მსოფლიო ენდობა კაცს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

გიორგი ჭანტურია
საქართველოს ნავთობის
საერთაშორისო კორპორაციის
პრეზიდენტი

1000 წლის წინათ
კონსტანტინოპოლში საქართველოს ბედი წყდება - ბასილი კეისარი სარგებლობს დავით კურაპალატის გარდაცვალებით და ისაკუთრებს მის სამფლობელოს...

1999 წლის 19 ნოემბერი
სტამბულის სამიტის ამსახველი ფოტო: წამყვან სახელმწიფოთა პრეზიდენტები დგანან და ელიან, როდის დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტი თავისი ხელმოწერით გადაწყვეტილებას, რომელმაც მნიშვნელოვანწილად უნდა განაპირობოს მსოფლიოს შესვლა XXI საუკუნეში.
დაჰყურებ ამ ფოტოს და ფოტოგრაფიული სიზუსტით აღიდგენ მეხსიერებაში საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებიდან ამ დღემდე განვლილ გზას.

1992 წლის 17 აპრილი
სახელმწიფოს მეთაური კონფიდენციალურ ვითარებაში ქმნის მუშაჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც არიან ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე, ბატონი თედო ჯაფარიძე და ამ სტრიქონების ავტორი.
სახელმწიფოს მეთაურმა პირველად სწორედ ამ ჯგუფს გაანდო თავისი ჩანაფიქრი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების და ამ ჭრილში საქართველოს ახალი როლისა და ფუნქციის შესახებ და სამოქმედო გეგმა დაუსახა.
ალბათ ღირს იმის გახსენებაც, თუ რა დროს ხდება ეს ყველაფერი. ეს არის დრო, როცა საქართველოს ეს-ესაა დაუბრუნდა ედუარდ შევარდნაძე, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელმაც უყოყმანოდ მიატოვა დიდი საერთაშორისო ასპარეზი და ყველას გასაოცრად მოაშურა ხერხემალში გადატეხილ, გაპარტახებულ, შინააშლილობით მოცულ და სასოწარკვეთილ სამშობლოს. გაძარცული ქვეყანა, ბანდიტურ ფორმირებათა თარეში, სრული პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსი, საერთაშორისო იზოლაცია...
და თუ არა განსაკუთრებული მისიის შეგრძნებამ, რამ უნდა გაგაბედვინოს ასეთი მემკვიდრეობის პატრონს, რომ თანამოაზრეთა არცთუ მრავალრიცხოვანი გუნდის იმედად ფიქრი დაიწყო იმაზე, როგორ აქციო საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული ფუნქციის მქონე ქვეყნად.
მოგვიანებით, როცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართებით, საზოგადოებრივი აზრი საკმაოდ სკეპტიკურად განეწყო ამ იდეის მიმართ. თვით კეთილმოსურნეთაც კი დაუჯერებლად ეჩვენათ ეს ყოველივე, რადგან მხოლოდ ერთეულთა ხვედრია ოცნების ზღვარს მიღმა რეალობის დანახვა.
მას შემდეგ მოვლენები თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება.
ქვეყნის გარეთ: მეზობელ სახელმწიფოებთან მყარდება თვისებრივად ახალი ურთიერთობები, საქართველო იგებს საინფორმაციო ომს, მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა - ჯორჯ შულცი, ჰანს დიტრიხ გენშერი, ჯეიმს ბეიკერი, ჯონ შალიკაშვილი, არცთუ უსაფრთხო ვითარებაში სტუმრობენ საქართველოს და ამით არამარტო მეგობრულ მხარდაჭერასა და თანადგომას გამოხატავენ სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, არამედ ადასტურებენ მომავლის მისეული ხედვის უდიდეს პერსპექტივას, საქართველო ხდება გაეროს, ევროსაბჭოსა და მრავალი საერთაშორისო გაერთიანების წევრი, მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოები იწყებენ საუბარს მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მომავალი ათასწლეულის მსოფლიო მოწყობაში.
ქვეყნის შიგნით: მყარდება მშვიდობა, ქვეყანა იღებს ახალ კონსტიტუციას, მიმოქცევაში შემოდის ეროვნული ვალუტა, საქართველოს პარლამენტი ახდენს დასავლური პრინციპების შესაბამისი ძირითადი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, ხელისუფლებაში თამამი განაცხადით მოდის ახალი, ახლებურად მოაზროვნე თაობა, ტარდება სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმები.
და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ძველი და დრომოჭმული უბრძოლველად არ თმობს პოზიციებს, როცა აქტივიზებულია ჩვენი ხასიათის ის უარესი წახნაგი, რომელზეც არჩილ მეფე იტყოდა - "ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან: უჩემოდ ვინ იმღერეთა?"
როცა ღია აგრესიაზე გადმოდის მეხუთე კოლონა, როცა იგეგმება განხორციელებული და განუხორციელებელი ტერაქტების სერია მისტერიული ფინალებით - წამის მეათედით ადრე რომ აფეთქებულიყო... წამის მეათედით გვიან რომ ესროლათ... და გახსენდება მაჰათმა განდი, ჯონ კენედი, ულოფ პალმე...
მტერს ერთი სურს და გამოსდის მეორე - ეს ტერაქტები კიდევ ერთი, უნებლიე აღიარებაა საქართველოს პრეზიდენტის როლისა და მნიშვნელობისა კაცობრიობის წინაშე.
აქ კიდევ ერთი შტრიხი პრეზიდენტ შევარდნაძის პორტრეტისათვის - ერთ-ერთ ტერაქტს იგი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებით - "კულტურათა დიალოგით" პასუხობს.
ასე იწყებოდა!
და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, მთელი ეს ჩამონათვალი, რომლის თითოეული პუნქტიც საუკუნის მასშტაბის მოვლენაა, საქართველოს ისტორიის სულ რაღაც რვაწლიან მონაკვეთში განვითარდა.
ზემოჩამოთვლილ ქრონოლოგიაში თავს უფლება მივეცი, გამომეტოვებინა თარიღები და მოვლენები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, რამეთუ, როგორც ამ პროცესების უშუალო მონაწილე, შედარებით ვრცლად შევჩერებულიყავი მათზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1992 წლიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები კავკასიის დერეფნის იდეის რეალიზაციის საკითხებზე. ამას მოსდევს პირველი მცდელობა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან პარტნიორული ურთიერთობისა, საერთაშორისო კომპანიებთან და საფინანსო სტრუქტურებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებისა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ უცხოურ ნავთობკომპანიათათვის მიცემული პირველი გარანტიები და ყოველივე ამის მიღმა მხოლოდ რწმენა და ენთუზიაზმი და კიდევ სახელმწიფოს მეთაურის განუმეორებელი უნარი - პერსპექტივის საოცარი ხედვით და რკინის ლოგიკით შექმნას თავის ირგვლივ ისეთი ველი, რომელშიც ყოვლად დაუჯერებელი იდეაც კი მატერიალიზაციას ექვემდებარება.
საქართველოს დაკარგვის პერსპექტივით შეშფოთებული რეაქციული ძალები კი დაუფარავი აგრესიულობით გამოხატავენ უკმაყოფილებას. ანალიტიკოსთა უმეტესობა სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებულ ტერაქტს უკავშირებს ნავთობის ტრანზიტის დასავლეთის მიმართულებას.
სწორედ ასეთ დრამატულ ვითარებაში სასწორის ერთ პინაზე ძევს სახელმწიფოს მეთაურის სიტყვიერი გარანტია:
- "საქართველო მზად არის ასეთი მასშტაბის საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისთვის".
- მეორე მხარეს - ექვსასმილიონიანი ინვესტიცია, ან იქნებ, საქართველოს ყოფნა-არყოფნა...
რით შეიძლება გაიზომოს ედუარდ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტის ძალა, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მის სიტყვას?

1995 წლის 9 ოქტომბერი
ამ კითხვის პასუხად იქცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის წერილი, რომლითაც იგი თავის მეგობარს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ამცნობს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ბაქო-სუფსის "დასავლეთის მიმართულების" ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ.

1995 წლის 6 ნოემბერი
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დილასვე საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ ამ რანგში ხელმოწერილი პირველი დოკუმენტი გახლავთ ბრძანებულება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შექმნის თაობაზე, რომელშიაც იგი ხაზგასმით მიუთითებს:
"- ეს უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებული დასავლური ტიპის კომპანია, რომლის მიზანი, კასპიის რეგიონის ნავთობის ტრანსპორტირებასთან ერთად, უნდა იყოს დასავლეთის ნავთობკომპანიებისათვის ღირსეული პარტნიორობის გაწევა.
- ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველო შეძლებს ასეთი გიგანტური ინვესტიციების მქონე პროექტის განხორციელებას დასავლური პრინციპებით".
ასე დამოძღვრა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ენთუზიასტთა მცირერიცხოვანი გუნდი, რომელსაც, ფაქტობრივად, ნულიდან უწევდა მუშაობის დაწყება, რადგან საქართველოს იმ დროისათვის პრაქტიკულად არ გააჩნდა ასეთი მასშტაბის პროექტზე მუშაობის არანაირი გამოცდილება, არ გააჩნდა აგრეთვე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ...
იყო საქართველოს პრეზიდენტის ნება და თანადგომა, რომელსაც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია მთელი სისავსით გრძნობდა თავისი საქმიანობის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და, აქედან გამომდინარე, იყო ნათლად გააზრებული პასუხისმგებლობის შეგრძნება ქვეყნის, ხალხისა და პრეზიდენტის წინაშე.
და კვლავ დაძაბული ფიქრის, ძიებისა და შრომის წლები, პირველი ნაბიჯები და პირველი წარმატებები, რის ღირსეულ დაგვირგვინებადაც იქცა

1999 წლის 17 აპრილი
სუფსის სახმელეთო ტერმინალის საზეიმო ინაუგურაცია, რითაც დასაბამი მიეცა კასპიის ნავთობის ტრანზიტს დასავლეთის მიმართულებით.
საქართველოსთვის ეს ნიშნავდა მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის სერიოზულ გამოცდას, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ბრწყინვალედ გაართვა თავი, ნიშნავდა მის პირველ დიდ ნაბიჯს საერთაშორისო სტრატეგიული ფუნქციის მოპოვების გზაზე, ხოლო მსოფლიოსთვის კი საქართველოს სერიოზულ განაცხადს იმის შესახებ, რომ იგი მზადაა XXI საუკუნის გიგანტური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობისათვის.
"დასავლეთის მიმართულების" ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში მავანი (სრულიად გასაგებ მიზეზთა გამო) ხშირად შეეცადა, დაეკნინებინა ამ პროექტის მნიშვნელობა, მცდარი წარმოდგენა შეექმნა ჩვენს საქმიანობასა და, საერთოდ, ამ მოვლენაზე.
ჯერ იმას ამტკიცებდნენ, რომ კასპიის ზღვაში, თურმე, ნავთობი არ არის, მერე იმას, რომ მილსადენს საქართველოზე არავინ გამოატარებს, მერე იმას, რომ ამ პროექტით საქართველო აღიზიანებს გარკვეულ ძალებს და არ ღირს მისი განხორციელება, მერე იმას, რომ ეს პროექტი საქართველოსთვის კაბალურია, მერე იმას, რომ სუფსის ტერმინალმა შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და სასწრაფოდ უნდა დაიხუროს...
მაგრამ დღეს ამაზე ვეღარავინ კამათობს, რადგან გარდა იმისა, რაც უკვე განხორციელდა, გამოიკვეთა უფრო დიდი და მასშტაბური პერსპექტივები, რაც პირველ ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახული პოლიტიკური კურსითაა განპირობებული.
სწორედ ამ პოლიტიკური კურსის შედეგია ის, რომ გასულ წელს ჩვენი ქვეყანა დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა და დღეს თითოეულ ჩვენგანს სრული უფლება აქვს, ამაყად განაცხადოს - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

1999 წლის ნოემბერი
სწორედ ამ პოლიტიკური კურსის დაგვირგვინებად იქცა სტამბულის სამიტი, საეტაპო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, რომლის გადაწყვეტილებითაც დამდეგი საუკუნის ორი უმსხვილესი სტრატეგიული პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელებაში ჩვენი ქვეყანა ჩართულია, როგორც მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა სრულუფლებიანი და ღირსეული პარტნიორი, როგორც ქვეყანა, რომლისაც სჯერათ და რომელსაც ენდობიან.
წარმატებულ პოლიტიკას არ ესადაგება ცნებები "ადრე" და "გვიან". ერთადერთი სწორი ცნებაა "დროულად", ანუ გააჩნია ვინ იტყვის და როდის. როდესაც ეს იდეა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააყენა დღის წესრიგში, ამით მან თავის ქვეყანას სტრატეგიული ფუნქცია დაუბრუნა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გარანტიები შეუქმნა.

ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მსოფლიო ენდობა კაცს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო.

დაბოლოს, მინდა გავიხსენო სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უილიამ კლინტონის მილოცვიდან სუფსის ტერმინალის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით:

"ჩვენ ვერ მივაღწევდით დღევანდელ ისტორიულ მიჯნას, რომ არა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხებისა და მათი მთავრობების მოთმინება და ძალისხმევა, ასევე ამ პროექტში მონაწილე კომპანიების უნარი და პროფესიონალიზმი."


P.S. სუფსის ტერმინალის გახსნის დღეს უნებლიეთ ამეკვიატა აზრი, რომ აპრილის თვე საკრალურ კავშირშია საქართველოს პრეზიდენტთან...

1978 წლის 14 აპრილი
- საერთო სახალხო ზეიმად ქცეული დღე, როცა საქართველოს ხელმძღვანელმა პირადი თავგანწირვის ფასად დაიცვა ქართული ენა და თავისი ერის ნება, რითაც საქართველოს ურჩობით გაშმაგებული იმპერია აიძულა, უკან დაეხია.

1992 წლის 17 აპრილი
- პრეზიდენტი ქმნის მუშა ჯგუფს, რითაც დასაბამი ეძლევა ევრაზიის დერეფნის იდეის განხორციელებას.

1999 წლის 17 აპრილი
- ფუნქციონირებას იწყებს ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობსადენი, მსოფლიო მასშტაბის პირველი სტრატეგიული პროექტი საქართველოში.

2000 წლის 9 აპრილი
- საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში.

დიახ, აპრილი პრეზიდენტის თვეა.