ედუარდ შევარდნაძე, ქართული კოსმოსური ტექნოლოგიები და დიდი აბრეშუმის გზა

ელგუჯა მეძმარიაშვილი, კოსმოსური ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი,
დოქტორი, პროფესორი

პირველად ბატონ ედუარდ შევარდნაძეს 1979 წლის შემოდგომაზე შევხვდი. იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო "მშენებლობას" ეწვია, რომელიც თავისი შემადგენლობით ძალიან ახალგაზრდული იყო. მე ბიუროს უფროსი გახლდით და, ბუნებრივია, 70-იანი წლების ცენტრალური კომიტეტის ლეგენდარულ პირველ მდივანთან შეხვედრას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ველოდი.
შემოვიდა თუ არა ბიუროში, ბატონმა ედუარდმა ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის ჩვეული უნარით, არათუ განმუხტა დაძაბულობა, არამედ რამდენიმე წუთში იქ მყოფ ახალგაზრდა მეცნიერებსაც და სტუდენტებსაც თავი მეგობრად გვაგრძნობინა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. მასთან საუბარში ყველაზე ფანტასტიკურ პერსპექტივებსაც კი შევეხეთ. შეხვედრის შემდეგ, როდესაც სტუმრები ინსტიტუტის კედლებს ტოვებდნენ, მათ ჯგუფს ბატონი გურამ გაბუნია გამოეყო და თავისთან მიხმო. მივუახლოვდი თუ არა, მან იმედიანი სახით მომმართა: "პირველი მდივანი ძალიან კმაყოფილია შეხვედრით და, რაც მთავარია, აღნიშნა, რომ ეს ბიჭები არაორდინარულად აზროვნებენ და აუცილებლად უნდა დავეხმაროთო". ვისაც 70-იანი წლების საქართველო ახსოვს, იოლად მიხვდება, თუ რას ნიშნავდა ედუარდ შევარდნაძის ასეთი შეფასება და განწყობა. ჩვენთვის ეს დიდი სტიმული იყო, რათა ურთულეს ამოცანებსა და პრობლემებს შევჭიდებოდით, რომლებიც სულ მალე ასეთი აუცილებელი გახდებოდა.
მაშინ არავინ იცოდა, რომ ბედს ჩვენთვის უკვე მომზადებული ჰქონდა "კოსმოსური სცენარი", რომლის მიხედვით მთელი ცხოვრება სულ რამდენიმე თვეში დიდი და სხვაგვარი გზით დაიწყებოდა.
ამ დიდი გზის დასაწყისს, 19 წლის შემდეგ, ბატონი ედუარდ შევარდნაძე შემდეგი სიტყვებით მოიგონებს თავის ახალ წიგნში "დიდი აბრეშუმის გზა", რომელიც გასულ წელს გამოიცა:
"70-იანი წლების ბოლოს ტექნიკური მეცნიერების მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, როგორც ზეკოსმოსურ სახელმწიფოებში, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიკვეთა დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციების, განსაკუთრებით კი დიდგაბარიტიანი და ზუსტი რეფლექტორული ანტენების შექმნის პრობლემა. მისი სწრაფი გადაწყვეტის აუცილებლობა იმ დროს, პირველ რიგში, უკავშირდებოდა უახლესი ტექნოლოგიების სამხედრო კოსმოსური პროგრამების რეალიზაციას. ამასთან, კოსმოსური დარგის მესვეურებთან და ცალკეულ სპეციალისტთან საუბრებში ცხადად იკვეთებოდა ახალი თაობის ორბიტალური საკომუნიკაციო სისტემებისათვის დიდი ზომის კოსმოსური ანტენების შექმნის განსაკუთრებული აქტუალობა. აღნიშნული დარგის პერსპექტიულობა, თავისი მნიშვნელობით და პრესტიჟულობითაც, ეჭვს არ იწვევდა.
ზემოაღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისთვის ცნობილმა გენერალურმა კონსტრუქტორმა, აკადემიკოსმა ანატოლი სავინმა, პროფესორებმა იური დანილოვმა და მიხეილ ზაკსონმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს. აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის რეკომენდაციით, ისინი გაეცნენ მაშინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს ("მშენებლობა") პროექტებს გასაშლელი კონსტრუქციების დარგში. აღნიშნულ საკონსტრუქტორო ბიუროში მე სულ რამდენიმე თვის წინათ ვიყავი ნამყოფი. ვესაუბრე ახალგაზრდა მეცნიერებს, ბიუროს ხელმძღვანელებს - ელგუჯა მეძმარიაშვილს და მერაბ ადეიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა წამოწყებამ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვგრძნობდი, რომ მაინც სარისკო იყო გადაწყვეტილების მიღება კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების დარგის განვითარების შესახებ.


"მადლიერების გრძნობის გამოხატვა აუცილებელია და ყველა ადამიანს სჭირდება. თუ თავგანწირულია კაცი, თავგანწირვით შრომობს და იბრძვის, მას სჭირდება ტკბილი სიტყვა, სჭირდება რწმენა, რომ მას ხედავენ, აფასებენ და მომავალი თაობებიც დაუფასებენ. ეს ყველას სჭირდება, დიდი იქნება საქმე თუ პატარა, და ამ მხრივ ჩვენ ვალში არ უნდა დავრჩეთ ამ ადამიანების წინაშე".

ედუარდ შევარდნაძე
"საქართველოს რესპუბლიკა", N135, 1995

მიუხედავად ასეთი წინაპირობისა, მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება საქართველოში აღნიშნული დარგის განვითარების თაობაზე..."
პირადად მე, 19 წლის შემდეგაც დღევანდელი დღესავით მახსოვს, თუ როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს "ცეკაში" საგანგებო თათბირი დაინიშნა, რომელსაც ბიუროს და მთავრობის წევრები, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვადასხვა რანგის პარტიული ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდა ლენინური და სახელმწიფო პრემიების ოთხგზის ლაურეატი, საბჭოთა კავშირის გმირი, სამხედრო კოსმოსური ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი და გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი ანატოლი სავინი, რომელთან ერთადაც თათბირზე აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძეს და მე უნდა გვესაუბრა.
თათბირზე ყველამ იგრძნო, რომ ამ პრობლემასთან შეჭიდება არამარტო ძნელი და რთული იყო საქართველოსათვის, არამედ ძალიან სარისკო და სახიფათო რესპუბლიკის პირველი პირისთვის, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მთლიანად აწვებოდა პასუხისმგებლობის სიმძიმე, რადგანაც საკითხი სტრატეგიული სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის უმთავრესი ინსტრუმენტის შექმნას ეხებოდა და ამ დარგის განვითარებას საქართველოში.
მოხსენების შემდეგ აზრის გამოთქმა ვერავინ გაბედა. დარბაზში მოლოდინის დაძაბული სიჩუმე იდგა. ედუარდ შევარდნაძე დამსწრეთ შემოუბრუნდა და მხოლოდ შემდეგი სიტყვები განაცხადა:
"პროექტით და უპროექტოდ, ფულით და უფულოდ, კანონით და კანონის არარსებობის დროსაც, ეს საქმე უნდა გაკეთდეს. მომავალში საქართველოს იგი სასიკეთოდ გამოადგება."
სხდომა დამთავრდა. ყველა მისაღებში გამოვედით. მოლოცვები არ იყო. ჩემს ირგვლივ ის ადამიანები იდგნენ, რომლებიც მანამდე გაზეთის ფურცლებზე, ტელეეკრანებზე ან აღლუმების დროს მთავრობის ტრიბუნებზე მდგომნი თუ მენახა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მათ, მე, ასე ვთქვათ, "მთავარი დამნაშავე" მაინც ჩამიგდეს ხელში. იყო შეკითხვები და კომენტარები, რომლებიც მთავრდებოდა სიტყვებით: "ფანტაზიაა", "ჩვენ მაგის გამკეთებლები არ ვართ", "რატომ ვრისკავთ", "ჯერ ახალგაზრდები და გამოუცდელები ხართ"... და ასე შემდეგ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დამნაშავე მოწაფე ვიყავი და საკლასო ოთახის კუთხეში მოქცეულს მასწავლებლები მტუქსავდნენ. ბოლოს ბატონმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა მკითხა: - მაინც რისი იმედი გაქვთო? მან იქვე გაიხსენა, რომ საბჭოთა კავშირს ათეულობით მილიონი უკვე დახარჯული ჰქონდა ტაშკენტში ამ პრობლემის გადასაწყვეტად და შედეგს ვერ მიაღწია. მითუმეტეს, რომ მთავარი კონსტრუქტორი ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ვახიდოვი იყო და მთელ საქმეს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ამხანაგი რაშიდოვი უძღვებოდა. შევატყვე, დაცვიდან შეტევაზე უნდა გადავსულიყავი. კოსმოსურ მოღვაწეობაში პირველად მაშინ შევეცადე, დიპლომატიური ნაბიჯი გადამედგა. დასმულ კითხვაზე შემდეგი პასუხი გავეცი: ?ჩემი კონსტრუქციები, უკვე არსებული კონცეფციით, ვახიდოვის სისტემებზე გაცილებით უკეთესია, ხოლო თუ რომელიმეს ეჭვი გეპარებათ რაშიდოვთან შედარებით ედუარდ შევარდნაძის უპირატესობაში..." პასუხი არ მქონდა დამთავრებული, ვიგრძენი, რაუნდი მოვიგე. მცირე პაუზის შემდეგ ბატონმა დავით ჩხიკვიშვილმა იქ მყოფთა გასაგონად მითხრა: "შენც ჩემსავით ბათუმის პირველი სკოლა გაქვს დამთავრებული და აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო". მადლობა უფალს, რომ მომცა უნარი, არც სკოლა, არც საქართველო და არც მისი დღევანდელი პრეზიდენტი ამ საქმით არ შემერცხვინა. უფრო მეტიც, მომცა შანსი, ვყოფილიყავი იმ ქართული კონსტრუქციის ავტორი, რომელიც ისტორიაში პირველად მოსცილდა საქართველოს და კოსმოსში გავიდა, როგორც პირველი თანამგზავრი - სიმბოლო ქართველი კაცის ნიჭისა და გამარჯვებისა.
მაგრამ ამ გამარჯვებამდე, მაშინ ჯერ კიდევ ძნელი, 19 წლიანი გზა იყო გასავლელი.
80-იანი წლების ბოლომდე სამხედრო კოსმოსური ტექნიკის შექმნის ტრადიციების მიხედვით, უმკაცრესი გასაიდუმლოების პირობებში, დაძაბული შრომის, ინტელექტუალური, საინჟინრო, ტექნოლოგიური, საწარმოო, მატერიალური და ფინანსური რესურსების მაქსიმალური კონცენტრირებით, საქართველოში კოსმოსური კონსტრუქციების სასტენდო კომპლექსი აიგო.
უკანასკნელ წლებამდე საქართველოში მხოლოდ ამ პრობლემასთან დაკავშირებულმა პიროვნებებმა თუ იცოდნენ, და ისიც ნაწილობრივ, რომ თბილისში დამუშავებული კონსტრუქციები, რომლებიც საავიაციო ქარხანაში მზადდებოდა და გამოცდას საგურამოს სასტენდო კომპლექსში გადიოდა, სხვადასხვა მიზნებისათვის წარმატებით გამოიყენებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო და სპეციალურ კოსმოსურ პროგრამებში.
ასე იკაფავდა გზას დიდი კოსმოსისაკენ ქართული სამეცნიერო სკოლა, მაგრამ დაიშალა საბჭოთა კავშირი და მის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოში იყო ომი, ღალატი და ყაჩაღობა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აღარავის ახსოვდა აღარც კოსმოსი და აღარც კოსმოსური ტექნიკის შემქმნელი ქართველი მეცნიერები. მაგრამ თურმე ასე არ იყო...
1992 წელს საქართველოში დაბრუნებისთანავე, ედუარდ შევარდნაძემ დაუყოვნებლივ მოიკითხა ამბავი და მიუხედავად ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობისა, კოსმოსურმა ტექნოლოგიებმა აღდგენა იწყო. აი, რას წერს ამის შესახებ თვით ბატონი ედუარდ შევარდნაძე ზემოაღნიშნულ წიგნში "დიდი აბრეშუმის გზა":
"საბაზრო ეკონომიკის და საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში აღნიშნულ საქმეს ახალი სტრატეგია და ახალი იმპულსები სჭირდებოდა.
სწორედ ახალი სტრატეგიის შედეგი გახდა ის, რომ ინსტიტუტმა და მის მიერ დაფუძნებულმა საერთაშორისო კომპანია "საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა" წამოიწყო ერთობლივი სამუშაოების ციკლი საქვეყნოდ ცნობილ "დაიმლერ კრაისლერ აეროსპეისთან" ერთად..."
ქართული კოსმოსური ტექნოლოგიების განსაკუთრებული ადგილი მსოფლიოში ოფიციალური საექსპერტო ანგარიშით დაადასტურა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ და თვით მისმა გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ანტონიო როდოტამ შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში. მიუხედავად ასეთი მიღწევებისა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრებისას ვგრძნობდი, რომ ის უფრო მეტს მოითხოვდა, რაღაც სხვას უმიზნებდა. ამაზე მისი პიროვნული თვისებები მიმანიშნებდა - განსაკუთრებული მიზნისკენ დაუცხრომელი სწრაფვა და პროგნოზის უტყუარობა. მოლოდინი გამართლდა. პრობლემა, რომელიც მან ჩემს წინაშე დააყენა, თავისი არსით დავალებაზე მეტი - ბრძანება იყო, რომლის მიხედვით არც მეტი, არც ნაკლები უმოკლეს ვადებში საქართველოს თავისი ტექნოლოგიური შედევრი კოსმოსში უნდა გაეყვანა და წარმატებით გამოეცადა.
ამ ურთულესი, გიგანტი "კოსმოსური სახელმწიფოების" მიერ ჯერ კიდევ დაუპყრობელი მიჯნის მიღწევა საქართველოსთვის იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი "არაკოსმოსური" და რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა, მხოლოდ ასეთი რადიკალური ნაბიჯის შემდეგ იქნებოდა აღიარებული საერთაშორისო ბაზარზე.
დადგა დრო, როდესაც ყველას უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. რისკის წინაშე დადგა ჩემი, როგორც კოსმოსური ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორის კარიერა, რისკავდა ქართული სამეცნიერო სკოლა, რომელსაც წარუმატებლობას აღარავინ აპატიებდა. რისკავდა ქართველი ბიზნესმენი გრიგორი კინტერაია, რომელიც უჭოჭმანოდ დათანხმდა, დაეფინანსებინა სათუო ექსპერიმენტი, რისკავდა თბილისის საავიაციო ქარხანა, რომელსაც უნდა დაემზადებინა ნაკეთობა, რისკავდა სახელგანთქმული კოროლიოვის სახელობის რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია "ენერგია", რომელმაც მიუხედავად გასაგები დიდი ზეწოლისა, არჩევანი მაინც ქართულ რეფლექტორზე შეაჩერა და, რაც მთავარია, რისკავდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქვეყნო გამოცდის წინაშე დააყენა ამ მიმართულებით წლების განმავლობაში წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ თავისი საერთაშორისო ავტორიტეტით რისკავდა საქართველო.
როდესაც დადგა დრო კოსმოდრომ "ბაიკანურზე" სასტარტოდ მომზადებულ რაკეტა-მატარებელ M-42-ში ქართული ნაკეთობის ჩადებისა, მოსკოვმა საბოლოო დასტური მოითხოვა საქართველოდან. ბუნებრივია, ასეთ გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებს. შევხვდით პრეზიდენტს. მოკლე ინფორმაციით, მომავალი ექსპერიმენტის შესახებ, მაინც შევძელი მაქსიმალურად გამეცნო მისთვის მოსალოდნელი სირთულეები. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი იყო - "ესე იგი, ქართველები მივფრინავთ კოსმოსში", - განაცხადა მან.
აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა. ექსპერიმენტი დაიწყო.
მაგრამ ამის შესახებ შემდგომ...
ახლა კი ექსპერიმენტის წინა პერიოდს დავუბრუნდეთ. რატომ დააჩქარა საქართველოს პრეზიდენტმა ქართული კოსმოსური სისტემის დემონსტრირება კოსმოსში, ან შემდგომისთვის რა ჰქონდა ჩაფიქრებული"
ამ კითხვებზე ედუარდ შევარდნაძე თავად გვაძლევს პასუხს:
"დღეს საქართველოში ამ მიმართულებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა. რუსეთის სარაკეტო კოსმოსურ კორპორაცია "ენერგიასთან" ერთად საქართველომ ჩამოაყალიბა ერთობლივი კომპანია ENERGIA-GPI-SPACE. აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს უდიდეს კოსმოსურ ექსპერიმენტს ამზადებს, რომელიც ახალი პრაქტიკული ნაბიჯი იქნება კოსმოსურ ტელეკომუნიკაციათა განვითარებაში.
მთელი ეს ამბავი შემთხვევით არ გამიხსენებია. დღეს აბრეშუმის გზის აღორძინება მის თანამედროვე სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფას მოითხოვს.
ამ ურთულესი სისტემის შექმნა შეიძლება მხოლოდ ახალი თაობის კოსმოსური სატელეკომუნიკაციო სისტემით, რომლის საბაზო ინსტრუმენტია საქართველოში შექმნილი კოსმოსური გასაშლელი ანტენები"...
ეს სიტყვებიც ედუარდ შევარდნაძის ახალი წიგნიდან არის ამოწერილი - "დიდი აბრეშუმის გზა". წიგნი უკვე რამდენიმე ენაზე ითარგმნა და საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში გამოიცა. მე ამ წიგნის შეფასების პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ამ ნაშრომით ავტორმა, ფაქტობრივად, სრულყოფილად წარმოადგინა თავისი პოლიტიკური კრედო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ძირითადი მიზნები და არსი, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს:
- ტოტალური სამხედრო დაპირისპირების მოხსნა და მშვიდობა მსოფლიოში;
- დამოუკიდებელი საქართველო;
- საქართველოსათვის საერთაშორისო სახელმწიფოებრივი ფუნქციის განსაზღვრა და მინიჭება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე საქართველოს სასიკეთო მომავლის გარანტიებს მხოლოდ სამივე პრობლემის ურთიერთკავშირში და მთლიანობაში განიხილავს. ამასთან, საქართველოსათვის საერთაშორისო სახელმწიფოებრივ ფუნქციას იგი უკვე 1990 წელს განსაზღვრავს დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებით, რომელსაც ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, ისტორიულად ნაცადი და მტკიცე ტრადიციები გააჩნია.
დავუბრუნდეთ 1999 წლის ზაფხულს.
ღვთის წყალობით, 23-28 ივლისი არამარტო ქართული სამეცნიერო სკოლისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის განცდებით, სიძნელეებით, რწმენით, იმედით და გამარჯვებით იყო აღნიშნული.
ამ დღეებში საშუალება მქონდა, მენახა პრეზიდენტი - აღსავსე ადამიანური განცდებით და სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობით, სიამაყის გრძნობით თვალებზე ცრემლმომდგარი, გამარჯვებული, კეთილი საქმისა და ადამიანთა ღვაწლის დამფასებელი და იმედით სავსე საქართველოს მომავლის გამო.
XX საუკუნის ბოლოს ქართულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა სკოლამ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა კოსმოსურ ორბიტაზე. ჩვენი ქვეყანა XXI საუკუნეს კოსმოსშიც ეგებება თავისი პირველი თანამგზავრით, რომელიც სიმბოლოა ქართველი კაცის შრომის, ნიჭისა და გამარჯვებისა.