კავშირგაბმულობის როლი რეგიონული თანამშრომლობისა და ახალი აბრეშუმის გზის მხარდასაჭერად

ლევან ბუჩუკური
მაგთიკომის მარკეტინგის და აბონენტთა
მომსახურების დეპარტამენტის უფროსი

1990 წლის სექტემბერში ვლადივოსტოკში ჩატარებულმა კონფერენციამ "აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები: დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა" საფუძველი დაუდო აბრეშუმის ახალი გზის აღორძინების საკითხს. ამ კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ წამოაყენა ევროპისა და აზიის კონტინენტების დაახლოების ათწლიანი პროგრამის შექმნის იდეა... მის ჩარჩოებში დაისვა ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინების საკითხი, რომელიც "ახალი აზროვნების" კონტექსტში განიხილებოდა. ვლადივოსტოკში დასმული საკითხის განხილვა 1993 წლის მაისში, ბრიუსელის შეხვედრაზე გაგრძელდა, სადაც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა კონფერენცია გაიმართა. სწორედ ამ კონფერენციაზე ჩაეყარა საფუძველი ტრასეკას (TRACECA Transport Corridor Europe Caucasus Asia - ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფანი) პროგრამას, რომელსაც ორგანიზაცია ტასისი (TACIS Technical Assistence to the Commonwealth of Independent States - ტექნიკური დახმარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისათვის) ახორციელებს. გადაწყდა, პროგრამა ევროკავშირს დაეფინანსებინა, მთავარ ინვესტორებად კი რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და მსოფლიო ბანკი გამოდიოდნენ.
ვლადივოსტოკის შეხვედრის შემდეგ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, რათა აბრეშუმის დიდი გზა, რომელიც ისტორიულად ქვეყნების დაკავშირების საშუალება იყო, დღესაც ეკონომიკურად მომგებიანი მარშრუტი გამხდარიყო, მით უმეტეს, "როდესაც ელექტრონიკა, ტრანსპორტი, პლანეტარული და კოსმოსური კავშირგაბმულობა, თანამედროვე ცივილიზაციის სხვა მიღწევები საიმედოდ კრავენ ერთიან სივრცედ ერთმანეთს თითქმის მოწყვეტილ სამყაროებს". 1998 წლის 7-8 სექტემბერს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მოწვევითა და ევროკავშირის პროგრამის TACIS-TRACECA-ს მხარდაჭერით ჩატარდა სამიტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტრასეკას განვითარებაში. კონფერენციას სახელწოდებით "ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა" 32 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და 13 საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა.
"როდესაც შენი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენა გსურს, და იცი, რომ ეს იმ ხალხზეა დამოკიდებული, რომლებიც შენს მაგიდასთან სხედან, მაშინ ხელოვანი უნდა იყო, რომ ისინი აიძულო, დაგიჯერონ და გენდონ გარკვეული დროის განმავლობაში. მთავარია, მათთან გულახდილი და სამართლიანი იყო. ეს ხალხი, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა შენს შეხედულებებს, უნდა დაარწმუნო შენს პატიოსნებასა და გულახდილობაში და აიძულო, გამოგყვნენ".

ედუარდ შევარდნაძე

"საქართველოს რესპუბლიკა", N152, 1997

შეხვედრის მთავარი მიღწევა გახდა 12 სახელმწიფოს ხელმძღვანელის ხელმოწერა პროექტზე "ევროპა-კავკასია-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ", რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ტრასეკას შემდგომი განვითარებისათვის.
TRACECA-ს ტექნიკური დახმარების 28 პროექტიდან და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 12 პროექტიდან რამდენიმე - რეგიონში კავშირგაბმულობის სისტემების განვითარებასა და რეაბილიტაციას უკავშირდება.
ოთხმოცდაათიანი წლების დასავლეთ ევროპაში ფართოდ გავრცელდა სარკინიგზო მაგისტრალების გასწვრივ ოპტიკური კაბელის გატარების პრაქტიკა, რისი აუცილებლობაც გამოწვეულია როგორც გადაზიდვების შესახებ ინფორმაციის დროული გადაცემის საჭიროებით, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. უკანასკნელ ხანებში კავკასიაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა სარკინიგზო მოძრაობის მკვეთრი ზრდა, რაც ძირითადად, შავ და კასპიის ზღვებს შორის ნავთობპროდუქტების გადაზიდვის აუცილებლობამ გამოიწვია, ხოლო ამ გადაზიდვების უსაფრთხოების გარანტიისთვის საჭირო გახდა კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის აღჭურვა კავშირგაბმულობისა და სასიგნალო უახლესი სისტემებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა თხოვნით მიმართეს ევროკავშირს სატრანსპორტო მაგისტრალის ოპტიკური კაბელით აღჭურვის პროექტის TACIS პროგრამა TRACECA-ს ფარგლებში დასაფინანსებლად. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით აღჭურვილი სასიგნალო სისტემები მაგისტრალის გასწვრივ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით 133 სადგურს დააკავშირებს. პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 15 000 000 ევროა გამოყოფილი. დაფინანსების თვალსაზრისით ეს საკმაოდ დიდი მოცულობის პროექტად ითვლება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სატრანსპორტო მაგისტრალის კომუნიკაციის საშუალებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. პროექტისთვის გამოყოფილი თანხები მოწყობილობის შესყიდვისა და მონტაჟისათვის დაიხარჯება. გათვალისწინებულია დამატებითი ხარჯები მოწყობილობის ტესტირებისთვის, ასევე რკინიგზის სისტემაში მომუშავე პერსონალის მოსამზადებლად.
პირველ ეტაპზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები მხოლოდ რკინიგზის მომსახურებისათვის იქნება განკუთვნილი, მაგრამ დღესვე შეიძლება იმის თქმა, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება მათი სრულმასშტაბიანი გამოყენება სხვა სატელეკომუნიკაციო მიზნებისათვის. ექსპერტების ვარაუდით, რკინიგზა ოპტიკური კაბელის შესაძლებლობათა მხოლოდ 20%-ს გამოიყენებს, ხოლო დანარჩენი 80% შესაძლებლობას იძლევა მისი გამოყენების ფიქსირებული სატელეფონო საუბრების, ტელე და სხვა მონაცემთა გადაცემისთვის. ამასთანავე, ასეთი კავშირი დამყარდება მსხვილი სამრეწველო ცენტრებიდან საკმაოდ დაშორებულ რეგიონებთან, რომლებთან კავშირიც დღეისათვის არ არსებობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით მოხდება ტელეკომუნიკაციის სექტორში არსებული მონოპოლიების რღვევა, რაც ზოგიერთ კავკასიურ ქვეყანაში შეინიშნება. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ უკვე წამოაყენა მოთხოვნა, რომ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა შემდგომ ეტაპზე ოპტიკური კაბელი ზოგადი საკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოიყენონ.
პროექტის ძირითადი პარამეტრებია:
24-ბოჭკოვანი კაბელის დამონტაჟება, საიდანაც 12 განკუთვნილი იქნება რკინიგზის მონაცემების გადასაცემად, ხოლო დანარჩენი 12 - შემდგომში შესაძლო სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის;
ციფრული გადაცემა ძირითად სადგურებს შორის SDH (Synchoronous Digital Hierarchy) ტექნოლოგიით, 155 Mbps სიჩქარით განხორციელდება, ხოლო მეორადი დანიშნულების სადგურებს შორის სიჩქარე, შესაძლოა, 2 Mbps იყოს;
არსებული სატელეფონო სადგურების შეცვლა თანამედროვე ციფრული სადგურებით;
ტელეფონისა და ფაქსის აპარატების დაახლოებით 70%-ის შეცვლა თანამედროვე მოდელებით;
სატელეკომუნიკაციო აპარატების მეორადი კვების წყაროების განახლება.

მეორე პროექტი, რომელიც ასევე საინფორმაციო სისტემებს ეხება და რომელიც TRACECA/BSEC (Black Sea Economic Cooperation) ფარგლებში განიხილეს თბილისში, 1997 წლის 8-9 აპრილს, პან-ევროპულ სატრანსპორტო დერეფანს ეხება, რომელიც უკრაინის პორტ ილიჩევსკსა და საქართველოს მხარეს - ფოთის პორტს დააკავშირებს. ამ პორტებს შორის თანამედროვე სტანდარტების დონეზე, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, აუცილებელი გახდა კომპიუტერული და საკომუნიკაციო სისტემებისა და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟება. განისაზღვრა პროექტის ბიუჯეტი, რომელმაც დაახლოებით 1 500 000 ევრო შეადგინა.
1998 წელს სოფიის შეხვედრაზე გადაწყდა Black Sea Submarine Fiber Optical Cable System (BSFOCS) პროექტის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გადაწყდა ოდესის, ვარნისა და ნოვოროსიისკის პორტების წყვილი ოპტიკური კაბელით დაკავშირება SDH ტექნოლოგიით გადაცემის საფუძველზე.
პროექტის დამთავრება განსაზღვრულია 2000 წლის მეორე ნახევარში. 1300 კილომეტრი სიგრძის ზღვისქვეშა კაბელის გავლით შესაძლებელი გახდება მონაცემთა გადაცემა 2,5 Mbps სიჩქარით (შემდგომში ეს სიჩქარე გაიზრდება 10 Mbps-მდე), 30 000 ციფრული სატელეფონო არხის ერთდროული მომსახურება, 64 Mbps სიჩქარით მონაცემთა გადაცემა. შემდგომ ეტაპზე მოსალოდნელია BSFOCS-ის პროექტის განხორციელებაში ჩაებან ისეთი ცნობილი კონსორციუმები, როგორიცაა Alcatel და AT&T. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 55 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. 1999 წლიდან პროექტში მონაწილეობას იღებს Tyco Submarine System Ltd, რომლის თანამედროვე WDM ტექნოლოგია BSFOCS-ის განხორციელებისას იქნება გამოყენებული.
პროექტი მეტად საინტერესოა საქართველოსათვის, რამდენადაც უკვე ამ ეტაპზე დაგეგმილია პროექტის საქართველოსაკენ გაფართოება, რაც თანამედროვე ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ხოლო პროექტის მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს ცენტრალური და აღმოსავლეთი აზიისკენ ინფორმაციის გადაცემა საქართველოს გავლით განახორციელონ.
"ყოველდღიურად იზრდება ტელეკომუნიკაციის როლი მსოფლიოში და განსაკუთრებით ძლიერი ბერკეტი ხდება რეგიონული ეკონომიკის განმტკიცებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, უზრუნველვყოთ BSFOCS პროექტი ბოჭკოვანი კაბელით, რის შედეგადაც ეს მაგისტრალი გლობალური საკომუნიკაციო ქსელის ნაწილი გახდება", - განაცხადა Tyco Submarine System Ltd-ს ევროპის რეგიონის დირექტორმა.
BSEC ქვეყნებში მკვეთრად იზრდება რეგიონული სატელეკომუნიკაციო სისტემების განვითარებით დაინტერესება. მაგალითად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბიულეტენში, რომელიც ქვეყნის ბისეკის სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ეხება, საგანგებოდ არის აღნიშნული შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ერთიანი სატელეფონო, საკომუნიკაციო, მონაცემთა გადაცემის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების აუცილებლობა.
უცხოეთის მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული, მონაწილეობა მიიღოს ტრასეკას პროექტებში. ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ პროექტში აზიური ბანკების მეშვეობით აქტიურად ჩაერთო იაპონიის მთავრობა, რომელმაც აბრეშუმის გზის აღორძინების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა.
პროექტში მონაწილეობს მრავალი კომერციული ბანკი. ერთ-ერთი მათგანი Societe Generale, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბანკების ათეულში შედის, დაინტერესებულია ტრასეკას რამდენიმე პროგრამის დაფინანსებით, რომლებიც ძირითადად ენერგეტიკის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ტელეკომუნიკაციის განვითარებას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ აბრეშუმის დიდი გზის მთავარი მიზანი ტრანს-აზია-ევროპული სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებაა, ამ პროექტის განხორციელების საქმეში ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი იმ ქვეყნების კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რომელზეც ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაივლის.