გამიმართლა, შენი შვილი რომ ვარ

პაატა შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე და პაატა. გაგრა, 1960

მამა, 70 წლის ხდები. არც კი ვიცი, ბევრია ეს, თუ ცოტა. ვიღაცისთვის შეიძლება, ბევრიც იყოს, მაგრამ შენთვის - არა. მე 19 წლის ბიჭიც მინახავს, თავს ასი წლის მოხუცად რომ გრძნობს. შენ რომ გიყურებ, გაკვირდები - ასაკის გაგება აბსოლუტურად შეფარდებითი ხდება და ვრწმუნდები, რომ კალენდარი ბიოლოგიური კი არა, ასტრონომიული ცნებაა.
ამას წინათ ერთმა უცხოელმა კოლეგამ მკითხა - არ გიჭირს ასეთი ჩრდილის ქვეშ ცხოვრებაო? სიცილით ვუპასუხე - ნეტა ყველა ეგეთი ჩრდილის ქვეშ ცხოვრობდეს-მეთქი. ჩრდილიც ხომ სხვადასხვანაირია. განა ფარდულის ან რაიმე ხელოვნური კონსტრუქციისა და ძლიერი მუხის, ანდა კაკლის ხის ჩრდილი ერთი და იგივეა? პირველ შემთხვევაში სული გეხუთება, გაქცევა გინდა, თავს გინდა უშველო, მაგრამ უფრო მეტი სიცხის გამო, იძულებული ხარ, შეჩერდე. ეს ადამიანისათვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. მაგრამ სულ სხვაა ჩრდილი, სადაც სინათლეც ბევრია, სუნთქვაც ლაღია, ზემოდან შრიალი გესმის, სიცოცხლის სიო უბერავს და სურვილიც სადმე გაქცევისა უფრო სიგიჟეს ემსგავსება. ეს ისე, იმათთვის, ვინც თვლის, რომ დიდი მამის შვილობა აკომპლექსებს, ანდა ამახინჯებს შვილის აზროვნებას. აქ შვილი კი არა - მამაა მთავარი.

პატარა ნანული შევარდნაძე ბაბუასთან ერთად

მე ყოველთვის ვამბობდი - მილიონთა შორის მხოლოდ მე გამიმართლა, შენი შვილი რომ ვარ. სწორად გამიგე, საქმე მარტო ის როდია, შენ რომ გამოჩენილი, მსოფლიო ფიგურა ხარ. ისიც ხშირად მითქვამს - სულ უბრალო პროფესიაც რომ გქონოდა, შენ ჩემთვის ისეთივე განსაკუთრებული იქნებოდი და ზემოთ ხსენებული "ჩრდილიც" ისევე იშრიალებდა, როგორც დღეს.
ერთ, დღეს გასაგები მიზეზის გამო, არაპოპულარულ რევოლუციონერს ასეთი ფრაზა ჰქონდა: "ცხელი გული, ცივი გონება, სუფთა ხელები". თუ ვინმეს შეიძლება ეს ფორმულა მიუდგეს, ეს, უპირველეს ყოვლისა, შენა ხარ. ამ აზრს შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში საოცარი სიბეჯითით, ტიტანური შრომით ამკვიდრებდი.

დგანან (მარცხნიდან): გია ჯოხთაბერიძე, თამუნა მოსაშვილი, მანანა, სოფო,
პაატა, პატარა ნანული შევარდნაძეები, ნინო ახვლედიანი, ლაშა შევარდნაძე;
სხედან: ბატონი ედუარდი და ქალბატონი ნანული.

ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა - შევარდნაძე პოლიტიკის მოცარტიაო. საოცრად ზუსტი ფრაზაა. მოცარტი ხომ იმპროვიზების, სპონტანურობის განსახიერება, უმაღლესი ინტუიციის კომპოზიტორი იყო. მასზე ამბობდნენ - ღმერთი კარნახობსო. ვიცი, შემეკამათები და მეტყვი: "არანაირი ინტუიცია არ არსებობს უზარმაზარი შრომის და მიზნის გარეშე!" მაგრამ მე მაინც ჩემსას დავიჩემებ - ბევრი შრომაც, გონების ვარჯიშიც, საოცარი მიზანდასახულობაც, რაღაც მომენტში ადამიანს მხოლოდ მაღალ პროფესიონალად თუ გადააქცევს. გამორჩეულთა ამა ქვეყნისა, ზემოჩამოთვლილის გარდა, კიდევ სხვა რამე უნდა ჰქონდეთ მომადლებული; ზოგი ამას ღმერთის ხელს უწოდებს, ზოგი - ინტუიციას. მე ცოტა ფატალისტი ვარ და მჯერა, რომ შენში, გინდა ეს თუ არა, მუშაობს ის "რაღაც", რაც მოცარტის, აინშტაინის თუ კანტის უნიკალურობას ქმნიდა.

მაკო

ამასთან დაკავშირებით ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფრაზა მახსენდება: "პოლიტიკა შესაძლებლის მიღწევის ხელოვნებაა". აქ ზოგადად პოლიტიკაზეა საუბარი. შენთან მიმართებაში ზემოთქმული სხვანაირად უნდა დაზუსტდეს - "პოლიტიკა შეუძლებლის მიღწევის ხელოვნებაა". აღარ დავაკონკრეტებ. შენს საქმიანობას, მოღვაწეობას ვინც ნორმალურად, ობიექტურად უყურებს, უმალ მიხვდება ამ პერიფრაზის აზრს.
დაბოლოს, ერთი იმ თვისების შესახებ, რომელიც ძალიან ბევრისთვის გაუგებარია. უმრავლესობისათვის პოლიტიკასა და ზნეობას შორის უზარმაზარი უფსკრულია. მათთვის ეს ცნებები ურთიერთგამომრიცხავია, ანტაგონისტურია. სამწუხაროდ, ამ დებულების სისწორე ისტორიის მაგალითებმა ბევრჯერ დაამტკიცა. მე არ ვიცნობ სხვა პოლიტიკოსს, სიტყვით კი არა, საქმით დაემტკიცებინოს საპირისპირო...

პაატა შევარდნაძე მეუძლესთან და შვილებთან

"სიკეთე - ადამიანი, როგორც პოლიტიკის დედააზრი" - დღეს, XXI საუკუნის დამდეგს, ამ აზრის დამკვიდრებას, მართლაც რომ რევოლუციური მნიშვნელობა ენიჭება. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ აქ საუბარი წინასწარგანზრახულ, ხელოვნურ მოდელზეა, არამედ იმიტომ და სწორედ იმიტომ, რომ ეს შენი პიროვნული, პირადული კრედოა.
"ორი რამ მაკვირვებს ამ ქვეყანაზე, რაც უფრო მეტი დრო გადის... ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში" - ორი საუკუნის წინ გენიალური კანტის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები, არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა. დღეს არა მგონია, ვინმეს შენზე, კანტის პრემიის მფლობელზე მეტად, უფრო ღრმად ჰქონდეს გათავისებული ეს აზრი...

"მშვიდობა ყოველთა", 25 იანვარი, 1998