18 ნოემბერი, 1999 წელი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი -

პროექტის ხელმოწერა

საქართველოს პრეზიდენტის
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა

დილემის წინაშე ვარ, რომელ ენაზე ვისაუბრო? (სიცილი დარბაზში)...
10 წლის წინათ ვინმეს მსგავსი პროექტი რომ წარმოედგინა, ალბათ იტყოდნენ - ეს ოცნებაა, არარეალურიაო. დღეს ჩვენ დიდი მოვლენის მოწმენი გავხდით. მოდით, კარგად დავიმახსოვროთ 18 ნოემბერი - დღეს ჩვენ წინასწარ გადავწყვიტეთ ევროპის ქარტიის ხელმოწერის საკითხი და დღესვე, სულ ახლახან, მოვაწერეთ ხელი ისტორიულ, განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტებს - საუკუნის პროექტებს, როგორც მას ჰეიდარ ალიევი უწოდებს.
ყველას გილოცავთ ამ დღეს. ჟურნალისტებს და ფოტოგრაფებს კი მოვუწოდებ, შეინახონ ეს ფოტოები. გავა დრო და ისინი მართლაც უნიკალურნი გახდებიან... და დიდი ფასიც დაედებათ (დარბაზში სიცილი, ტაში).
ჰეიდარ ალიევი - ჩემი მეგობარი, ჩემი ძმა, ძალიან კარგად, ხატოვნად საუბრობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მნიშვნელობაზე. რასაკვირველია, ყაზახეთის და მისი პრეზიდენტის ნებაა, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტის ორგანიზებაში. მე ვუერთდები მათ სიტყვებს და მინდა შეგახსენოთ - სანამ ჩვენ ხელს მოვაწერდით ამ შეთანხმებას, ნუ დავივიწყებთ, რომ მანამდე იყო ადრეული ნავთობის პროექტი, რომელიც უკვე აპრობირებულია, ფუნქციონირებს, მუშაობს და ახლა კასპიის ნავთობი მიედინება დასავლეთისკენ...
ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას - სანდო ქვეყნებია. მათ შორისაა ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა. ჩვენ შეიძლება გვენდოთ!
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ტრანსკავკასიური, ტრანსკასპიური მაგისტრალით გაზის ტრანსპორტირების პრინციპული საკითხის გადაწყვეტა. ესეც ისტორიული მოვლენაა თურქმენეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, თურქეთისთვის და სხვა მრავალი ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობის, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო სუფევდა მაშინაც კი, როცა პრეზიდენტებს განსხვავებული პოზიციები გვქონდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, არ ვთქვა ის, რომ როცა ჩვენ გაგვიძნელდა, ... და სიძნელეები არსებობდა, ჩვენს გვერდით ყოველთვის იყვნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ხშირად მათთან ერთად ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი. სამწუხაროდ, მე არ წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ნავთობი ან გაზი, ჩვენ მათ მხოლოდ გავატარებთ ან არ გავატარებთ ჩვენს ტერიტორიაზე... ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს აშშ-ის პრეზიდენტისთვის. მე ვიცი, იგი პირადად როგორ იყო დაინტერესებული ყველა სახის ურთიერთობით, არამარტო ეკონომიკური... ეკონომიკურად მომგებიანი მისი ქვეყნისთვის თუ კომპანიებისთვის. მას ძალიან კარგად ესმოდა ყველაზე მთავარი - ასეთი პროექტები, საუკუნის უდიდესი პროექტები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ე.ი. ჩვენი მომავლის საფუძველია.
პატივცემულო პრეზიდენტებო, ძვირფასო მეგობრებო, ძმებო! გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - შეინახეთ ფოტოსურათები!