Georgia ON my mind

ერთხელ, მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებაზე, შესვენების დროს, ჯორჯ შულცმა მოულოდნელად ჰკითხა შევარდნაძეს: "გიჭირთ საქართველოს გარეშე?" და ასევე მოულოდნელად დაამღერა ამერიკული "Georgia on my mind" - "ჯორჯია ჩემს გულშია".

ბირთვული განიარაღების ფრონტზე შევარდნაძის პირველი დიდი გამარჯვების - საბჭოთა კავშირ-ამერიკის საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვეებერთელა ფრანკლინ-ჰოლში, მოულოდნელად კახური "მრავალჟამიერი" დააგუგუნეს. სუნთქვა შემეკრა. ვიგრძენი ვიღაცის მზერა; მზერა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. საპატიო სტუმართა სუფრიდან შევარდნაძე მიყურებდა. იელის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ასრულებდა ჩვენი მიწა-წყლის საგალობელს, ჩვენ კი ერთმანეთს ვუყურებდით და თვალებით გადავცემდით მხოლოდ ჩვენ ორისთვის გასაგებ განცდას - იდუმალ ნიშანს იმ ქვეყნის სიახლოვისა, რომელიც მუდამ იყო ჩვენს გულებში.

თეიმურაზ სტეპანოვი-მამალაძე

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამშობლოში დავბრუნდი მთელი ჩემი განვლილი გზით, დამსახურებებითა და შეცდომებით, მთელი ჩემი ტვირთითა და პოლიტიკური კაპიტალით. ყველაფერი, რაც გამაჩნია, რასაც შევქმნი და რასაც დავწერ, საქართველოს კუთვნილებაა. დავბრუნდი იმისათვის, რომ აღარასოდეს დავტოვო ჩემი ქვეყანა, მოვახმარო მას დარჩენილი ძალები, ცოდნა, გამოცდილება, სახელი და აღიარება ჩემი, თუკი ასეთი ფენომენი არსებობს მსოფლიოში".

ედუარდ შევარდნაძე

"ჩემი არჩევანი დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად".
თბილისი, "განათლება", 1992

ბერლინის კედელი ამ ღიმილმა დაანგრია



1967 წელი. თბილისში საზეიმოდ გაიხსნა სასტუმრო "ივერია". ლადო მესხიშვილი და მე (როგორც ლადოს მეუღლე) სამთავრობო სუფრაზე მიგვიწვიეს - ეს პირველად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, გვეცინება და გვიკვირს (ცხადია, მიწვევის მიზეზი ლადოს არქიტექტორობაა). უზარმაზარ მაგიდასთან ე.წ. ნომენკლატურის წარმომადგენლები სხედან, ერთნაირ მუქ კოსტიუმებში გამოწყობილები, ერთნაირი უფერული ჰალსტუხებით, ერთგვარი გაზომილ-აწონილი გამომეტყველებით, დარბაისლურ ღიმილშიც კი საკუთარი "ღირსების" შეგრძნება რომ ჭარბობს. გულწრფელად მაინტერესებს ეს კასტა - სულ ახლახან დავბრუნდი კინოექსპედიციიდან და იმ "ბოჰემური" ცხოვრების ფონზე აქ ყველაფერი უცხოა და უჩვეულო.
ჩვენ პირდაპირ ახალგაზრდა კაცი იჯდა. სულ არ ჰგავდა სხვებს - უკან გადავარცხნილი ღია ქერა თმა ჰქონდა, ნათელი ცისფერი თუ ნაცრისფერი თვალები, გამჭრიახ მზერაში ჩაგუბებული ტემპერამენტი. განსაკუთრებით მისი ოცდათორმეტკბილიანი ღიმილი მომხვდა თვალში. ასე ლაღად ამერიკელი მსახიობები და პრეზიდენტები იღიმებიან! სუფრა მონოტონურად, პარტიული შტამპებით მიმდინარეობდა: კომუნისტური პარტიის სადღეგრძელო, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვ. მჟავანაძის სადღეგრძელო... მოწყენილობის გასაქარწყლებლად თამაში მოვიგონეთ: ვცდილობდით, ამოგვეცნო ქერა კაცის ვინაობა: ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ თანამდებობის პირი არ იყო, სხვადასხვა "არტისტულ" პროფესიას ვასახელებდით...

ჩემმა მეზობელმა - შავკოსტიუმიანმა ფუნქციონერმა ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს და შიშნარევი ხმით ჩამჩურჩულა, ედუარდ შევარდნაძეაო! თავიდან არ დავიჯერე: შევარდნაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ირგვლივ ყველას შიშის ზარს რომ სცემდა! ვიღაცამ ასევე ჩურჩულით დაადასტურა, ნამდვილად შევარდნაძეაო. უცებ ამ აზრმა საშინლად გამამხიარულა - თქვენ ის შევარდნაძე ხართ? ის შევარდნაძე?! - ვუთხარი და სიცილი ამიტყდა. - მე თქვენ ერთი შავი, ჯმუხი, მუდამ შუბლშეჭმუხნილი კაცი მეგონეთ, - ვუთხარი მე. - გარშემო მსხდომნი, ცოტა არ იყოს, შეცბნენ. სიტუაცია თვითონ შევარდნაძემ განმუხტა - გულიანად გადაიხარხარა. მერე კარგა ხანს ყველა ერთად - აშკარად და დაუფარავად ვიცინოდით.
იმ დღის მერე, შევარდნაძის ყველანაირი აღზევებისა თუ განსაცდელის მიუხედავად, ამ კაცს უბრალოდ ნორმალურ ადამიანად აღვიქვამ. ღიმილი თუ სიცილი ხომ ადამიანის ყველაზე ადამიანური თვისებაა, სწორედ მას ხელეწიფება ყველაზე მეტად დაძაბულობისა და მტრობის დამარცხება. და რა ბევრის მთქმელია, თუნდაც, უცხოელი პოლიტოლოგების მიერ აღიარებული ჭეშმარიტება, რომ ბერლინის კედელი სწორედ ამ ღიმილმა დაანგრია!

ლანა ღოღობერიძე
"მომწონს, როცა ადამიანი თავის საქმეს ღიმილით აკეთებს და იცის გონებამახვილური სიტყვის ფასი. ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ და ერთმანეთის გონებისა და გულისკენ სავალ გზებს ვეძებთ."

ედუარდ შევარდნაძე

"საქართველოს რესპუბლიკა", N65, 1994

ეთიკურობის აურა

რადიოინტერვიუ ბატონ გელა ჩარკვიანთან -
პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო
ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან.
ინტერვიუს უძღვება ქალბატონი
ლია ძიძიგური

- ბატონო გელა, თქვენ პრეზიდენტის გუნდის წევრი ბრძანდებით... როგორ მოხვდით ამ გუნდში?
- ადრე, ერთი-ორჯერ შევხვედრივარ ბატონ ედუარდს, მაგრამ 1992 წელს, მარტში იგი საქართველოში ჩამოვიდა და მახსოვს, 25 აპრილს დამირეკეს - ხვალ თუ მობრძანდებით ბატონ ედუარდთანო. დაახლოებით მივხვდი, რაშიც იყო საქმე - ტყუილად არ გამომიძახებდნენ და მივედი. "იმელის" შენობაში ხდებოდა ეს ყველაფერი. ბატონმა ედუარდმა მკითხა - გნებავთ თუ არა, იმუშაოთ ამ გუნდში და გაუძღვებით თუ არა საგარეო ურთიერთობებს ამ აპარატშიო? არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი... შეიძლება ვინმემ თქვას, რასაკვირველია, დათანხმდებოდი, თანამდებობა შემოგთავაზესო... მინდა იცოდეთ, რომ მაშინ ეს "თანამდებობა" არ იყო, პრაქტიკულად არც სახელმწიფო არსებობდა, არც აპარატი, არაფერი... მდგომარეობა ყოველმხრივ საშიში იყო... იქ, "იმელის" შენობაში ვინ დადიოდა, როგორ დადიოდა, ავტომატებით, თუ გნებავთ... ვინ რა მდგომარეობაში იყო, ვის რა ჰქონდა დალეული და ვის რა ჰქონდა მოწეული, ამის აღწერა შეუძლებელია. ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი...
- ქაოსი...
- ქაოსი, დიახ. ამას თანამდებობა არ ერქვა. მართალია, ხელფასს გინიშნავდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა გემუშავა და მეტი არაფერი...
- გასაგებია, სახარბიელო არაფერი იყო, გარდა ერთისა...
- გარდა ერთისა, რომ შენ იყავი მონაწილე ახალი საქართველოს მშენებლობისა. ეს ვეებერთელა რამ არის და ეს მე ვიცოდი. ჩემი თანხმობა სწორედ ამით იყო განპირობებული. სახელმწიფოებრიობა იმ დროისათვის, პრაქტიკულად, დაკარგული გვქონდა... მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შევარდნაძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას დაადგებოდა.
- რატომ არ გეპარებოდათ ეჭვი?
- რაშია საქმე, იცით? მე არაერთი ლიტერატურული, მემუარული ნაწარმოები წამიკითხავს შევარდნაძის შესახებ და მიმაჩნია, რომ დიდი სიზუსტით არავის არ დაუწერია და არ აღუწერია იგი...
- ეს, ალბათ, მომავლის საქმეა...
- ალბათ, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადი იყო... გაიხსენეთ, როგორ მოვიდა შევარდნაძე... შევარდნაძე მოვიდა... მოდიოდა და მას მოჰყვებოდა ეთიკურობის აურა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. შევარდნაძის მთელი მოღვაწეობა ყოველთვის ზნეობრივ პრინციპებზე იყო აგებული: გაიხსენეთ, მის დროს არ იყო იდეოლოგიური წნეხი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან მოხსნა იდეოლოგიური ბარიერი ხელოვნებაში, კულტურაში, ფილოსოფიაში... ამიტომ მე აბსოლუტურად არ შემპარვია ეჭვი, რომ შევარდნაძე დემოკრატიულ სახელმწიფოს ააგებს... გავიხსენოთ 80-იანი წლები, ვინ იყვნენ მისი მეგობრები ამ დროს? ბეიკერი, შულცი, გენშერი... ისინი დემოკრატიულ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ და როგორ შეიძლებოდა, რომ შევარდნაძე იქიდან წამოსულიყო და აქ აეგო ბანანის რესპუბლიკა თავისი დიქტატურით? ეს შეუძლებელი იყო. თუმცა, ხალხს ზოგჯერ ჰქონდა ასეთი მოთხოვნილება - ამბობდნენ - რატომ არ დაარტყამს მაგიდას ხელს...
- ასეთიც გვახსოვს...
- სწორედ ეს არის! იგი მაშინაც კორუფციას ებრძოდა! მაშინ შეუძლებელი იყო ეკონომიკური რეფორმების გატარება უშველებელი ქვეყნის მხოლოდ ერთ მცირე ნაწილში, მაგრამ გახსოვთ მისი ექსპერიმენტები ფოთში, აბაშაში, რა იყო ეს? ეს იყო საბაზრო ეკონომიკის სტიმულის დანერგვა... აქ მინდა მისი ერთი თვისება გავიხსენო: შევარდნაძე მიზანმიმართული კაცია. იდეოლოგიური წნეხის მოხსნა, ექსპერიმენტები, ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას დღევანდელი დღისთვის? ვეებერთელა! ვინ არის ის ხალხი, თუნდაც მე, ვისაც, დავარქვათ ასე, დასავლური ან დემოკრატიული მენტალიტეტი გვაქვს? ეს მენტალიტეტი ლიბერალიზაციის შედეგია, რომელსაც იგი საქართველოში აწარმოებდა როგორც ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე - რატომ მწამდა, რომ შევარდნაძე დემოკრატიულ სახელმწიფოს ააგებს. მას არ შეეძლო სხვა გზით წასვლა, თუმცა, ზოგიერთები მოითხოვდნენ: - ნუთუ არ შეიძლება უფრო მკაცრად? ალბათ შეიძლებოდა. პრინციპში, მაშინ ცომივით იყო ყველაფერი, სახელმწიფოებრიობა არ იყო, შეგეძლო ყველაფერი გადაგეზილა და სხვა ტიპის სახელმწიფო შეგექმნა, როგორიც, სხვათა შორის, არაერთმა შექმნა კიდეც ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე.
"მე არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ თუ კაცი პოლიტიკოსია, მას უნდა ჰქონდეს რკინის ნერვები და რკინის გული. ასეთი პოლიტიკოსისგან არაფერი გამოვა, ადამიანს გული უნდა ჰქონდეს".

ედუარდ შევარდნაძე

"იბერია-სპექტრი", N39, 1992

- ეს იოლი გზა იქნებოდა ალბათ...
- გაცილებით იოლი, იმ თვალსაზრისით, რომ მოხდებოდა მისი ძალაუფლების კონსოლიდაცია არჩევნების კი არა, შიშის საშუალებით.
- ბატონო გელა, ბატონი ედუარდი ჩვენი ქვეყნის ლიდერი იყო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზეც და დღესაც, როდესაც იგი ქვეყნის პრეზიდენტია. - წარმოდგენილი გყავთ იგი არალიდერის როლში?
- არა, იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში ცოტაა, შეიძლება არც არის, როცა ადამიანი ამდენ ხანსაა ქვეყნის ლიდერი და შემდეგ მოდის და იგებს არჩევნებს. ერთხელ, მეორედ...
- და მესამედ...
- მე იმედი მაქვს მესამედაც, რასაკვირველია...
- კეთილი. ჩვენ ხშირად ვხდებით მოწმე იმ სიტუაციისა (ტელევიზიით ვნახულობთ კადრებს), როდესაც პრეზიდენტი თავის ირგვლივ საოცრად უშუალო, უბრალო, გულწრფელ ატმოსფეროს ქმნის სხვა ქვეყნის ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. რითი იზიდავს იგი ადამიანებს?
- ამას მრავალი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, იგი პატრიარქია პოლიტიკაში - გამოცდილებითაც, ასაკითაც, სახელითაც... როგორც ადამიანს, მას პროგნოზირების შესანიშნავი უნარი აქვს. იგი უშიშარია ფიზიკური თვალსაზრისითაც. მას არ ეშინია ტერაქტების... გასაგებია, ყველა ადამიანისთვის ეს საშინელი გამოცდაა. ერთ-ერთი ტერაქტის შემდეგ მითხრა: აფეთქების ხმა საშინელი, საზარელი ხმაა, რომელიც ყურში ახლაც მესმისო. ბუნებრივია, ადამიანი ადამიანია და წარმოუდგენელიცაა, რომ არ ჰქონდეს ეს შეგრძნება, მაგრამ იგი უშიშარი ადამიანია.
- არ ვიცი, ზუსტად გადმოვცემ თუ არა იმ აზრს, რომელიც მის წიგნში "ჩემ არჩევანში" ამოვიკითხე, იგი თავის, როგორც პოლიტიკოსის ნაკლად თვლის იმას, რომ ხანგრძლივად ფიქრობს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ჩქარობს აზრის გამოთქმას.
- იგი დიდხანს ფიქრობს იმიტომ, რომ უნდა მიიღოს სწორი და საუკეთესო გადაწყვეტილება. თანაც, გააჩნია, როდის. არის შემთხვევები, როდესაც იგი იქვე იღებს გადაწყვეტილებას იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ფაქტორია ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში - ეს ხომ განტოლებაა?! განტოლების ამოხსნას ფიქრი სჭირდება. მეორეს მხრივ, მას ძალიან სწრაფი ინტელექტი აქვს, წამიერად ერკვევა იმაში, რასაც ეუბნებიან, უფრო მეტიც, წინასწარ იცის, რას ეუბნებიან. ესეც მნიშვნელოვანია.
- ბატონო გელა, საყოველთაოდაა აღიარებული ბატონი ედუარდის იუმორი, მოულოდნელი, სხარტი, მისი უნარი დაძაბულობის ერთი ხელის მოსმით განმუხტვისა, მე მინდა გკითხოთ, თქვენ, მის ირგვლივ მყოფთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ იგი არის ლმობიერი, ყურადღებიანი, კეთილი... და საერთოდ, შეიძლება, რომ დიდ პოლიტიკოსს ესეც მოვთხოვოთ?
- ჩემი თვალთახედვით, რბილია იმ სიტუაციებში, სადაც შეიძლება, რბილი იყოს. იგი მკაცრიც არის და შეუძლია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც ვერ უწოდებ რბილს... ყურადღებიანი ნამდვილად არის, მას აქვს ინდივიდუალური ურთიერთობა ყველა ადამიანთან და ეს უკვე ყურადღებიანობაა. თუ ცოტა მოგაკლოთ სითბო, მერე აუცილებლად აკეთებს ამის კომპენსაციას - ესე იგი, არ არის გულგრილი. მკაცრია. მკაცრია თავის თავის მიმართაც. როცა ადამიანი დღეში 17-18 საათს მუშაობს, ბუნებრივია, რომ შენს მიმართაც მკაცრი იყოს. საერთოდ, მისი შრომისმოყვარეობა ლეგენდად იქცა. ჰოდა, როდესაც ხედავ, რომ პრეზიდენტი შრომობს, შენც ცდილობ, არ დაზოგო თავი. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა შეიძლება მთელი ღამე ვერ დაიძინო და არა ერთი ღამეც. ახლა გამახსენდა... აფხაზეთში ომია, შევარდნაძე იქ არის... წარმოიდგინეთ სიტუაცია - ეკონომიკის სრული კოლაფსი, სახელმწიფო არ არსებობს... ამ დროს ჩნდება უცხოელი ჟურნალისტების გაცხოველებული ინტერესი - ყოველ წუთს ვიღაც ჩამოდის - ასეა ხოლმე, როცა იგრძნობენ, სადღაც რაღაც დრამატული, სკანდალური ხდება... სოხუმი დაეცა... წინა დღეს დავურეკე ბატონ ედუარდს. ჩამოსული იყო ძალიან ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, სოხუმში აღარ ჩავიდა, სარისკო იყო, მაგრამ ძალიან გვთხოვა და ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო მაშინ აპარატის უფროსი - მისი კაბინეტიდან დავრეკეთ. მახსოვს, ერთადერთხელ გავიგონე მისი სრულიად უიმედო ხმა: - გელა, რა არისო. მე ვუთხარი - კაცია ჩამოსული, მე მესმის, ახლა არ უნდა გთხოვდეთ ამას-მეთქი, მაგრამ... - რა უნდაო... თქვენ წარმოიდგინეთ, უპასუხა ყველა შეკითხვას... ხმა ჩამრჩა გონებაში, საკმაოდ უიმედო ხმა ჰქონდა და თუ გახსოვთ, მაშინ გააკეთა ის მიმართვა, რომელმაც ასე გაიჟღერა მთელ მსოფლიოში.
- კი გაიჟღერა, მაგრამ მხოლოდ გაიჟღერა!
- მართალია, მაგრამ რაც გაიჟღერებს ხოლმე, ის არ იკარგება! ჰოდა, აი, რაზეც გელაპარაკეთ, ყველაფერი ეს ერთად ქმნის ადამიანს. ფეხბურთში იტყვიან ხოლმე: ამას მაგარი დარტყმა აქვს, ეს ფეხბურთელი სწრაფად დარბისო, ეს მოედანს ხედავს კარგადო... ყველაფერი ეს ერთად პელეს ჰქონდა, იმიტომ იყო ვარსკვლავი... ასეა ედუარდ შევარდნაძეც - ბევრი თვისება აქვს ერთდროულად, ეს იშვიათია და ძალზე დიდი ძალაა, წარმატება აქედან მოდის. ბევრ პოლიტიკოსსა აქვს მისი ცალკეული თვისებები, მაგრამ ერთად ამ თვისებების კონცენტრაცია, ვიმეორებ, იშვიათია! თუ ჰქონდა კიდეც ვინმეს ასეთი თვისებები ერთად თავმოყრილი, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ისტორიაში დარჩნენ, როგორც დიდი პოლიტიკოსები და ლიდერები.

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

პიროვნული მეტამორფოზა

1972 წლის 29 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს.
ამ დღეს მან შეიარა თავის ახალ კაბინეტში და იქიდან მარჯანიშვილის თეატრს მიაშურა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი გადაწყვეტილება. ეს იყო პოლიტიკური ჟესტი.
ამას წინათ შევარდნაძის დღევანდელ მოწინააღმდეგეებთან საუბრისას ასეთი აზრი გამოვთქვი: რასაც ჩვენ ვფიქრობთ ან ვაკეთებთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის გარეშე არ ხდება.
შევარდნაძის პიროვნული გარდაქმნა, მეტამორფოზა, მთელი მისი ბიოგრაფია - მასწავლებლის ოჯახი (ამ ფაქტორს ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ), სადაც ჩამოყალიბდა მისი დამოკიდებულება ქართული ენისადმი, ადამიანის პიროვნული ზრდისათვის აუცილებელი საფეხურები, თანამიმდევრულად რომ გაიარა, სხვადასხვა რანგის თანამდებობები, ლიდერის ხასიათს რომ უმტკიცებდა ისედაც ნიჭიერ კაცს, - ეს ყველაფერი იყო მზადება იმისათვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ღვთის მიერ ნაბოძები გზა. ისიც კი, რომ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და არა შინაგან საქმეთა ან ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელად, ძალზე მნიშვნელოვანია ამ ლოგიკით, რადგან არც ერთი სამინისტრო არ მისცემდა ედუარდ შევარდნაძეს იმ კონტაქტების საშუალებას, რაც მისცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რაც აგრე რიგად წაადგა დღეს ჩვენს ქვეყანას!
ასე მგონია, მისი პიროვნული მეტამორფოზა მადლია, რომელიც მას კულტურის, ხელოვნების შეცნობის გზით მიეგო. მით უმეტეს, რომ თვითონ მშვენივრად ფლობს კალამს და ხელოვნების მიმართ მას მხოლოდ მაყურებლის ან გულშემატკივრის დამოკიდებულება არა აქვს.

ელდარ შენგელაია

"გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი..."

1984 წელი იყო, თუ არ ვცდები. გაზაფხულის ბოლო. მამა უკვე ძალიან ცუდად იყო, მაგრამ თავს არ ზოგავდა, კვლავინდებურად დადიოდა მწერალთა კავშირში და საღამოობით გვიან ბრუნდებოდა.
ერთ საღამოს, ძალიან რომ დააგვიანდა, დედამ მწერალთა კავშირში დამარეკინა. - ნუ გეშინიათ, ქეთინო, კარგად იყო, ახლა ცეკაშია ბატონ ედუარდთან და იმიტომ აგვიანებს, - დამამშვიდა მამას მდივანმა მაიკომ.

იმ საღამოს მამა გვიან დაბრუნდა. ცნობისმოყვარეობა გვკლავდა, მაგრამ ვერაფერს ვეკითხებოდით, რადგან რაც მოსაყოლი იყო ხოლმე, თვითონ გვიყვებოდა. ისე ივახშმა, ჩვენთვის ხმა არ გაუცია, ბოლოს დაგვინდო, სადღაც შორს, ოცნებაში მომზირალი სევდიანი თვალები მოგვაპყრო და სინანულით გვითხრა:
- მე ვერ მოგიყვებით, რაზე მელაპარაკა ედუარდი. ის, რასაც ედუარდი აპირებს, დღეს წარმოუდგენელია, მე ვერ მოვესწრები იმის განხორციელებას. და თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ედუარდი ფიქრობს, გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი, საქართველო და მისი სახელი კოსმიურ სიმაღლეებზე გაიჟღერებს.
მამა შემოდგომაზე გარდაიცვალა.
ექვსიოდე თვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ქეთინო დუმბაძე

ჭეშმარიტების მომენტი

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ბიოგრაფია იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი პორტრეტი რამდენიმე უეჭველი შტრიხით შევავსოთ. ჯერ ერთი, ცხადია, რომ შევარდნაძე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასთან ასოცირებულია არამარტო საქართველოს ან თუნდაც რუსეთის მასშტაბის, არამედ მსოფლიო რანგის მოვლენები - სსრკ-ის რღვევა, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობა. პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფება მსოფლიოში. ასევე შეუძლებელია არ აღიარო ისიც, რომ შევარდნაძე არაორდინარული ფიგურაა. როგორც არ უნდა დაასრულოს მან თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, უკვე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის საქართველოს მასზე გამოჩენილი და ცნობილი პიროვნება არ ჰყავს. თუ სტალინს არ ჩავთვლით, რომელიც, რა თქმა უნდა, ქართველი პოლიტიკოსი კი არ არის, არამედ ქართული წარმომავლობის რუსი პოლიტიკოსია, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე არავის არ მოუხდენია ისეთი ზეგავლენა, როგორიც - შევარდნაძეს.
შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ პიროვნულ თვისებებზეც. შევარდნაძე ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა უკიდურესი სიფრთხილით და აუჩქარებლობით. მას არ გააჩნია მყარი დოქტრინული შეხედულებები, სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი არ არის რაიმე იდეაზე გადაგებული ადამიანი. შევარდნაძე პრაგმატიკოსია. იგი არასოდეს ცურავს დინების საწინააღმდეგოდ, არ ლამობს, დაამკვიდროს გაბატონებული ტენდენციის საპირისპირო რეალობა, არამედ ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უკვე არსებული რეალობიდან. ისიც სათქმელია, რომ შევარდნაძეს ძალიან კარგი ინტუიცია და პოლიტიკური ალღო აქვს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.
შევარდნაძეს ხშირად ადანაშაულებენ ბალანსირებით მანიპულირებაში, მაგრამ ეს ბრალდება უმართებულოა არა იმიტომ, რომ შევარდნაძე ამას არ აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ ამის კეთება სახელმწიფოს მეთაურისთვის სრულიად ბუნებრივია. პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსირება ძალაუფლების ტექნოლოგიის უცილობელი ატრიბუტია, რომელსაც მიმართავდა და დღესაც მიმართავს ყველა გონიერი მმართველი. რასაკვირველია, აქ შეიძლება საკამათო იყოს, თუ რამდენად გამართლებულია ამგვარი ტაქტიკა რომელიმე კერძო შემთხვევაში, მაგრამ თავად პრინციპის უარყოფა და მისი "კონიუნქტურშჩიკობამდე" დაყვანა სწორი არ არის. არ არსებობს ამქვეყნად ხელისუფალი, რომელიც არ ზრუნავდეს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაზე და ამ მიზნით არ ცდილობდეს გავლენიანი ძალების დაბალანსებას.
დღეს შევარდნაძე დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტია. ამ შემთხვევაში მისი კომუნისტურ-ცეკისტური წარსული ბევრს არაფერს ნიშნავს. იგი რომ კომუნისტური ან რუსული იმპერიულ-სახელმწიფოებრივი იდეალების ერთგული ყოფილიყო, ან გენადი ზიუგანოვის გვერდით აღმოჩნდებოდა, ან გორბაჩოვის მსგავსად წარსულის ლანდად დარჩებოდა. დღეს შევარდნაძის მთავარი მიზანია ქართული სახელმწიფოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სივრცეში, რამდენადაც ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული საზოგადოების კეთილდღეობის ერთგვარი გარანტია. შევარდნაძის პირადი პოლიტიკური მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული ამ სტრატეგიის წარმატებაზე. უკან დასახევი გზა მას არა აქვს. ხუთი-ექვსი წლის წინათ რუსეთის გარკვეული წრეებისთვის შევარდნაძე ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისაღები ფიგურა ყოფილიყო, თუკი იგი უარს იტყოდა დასავლურ ორიენტაციაზე. დღეს კი მან უკვე გადალახა რუბიკონი. არჩევანი გაკეთებულია.
შევარდნაძეზე ხშირად ამბობენ, რომ იგი ძალიან ძლიერია ტაქტიკაში, მაგრამ არა აქვს სტრატეგიული ხედვა (ერთხანს ასეთი შინაარსის სტატიები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში). არადა, საქმე უფრო პირიქითაა: შევარდნაძეს აქვს მკაფიო და მიზანდასახული სტრატეგია. სწორედ შევარდნაძის ინიციატივით დაისახა პრიორიტეტად საქართველოსთვის ევროაზიური სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია. მან დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა რეალურად განხორციელებულიყო საქართველოზე გამავალი ტრანსკავკასიის ნავთობსადენისა და ტრასეკას პროექტები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დასავლური ორიენტაცია და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია იყო ის სტრატეგიული ხაზი, რომელიც შევარდნაძის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა საქართველოში. ამის უარყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან თავგადაკლული "ანტიშევისტი" უნდა იყო, აქ რაღაც ბინძური ჩანაფიქრი რომ "აღმოაჩინო".
რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება მისი დასრულებული პორტრეტი, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ წარმატებით შეძლებს იგი ზემოთ ნახსენები სტრატეგიის განხორციელებას. ამ თვალსაზრისით, 2000 წლის არჩევნები, სადაც შევარდნაძეს პრაქტიკულად არა ჰყავს ალტერნატივა, მისთვის ჭეშმარიტების მომენტის ტოლფასი იქნება. XX საუკუნის საქართველოს ყველაზე გამოჩენილი პიროვნების სრული შეფასებითი პორტრეტი აუცილებლად დაიხატება XXI საუკუნის დასაწყისში, როდესაც შევარდნაძეს კიდევ ერთხელ აირჩევენ საქართველოს პრეზიდენტად.
და ეს იქნება საბოლოო, "ისტორიული" პორტრეტი.

დავით ზურაბიშვილი

ზნეობრივი პოლიტიკა

ყველა ერს - დიდსა თუ მცირეს - აქვს თავისი განუმეორებელი სახე და უნიკალური მოვალეობა. როცა ერი თავის ისტორიულ მისიას ახორციელებს, მაშინ მცირერიცხოვანიც რომ იყოს იგი, დიდი წვლილი შეაქვს კაცობრიობის სამსახურში, საკაცობრიო კულტურასა და ყოფაში.
დაკარგული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მისიის აღდგენა, საკაცობრიო კონტექსტში საქართველოსათვის ადგილის მოპოვება და ამ საერთო მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება იყო 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის ხსნის ერთადერთი საწინდარი.
... როცა დაქცეულ ქვეყანაში დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში ძვრების მონაწილე, რომელმაც დასავლეთის დიდ პოლიტიკოსთა აღიარებით, სწორედ ზნეობა შემოიტანა პოლიტიკაში და ადამიანური საწყისი წამოსწია, რომლის პიროვნულ, ადამიანურ კონტაქტებსა და პირადი ურთიერთობის უნარს პოლიტიკოსები საგანგებოდ აღნიშნავენ, მას ავკიდეთ ყველა ჩვენი შეცდომა. ჩვენ მას თანადგომის ნაცვლად აფხაზეთის გაყიდვაც დავაბრალეთ, "ესენგისტობაც"...
ბევრი რამ ადრინდელიც ვერ დავუფასეთ. 1973 წელს, როცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა მე-20 საუკუნეს იმპერიათა ნგრევის საუკუნე უწოდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ინგლისისა და საფრანგეთის ყოფილი კოლონიები და დომინიონები გაგვახსენდა. საბჭოთა იმპერიის ნგრევას ვინ გაივლებდა ფიქრად. ერთ სულ მოსახლეზე წარმოების პროდუქტთა რაოდენობაზე ან საქართველოს ენერგეტიკაზე რომ ზრუნავდა, არც ეს მიგვიჩნევია სამომავლო ფიქრებად. საკავშირო გარდაქმნის იდეის მიმწოდებელი და იმპერიის დაშლის ხელშემწყობი ვიდრე ჩვენთან იყო და იმპერიას ერთგულებას უდასტურებდა, საქართველოში ტარდებოდა ექსპერიმენტები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის წინამორბედი იყო. როცა რუსეთთან საქართველოს შეერთების დღესასწაულის ნაცვლად ედუარდ შევარდნაძის მოწადინებით გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი აღინიშნა, ეს შეუნიშნავიც კი დაგვრჩა; ვერც ის დავინახეთ, რომ ეროვნული კულტურის ისეთ აღმავლობას, რაც იმჟამინდელ საქართველოში იყო, სხვა რესპუბლიკებში პრეცედენტი არ ჰქონია; ვერც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გამო დაწყებულ სახალხო მოძრაობაში დავინახეთ მისი წვლილი. "მზის ჩრდილოეთიდან ამოსვლის" გამო ხომ ლამის ჯვარს ვაცვით, ნაცვლად იმისა, რომ ამ ფრაზას დავეფიქრებინეთ, გაგვეანალიზებინა, თუ რა შეგვიმსუბუქა ამ ნათქვამმა, იმპერიის მორიგი რომელი მზაკვრული გეგმისგან გვიხსნა.
ჩვენ მას თანადგომა დავაკელით...
... ზნეობრივი ფაქტორის შემოჭრას პოლიტიკაში მის სახელს არა მხოლოდ უკავშირებენ ცნობილი პოლიტიკოსები, არამედ მის მიმართვე ავლენენ ზნეობრივ თანადგომას. კომუნისტური იმპერიის რომელ მოღვაწეს აქვს მსოფლიოში ასეთი აღიარება? რომელს ხვდებიან ასე? სხვა რომელი პოლიტიკოსის მხარდამჭერი და სამეგობრო საზოგადოებები იქმნება? გავიხსენოთ საქართველოში გამოგზავნილი მრავალი ოფიციალური წერილი, რომლებშიც დიდი პოლიტიკოსები ძმად და მეგობრად მოიხსენიებენ მას. ასეთი რამ არ ხდებოდა შევარდნაძემდე, არც ახლა ხდება სხვა პოლიტიკოსთა შორის. ეს მისდამი თანადგომაა. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ ამ ადამიანურ და პიროვნულ ნდობას ასეთი ფორმით, ასეთი უშუალობით ერთმანეთის მიმართ კი არა, შევარდნაძის მიმართ ავლენენ.
იმის გათვალისწინებაც გვმართებს, თუ რა რთულია, პატარა საქართველოს მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწეები ჰყავდეს. დიდი ნიჭიერების პოლიტიკოსები განგებამ ნუ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვებას საერთაშორისო განზომილებები სჭირდება. რამდენი ხანი უნდა გამოხდეს? როდის აეწყობა კიდევ მსოფლიოში მოვლენები ისე, ქართველს კიდევ როდის მიეცემა შესაძლებლობა პლანეტარული მასშტაბის ძვრებში თავისი წვლილის გამოვლინებისა?! ბოროტების იმპერია, ცივი ომი, ავღანეთი, ბერლინის კედელი... ეს უკვე მოხდა.
... ზნეობრივი პოლიტიკისკენ კაცობრიობის შემობრუნება მარად იქნება შევარდნაძის ფენომენთან დაკავშირებული. მომავალ საუკუნეთა ქართველი მისი მადლიერი იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, აღორძინებული საქართველოსთვის. ერთი მხრივ, საკაცობრიო იდეალებისკენ ერის წარმართვისთვის და, მეორე მხრივ, საკაცობრიო იდეალებით ერის მსახურებისთვის, ზნეობრივი პოლიტიკისთვის მისი მადლიერი იქნება ყოველთვის ყველა, ვისთვისაც ძვირფასია კაცობრიობის პროგრესი. ამ ღვაწლს დრო ვერ დაჩრდილავს. ზნეობა მარადიული, უცვლელი ღირებულებაა, იგი წარმავალი კრიტერიუმებით არ ფასდება. კაცობრიობის ისტორიაში თუ დადგება ეპოქა, როცა ზნეობას საფრთხე დაემუქრება, პოლიტიკოსებს შევარდნაძის ღვაწლი ექნებათ სახსენებლად და მისაბაძად. მსოფლიომ იცის მისი ფასი. მტერმაც იცის მისი ფასი და ამის შედეგია პროფესიულად დაგეგმილი ტერაქტები. შევარდნაძეს არ სჭირდება ჩვენგან ქება და აღიარება. მისი ფენომენის აღიარება ისევ ჩვენთვისაა საჭირო, ჩვენ გვზრდის და გვამაღლებს მოვლენათა სწორად განსჯა და დანახვა იმისა, თუ საკაცობრიო კონტექსტში საქართველოს ჩაწერას როგორ ახერხებს ჩვენი ლიდერი, რა სიბრძნის, რა თავგანწირვის, რა მოთმინების ფასად. მის ღვაწლს თუ სწორად დავინახავთ, იმასაც გავიგებთ, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ მის საქმეს, ანუ საქართველოს აღორძინების საქმეს.

მანანა გიგინეიშვილი