რაც მთავარია, ცხოვრება მასწავლა...

მანანა შევარდნაძე

- საქართველოში, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, მამაშვილობაც კი ძნელია. მაგრამ, ალბათ, ასგზის ძნელია ედუარდ შევარდნაძის შვილობა. როგორი მამაა ბატონი ედუარდი?
- ედუარდ შევარდნაძე განსაკუთრებული მამაა, განსაკუთრებული მეუღლე, ბაბუა და... განსაკუთრებული პოლიტიკოსი. საერთოდ, ის არ არის ორდინარული ადამიანი. ჩვენს ოჯახსა და ახლო ნათესავებშიც მამაჩემის კულტია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვსწავლობ მისგან, ვბაძავ და ვუფრთხილდები. არ მეგულება უფრო თბილი, მოსიყვარულე ადამიანი. მახსოვს, პატარაობისას რომ გავიგებდით, მამა მოდისო, შესახვედრად გავრბოდით. შორიდანვე გვიღიმოდა. ჩემს ცხოვრებას მოჰყვება მამის საოცარი ღიმილი. იგი მეც და ჩემს ძმასაც პატარაობიდანვე ისე გვექცეოდა, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებებს. საერთოდ, ძალიან დელიკატურია ურთიერთობისას და არასოდეს გადადის პიროვნული პატივისცემის ზღვარს.
ბავშვობიდან მომყვება ლამაზი მშობლების ხიბლი. როგორ მიხაროდა, როცა მეუბნებოდნენ - რა ლამაზი და ახალგაზრდა მშობლები გყავსო. ახლაც ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი მშობლები ყველაზე ლამაზები და ახალგაზრდები არიან.
მამა ყოველთვის ლოიალური იყო, ალღოიანი. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას პროგრესული. ის ახლაც გაცილებით უფრო ახალგაზრდაა შინაგანად, ვიდრე ზოგიერთი ახალგაზრდა პოლიტიკოსი.
- რა მოგცათ ედუარდ შევარდნაძის შვილობამ?
- ბევრი რამ. რაც მთავარია, ცხოვრება მასწავლა. შევარდნაძის შვილობა ყოველთვის რაღაც ძალად მედგა. მაგრამ ბევრი რამ ჩემთვის აკრძალული იყო.
- ამ "აკრძალვების" გამო პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებოდათ?
- გარკვეულ ასაკამდე - კი. მეც, ჩემს ძმასაც, მაგრამ მამის ხათრითა და რიდით ყველაფერს ვეგუებოდით. ჩემი შვილი კი სულ აპროტესტებდა. ზაფხული მოვიდოდა თუ არა, დასასვენებლად ლიძავაში მივდიოდით. აგარაკი შემოსაზღვრულ და დაცულ ტერიტორიაზე იყო. თაკო სულ წუწუნებდა, - არ მინდა "რეზერვაციაში", გამიშვით ჩვეულებრივ ტურბაზაშიო. თუმცა, ბაბუა-შვილიშვილს შორის უფაქიზესი დამოკიდებულება იყო, ისეთი, ხანდახან შვილებთანაც რომ არ ჰქონია.
- ქალბატონო მანანა, პრეზიდენტის ცხოვრებაში უამრავი იყო საბედისწერო მომენტიც...
- მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა ისეთი, თავგანწირვას რომ მოითხოვდა. ის არასოდეს წასულა თავისი პრინციპების წინააღმდეგ - იქნებოდა ეს ქართული ენის თუ აფხაზეთის ამბები... ახლაც მზარავს მოსკოვის ?პუტჩის? დღეების გახსენება. დილის 7 საათზე დაგვირეკეს, ტელევიზორი ჩართეთო. მამა გავაღვიძე, ტელევიზიით საშინელ კადრებს აჩვენებდნენ. მაშინ მართლა არსებობდა დასაჭერთა სიები. მამაჩემი მესამე თუ მეოთხე იყო.

მეგობრებმა მოაკითხეს, თითქოს "გადასამალად". მახსოვს, მამამ ტყავის ქურთუკი ჩაიცვა. შევხედე და გავიფიქრე - იქნებ უკანასკნელად ვხედავ-მეთქი. რამდენიმე ხნის შემდეგ კი აჩვენებენ კადრებს - მამაჩემი თეთრ სახლთან, ბარიკადებზე დგას. რუსები იმედით ყვირიან - აი, შევარდნაძეც ჩვენთან არისო...
საოცრად განიცდიდა საქართველოს ამბებს. მოსკოვში ჩამოდიოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები და სთხოვდნენ სამშობლოში დაბრუნებას, მამამ იცოდა, რომ ეს მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, წამგებიანი ნაბიჯი იყო. ერთ საღამოს მკითხა, მანჩო, რა ვქნა? - უნდა წახვიდე-მეთქი, ვუპასუხე და თითქოს მშობელი გავწირე. მახსოვს, ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა უთხრა: რას აკეთებთ, ზღვებსა და ოკეანეებში ცურვისათვის ხართ დაბადებული და თქვენ კი პატარა ტბას არჩევთო. - ეს პატარა ტბა ხომ ჩემი სამშობლოა, - უპასუხა მამამ.
არასოდეს დამავიწყდება აფხაზეთიდან დაბრუნებული. მაშინ პირველად ვნახე გაუპარსავი, რაღაც უცხო ჯემპერი ეცვა. ჩამოჯდა და თქვა: ჩემს ჩემოდანს ტანკმა გადაუარა, იქ ჩანაწერები მქონდა...
- რას იტყვით მამათქვენზე, როგორც პოლიტიკოსზე?
- მამა კრიტიკულ მომენტებშიც კი ძალიან გულწრფელია და ეს მისთვის მომგებიანია, პატიოსან პოლიტიკას ქმნის და ამიტომაც ხშირად უმართლებს. ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო. გააჩნია, ვინ ქმნის მას!
მამა ყოველთვის იყო ლიდერი, ძლიერი ლიდერი. მამაჩემში მოხდა შრომისმოყვარეობისა და ნიჭის, ტალანტის უნიკალური სინთეზი. ის უძლიერესი პიროვნებაა, არავის ჰგავს და ისტორიაში დარჩება თვითმყოფ პოლიტიკოსად. მამა სახელმწიფოებრივი ინტერესებით ცხოვრობს. ვგრძნობ, აფხაზეთის დაბრუნება მისი ცხოვრების მიზანია. მჯერა, თუ ხელს არ შეუშლიან, დაიბრუნებს კიდეც. რაც მთავარია, ეს მას კარიერისათვის არ სჭირდება. საქართველოზე დიდი კარიერა მისთვის აღარ არსებობს. მან არჩევანი მოსკოვში გააკეთა და სამშობლო აირჩია.

ესაუბრა
ელენე ჩაბრაძე
"მშვიდობა ყოველთა", 25 იანვარი, 1998