა, ჩემს თავს მივხედო-მეთქი და დავიწყე ბიზნესში მოღვაწეობა. ეს იყო 1991 წელი. თუმცა, 1991 წლის დასაწყისში რამდენჯერმე შემომთავაზეს ქალაქის ხელმძღვანელობა, ლაპარაკი იყო სხვა დიდ თანამდებობებზეც, მაგრამ მე იქ დამბრუნებელი არ ვიყავი. არ შემიძლია იმ გუნდში ყოფნა, რომელიც შეიძლება ჩემზე უკეთესია, მაგრამ მე იქ ვერ ვთამაშობ.
სხვათა შორის, თენგიზ სიგუასი ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ მაშინ მხარში ამომიდგა და ბევრ რამეში დამეხმარა. მერე, ეს გადატრიალება რომ მოხდა, დამიძახეს და შემომთავაზეს, ქალაქის მერი გავმხდარიყავი. მახსოვს, 6 იანვარი იყო, ღამე ტელევიზიაში თათბირობდნენ, დამიბარეს და მითხრეს: წადი, ახლა შენ იქნები მერი, რწმუნებული - დაიწყე მუშაობაო. მე მაშინვე ვუთხარი: თქვენ ისეთი ამბით მოხვედით, იმ წუთში იტყვიან, აი, პარტოკრატი მოიყვანეს და რად გინდათ-მეთქი.
ის პერიოდია, რაღაცა დავიწყეთ, ბიზნესში ნორმალურად წავიდა ყველაფერი, კარგად ვიყავი და იმ მომენტში იქ ყოფნა არ მინდოდა. სხვა მომენტებიც იყო და უარი ვუთხარი. გავიდა რამდენიმე ხანი და თენგიზმა ისევ დამიძახა, მითხრა, წამოდი ჩემს მთავარ სახელმწიფო მრჩევლადო. მართლაც წავედი. მაშინ ბევრი მოგზაურობა მომიწია, ბევრი რამ ვნახე და რაც უნდა ნეგატიურად ვიხსენებდე იმ პერიოდს, მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ, რომელიც არაერთგვაროვანი იყო და რთული პერიოდიც იყო, მაინც თავისი როლი ითამაშა...
მერე მე დეპუტატი გავხდი და აი, რატომ - მეწარმეების საშინელი რბევა დაიწყო, მოდიოდნენ და პირდაპირ გეუბნებოდნენ: ეს იქნება დირექტორი, ეს იქნება მოადგილე. არადა, ისეთი კარგი შესაძლებლობები იყო, ბანკები დაარსდა, "კოკა-კოლასთან" იწყებოდა მოლაპარაკებები, კარგი სიტუაცია იყო. მატერიალურად მე მაშინ არ მიჭირდა. წამოვედი იმიტომ, რომ ეს გარკვეული დაცვა ყოფილიყო და ასეც აღმოჩნდა. დეპუტატი ვიყავი, კომისიის თავმჯდომარე და ვერც ერთი მიმართულების კაცი ვეღარ მერჩოდა. ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, არაფერი არ იქნებოდა. მე არ ვაპირებდი უკან დაბრუნებას. წავედი და წავედი... თავისუფალი ცხოვრების გემო გავიგე. სადაც მინდოდა, იქ მივდიოდი, მეგობრები, ოჯახი... აღარ მინდოდა პოლიტიკა.
1993 წელი იყო. ედუარდ შევარდნაძემ შემომთავაზა - უნდა წახვიდე ვიცე-პრემიერადო. მოვიკალი თავი - არ მინდა-მეთქი. მართლა არ მინდოდა, მაგრამ უარი მაინც არ ვუთხარი, ვიცე-პრემიერი ცოტა ხანს ვიყავი. დამთავრდა აფხაზეთის ომი და დამიბარა შევარდნაძემ - თბილისის მერად წადიო.
მაშინდელი თბილისი საშინელება იყო. არა პური, არა ტრანსპორტი, არა სინათლე, არა გაზი. მე რომ მივედი, 17 500 "ბუდკა" იდგა ქალაქში. რუსთაველზე მანქანები ბენზინს ყიდდნენ. არც ერთი მაღაზია არ მუშაობდა. მაინც დავეთანხმე. მითხრა: სულ რომ არაფერი გააკეთო, ეგებ პურის პრობლემა მოაგვაროო. ერთ თვეში ამას მოვაგვარებ-მეთქი და მართლაც, 13 დეკემბრის დილა გათენდა (ერთ თვეზე მეტს მოვუნდით) და ეს პრობლემა გადაწყდა. განა ეს წინამორბედის ბრალი იყო, საშინელება ხდებოდა ქვეყანაში - არც ერთი სასწრაფო დახმარების, ნაგვის მანქანა და ტაქსი აღარ არსებობდა. არ იყო წყალსადენის სპეციალური მანქანებიც. ხომ იცით, როგორც ხდებოდა - მივიდოდნენ, ჩასხდებოდნენ, წაიყვანდნენ... ბიუჯეტი ნოლი, ხელფასები არ გაიცემოდა. პენსიებს არ არიგებდნენ. გავიდა გარკვეული დრო და აღდგა რაღაც სტრუქტურები. კეთილმოწყობის სამსახური აღარ არსებობდა, გაუქმებული იყო - რად გვინდაო. 1 აპრილს პირველი ტროლეიბუსი და პირველი ავტობუსი გამოვიდა ქალაქში. ხუთი თვე მოვუნდით ამის აღდგენას. მხოლოდ 6 საათამდე მუშაობდნენ იმიტომ, რომ აყაჩაღებდნენ და ფულს ართმევდნენ. იქაც შეიარაღებული ხალხი ჩავაყენეთ.
ეს იყო ომი...
მე რომ მოვედი, დენი საერთოდ არ იყო. ვთქვი: მოიტანეთ "დვიჟოკი" და შუქი 24 საათი იყოს მერიაში-მეთქი. ზოგი ამბობდა - როგორ შეიძლება, ხალხს არა აქვს... მე ვპასუხობდი: მერიამ უნდა მისცეს ხალხს დენი და თუ თვითონ არ ექნება, ხალხს რაღას მისცემს-მეთქი. სხვათა შორის, იერუსალიმის მერი, ტენი კოლეგი მიყვებოდა - ადრე უბედურებები რომ ხდებოდა იერუსალიმში, ერთადერთი იმედი ქალაქის მერია იყო. ხალხს თვითონ მიჰქონდა საწვავი "დვიჟოკისთვის", რომ მერიას ემუშავა და ყველას დაენახა. აქ ეს არ ესმოდათ.
გაზაფხულზე, მოედანზე უამრავი ვარდი დავრგეთ. ვთქვი - იყოს ეს ვარდები, სიხალისეს შემოიტანს-მეთქი. ატყდა ერთი ამბავი, რა დროს ვარდია, რა დროს კონცერტია... შემოვიღეთ "თბილისური გაზაფხული". სკამები გარეთ დავადგმევინე, დავდიოდი ფეხით და კაფეების მფლობელებს მაგიდებს გარეთ ვადგმევინებდი, ვეუბნებოდი: აქ ორკესტრს მოიყვან და დასვამ, მივუყვანე სტუდენტები, მინდოდა, მთელ ქალაქში სიხალისე ყოფილიყო. როდემდე შეიძლებოდა ასე გაუბედურებულად ყოფნა. საქართველოს და გერმანიის ნაკრები გუნდების თამაში იყო, გამოვიდა ხალხი და დაინახა, რომ გარე განათება არსებობს. ფუნიკულიორი და ხიდები გავანათეთ. როგორმე უნდა "ამოგვეყვანა" ქალაქი. თეატრებმა დაიწყეს მუშაობა. პირველი სკოლის აღდგენა დიდი ამბავი იყო, რუსეთმა აღადგინაო - ამბობენ, რატომ ახლა არ აკეთებს რუსეთი რამეს?
ჩამოვიყვანეთ გერმანიიდან "მერსედესის" ტიპის მანქანები, ტაქსებიც გაჩნდნენ. აი, ასეთი ამბები იყო... ახლა ადვილია ლაპარაკი.
ბენზინის მანქანების მფლობელებს წინადადება მივეცით, სამ თვეში ქუჩაში აღარც ერთი აღარ მდგარიყო. რა რეკვები არ ატყდა - ასე გიზამთ, ისე გიზამთ... საკმაოდ დიდი და შავი ბიზნესი იყო. ისეთი ხალხი იყო ჩარეული... მართლა ომი გამოვიარეთ.
სახელმწიფო მინისტრად გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, სტატუსი და უფლებამოსილებები არ მაკმაყოფილებდა. შემდეგ დავთანხმდი, რადგან იყო შეპირება, რომ შეიქმნებოდა მინისტრთა კაბინეტი და ასე შემდეგ. მაინც ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, არ უნდა დავთანხმებულიყავი. მე მოქმედების კაცი ვარ, თუ ვაკეთებ საქმეს, ბოლომდე ჩემი გუნდითა და ჩემი პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთებდე. ეს პერიოდი ჩემთვის იყო რთულიც და მნიშვნელოვანიც, რადგან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ვმუშაობდი, მასთან მქონდა ყოველდღიური ურთიერთობა. ბევრს დავდიოდი საქართველოში, სხვაგანაც, ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა ამ პერიოდში, შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. პრეზიდენტს სირთულეები შეექმნა, იგი რეორგანიზაციას აპირებდა, მაგრამ არ გამოვიდა და მე გადავდექი. ამით არაფერი დამკლებია, რეიტინგი მე არ მაინტერესებდა, ჩემთვის მთავარია, ის საზოგადოება მიჭერდეს მხარს, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვარ მეგობრებთან, რაღაცებს ვაკეთებთ. აღარ არის ის დრო, როცა თანამდებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა ზოგი მაღლაა, ზოგი - დაბლა და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ვიღაცაზე უკეთესია ან უარესი.
დღეს მე შეგნებულად მივდივარ ისევ პოლიტიკაში. ვთვლი, რომ სერიოზულად მივდივარ. მგონია, რომ ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ქვეყნის სულ სხვანაირი მოწყობა იქნება საჭირო. ახლა უფრო პოლიტიკოსი ვარ, ვიდრე ბიზნესმენი. პარალელურად შეუძლებელია ორივე საქმის კეთება.
მე ხელი შევუწყვე ჩემს შვილებს სასტარტო საშუალებების შექმნაში. ჩემი სიძეებიც ბიზნესმენები არიან, ერთი გათბობისა და კონდიცირების და ტვირთების გადაზიდვების კომპანიებში საქმიანობს, მეორე პარფიუმერიისა და სამშენებლო მასალების კომპანიებში, ქალიშვილი სადაზღვევო საქმიანობით არის დაკავებული. ამ ერთი წლის განმავლობაში გამოვიყენე ნაცნობობაც, შესაძლებლობაც და შეიქმნა რამდენიმე სუფთა საქმე, ძალიან ძნელი, ძალიან პრობლემური, მაგრამ საჭირო. მადლობელი ვარ, რომ ისინი არ მიედ-მოედნენ საეჭვო შემოსავლიან ბიზნესს და დამიჯერეს. ჩემი ოჯახის წევრებს სახლიც აქვთ, კარიც, მანქანაც და საქმეც.

ჩვენი ოჯახი ყოველთვის ძალიან პურმარილიანი იყო. ოროთახიანი ბინა გვქონდა 1977 წლამდე. მე, მეუღლე, შვილები, დედაჩემი, მამაჩემი იქ ვცხოვრობდით. მერე გავფართოვდით. ყოველდღე იყო ქეიფი. მამაჩემზე სულ ამბობდნენ - მდიდარიაო, ამ დროს მდიდარი კი არა, უბრალოდ, ხელგაშლილი იყო. ვერავინ დაასწრებდა დაპატიჟებასა და პატივისცემას... ყველას ეხმარებოდა.
ძალიან დიდი წრე მყავს და ძალიან კარგ ხალხს ვიცნობ, ვთვლი, რომ ისინი ჩემი ახლობლები არიან, მაგრამ ჩემი საძმაკაცო სულ რამდენიმე კაცია და წლების მანძილზე ასე ერთად მოვდივართ... ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მიხედოს თავის ოჯახს, თავის მეგობრებს, ის ქვეყანასაც ვერ მიხედავს...

დაბოლოს, სამი პატარა ამბავი ერთი კაცის ცხოვრებიდან. ამბები, რომელთაგანაც ეს ცხოვრება შედგება. და ვინ იცის, იქნებ ესაა ქვეყნად ყველაზე მთავარი. საერთოდაც, იქნებ ასეთი მოგონებებისთვის ცხოვრობ...

რაიკომის მეორე მდივანი ვიყავი. პირველი მდივანი ბეგლარ მახარაშვილი იყო, მესამე ვიოლა ჯაფარიძე - ძალიან კარგი მომღერალი. ჰოდა, ერთ სუფრაზე ვართ... ვიოლა მღერის პირველს, მე - მეორეს, ბეგლარი - მესამეს. თენგიზ მენთეშაშვილმა თქვა: აქ ყველაფერი დარღვეულია, მხოლოდ ნიკოა თავის ადგილზეო...
ვახო ცხადაძე იყო მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე. 1987 წელს ბიუროზე დაიბარეს და ყველა მოხსნეს, ვერც გაიგეს, რატომ. გარეთ ვდგავართ, გამოვიდნენ. ვახო, რა მოხდა? - ვეკითხებით. მოგვხსნესო, რვა კილომეტრი "ლევი" ღრუბელი მიპოვეს და ვინ მაპატიებდაო...

ღამის ორი საათია, კიჭა არველაძის მეუღლესთან ვიქეიფეთ, ქუჩაში ფეხით მოვდივართ მე, ვაჟა ბაკურაძე და კიდევ ჩვენი მეგობრები. ვხედავ, საშინელი რეიდია, აჩერებენ და აჩერებენ მანქანებს... მაგარი ნასვამები ვართ. მივიდა ვაჟა ერთ ინსპექტორთან და ეუბნება: ბიჭებო, აი, 500 მანეთს მოგცემთო... რა 500 მანეთსო, გაგიჟდნენ. სტაცეს ხელი, უნდა ჩაასუნთქონ... "კაცო, რა გინდათ, 500 მანეთს გაძლევთ, თუ არ გინდათ, სულაც ფეხით ვარ და კარგად იყავითო..."