ეპიზოდები კინოდან და ცხოვრებიდან...

ჩვეულებრივი თბილისური საღამო. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, კარგა ხნის გაუქმებულ კლუბთან, უამრავი მანქანა დგას. კლუბი ისეთია, ცოტა ხნის წინათ, ჩვენში ყველა კლუბი რომ იყო - "ნამგალი და უროთი" თუ რაღაც ამგვარით დამშვენებული. კლუბის ეზოში უზარმაზარი პროჟექტორები ანთია და უამრავი ხალხი ირევა - მსახიობები, "მასოვკის" მონაწილეები, ბავშვები და უბრალო ცნობისმოყვარეები... ამ ღამით, აქ, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე თავისი ახალი ფილმისთვის რამდენიმე ეპიზოდის გადაღებას აპირებს. გადამღები ჯგუფის წევრები მანქანებიდან აპარატურას ალაგებენ და აწყობენ, კლუბის შესასვლელში წითელ პლაკატს კიდებენ და უცნაურ აფიშებს აკრავენ... ყოველ წუთს მობილურის წკრიალი ისმის: უკვე ჩამოვიდა? ახლავე დავურეკავ... ალბათ, დღესაც გავათენებთ... სასწრაფოდ აქ გაჩნდი, გადაღება იწყება... არ დამელოდოთ, დილამდე ვერ მოვალ...
მალე რეჟისორიც გამოჩნდა. ნანა ჯორჯაძე, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან მომხიბვლელია. ყველას უღიმის, ესალმება, ვიღაცეებს საქმიანად ესაუბრება. შეიძლება ვერც კი დაიჯერო, მთელი ღამე გადასაღებ მოედანზე აქვს გათენებული და რომ სულ რაღაც სამი საათი ეძინა... დრო შეუმჩნევლად გადის. კლუბის დარბაზი ხალხით თითქმის სავსეა. წინა რიგებში ბევრი ცნობილი სახე მოჩანს. ნანა ჯორჯაძე კინოკამერაში იყურება, ზოგ მსახიობს ადგილს უცვლის, ზოგს რაღაც მითითებებს აძლევს. მერე ყველაფერი წყნარდება და გადაღებაც იწყება...
1997 წელს, პირველად ქართული კინოს ისტორიაში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე "ოსკარზე", ნომინაციაში - "საუკეთესო უცხოური ფილმი" წარდგენილი იყო რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ქართულ-ფრანგული მხატვრული ფილმი "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი". იმ დღეებში თითქმის ყველა შეყვარებულ კულინარზე - ფრანგ კინოვარსკვლავ პიერ რიშარსა და რეჟისორ ნანა ჯორჯაძეზე საუბრობდა. პრესა კი იმ დღეებში წერდა: "ჯორჯაძის ფილმით ამერიკელებმა ახალი კინოსახელმწიფო აღმოაჩინესო"...
"ოსკარის" ნომინაციებში გასვლის შემდეგ ფილმი კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა: კანში, ანაპაში, კარლოვი ვარში, რიგაში. მიღებული აქვს პრიზები საუკეთესო ფილმისათვის, საუკეთესო დრამატურგიისათვის, ქალის საუკეთესო როლისათვის, ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმისათვის, მამაკაცის საუკეთესო როლისათვის. ამ ბოლო პრიზის მიღების შემდეგ პიერ რიშარს ნანა ჯორჯაძისთვის უთქვამს: 40 წელია, მსახიობი ვარ და პირველად ავიღე პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის, კანის ფესტივალზეც ამ ფილმით მოვხვდი პირველად. ნუთუ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი, რათა დაენახათ, კარგი მსახიობი რომ ვარო...
"შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" კინოსტუდია "ადამ და ევასთან" ერთად გაკეთდა. კინოსტუდიას დღეს ბევრი საინტერესო პროექტი აქვს, ამჟამად მუშაობენ აბრეშუმის გზის, ტრასეკას ამსახველ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმზე. ხოლო ის ფილმი, რომელსაც ნანა ჯორჯაძე ახლა იღებს, ამ კინოსტუდიაში მისი მეორე ნამუშევარი იქნება.

"ჯერ არ ვიცი, რას გადავიღებ, როგორ გადავიღებ ან რა გამოვა. ეს არის ქართულ-გერმანულ-ფრანგულ-ინგლისურ-დანიური ფილმი. გადამღები ჯგუფი და მსახიობები ძირითადად ქართველები არიან. ხმის ოპერატორი გერმანელი გვყავს, რადგან ხმას პირდაპირ ვიწერთ და ჩვენ ასეთი აპარატურა არ გვაქვს. არის კიდევ ერთი ამერიკელი ოპერატორი, რომელიც ძალიან კარგი ფილმების ავტორია და ძალიან საინტერესო რეჟისორებთანაა ნამუშევარი. ფილმში არაჩვეულებრივ ქართველ მსახიობებთან ერთად ორი რუსი მსახიობიც იღებს მონაწილეობას. ჩვენ ყველანი ძირითადად ძველი მეგობრები ვართ. ფილმის გადაღების დროს ისეთი გაჭირვება და სიძნელე გხვდება, თუ მეგობრები არ გყავს გვერდით, შეიძლება არც არაფერი გამოგივიდეს.
მე ყოველთვის საქართველოში მუშაობა მირჩევნია. აქ ყველაფერი მეხმარება - ჰაერი, მიწა, აღარ ვლაპარაკობ მეგობრებსა და ახლობლებზე. სხვაგან როცა ვარ, საშინლად ვიცლები, ვიფიტები. ეს მიწა და ეს ქვეყანა კი უზარმაზარი ენერგიით მავსებს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია საინტერესო რეჟისორებით. ჩვენს ერს მკვეთრად გამოხატული ნიჭი აქვს. მსოფლიოში ქართული კინოს ფენომენი არსებობს. რამდენი რეჟისორია, რომელსაც კინოს გადაღების საშუალება არა აქვს, რამდენი შესანიშნავი ფილმია, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ვერსად გადის და ვერავინ ნახულობს. მე კი ბედმა გამიღიმა, სულაც არ ვთვლი, რომ ვინმეზე ჭკვიანი ან ნიჭიერი ვარ, უბრალოდ გამიმართლა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ღმერთო, რისთვის ასეთი ბედნიერება...
გადაღების ყოველი დღე ჩემთვის წამებაა, გოლგოთაზე ასვლა, ვუყურებ ამდენ ხალხს და ვფიქრობ: ღმერთო ჩემო, რა უნდა გადავიღო, როგორ უნდა გადავიღო, მაქვს კი ამის უფლება? უამრავი ფული იხარჯება, კინო ხომ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ეს ხომ ლექსი არაა - თუ არ გამოგივა, ადგე და მოისროლო. და მაინც, ყოველი ასეთი დღე ჩემთვის უზარმაზარი ბედნიერებაცაა, მე ხომ მხოლოდ კინოთი ვცხოვრობ. როცა ფილმს ვერ ვიღებ, ავად ვარ, ვკვდები, სიცოცხლე აღარ მინდა ხოლმე..."

თბილისში 25 წლის წინათ გაიხსნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. თენგიზ აბულაძემ და ირაკლი კვირიკაძემ რეჟისორების პირველი ჯგუფი აიყვანეს. ამ ჯგუფში იყო ნანა ჯორჯაძეც. ვიდრე თბილისში ეს ფაკულტეტი გაიხსნებოდა, მანამდე მომავალი რეჟისორი სამხატვრო აკადემიაში - არქიტექტურულზე სწავლობდა. იგი დღესაც დიდი სიამოვნებით იხსენებს აკადემიაში გატარებულ წლებს და საოცარ პედაგოგს ოთარ ჯაყელს...
იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყო. 27 ოქტომბერს კი სტუდენტი ნანა ჯორჯაძე ირაკლი კვირიკაძის მეუღლე გახდა, ოღონდ ბოლომდე, ე.ი. 26 ოქტომბრამდე, სულ "ბატონო ირაკლის" ეძახდა...
რეჟისორი და დრამატურგი ირაკლი კვირიკაძე "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტისა" და ნანა ჯორჯაძის თითქმის ყველა ფილმის სცენარის ავტორია, მათ შორის, იმ ფილმისაც, რომელსაც ახლა იღებენ.
ქალბატონ ნანას ორი ვაჟი ჰყავს. უფროსი - ბუბა პროფესიით ექიმია, მაგრამ დღეს კინოში მუშაობს. უმცროსმა - მიხომ ამერიკაში კინოკოლეჯი დაამთავრა და იქ ექვსი დიდი ფილმის გადაღებაშიც მიიღო მონაწილეობა. ახლა საქართველოშია და მშობლებთან ერთად ახალ ფილმზე მუშაობს...

"მთელი ოჯახი გადასაღებ მოედანზე ვართ ხოლმე. ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. მართალია, ირაკლი სულ მეუბნება, სცენარებს მიფუჭებო, მაგრამ რა ქნას, მითმენს, "მაინც ცოლი ვარ"... ერთხელ, მახსოვს, სამონტაჟოში ვართ, მე მგონი "რობინზონიადას" ვამონტაჟებდით. ირაკლი მოვიდა. უყურებს, რასაც ვაკეთებ და მეუბნება: არა, ნანა, ასე არ შეიძლება! - არა, ასე უნდა დავტოვო! - ვბრაზდები მე. ბოლოს ვყვირი: მეტი აღარ დაგინახო აქ! - აღარც მოვალ! - ისიც მიყვირის... მთელი სამონტაჟოს ხალხი დერეფანში დგას, შეშინებულები გვისმენენ და ალბათ ფიქრობენ, რომ ერთმანეთს დავხოცავთ... მერე ირაკლი სადღაც გავიდა, ისევ მოვიდა და მეც დამავიწყდა ეს ჩხუბი. ღამის 3-4 საათია, სახლში მივდივართ, მომხვია ირაკლიმ ხელი და მეუბნება: ნანუკა, რა ბედნიერებაა, რამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ და ერთხელაც არ მოგვსვლია კონფლიქტიო... იცით, მართლაც ასეა. ჩვენთვის სამუშაო და ოჯახური ურთიერთობები ორი სხვადასხვა სამყაროა...
უნდა ვთქვა, რომ საოჯახო საქმეებიდან ძალიან შორს ვარ, სადილებისა და ვახშმების კეთება არ შემიძლია. მახსოვს, მაგიდასთან სხედან ოჯახის წევრები, ჭამენ ჩემს მომზადებულ მორიგ "საშინელებას" და ირაკლი ამბობს: იცი, ნანა, ძალიან უნდა გიყვარდეს ადამიანი, ეს რომ ჭამოო... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს სახლში ყოველთვის უამრავი სტუმარია. მიდიან, მოდიან, ზოგი თვეობით რჩება. საოცარი ატმოსფეროა, სხვანაირად ცხოვრება არ შეგვიძლია...
ამ ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება, ძალიან მალე ჩვენი ძველი მეგობარი პიერ რიშარიც ჩამოვიდეს. პირველად პიერ რიშარს კანში შევხვდი. ადამიანი, რომელსაც ეკრანზე ერთი კონკრეტული ამპლუა აქვს, ცხოვრებაში ისეთი ინტელიგენტი, სევდიანი და სერიოზული აღმოჩნდა, რომ გავოცდი. უბრალოდ ვკითხე, იმიჯის შეცვლაზე და სხვანაირი როლის თამაშზე ხომ არ გიფიქრიათ-მეთქი?! როგორ არა, შემომთავაზე და ვითამაშებო - მიპასუხა. მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე რაღაც ინიციატივა ისევ თვითონ გამოამჟღავნა და მეც მაშინვე ირაკლის დავურეკე: სასწრაფოდ დაწერე სცენარი პიერ რიშარისთვის-მეთქი. ირაკლი არ მიჯერებდა, ძლივს დავარწმუნე. ბოლოს ირაკლიმ დაწერა სცენარი. პიერ რიშარმა წაიკითხა, მოეწონა და თქვა: ვიწყებ მუშაობას, შეყვარებული ვარ შეყვარებულ კულინარშიო... ასე აღმოჩნდა მაშინ ჩვენს ფილმში პიერ რიშარი... ამ ფილმზე იმ დროს ვმუშაობდით, როცა საქართველოში კინოს ვეღარავინ იღებდა - მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, ტრაგედიები, მოუშუშებელი ჭრილობები. გადაღების პროცესმა საოცარი სიხალისე შემოიტანა. მოდიოდა გახარებული ხალხი: ვაიმე, ისევ კინოს ვიღებთ, ისევ ვმუშაობთ... ძალიან ბედნიერები ვიყავით...
"ოსკარების" ცერემონიალი საოცრად დიდი დღესასწაული და საჩუქარია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც კინოში მუშაობს. ეს ხმაურიანი, ლამაზი შოუ ყველაფერს გავიწყებს, ყველა გაჭირვებასა და სიძნელეს...
"ოსკარებზე" ბებიაჩემის კაბა მეცვა... ძალიან მიყვარს ბაბუაჩემის ჟილეტები და მამაჩემის პერანგები, დედაჩემისა და ბებიაჩემის კაბები... ტანსაცმელი ყოველთვის ინახავს ახლობელი ადამიანების სითბოსა და ენერგიას..."

ჯორჯაძეების გვარი საქართველოში VI საუკუნიდან მოდის. წარმომავლობით მესხურია, მაგრამ ძირითადად კახეთში, გრემში ცხოვრობდნენ. გრემი მათი საგვარეულო ეკლესიაა. ამ გვარის კაცები ტრადიციულად მეღვინეები ყოფილან და ჩვენში დღესაც ასე პოპულარულ კონიაკებს - "გრემს" და "ენისელს" მხოლოდ ისინი ასხამდნენ. 1921 წელს კომუნისტებმა ნანა ჯორჯაძის ბაბუა გადაასახლეს. გრემში, მათ სახლში, სკოლა და რაიკომი გახსნეს. 25 წელი გადასახლებული იყო ნანა ჯორჯაძის ბიძაც - ვახტანგ ჯორჯაძე. რეპრესიებს ვერც დედის მხარე გადაურჩა. ბაბუა, პოლონელი გემთმშენებელი ინჟინერი, აქ სამუშაოდ მოიწვიეს და სამი წლის შემდეგ, 1937 წელს დახვრიტეს როგორც ხალხის მტერი...
ნანა ჯორჯაძის მშობლებს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. გამოსახლებების შემდეგ, მათი ოჯახი წლების მანძილზე ჭოროხის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სხვენზე ცხოვრობდა...
სხვენზე გატარებული ბავშვობა... ამ სხვენის ყველა კუთხეში უამრავი "საიდუმლო" იმალებოდა... სახურავიდან სახურავზე გადარბენა, მეხსიერებას შემორჩენილი მერცხლის ბუდეები, ახალ წელს სხვენის ფანჯარაში ჩამოშვებული ანთებული ნაძვის ხე და ყოველ აღდგომას უცნაური კურდღლის სტუმრობა, რომელიც კართან წითელი კვერცხებით სავსე კალათას და მხოლოდ სველ ნაფეხურებს ტოვებდა ხოლმე...

"პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა, როცა 30-წლიანი გადასახლების შემდეგ ჩამოვიდა მამაჩემის ბიძა, როსტომ ამირეჯიბი. მახსოვს, ჭადრაკის თამაშს გვასწავლიდა. ერთხელაც აიჩემა, გრემში წამიყვანეთო. ყველანი წავედით. ჩვენი ყოფილი სახლის ეზოში ამ კაცმა მიწის თხრა დაიწყო. ხან აქ ამოთხრის, ხან იქ... მე და ჩემი ძმა კინაღამ გავგიჟდით, დავრბივართ, ჩვენც ვჩიჩქნით მიწას, ერთი სიტყვით, განძის ძიებაში ვართ... მართლაც მიაგნო რაღაცას... ამოთხარა ფუთა, რომელშიც ძველ, ხელით ნაქსოვ ჟაკეტში შეხვეული ბაირონის სამი და შექსპირის ერთი ტომი იდო... გრემში ჩვენს ოჯახს საოცარი ბიბლიოთეკა ჰქონია, ოთახში სპეციალურ ტემპერატურასაც კი ინარჩუნებდნენ უძველესი გამოცემების შესანახად... 1921 წელს, როცა რუსეთის ჯარი შემოვიდა, ჯარისკაცები შეშის ნაცვლად თურმე "ბორშჩს" ამ წიგნებზე ხარშავდნენ... მეტი რომ ვერაფერი მოახერხა ამ პატარა ბიჭმა, რაც მოასწრო, სტაცა ხელი ამ ოთხ წიგნს, შეახვია და ჩამარხა... დღეს ეს წიგნები სახლში მაქვს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბაირონი და შექსპირი არ არის, ეს ჩემი გვარის ისტორიაა და არა მარტო ჩემი გვარის, შეიძლება მთელი ჩვენი ერის ისტორიაცაა...
წლების შემდეგ, როცა უკვე კინოსტუდიაში ვმუშაობდი, ვიღაცამ სარეკვიზიტოროში ძველი ალბომი მოიტანა ჩასაბარებლად. გოგოებმა იცოდნენ, რომ ძველ რაღაცებს ვყიდულობ ხოლმე და დამიძახეს. ვიყიდე და სახლში წავიღე, არც გადამიშლია, არ მეცალა, პიანინოს თავზე დავდე. მამაჩემი მოვიდა, ეს რა ალბომიაო? - იკითხა და გადაშალა. უცებ მესმის: ნანა, ეს ალბომი საიდან? ეს ხომ დედაჩემია, მამაჩემი, მე - სამი წლის... ეს აღმოჩნდა ჩვენი საოჯახო ალბომი, რომელიც 1921 წელს დაიკარგა. ოჯახში აღარც ერთი მაშინდელი ფოტო აღარ გვქონდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი ხელი გამოიარა, რამდენი იარა ამ ქვეყანაზე და ისევ ჩვენ დაგვიბრუნდა. ეს ხომ საოცრებაა...
მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი უცნაური ამბებითაა სავსე. საოცარი ბავშვობა მქონდა. მეც და ჩემი ძმაც სხვანაირად გავიზარდეთ. დედაჩემი, როგორც კი ფულს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე სამოგზაუროდ მივდიოდით. ოჯახში ნორმალური საწოლიც კი არ გვედგა, მაგრამ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. ჩვენთვის მთავარი იყო მოგზაურობა, სწავლა და ბევრი წიგნი... დედაჩემი მთამსვლელი იყო, ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად მწვერვალები აქვს დაპყრობილი. მე და ჩემი ძმაც ასეთი "ბორიალები" აღმოვჩნდით. დედაჩემს და მამაჩემს გერმანული სკოლა ჰქონდათ დამთავრებული და გერმანული ენა კარგად იცოდნენ. მახსოვს, მამაჩემი მიკითხავდა ხოლმე გოეთეს, ჰაინეს, გერმანულ პოემებს... მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ, ბევრი საინტერესო ეპიზოდი მომისმენია სხვათა ცხოვრებიდან. ეს ყველაფერი ხომ ისაა, რასაც მერე კინოში აკეთებ..."

ნანა ჯორჯაძეს გადაღებული აქვს რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი როგორც საქართველოში, ასევე გერმანიასა და საფრანგეთში. მისმა პირველმა ფილმმა ("ატლანტი") ორი საერთაშორისო პრიზი მიიღო: საუკეთესო დებიუტისთვის და საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმისთვის. "მოგზაურობა სოპოტში" კი ობერჰაუზენის ფესტივალზე, 1987 წელს ერთბაშად ხუთი პრიზის მფლობელი გახდა; იმავე წელს სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" კანის მეორმოცე საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს კამერა" მიიღო... ნანა ჯორჯაძე ევროპისა და ამერიკის კინოაკადემიების წევრია. მას პერიოდულად უგზავნიან ფილმებს, რათა ხმა მისცეს სხვადასხვა ნომინაციებში მათ გასვლას. თუმცა, ამბობს, რომ მსაჯულის როლში ყოფნა არ სიამოვნებს. თვითონაც მშვენიერი მსახიობია და რამდენიმე საინტერესო როლი აქვს შექმნილი კინოში...
თბილისში ჩვეულებრივი დილა თენდება. კლუბის ეზო თანდათან ცარიელდება. ნანა ჯორჯაძე ისევ თბილად იღიმება, ყველას მადლობას უხდის და მორიგ გადაღებას ნიშნავს... გადაღების დროს გამორთული მობილურები ისევ წკრიალებენ... ახლა სახლებში წავლენ, ცოტას დაისვენებენ და მერე ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.

ელისო კაპანაძე