მინდა ჩვენი სიყმაწვილის ხანა მოგაგონო

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წიგნში "ჩემი არჩევანი", რომელიც მსოფლიოს 17 ენაზე ითარგმნა, არის სტრიქონები: ჩვენთვის, ყველასთვის (ოთხივე ძმისთვის) მეორე დედა იყო ჩემი და ვენერა, იშვიათი სინაზისა და მზრუნველი სულის ადამიანი...
წლებს მომხიბვლელობის კვალი ვერ წაუშლიათ ქალბატონი ვენერას სახეზე... გაშინაურებული მისი ისეთი თბილი შეხვედრით, როგორც მხოლოდ ახლობლებს თუ ხვდებიან, ვისმენ იმ ოჯახის შესახებ, საიდანაც წამოვიდა პიროვნება, რომელმაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაშიც დაიმკვიდრა ადგილი და მსოფლიოს ცხოვრებასაც თავისი კვალი დაამჩნია...
თანდათან იკინძება გარდასულ დღეთა მოგონებანი...

- დედა პატეიშვილის ქალი გახლდათ. მუხლჩაუხრელად შრომობდა შინ და გარეთ. ოთხი შვილი ვყავდით და მეხუთეს გაჩენის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. უკვე დიდი შვილები მყავსო, - ამბობდა.
ის მეხუთე მაინც გაჩნდა...
ალბათ, მართლა განგების ხელი ურევია ყველაფერში... ადამიანი ოჯახში ყალიბდება, ტრადიციებზე იზრდება. მშობლები მაგალითია შვილებისათვის. მახსენდება... დედა აბრეშუმის ჭიას უვლიდა. პარკს რომ ჩააბარებდა, ზოგჯერ აბრეშუმის საკაბეებით უხდიდნენ გასამრჯელოს. ერთხელ მოიტანა და გახარებულმა ავაფრიალე, ჩემი რომელია-მეთქი. არც ერთიო, მითხრა. ხომ არ დაგავიწყდა, ორი რძალი გვყავს, ჯერ იმათ და მერე, თუ რამე იქნა, შენთვისაც მოვიცლითო... რაკი დედას ასე უნდოდა, ასეც უნდა ყოფილიყო.
მამა რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, სკოლის დირექტორი იყო. მაგრამ გაკვეთილების შემდეგ თოხი და ბარი არ გაუგდია ხელიდან; ფუტკარსაც უვლიდა.
განათლებული კაცი გახლდათ. გაჭირვების მიუხედავად, ჩვენს სახლში ქართველ მწერალთა ნაწარმოებებთან ერთად ყოველთვის იყო რუსი და მსოფლიოს სხვა კლასიკოსთა წიგნები. როდესაც ედუარდმა სამედიცინო ტექნიკუმის წარმატებით დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის გაგრძელებაზე მტკიცე უარი განაცხადა, მამას ძალიან ეწყინა, მაგრამ პედაგოგის ალღომ არ უღალატა: დავანებოთო თავი, ალბათ არ არის ეს მაგის მოწოდებაო.
უფროსი ძმა - ევგრაფი პოლიომიელიტით დაავადდა... მაგრამ მაინც ახერხებდა რაიონულ გაზეთში თანამშრომლობას.
ჰიპოკრატე დიდი ხნის მანძილზე პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ღრმა კვალი დაამჩნია ამ სისტემის განვითარებას. იგი გამოირჩეოდა თავისი პატიოსნებით, საქმისადმი ერთგულებით, ნამდვილი გურული ხასიათისა იყო - ფიცხი.
ედუარდს კი მშვიდი ხასიათი აქვს. ძნელად გამოიყვან წონასწორობიდან.
აკაკი ძლიერი აღნაგობით განსხვავდებოდა ძმებისაგან. სახლის აშენება მოასწრო ჩვენთვის და სულ მთლად ახალგაზრდა ჯარში გაიწვიეს. ომიც დაიწყო და აღარ დაბრუნებულა.
ჩემზე რა გითხრათ... პროფესიით ეკონომისტ-ფინანსისტმა 50 წელი ვიმუშავე ერთ ადგილზე... მყავს შვილები და შვილიშვილები.
ედუარდზე ათი წლით ვარ უფროსი. როგორც ყოველთვის ხდება, ყველაზე პატარას ვანებივრებდით, მაგრამ მწირი ოჯახური პირობები ამის საშუალებას არ იძლეოდა.
ჩემი პატარა ძმა უფროსებთან ერთად იყო ჩაბმული ყველა სამეურნეო საქმეში. მახსოვს, ყურძენს ვკრეფდი ხეზე ასული, გიდელს ქვევით ვუშვებდი, ედუარდს უნდა დაეცალა. იმდენად პატარა იყო, ძლივს ერეოდა ყურძნით სავსე გიდელს, მაგრამ არ ეშვებოდა. უხაროდა, რომ მეხმარებოდა. კალთიდან თითქმის არ ვიშორებდი და მართლაც მეორე დედასავით ვიყავი. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვიყვანე. როგორც გითხარით, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა, თავისი გზა აირჩია...
მე და ჩემს მეუღლეს ერთი პატარა ოთახი გვქონდა ფასანაურის ქუჩაზე. ამას ერთოდა ცხოვრების მძიმე პირობები, მაგრამ ედუარდი იმთავითვე საქმეზე თავგადაკლული იყო. მუშაობა კომკავშირის რაიკომში დაიწყო და თანდათან მიიწევდა წინ...
ბევრის, ძალიან ბევრის თქმა შემიძლია ჩემს ძვირფას ძმაზე, მაგრამ რომელი ერთი გითხრათ!...
ახლა ზოგი ახალგაზრდა გაჭირვების გამო თავს არიდებს ოჯახის შექმნას. გაჭირვება ისეთი უნდა, ჩვენ რომ გვქონდა, მაგრამ ედუარდმა მაინც მოგვიყვანა ჩვენი ნანული. შესახედად ხომ მოგვეწონა და მოგვეწონა, არაჩვეულებრივი დიასახლისიც გამოდგა. განსაკუთრებული კი ის იყო, რომ საუკეთესო მეგობრობა გაგვიწია, მხოლოდ მეუღლეს კი არა, ჩვენ ყველას. გულგატეხილობისა და გაჭირვებისას ისეთი ომახიანი შეძახილი და იმედიანი სიტყვა იცის, კაცს საიქიოდან მოაბრუნებს...
მოსკოვიდან რომ ჩამოვიდნენ, დიდი ხნის უნახავი რძალი და ძმა მოვინახულე. ედუარდი ოთახში მარტო იყო და დაძაბული სახით შესცქეროდა ჭერს.
- რა მოგივიდა, ედუარდ, ცუდად ხომ არ ხარ? - ვკითხე.
- ცუდად ვარ, აბა კარგად?! რა ვაჭამო ამ ხალხს, აღარც ხორბალია, აღარც ფული...
ჰოდა, ახლა, ჩემო ედო, - ბავშვობის ეს სახელი უკვე რამდენიმე წელია, არ დამიძახია შენთვის, მინდა ჩვენი სიყმაწვილის მძიმე, მაგრამ უბედნიერესი ხანა მოგაგონო, იმ წარსულის სიწრფელით და სითბოთი მოგეფერო. დედასავით დაგლოცო და ჯანმრთელობა გისურვო. და კიდევ ერთი - ხალხის იმედი გაგემართლებინოს...

საუბარი ჩაიწერა ზაირა სხირტლაძემ
"მშვიდობა ყოველთა", 25 იანვარი, 1998