ადრინდელი ჩანაწერებიდან

ჭაბუა ამირეჯიბი

ამბროსი გიორგის ძე შევარდნაძე

რაოდენობა-ხარისხის თემაზე, ვინ იცის, რამდენი რამ თქმულა და დაწერილა. აი, კიდევ ერთი რამ: ქართველი ერის ისტორიამ ინება, რომ გურია საქართველოს სხვა მხარეებს შორის ყველაზე პოლიტიზებული ყოფილიყო. ყოველი გურული თავის მოწოდებად თვლიდა, პოლიტიკაში გარეულიყო. განსაკუთრებით ოქტომბრის რევოლუციამდე, მერე ჩვენი პირველი დემოკრატიის დროს და უფრო ნაკლებად - კომუნისტურ პერიოდში. დღესდღეობითაც რამდენადმე ასეა. ამ მოვლენის გამო თვით გურულებსაც საკმაოდ აქვთ ნაოხუნჯარი. ცხადია, ამდენი პოლიტიკოსის არსებობას, ანუ რაოდენობრივ ფაქტორს, ხარისხობრივი შედეგი უნდა მოჰყოლოდა და აკი მოჰყვა კიდეც - აზნაურ ამბროსი შევარდნაძის ოჯახში დაიბადა ბავშვი, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკოსთა ელიტაში მოხვედრა ეწერა.


ძმები - ედუარდი, აკაკი და ევგრაფი შევარდნაძეები

გამიგონია, გურიის ერთ-ერთ სოფელში გლეხკაცს სახლში ყაჩაღი შეეჭრა, გაძარცვა და თვალწინ ცოლიც გაუუპატიურა. ფირალმა დათიკო შევარდნაძემ - ბატონი ედუარდის პაპის ძმამ - ის ყაჩაღი შეურაცხყოფილ გლეხკაცს ხელებგაკოჭილი მიუყვანა, რევოლვერი გაუწოდა და უთხრა, ესროლე ამ ძაღლისშვილს, მკვლელობას ჩემს თავზე ავიღებო. გლეხკაცმა უპასუხა, კაცის მოკვლის ცოდვას ვერ დავიდებ, ღმერთმა მიუზღოსო. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ამბავი, დანამდვილებით არც ის ვიცი, მართლა ედუარდ შევარდნაძის პაპის ძმა იყო დათიკო შევარდნაძე თუ არა, მაგრამ ჩვენი თავკაცი რომ ყველა ფირალზე გულადია, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. ახალგაზრდობაში და მერეც, თავად მე ბევრი ისეთი რამ გადამხდენია, როცა მხოლოდ გამბედაობამ შემინარჩუნა სიცოცხლე, მაგრამ სიბერეში ვირწმუნე, რომ შემართება და გამბედაობა მხოლოდ ღვთით ბოძებული მადლი კი არა, მრავალი გათვლილი რისკის შედეგად გამომუშავებული თვისებაცაა. არ ვიცი, ბატონი ედუარდის ახალგაზრდულ წლებს მისთვის ამგვარი წვართვა მოუტანია თუ არა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ეს კაცი არის "უშიშო, ვითარცა უხორცო" და მნიშვნელობა არა აქვს, მისი ასეთი ღირსება გამომუშავებულია თუ ღვთით ბოძებული, მთავარია, რომ იგი მართლაც ასეთია.